სულ ახლახანს საქართველო კიდევ ერთხელ შეძრა 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომელიც 7 ივნისს 22.25 საათზე რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა. ბოლო 5 თვეში ეს უკვე რიგით მეექვსე მიწისძვრაა. ასეთი სიხშირის მიუხედავად, სპეციალისტები გვამშვიდებენ, რომ საშუალო სიმძლავრის მიწისძვრები საშიში არ არის. For.ge ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელს ზურაბ ჯავახიშვილს ესაუბრა.
- მიწისძვრები ჩვეულებრივი მოვლენაა, ზოგჯერ მოხდება, ზოგჯერ მიყუჩებულია. ბოლო პერიოდში მომხდარი მიწისძვრები ძლიერად არ ჩაითვლება, ისინი საშუალო სიმძლავრის მიწისძვრებია.
გულისხმობთ 6 მაგნიტუდამდე მიწისძვრებს?
- დიახ, ეს არის პირობითი მაჩვენებელი. ძლიერ მიწისძვრად კი ითვლება 6 მაგნიტუდიდან ზევით.
საქართველოსთვის მაქსიმალური სიმძლავრის მიწისძვრად 7 მაგნიტუდა შეიძლება ჩაითვალოს?
- საქართველოში მაქსიმალურ ზედა ზღვრად შეიძლება ჩაითვალოს 7 მაგნიტუდა, პლუს-მინუს ნახევრით. მაშინ, როცა იაპონიაში 8 და 9 მაგნიტუდის მიწისძვრები შეიძლება მოხდეს. საერთოდ, იდენტური მიწისძვრები არ არსებობს. ჩვენთან ყველაზე ძლიერი, 1991 წელს მომხდარი რაჭის მიწისძვრა იყო, 7 მაგნიტუდით.
ხშირად იხსენებენ მე-11 საუკუნის დამანგრეველ მიწისძვრას საქართველოში, იმ პერიოდშიც 7 მაგნიტუდა იქნებოდა?
- მე-11, მე-13, მე-14 საუკუნეში მოქმედი მიწისძვრები, ასევე, მე-18 საუკუნის მიწისძვრა, რასაც ალავერდის ტაძრის გუმბათის დანგრევა მოჰყვა, ანუ ეს ისტორიული ძლიერი მიწისძვრებიც სადღაც 7 მაგნიტუდითაა შეფასებული. ეს კავკასიისთვის დამახასიათებელი მიწისძვრების მაქსიმუმია.
მიწისძვრების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ თქვენს სამსახურში არსებობს შესაბამისი რუკები, რომლითაც სეისმური მოვლენების გაანგარიშება ხდება. საქართველოში ხომ არ არის მოსალოდნელი 6 მაგნიტუდიდან ზემოთ მიწისძვრა?
- ასეთი მიწისძვრები იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. საფრთხე ყოველთვის გასათვალისწინებელია. ამიტომ ვადგენთ ამ რუკებს, რომ მშენებლობა ემყარებოდეს რუკებს. შესაბამისად, სადაც მოსალოდნელია ასეთი ძლიერი მიწისძვრები, იქ ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს. ამ მხრივ სხვადასხვა მიდგომებია. თუ ჩვეულებრივ შენობებზეა ლაპარაკი, შეგვიძლია უფრო თავისუფლად ვიყოთ, რადგან უფრო ნაკლები რისკია. ხოლო, თუ ისეთ ობიექტებზეა საუბარი, როგორიცაა მაღლივი კაშხლები, ცათამბჯენები, გაზრდილი რისკის შემცველი ობიექტები, იქ უნდა გავითვალისწინოთ მაქსიმუმი, რაც კი შეიძლება მოხდეს.
სამშენებლო დარგის სპეციალისტების მოსაზრებით, ძველი ნაგებობები გაცილებით უფრო მყარად არის ნაშენები, ვიდრე ახალი, რადგან თანამედროვე შენობებს ურთულესი გეომეტრიული კონსტრუქციებით ტვირთავენ, რომლის აშენების ტრადიციაც არასპეციალისტ ქართველ მშენებლებს არ აქვთ.
- სამშენებლო დარგის სპეციალისტების მოსაზრებას ნაწილობრივ ვერ დავეთანხმები. თუ თანამედროვე შენობები კარგადაა აშენებული, კონსტრუქციაც ნორმალურია, ისინი საკმაოდ სეისმომედეგია. ამ თვალსაზრისით მსოფლიო წინ წავიდა, ტექნოლოგიები შეიცვალა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ძველი შენობები უფრო საიმედოა.
ბოლო დროს მოდაში შემოვიდა შუშის შენობები. თუ გავითვალისწინებთ, რომ შუშა მსხრევადია, რამდენად სახიფათოა შუშის კონსტრუქცია?
- შუშის კონსტრუქცია აგებულია ჩვეულებრივ ლითონის კარკასზე, დრეკადია და მასზე სეისმურობა გათვალისწინებული უნდა იყოს. ასეთი შენობები სეისმურად აქტიურ ზონებშიც შენდება. მაგალითად, კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში არის ასეთი შუშის შენობები, თანაც, გაცილებით უფრო მაღალი. თუმცა მეორე საკითხია, ჩვენთან რამდენად კონტროლდება მშენებლობები, მათ შორის, შუშის ნაგებობების მშენებლობები. ძალიან ხშირად ჰგონიათ, რომ ახალი შენობები უფრო სარისკოა, ვიდრე ძველი. თუმცა გავიხსენოთ სპიტაკის მიწისძვრა, თუ რატომ დაინგრა შენობები. ამის მიზეზი ის იყო, რომ იმ პერიოდში საკმაოდ დაბალი ხარისხის შენობები შენდებოდა. ასე რომ, ტყუილად აქვთ იმის იმედი, რომ საბჭოთა პერიოდში აშენებული ნაგებობები კარგია.
რა იწვევს მიწისძვრების გახშირებას? მხოლოდ ის, რომ არაბეთის ლითოსფერული ფილა ეჯახება ევრაზიის ფილას?
- ზოგადი მიზეზი ეს არის. სწორედ ამ ფილების მოძრაობის გამო ხდება მუდმივი დეფორმაცია კავკასიაში. საბედნიეროდ, არაბეთის ფილიდან წამოსული მოძრაობა ცოტათი შენელებულია და საქართველოში წელიწადში 4-5 მილიმეტრით ხდება ასეთი გადაადგილება.
სეისმური თვალსაზრისით, თქვენ ჯავახეთის ზეგანს მიიჩნევთ ყველაზე აქტიურად…
- კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილი და ჯავახეთის ზეგანი ყველაზე აქტიურია სეისმურად საქართველოში. თუმცა მიწისძვრები ჩვენი ქვეყნის სხვა ტერიტორიაზეც ხდება. ჯერჯერობით, ასეთი პროგნოზი ვერ კეთდება, ელის თუ არა საქართველოს 6-ბალიანზე მეტი მიწისძვრა. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ მიწისძვრის პროგნოზირება, თუ ზუსტად როდის მოხდება, საერთოდ შეუძლებელია. თუმცა სეისმური საშიშროების ალბათობის განსაზღვრა შესაძლებელია.
თუმცა პატარა-პატარა მიწისძვრები ყოველდღიურად ხდება საქართველოს ტერიტორიაზე.
- დიახ, ოღონდ პატარ-პატარა მიწისძვრებს ვერ ვიგებთ და მათ მხოლოდ აპარატურა იწერს. საბედნიეროიდ, სუსტი მიწისძვრები გაცილებით ხშირია, ვიდრე ძლიერი.
მიწისძვრის დროს რეკომენდაციების თაობაზე ბევრჯერ დაწერილა, მაგრამ მაინც, როცა მიწისძვრა ხდება, პანიკის გამო მოსახლეობა იბნევა. ასეთ დროს გადარჩენის მარტივი მეთოდი რა არის?
- ყველაზე რთულად შესასრულებელი ის არის, როცა გვეუბნებიან, ეცადეთ, იყოთ მშვიდად. ამის თქმა იოლია. საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული რეკომენდაცია კი ყველაზე მარტივია. მთავარია, არ დატოვოთ შენობა, არ გამოიქცეთ ნაგებობიდან, რადგან კიბე და ლიფტი სახიფათო ადგილებია. ასევე, შენობიდან გამოსვლისას შესაძლოა, ჩამოვარდნილი, დამსხვრეული დეტალები მოგხვდეთ. ყველაზე მარტივია, რომ შენობაში, სადაც ცხოვრობთ, შერჩეული უნდა გქონდეთ უხიფათო ადგილები. დღევანდელ შენობებში ასეთად ითვლება ცარიელი კედლები, რომლებზეც თაროები არ არის. ეს უნდა იყოს ფანჯრებისგან მოშორებით, რათა რაიმე დამსხვრეული არ ჩამოვარდეს. უნდა დადგეთ და დაელოდოთ, როდის დამთავრდება მიწისძვრა. კარგი იქნება, თუ ადამიანები მიწისძვრისას ხელებით თავს დაიფარავენ, რომ ჩამოვარდნილი საგნები არ დაეცეთ ან მყარი მაგიდის ქვეშ შეძვრებიან. განსაკუთრებით, ეს რჩევა ბავშვებისთვისაა ადვილად შესასრულებელი. სკოლებში მერხების ქვეშ უნდა შეძვრნენ ბავშვები, სანამ რყევები არ დამთავრდება.
ყველაზე უხიფათო ძველებური ხის სახლები ყოფილა.
- კარგად შეკრული ხის სახლი ძალზე საიმედოა მიწისძვრის დროს. ოღონდ ხის სახლებს უარყოფითი თვისება აქვთ, ხანძარი ჩნდება. ამას სეისმურ ხანძრებს უწოდებენ, რომლებიც ძალზე ხშირია მიწისძვრების დროს. თუ სახლში ცეცხლი ან გაზი უნთიათ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ისტორიულადაც ასე ხდებოდა, ოჯახებში ცეცხლი ენთოთ და ამის გამო, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში მიწისძვრების დროს ადვილი იყო ხანძრების გაჩენა.