პირებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება გააჩნიათ, ან ეროვნული გამოცდები წარმატებით აქვთ ჩაბარებული, საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სერტიფიცირება აღარ მოეთხოვებათ. აღნიშნული ცვლილებების მიზეზად ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა სახელდება.
საქართველოში საჯარო მოხელის თანამდებობის დაკავებისას საერთო საზოგადოებრივი აზრია ჩამოყალიბებული, რომ ასეთი პოზიციის დაუფლება ძირითადად კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირდება. რაც შეეხება სერტიფიკატებსა და გამოცხადებულ კონკურსებს, აქაც ყველაფერი ახლობლობით წყდება. ამიტომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი მსგავს კონკურსებში მონაწილეობისგან თავის შეკავებას ამჯობინებს.
თუმცა საინტერესოა, რამდენად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სულ ახლახანს შემოთავაზებული ცვლილება, რომლის თანახმადაც, სერტიფიცირება გაუქმდება მათთვის, ვისაც უმაღლესი განათლება გააჩნია, ან ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩაბარებული აქვს?!
ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილი მიესალმება სერტიფიცირების გამოცდების მოხსნას იმ ადამიანებისთვის, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს, ან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩაუბარებია. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ საკუთარი თვალით უნახავს, როგორ შეარჩიეს ნიუ-იორკის მთავრობის პრემიერი. იქ სასერტიფიკაციო გამოცდები კი არ იყო მთავარი, არამედ კანდიდატების ე.წ. სივები, რომლითაც ირკვეოდა, ვის ჰქონდა ყველაზე დიდი სტაჟი და ვინ იყო ყველაზე ეფექტური მენეჯერი.
„მოგეხსენებათ, თავისი მნიშვნელობით ნიუ-იორკი ზესახელმწიფოს პირველი ქალაქია და უამრავ სახელმწიფოზე დიდია. საინტერესოა, როგორ შეარჩიეს ნიუ-იორკის მთავარი მენეჯერი, ანუ მთავრობის პრემიერი. თავდაპირველად უამრავ მსურველთა საბუთები მიიღეს, შემდეგ დაიწყეს ამ საბუთების შერჩევა მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმით. მთავარი კრიტერიუმი ის იყო, თუ ვის ჰქონდა უფრო მეტი შრომითი გამოცდილება და იმ შრომითი გამოცდილებისას რომელმა კანდიდატმა მიაღწია მაღალ შედეგს თავისი ეფექტური მუშაობით.
კანდიდატურის შერჩევისას ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია პირადი საქმე, საყვედური ხომ არ ჰქონია გამოცხადებული კანდიდატს, ხომ არ მოუპარავს, ციხეში ხომ არ მჯდარა. თანაც, ამერიკელები შესაბამისი ორგანოებიდან იღებენ ინფორმაციას და მხოლოდ კანდიდატის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს არ ენდობიან. ათასობით განაცხადიდან ბოლოს რამდენიმე ასეული დარჩა, საიდანაც გამოიკვეთა ხუთი ყველაზე გამორჩეული პერსონა და იმ ხუთს შორის ამოარჩიეს საუკეთესო მენეჯერი. ამიტომაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სასერტიფიკაციო გამოცდებს, რადგან უამრავ არაპროფესონალს ჩაუბარებია ეს გამოცდები და ზოგიერთი მათგანი შეურაცხადი გამომდგარა, ზოგიც- გამოუცდელი, ზოგიც კიდევ-სახელმწიფო დამნაშავე გამხდარა მომავალში“, - აღნიშნა მანანა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა და უნარების ჩაბარება ურთულესია. თუკი უნარები, უცხო ენა, ქართული ენა, მთელი თავისი გრამატიკით, ჩაბარებული აქვს ბავშვს და, პლუს ამას, კიდევ მეოთხე საგანი, რაღად უნდა დამატებითი შემოწმება?! ხოლო, თუ უფროს თაობაზეა საუბარი, რომელსაც თავისი ასაკიდან გამომდინარე, უნარები არ ჩაუბარებია, მაშინ მათი სტაჟი უნდა შემოწმდეს და უნდა გაირკვეს, რა საფეხურები აქვთ გავლილი. სულაც გენიოსი რომ იყოს ადამიანი, პირდაპირ თანამდებობაზე არავინ დანიშნავს ამერიკაში ან ევროპაში, თუკი საჯარო მოხელის საფეხურები არ გაუვლია და არ უმუშავია ეფექტურ მენეჯერად.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ასეთი პრაქტიკა უნდა დავნერგოთ საქართველოშიც და სერტიფიცირება ზღვარგადასულ კორუფციის წყაროდ არ უნდა ვაქციოთ, როცა ტომრებითა და ვაგონებით გროვდება ფული.
„შევარდნაძის პრეზიდენტობისას საკრებულოში დეპუტატად გახლდით არჩეული, მერე კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, ხოლო სააკაშვილი რომ საკრებულოს თავმჯდომარედ მოვიდა, მაშინ მერიაში გახლდით მაღალ თანამდებობაზე. შემდეგ ე.წ. ატესტაციები დაიწყეს, რის გამოც ტომრებით გროვდებოდა ფული არა მარტო ამ უწყებაში, არამედ -ყველგან. არ ვამბობ, რომ ვიღაცამ ვიღაცას მაინცდამაინც ხელიდან ხელში მისცა ფული, მაგრამ კორუფციული მიზნით გამოიყენობოდა ფულიცა და ძვირფასი საჩუქრებიც. განა ახლა არ არის ნეპოტიზმი და კორუფცია? ოჯახის წევრები დაასაქმა „ქართულმა ოცნებამ“ და პროფესიონალებს არ ეძახიან. ამიტომ, თუკი სასერტიფიკაციო გამოცდებზე უარს იტყვიან, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეტყობა, ჩვენს საზღვარგარეთელ მრჩევლებს ზღვარგადასული კორუფცია და ნეპოტიზმი მოსწყინდათ და ქართველებს ურჩიეს, მოხსენით სასერტიფიკაციო გამოცდებიო“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად ადამიანს, პირველ რიგში, პროფესიული საჭიროებები და უნარ-ჩვევები უნდა შეუმოწმდეს.
„ჩემთვია გაუგებარია, რა კავშირი აქვს ზოგადი უნარების გამოცდასა და სამსახურში აყვანას ერთმანეთთან? საჯარო მოხელის კანდიდატურის შეფასებისას ეს ორი რამ ეკვივალენტურად რატომ უნდა განიხილებოდეს? ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩევისას ხომ ადამიანის მოწმდება კვალიფიკაციის მიხედვით?! ამავდროულად, აუცილებელია საჯარო მოხელის კანდიდატურის საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების შემოწმება კონკრეტულად იმ მიმართულებით, რაც უშუალოდ მისი ვაკანტური პოზიციის დასაკავებლადაა საჭირო.
წინარე გამოცდილება მიგვანიშნებს, რომ კონკურსის გვერდის ავლით უამრავი ადამიანი ინიშნებოდა დროებით თანამდებობაზე. განსაკუთრებით, მერიასა და გამგეობაში არსებობდა სერიოზული პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები 6 თვის შემდეგაც ვერ აბარებდნენ გამოცდებს. ამიტომ ხდებოდა მათი პოზიციების შეცვლა, რადგან დროებითი ხელშეკრულების გაფორმება ორჯერ არ შეიძლებოდა. მთლიანობაში, ორი არასერთიფიცირებული პირი ერთმანეთს უცვლიდა დასაკავებელ თანამდებობას. ამით იმარტივებდნენ ცხოვრებას. დღეს კი სასერტიფიკაციო გამოცდებზე უარის თქმა არაკომპეტენტური ადამიანების სამსახურში აყვანის „კანონიერი გზა“ გახდება. ამიერიდან საჯარო სამსახურში ჩინოვნიკის პოზიციაზე მარტივად აიყვანენ პირებს, რომლებიც თავიანთ ცხოვრებაში ვერასოდეს შეძლებდნენ საჯარო სამსახურის ვერც ერთი მოთხოვნის შესრულებას“, - აღნიშნა მარიამ რამინაშვილმა და პარალელებზეც ისაუბრა.
მისივე თქმით, შესაძლოა, ორი წლის წინ ადამიანმა ექიმის დიპლომი მიიღო, მაგრამ, თუკი უახლოესი ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში მიღწეული ინოვაცია ვერ აითვისა, მაშინ კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე ის არ ივარგებს, როგორც ექიმი.
მარიამ რამინაშვილის აზრით, ხელისუფლება ახლა ცდილობს, არაკომპეტენტური და გაუნათლებელი კადრების კანონიერ ჩარჩოში მოქცევას. თუმცა სერტიფიცირება დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩვენს თავს. არსებობს იმის სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია სერტიფიცირების გვერდის ავლით დასაქმებული ამა თუ იმ თანამდებობაზე დროებითი ხელშეკრულების მეშვეობით და ასეთი უკანონობა წლების განმავლობაში გრძელდება.