დე ფაქტო მარიონეტი ლიდერები ქართველების მიმართ ხისტ მიდგომაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ე.წ. თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმაც ამჯერად სხვის კუთვნილ სახლებს შეავლო თვალი და გადაწყვიტა, ოსები შეასახლოს ბოლო ხუთ წელიწადში ახალგორელი ქართველებისგან მიტოვებულ შენობებში.
ხოლო, ვისაც სახლების შენარჩუნება სურს, შეუძლია, ბიბილოვის „სულგრძელობით“ ისარგებლოს და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიიღოს; თანაც, წერილობითი განაცხადი შეიტანოს ცხინვალის რეჟიმის დე ფაქტო უშიშროების სამსახურში.
ბიბილოვს არც ის ხიბლავს, რომ ახალგორის სკოლებში სწავლება ქართული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. ამიტომ მისი ბრძანებით, ქართულს რუსული ჩაანაცვლებს, ხოლო ახალგორელებისთვის მშობლიური ქართული მხოლოდ რიგით საგნად გადაიქცევა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ახალგორში დაწყებულ მორიგ რეპრესიებს ერთ მთლიან კონტექსტში განიხილავს და მას რუსეთის ანექსიის ახალი ტალღის დაწყებას უკავშირებს, რაც ცხინვალის რეგიონის მიერთებას გულისხმობს რუსეთის ფედერაციასთან.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი აცხადებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ასეთი შანტაჟით აიძულებენ, ჯერ დე ფაქტო ოსეთის, შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ. საბოლოო მიზანია, ამ ფორმით „სამართლებრივად“ გაიმყარონ თავიანთი პოზიციები, რათა მერე თქვან, თითქოს რუსეთის ფედერაციაში ცხინვალის რეგიონის შესვლას არც ქართული მოსახლეობა ეწინააღმდეგება.
ამავე დროს, რუსულ პრესაში უკვე გახმიანდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის-სურკოვის ნათქვამმა, რომ მალე მთლიანად მოიხსნება სახელმწიფო საზღვარი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის და ძალოვანი სტრუქტურების გაერთიანების შემდეგ ეს იქნება მორიგი კონკრეტული ნაბიჯი ცხინვალის მიმართულებით.
„ასე რომ, გასაგებია, საითაც მიდის „ქარავანი“. თიბილოვი შემთხვევით არ ჩაანაცვლეს ბიბილოვით, რომელიც პირდაპირ მომხრეა რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესის დაწყების. უკვე იკვეთება ყირიმიზაციის რეალური კონტურები და ეს არის აპარტეიდი ქართველების მიმართ ცხინვალის რეგიონში“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და შეკითხვის საპასუხოდ, სახლების დაკარგვის შიშით დათანხმდებიან თუ არა ქართველები დე ფაქტო მოქალაქეობას, განმარტა, რომ ახალგორელი ქართველების ნაცვლად რთულია ამაზე საუბარი.
მით უმეტეს, რომ ყველასთვის გასაგებია მათი მძიმე მდგომარეობა. სამწუხაროდ, საქართველოსაც არ აქვს შესაძლებლობა, ახალგორელებს უკეთესი სოციალური, ეკონომიკური პირობები შესთავაზოს. ჩვენი ქვეყნიდან ხომ არალეგალური მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია.
„არჩევანი, თუ ვისი მოქალაქეობა უნდა ჰქონდეთ, მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქართულ მოსახლეობას. ბუნებრივია, ქართველებისთვის მამა-პაპის ადგილების ასე დატოვება ურთულესია. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოებრივი დანაშაული, რომ მან შექმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია ახალგორის ხარჯზე. მერე ოსებმა და რუსებმა ეს კარგად გამოიყენს და მოახდინეს მისი მთლიანი ოკუპაცია. ჩვენი მტრები უფრო კარგად იყენებენ ჩვენს შეცდომებს, ვიდრე ჩვენ ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე. ამას ემატება ისიც, რომ შესაძლოა, ახალგორის სკოლებში ქართულის სწავლებასაც პრობლემები შეუქმნან. შემთხვევით არ მითქვამს სიტყვა „აპარტეიდი“, რომელიც ხორციელდება ქართულ მიწაზე უცხო ტომელების მიერ“.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ კახა გოგოლაშვილი მოკლევადიან პერსპექტივაში ცხინვალის რეგიონში შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავს. For.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ რუსეთის პოზიცია იმდენად ხისტი და აბსოლუტურად არამეგობრულია, რომ, რა თქმა უნდა, ოსები თამაშობენ თავიანთ თამაშს ცხინვალის რეგიონში. თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაფერი კოორდინაციაშია რუსეთის მთავრობასთან. ეს არის მაქსიმალური ზეწოლა საქართველოზე, რათა ჩვენს მოსახლეობას შეურყიონ რწმენა, რომ საქართველოსაც შეუძლია იყოს დამოუკიდებელი და რუსეთის გარეშე გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკა, გაწევრიანდეს თუ არა ევროკავშირში ან ნატოში.
„ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპეტივაში ჩვენ მაინც გვაქვს იმის შანსი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით მოვიგოთ ეს რაუნდი. ვიმედოვნებ, დასავლეთი იქნება, აღმოსავლეთი, თუ ვინც იქნება, საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო კონსოლიდირებული გახდება და რუსეთს არ მიეცემა საშუალება, ასე გაანადგუროს თავისი მეზობელი ქვეყნები. დათანხმდებიან თუ არა ქართველები ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობას, ეს თავად ახალგორელი ქართველების პოზიციაზეა დამოკიდებული. ძნელია, ასეთ სიტუაციაში ვინმე განვსაჯოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართველები არ გატყდნენ ამის გამო, მაგრამ, როცა გამოუვალ მდგომარეობაში არიან, ცხადია, ისინი ფიქრობენ საკუთარ ოჯახებზე, საკუთარ ახლობლებზე, მომავალზე, მატერიალურ მდგომარეობაზე. ახალგორელი ქართველები დღესაც ცხინვალის რეჟიმის მძევლები არიან და შეიძლება, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს“,-აცხადებს კახა გოგოლაშვილი.