სუსი და ქართველი დეპუტატები თვლიან, რომ მილი მეჯლისის წევრი პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს

სუსი და ქართველი დეპუტატები თვლიან, რომ მილი მეჯლისის წევრი პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს

სკანდალი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ირგვლივ არ ცხრება - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სპეციალური განცხადების გამოქვეყნებაც მოუხდა, სადაც ის კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანელი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და რაიმე კავშირს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, სიმართლეს არ შეესაბამება.

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, - აცხადებენ სუს-ში.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანელმა დეპუტატმა ელმან ნასიროვმა განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის დაკავება აზერბაიჯანულ-ქართული სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგია.

„სიტუაციის ანალიზი გვიჩვენებს, რომ აფგან მუხთარლი არის ფიგურა, მსხვილი ქსელის განუყოფელი ნაწილი. უფრო ძლიერი პოლიტიკური ძალები საქართველოში აგროვებენ ისეთებს, როგორიც აფგან მუხთარლია. საუბარია დიდ ფინანსებზე, მსხვილ ორგანიზაციებზე. საქმე მხოლოდ აფგანს რომ შეხებოდა, ასეთი დაკავების აუცილებლობა არ დადგებოდა. ეს ქსელი, რა თქმა უნდა, იცავს აფგან მუხთარლის. მათ სურდათ წინააღმდეგობა გაეწიათ, მუხთარლი აზერბაიჯანში რომ ჩამოეყვანათ. ამ კუთხით ეს ერთობლივი ნაბიჯი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის იყო სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი. აზერბაიჯანულმა სტრუქტურებმა აჩვენეს პროფესიონალიზმი. თავი აარიდეს წინააღმდეგობას და დამნაშავე ადამიანი აზერბაიჯანში  ჩამოიყვანეს. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღონისძიება“, – განაცხადა მილი მეჯლისის დეპუტატი.

მას შემდეგ რაც ქართველმა ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელ დეპუტატს კითხვა დაუსვეს, თუ რა ინფორმაციას ეყრდნობოდა, როდესაც აღნიშნულ განცხადებას აკეთებდა, მან უპასუხა, რომ მისი  წყარო არის მხოლოდ პრესაში გავრცელებული ინფორმაციები და დამატებით, სხვა წყაროსგან მას არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.

ქართველი დეპუტატები აღაშფოთა აზერბაიჯანელი კოლეგის ამ განცხადებამ და მისგან განმარტებებსა და მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვენ. ქართველი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მტკიცებულებების არქონის შემთხვევაში ეს მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციულ განცხადებად შეიძლება, შეფასდეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება და როდესაც ამგვარ განცხადებას აკეთებ, მტკიცებულებებია საჭირო. მდინარაძის განმარტებით, პირველ რიგში, რაც გამოირიცხა საქართველოს პარლამენტის მიერ ეს იყო ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობა ამ ოპერაციაში.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, აზერბაიჯანელი დეპუტატის შეფასება უსაფუძვლოა.

„ამ ეტაპზე, ამ საქმესთან დაკავშირებით რაც ცნობილია, ეს აზერბაიჯანური მხარის განმარტებაა, რომ ჟურნალისტის დაკავება საზღვრის კვეთის პროცესში მოხდა. ჩვენი მხრიდან გამოძიება მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, თუ რა  ვითარებაში აღმოჩნა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან აზერბაიჯანში. ამ პროცესში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობას კატეგორიულად გამოვრიცხავ. გამცხადებელს თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, უფრო მეტი უნდა ეთქვა. ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა“, - აღნიშნავს კახიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანელი დეპუტატის განცხადებას „სკანდალურს და პროვოკაციულს“ უწოდებს. მისი თქმით, ქართული სპეცსამსახურები ადამიანის თავისუფლების აღკვეთაში ჩართული ვერ იქნებოდნენ.

„თუ აზერბაიჯანელ კოლეგას რაიმე მტკიცებულება აქვს, წარმოადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან დიდი პროვოკაცია იქნება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დირექტორმა მაიკლ გეორგ ლინკმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის აფგან მუხთარლის „სავარაუდო გატაცებისა და პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის გამო“.

მისი განცხადებით, „სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნებისმიერი შემთხვევა ან სისხლის სამართლებრივი ქმედება გამოძიებულ უნდა იქნას და ნებისმიერმა პირმა, რომელიც ამგვარ ქმედებებზეა პასუხისმგებელი, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს“.

როგორც ლინკი აცხადებს, ODIHR კვლავ ადევნებს თვალს ამ განსაკუთრებულ საქმეს, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ აფგან მუხთარლის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები გამოგონილ მტკიცებულებას ან ძალის გამოყენების და არასათანადო მოპყრობის შედეგად განხორციელებულ ქმედებებს ეფუძნება, ხელისუფლებამ მაშინვე უნდა მოუხსნას მას ბრალდებები და გაათავისუფლოს.

ანალოგიური გზავნილები გაახმოვანა გერმანიის ფედერალური მთავრობის კომისარმა ადამიანის უფლებათა პოლიტიკის და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ბეაბლერ კოფლერმა.მისი შეფასებით „ეს საქმე სწრაფად და გამჭირვალედ უნდა იქნას გამოძიებული როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარეების მიერ“, - განაცხადა კოფლერმა და დასძინა, რომ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოძიების დაწყებას.

საერთაშორისო ორგანიზაციები კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე, ღია წერილით მიმართავენ.

ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ ჟურნალისტის შესაძლო გატაცების გამო. როგორც წერილში ვკითხულობთ:„მივესალმებით აფგან მუხთარლის „უკანონო გატაცების“ ფაქტზე გამოძიების დაწყებას. იმედი გვაქვს, ის დაადგენს გამტაცებლების ვინაობას და ნათელს მოჰფენს ამ ფაქტში საქართველოს ხელისუფლების შესაძლო როლს. თუ დადგინდება რომელიმე ქართველი საჯარო მოხელის მონაწილეობა საერთაშორისო სამართლის აღნიშნულ დარღვევის ფაქტში, უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად“.

წერილში ასევე, საუბარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს ყველა ბოლოდროინდელ რეზოლუციას უფლებადამცველების შესახებ. ცოტა ხნის წინ, საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ღრმა შეშფოთება გამოთქვეს უფლებადამცველთა რეპრესიებზე, ზეწოლასა და იძულებით გაუჩინარების ფაქტებთან დაკავშირებით. მათივე თქმით, საქართველოს მზაობა, დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ამ ეტაპზე რისკის ქვეშ დგას.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ ფონზე განსაკუთრებით საზიანოა საქართველოს იმიჯისთვის მსგავსი განცხადებები და ქართველ სამართალდამცველებს კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით მოუწევთ მუშაობა, რათა პასუხი გაეცეს იმ უხერხულ კითხვებსა და ეწვებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ გაჩნდა.

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და ერთი დღის შემდეგ ბაქოს წინასწარი დაკავების დაწესებულებაში აღმოჩნდა. ისაცხადებს, რომ თბილისში, თავისი სახლის მახლობლად ძალით ჩასვეს მანქანაში უცნობმა პირებმა,მოგვიანებით კი აზერბაიჯანის საზღვარზე გადაიყვანეს.