ნათქვამია, ერთი - თხისკენ,  ერთი - მგლისკენ

ნათქვამია, ერთი - თხისკენ, ერთი - მგლისკენ

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ 1999 წლის  საპარლამენტო  არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჟვანია - სააკაშვილმა დაიწყეს  “რუსთავი2”-ის გამოყენება თავისი პარტიული დაკარიერისტული მიზნებისთვის (ამ ტელევიზიის  მეშვეობით იქნა დამხობილი შევარდნაძე) და სარედაქციო დამოუკიდებლობა ჯერ შეეზღუდა და 2004 წლიდან საერთოდ წაერთვა “რუსთავი2”ის კოლექტივს და ეს დღემდე გრძელდება. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „რუსთავი 2“-ის და საერთოდ პრესის თავისუფლება რომ არ იზღუდება, ამას აღიარებენ შინ თუ გარეთ, მტერიც და მოყვარეც.

შესაბამისად, „რუსთავი 2“ დამოუკიდებელია და კრიტიკულია მთავრობის მიმართ, მაგრამ არაა  თავისუფალი  და კრიტიკული ნაციონალებისაგან და მათ მიმართ. აბა გაბედოს „რუსთავი 2“-მა და ისეთი აგდებით ილაპარაკოს  მიშა  სააკაშვილზე (არხის რეალურ მფლობელზე) და ნაციონალებზე, როგორც ივანიშვილზე და ქართულ ოცნებაზე და მას 1 კვირაში დახურავენ მისი რეალური მფლობელები.

იმ დღეებში გამოჩნდა ისიც, რომ ტელეკომპანიაში არაა ნორმალური კრიზისული მენეჯმენტი.

როგორც კი ტელეკომპანია სასამართლომ მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, გვარამიამ იმ წუთშივე სცადა ფულის შეძლევა (საიდან აქვთ ეს ფული თუ გადასახადებს ვერ იხდიან ? ) ქიბარ ხალვაშისათვის, რითაც ირიბად აღიარა, რომ  კომპანია მის ნამდვილ მფლობელს დაუბრუნდა.

ნათქვამია, ერთი თხისკენ,  ერთი - მგლისკენო.  რომ არა „რუსთავი-2“-ის აღვირახსნილი  ცილისმწამებლური, ღვარძლითა და ბოღმით გაჯერებული წინასაარჩევნო კამპანია 2016 წელს, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება პარლამენტში - ხალხმა დაიჯერა, რომ ნაციონალების დაბრუნებით შეიძლება სამოქალაქო ომი დაწყებულიყო და „ოცნების“ მხარეს დადგა.

ეს საფრთხე დღესაც ისევე რეალურია. მართალია, ფორმალურად ნაცები ოთხ ნაწილად გაიყვნენ, მაგრამ რეალურად მათ იგივე მიზნები და სულისკვეთება ამოძრავებთ, რაც სააკაშვილის დროს. დღეს რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ ხელისუფლებაში მათ დასაბრუნებლად (რაც სამოქალაქო ომს გამოიწვევს და მათაც სწორედ ეს უნდათ) და ამით საქართველოს საბოლოოდ დასაქცევად. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ მართებს გადამჭრელი ზომების მიღება დამნაშავე და კრიმინალი ნაციონალების  ბინძურ საქმეთა გამოსაძიებლად და მათ გასანეიტრალებლად. დანაშაულს მარტო მერაბიშვილი და უგულავა, ახალაიები  არ ჩადიოდნენ  - მათი რიცხვი 400 – 500 კაცამდეა.

ნაციონალებს კვლავ დიდი გავლენა აქვთ სასამართლოში და ბიზნესში, სხვა სტრუქტურებშიც, განსაკუთრებით რეგიონებში. საკმარისია პირველი ინსტანციის მოსამართლემ არასწორი გადაწყვეტილება (ანგარებით ან სხვა მიზეზით) მიიღოს, რომ ზემდგომი ინსტანციები მას უცვლელად ტოვებენ და ამით სასამართლო ხელისუფლებას დიდ დარტყმას აყენებენ. სასამართლო სისტემაში კვლავ ბევრია სააკაშვილის დროს დანიშნული მოსამართლეები, რომლებიც მრავალ უკანონობას ჩადიოდნენ. ახლა მათი მუდმივად გამწესება   მოსამართლეებად  ხალხს ძალზე აღიზიანებს და სამართლიანობის აღდგენის დიდ იმედს უკარგავს.

ნაციონალი ბიზნესმენები ხშირად საბოტაჟს ეწევიან - სამსახურებიდან უშვებენ „ოცნების“ მომხრეებს, არ უქმნიან უსაფრთხო სამუშაო პირობებს, არ აძლევენ ნორმალურ ხელფასებს, რითაც მუშებს ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ. სწორედ ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა ტყიბულში, როცა მფლობელების (ბეჟუაშვილების) სიხარბეს 4 ადამიანი შეეწირა და კიდევ შეეწირება აქაც და სხვაგანაც - ჭიათურაში, მშენებლობებზე, თუ ვინმე მათ პასუხს არ მოთხოვს.

ის სიხარბე და ხალხის გაჭირვების ფეხებზე დაკიდება, რაც გამოამჟღავნეს ბანკებმა, ნავთობკომპანიებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა ბოლო წლების განმავლობაში (მათ უმრავლესობას კვლავაც ნაციონალები და რუსები აკონტროლებენ) პირდაპირ ურტყამს ხელისუფლების ავტორიტეტს და მისგან გადამწყვეტი ზომების მიღებას მოითხოვს. მაგ: ფარმაცევტული კომპანიები თუ ადრე 800-1000%-იან მოგებაზე მუშაობდნენ, ახლა 500 – 600 პროცენტიან მოგებას მაინც ღებულობენ წამლებში რომელთა  უმრავლესობის შეძენა არ შეუძლია მოსახლეობის ნახევარზე მეტს.

მაგ:  ერთი პატარა აფთიაქი თემქაზე შენობის ქირაში ყოველთვიურად უხდის 5400 ლარს მფლობელს - ერთ-ერთი თანამდებობის პირს და წარმოიდგინეთ, რამხელა პროცენტზე მუშაობს ეს აფთიაქი და როგორ ატყავებენ ხალხს, უქონელთ, სოციალურად დაუცველებს.

ხალხის ძლიერ გაღიზიანებას   იწვევს ასევე ყოფილი ნაციონალების პორტირება მმართველ გუნდში, რაც ხელისუფლების რეიტინგს სერიოზულად აქვეითებს.

პროფესორმა ნანა ჩაჩუამ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში წამოაყენა იდეა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს გარკვეულ კრიტერიუმებს და მერე ამ კრიტერიუმებით ეს ჯგუფი შეარჩევს მომავალი თანამდებობის პირებს. ამით გამოირიცხება უღირსი ადამიანების მოხვედრა თანამდებობაზე, რაც დღეს ასევე სერიოზული პრობლემაა და  ასევე დროზე გადაწყვეტას მოითხოვს.