ბიზნესმენის გატაცების საქმე გახსნილია. ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, თბილისსა და წეროვანში ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის გატაცებასა და გამოძალვის საქმეში არიან ბრალდებულები.
გამოძიებით ირკვევა, რომ ბრალდებულები ბინესმენს 50 000 აშშ დოლარს სძალავდნენ, ასევე კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი, გივი ჯიბლაძე აცხადებს, რომ გატაცება სახლიდან გამოსვლის დროს მოხდა. მისი თქმით, ოთხმა გამტაცებელმა, რომლებიც მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნე, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.
როგორც ჯიბლაძე ამბობს, მის გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან, ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა ამბობს, რომ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო ზურაბ წერეთელი.
როგორც ჯიბლაძე აცხადებს, წერეთელის კომპანიამ, მის სამშენებლო კომპანიას - „სვეტს“ ბაკურიანში მიწა გადასცა, სადაც შენობა უნდა აგებულიყო. მშენებლობის ნებართვების მიღების შემდეგ, „სვეტს“ მშენებელი სამისთვის 150 ათასი დოლარი უნდა გადაეცა. ჯიბლაძე განმარტავს, რომ რადგანაც, ნებართვები არ იყო მიღებული, არც თანხა გადაუხდიათ.
„კომპანიის წარმომადგენლების ინტერესებში იყო, ეს თანხა წინასწარ მიეღოთ. ოთხი გამტაცებელი პირიდან მხოლოდ ერთს, ნიკოლოზ ბახტაძეს ვიცნობ, თუმცა სხვა სახელით და გვარით. გაირკვა, რომ ის ნიკოლოზ ბახტაძე ყოფილა.დაკავებული პირებიდან მხოლოდ მასთან მქონდა ურთიერთობა. ის იყო პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ახლობელი, თუმცა მე მას სხვა სახელით და გვარით ვცინობდი. იქნებიან თუ არა ამ საქმეზე სხვა პირებიც დაკავებულები, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა“, - აცხადებს გივი ჯიბლაძემ.
ჯიბლაძე გამოძიებასთან თანამშრომლობს, მაგრამ არ აკონკრეტებს, მიეწოდა თუ არა გამოძიებას ინფორმაცია შესაძლო დამკვეთის შესახებ.
„რამდენიმე დღის წინ ჩემს ოფისზე მოხდა თავდასხმა, შესაძლოა თავდამსხმელები სწორედ გამტაცებლები ყოფილიყვნენ, რადგან მალევე 26 მაისს, 21:30 საათზე საკუთარი სახლის სადარბაზოდან მოხდა ჩემი გატაცება. ოთხმა პირმა იძულების წესით ჩამსვა მიკროავტობუსში, ჩამომაფარეს თავზე ტომარა. როდესაც ტომარა მომხსნეს, ჩვენ ვიყავით საცხოვრებელი სახლის პარკინგზე.
ისინი იძულების წესით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით შეეცადნენ, რომ ჩემგან თანხა მიეღოთ, რომელიც 150 000 დოლარს შეადგენდა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან მაშინ სხვა გამოსავალი არ მქონდა. მაგრამ როგორც კი სახლში დამაბრუნებს, პირველი რაც გავაკეთე დავკერე შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და დაიწყო გამოძიება, შედეგიც ცნობილია“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გივი ჯიბლაძემ.
მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანია „მშენებელ სამის“ 100%-იანი წილის მფლობელი ზურაბ წერეთლის შვილიშვილი, ვასილ წერეთელია, კომპანიის დირექტორები არიან მანანა კირჩხელი და ლევან ჩქარეული. კომპანიის არც ერთი დირექტორი ბიზნესმენის გატაცების საქმეზე კომენტარს არ აკეთებს. ზურაბ წერეთლის წარმომადგენლი, სერგო შავგულიშვილი ამბობს, რომ წერეთელს საერთოდ არ აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია.
გარდა ამისა, შავგულაშვილი უარყოფს გივი ჯიბლაძის მიერ გავრცელებულ ინფოომაციას, რომ დავა კომპანიის წარმომადგენელსა და ბიზნესმენს შორის სწორედ ზურაბ წერეთლის კუთვნილ მიწაზე იყო, რომელიც ბაკურიანში მდებარეობს. მისი თქმით, არავითარი სამშენებლო კომპანია და არავითარი პრობლემები მოქანდაკეს არ აქვს.
„მშენებელი სამის“ დამფუძნებელი, ვასილ წერეთელი „სვეტის“ ხელმძღვანელის ყველა ბრალდებას უარყოფს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ზურაბ წერეთელს კომპანიასთან და მის აქტივებთან შეხება არ აქვს. მისი თქმით, როგორც კომპანიის დამფუძნებელი, დიდი ხანია, მის მართვაში არ მონაწილეობს, ამას კომპანია „მშენებელი სამის“ დირექტორები ახორციელებენ.
„მე მართვაში გადავეცი ეს კომპანია დირექტორებს. რაც ტელევიზიიდან მოვისმინე, არის სრული სიცრუე, თითქოს, ეს მიწა ეკუთვნის ზურაბ წერეთელს და ამ კომპანიასთან რაიმე კავშირი აქვს. ეს ტყუილია. მე ეს კომპანია დიდი ხნის წინ ჩამოვაყალიბე და მას შემდეგ, მართვაში აღარ ვარ“, - აცხადებს ვასილ წერეთელი.
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორის გატაცების ბრალდებით დაკავებული ლევან ჩქარეულისა და ნიკა ბახტაძის ახლობლები აცხადებენ, რომ „სვეტის“ დირექტორთან დავა ჰქონდათ, თუმცა გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ, ამბობენ, რომ ბიზნესმენი არ გაუტაციათ. ბიზნესმენის გატაცების ფაქტს არ აღიარებენ თავად დაკავებულები, რომლებიც ე.წ. მოდულის შენობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.