სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მგალობლიშვილი 50 ათასი, ქებურია 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაანთავისუფლა. სასამართლოზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურამ დაეთანხმა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაის ბრალდებით გასულ კვირას დააკავეს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.მაშინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავა ჯგუფ „ბირჟა მაფია“-ს წევრები.
ახალგაზრდა რეპერების დაკავებას მალევე მოჰყვა სამოქალაქო პროტესტი, დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ნაკოტიკი პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს, რადგან ერთ-ერთ კლიპში სწორედ პოლიცია ჰყავდათ გაშარჟებული. თუმცა ამის მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლომ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გაიზიარა ბრალდების მოთხოვნა და ახალგაზდა რეპერებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება და პოლიციელთა უკანონო მოქმედება მალევე გახდა სამოქალაქო პროტესტის საფუძველი. დაკავებულ რეპერებს მხარდაჭერა გამოუცხადა ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილმა, ბერა ივანიშვილმა, მიმართვა გაავრცელა ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ, რასაც ავტომატურად მოყვა მთავარი პროკურატურის რეაქცია. პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და იმავე დღეს გამოკითხა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები.
გამოძიების დაწყებიდან და ბრალდებულთა გამოკითხვიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ რადგან ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ამიტომ ბრალდების მხარე დაეთანხმება დაცვის მხარის მოითხოვნას - პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლას.
„ბირჟა მაფიას“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე დაიწყო. საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე დეტალებზე არ საუბრობს, ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ პოლიციელების დაკითხვა, რომლებიც „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებაში მონაწილეობდნენ.
„ამ სისხლის სამართლის საქმეზე, დღეის მდგომარეობით, ახალგამოვლენილ გარემოებად რაც შეიძლება ჩაითვალოს, არის ის, რომ გუშინ საგამოძიებო ორგანოს მიერ დაიწყო გამოძიება ბრალდებულების განცხადებების საფუძველზე. ის ინფორმაცია, რაც დაფიქსირდა სასამართლოში და ასევე ის, რაც განაცხადეს ადვოკატებმა, მოხდა ამ ინფორმაციის გადამოწმება, შედგა გასაუბრების ოქმები, შევაჯამეთ მიღებული შედეგები და დავიწყეთ გამოძიება. მტკიცებულებებ, რაც საქმეშია, გამოდის, რომ ეჭვქვეშ დგება ნაწილობრივ იქიდან გამომდინარე, რომ დაწყებულია ძიება უფლებამოსილების გადამეტებაზე“, - განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.
პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს შსს.ყოფილი პატიმრების ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ პროკურატურამ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და პოლიციელების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით უნდა დაიწყოს, რადგან მისი თქმით, ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრებს აღიარებითი ჩვენებებზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი.
„საქმეში როგორც გიორგი ქებურიას, ისე მიშა მგალობლიშვილის აღიარებითი ჩვენებები დევს, თუმცა ამ ჩვენებებს მოტყუებით მოაწერინეს ხელი. გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, ვინაიდან დაკავებულებმა ისაუბრეს იმ ძალადობის ფაქტებზე რომელიც მათ წინააღმდეგ განხორციელდა.
გიორგი ქებურიას მხრიდან დანაშაულის აღიარებას ადგილი არ ჰქონია და დოკუმენტი არის გამომძიებლების მიერ დაწერილი. ის ფიზიკურად ვერ წაიკითხავდა ამ დოკუმენტს, რადგან არ ჰქონდა სათვალე, რომელსაც ის იყენებს“, - აღნიშნა მერაბ ჩიქოვანმა.
„ბირჟა მაფიის“ წევრი, მიხეილ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ნარკოტიკი ორმა პირმა ძალის გამოყენებით მარცხენა უკანა ჯიბეში ჩაუდო. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ნარკოტიკი ორმა პირმა ძალის გამოყენებით ჩაუდო, პოლიციელებმა დააკავეს და გაჩხრეკის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება იპოვეს. მგალობლიშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მისი დაკავება „ბირჟა მაფიის“ მიერ გადაღებულ კლიპს უკავშირდება.
„ვინც ამ კლიპში გავაკრიტიკე, იმათ ჩამიდეს ნარკოტიკი. ორმა პოლიციელმა ძალის გამოყენებით მარცხენა უკანა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი. მას შემდეგ, რაც ნარკოტიკი ჩამიდეს, პოლიციელებმა უკვე დამაკავეს და გაჩხრეკის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება იპოვეს. სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ყველასი, მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულება, რომ ვებრძოლოთ უსამართლობას“, - განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა, რომელმაც სააპელაციო სასამართლო მხარდამჭერთა შეძახილების ფონზე დატოვა. ამასთან, ემოციური იყო გათავისუფლების შემდეგ მისი ქმედება. მგალობლიშვილმა სხდომათა დარბაზი იმ სიმღერის შესრულებით დატოვა, რომელსაც მის დაკავებას უკავშირებს.
საზოგადოებას, მათ შორის ბერა ივანიშვილს, მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის გიორგი ქებურია, რომლის განცხადებით, ბერა ივანიშვილს ერთხელ შეხვდა. ამასთან ქებურია აცხადებს, რომ მუსიკალურ კლიპში კადრების დაფარვის გადაწყვეტილება მგალობლიშვილმა და მან ერთობლივად მიიღეს. რადგან, კომპანია „აჭარანეთის“ მხრიდან, რომელიც კლიპის გადაღებაში დაეხმარა, განხორციელდა ზარი, რომ აღნიშნულმა კლიპმა პოლიცია გააღიზიანა.
„ვიდეოს დაფარვა კომპანია „აჭარანეთის“ მიერ მოხდა. კომპანიაში პოლიციის მიერ განხორციელდა ზარი. ეს მე მგალობლიშვილმა მითხრა. ამის შემდეგ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კადრები დაგვეფარა. როდესაც დაგვაკავეს, პოლიციელებმა გვითხრეს, რომ სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავით პოლიციის გაშარჟებისთვის.
მე ნარკოტიკული საშუალება თვალით არ მინახავს. არ მომხდარა ნარკოტიკის ჩადება ჩემთვის ჯიბეში. ეს უბრალოდ საბუთებში გაფორმდა, თითქოს მქონდა ნარკოტიკი. მოხდა საბუთების გაყალბება. რაც შეეხება ბრალის აღიარებას, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა“, - განაცხადა გიორგი ქებურიამ.
ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ ერთ-ერთი წევრი, აკაკი ჭანტურიძე ამბობს, რომ მათ არ ჰქონდათ აგრესია პოლიციის მიმართ, ეს მხოლოდ მორიგი კლიპი იყო. მისი თქმით, პოლიციელის ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ არ იცოდა რაში იღებდა მონაწილეობას, მსახიობია.
„ფორმაში უკან ბიჭები რეპავენ, ყველა ხვდება რაშია საქმე. დღეს როგორც ვუყურებ, ეს უნდა მომხდარიყო. მადლობა ყველას ჩართულობისთვის. მიშკამ თქვა, რომ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა. სიმღერის ავტორები ვართ ყველა, მე სასცენო ხელოვნებით ვარ დაკავებული.
ფსიქოლოგიური ზეწოლა აბსოლუტურად არავიზე ყოფილა, ქვეყანაში აღარ ბნელა და ნურავის ეშინია. ბოლო კლიპში სპონსორის სახით „აჭარა-ნეტი“ ჩაერთო. ის, თუ რატომ დაიბლარა კადრები, ამაზე „აჭარა-ნეტმა“ უნდა ისაუბროს. ჩვენ არ გვქონდა აგრესია პოლიციის მიმართ, ეს იყო მხოლოდ მორიგი კლიპი“, - აღნიშნა აკაკი ჭანტურიძემ.
„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ „ბირჟა მაფიას“ წევრებთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად წარიმართება და ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცემა. რაც შეეხება ნარკოლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტს, რომელიც „თეთრი ხმაურის“ მოძრაობამ რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტთან ერთად შეიმუშავა, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებენ.
„ჩვენ ვმუშაობთ ცვლილებაზე, რომელიც ახალ თაობას ნარკოდამოკიდებულებისგან იცავს, ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და მათ ხელმისაწვდომობას ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ზიანის შემცირების და რეაბილიტაციის სერვისები. ასევე, ეს მიდგომა არანაირ კომპრომისს არ უშვებს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან მიმართებაში.
ამ რეფორმის განხორციელება შესაძლებელი ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა და ამ წლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მიმდინარე წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას აუცილებლად უზრუნველვყოფთ. ცვლილებების ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე და სამართალდამცავ სტრუქტურებში ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.
„შს სამინისტროს ხელმძღვანელობა მზად არის რიგით პოლიციელებს მისცეს პირდაპირი დავალება, რომ ვიღაც ადამიანებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ საკუთარი აზრი გააჩნიათ, ნარკოტიკი ჩაუდონ. ეს არის იმ სახის დანაშაული, რომელიც საჭიროებს რეაგირებას. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ აუცილებელია ძალოვან სტრუქტურაში ძირეული ცვლილებები“, - აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა იმ პირის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ აღნიშნულ საქმეში, მათ შორის - შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას.
„ქართული ოცნება“ უბრალოდ დასცინის საზოგადოებას და როგორც კი საფრთხეს ხედავს საზოგადოებრივი მოძრაობიდან, იმ წუთზევე იხევენ უკან, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც საზოგადოებას სურს. ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ საზოგადოება კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს.
ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადება, უკანონო თვალთვალი და შანტაჟი არის ის ბინძური მეთოდები, რასაცქართული ოცნება იყენებს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების და საზოგადოების აქტიური ნაწილის წინააღმდეგ“, - აცხადებს კოტე იოსელიანი.
ოპოზიციის ბრალდება მიუღებელია უმრავლესობისთვის. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ერთგვარ მოდად იქცა და სტერეოტიპად ჩამოყალიბდა ხელოვნურად იმ გარემოს შექმნა,რომ საქმე გვაქვს ჩადებასთან და ადამიანებს აკავებენ. დეპუტატი ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომა დამღუპველია.
„ხელისუფლება მაქსიმალურად არის დაინტერესებული, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ფორმატში მოხდეს შესაბამისი კანონიერი ღონისძიებების გატარება. ვისაც როგორ უნდა, ისე შეფუთოს ეს თემა პოლიტიკურად, არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რაიმე ზეგავლენა მოახდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ეს ფაქტი იყო საზოგადოების ფართო მასების შეშფოთების საგანი და ჩვენ, უმრავლესობაც ყურადღებით ვაკვირდებოდით ამ საქმეს.
პრემიერმა განცხადება გააკეთა და ადეკვატურად შეაფასა არსებული მოცემულობა.გამოძიებას უნდა დაველოდოთ, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა არსებობს ეჭვი, რომ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან გარკვეულ დანაშაულს, ამ ფაქტითაც შესაბამისი გამოძიება დაინტერესდება. ამ ვითარებაში, როგორც ჩანს, პროკურატურა დათანხმდა გირაოს სახით ახალგაზრდების გამოშვებას და სასამართლომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.