„უდუმაშვილი ახლა თამაშობს ისე, როგორც გამოსდის გარკვეულ ჯგუფთან ერთად“

„უდუმაშვილი ახლა თამაშობს ისე, როგორც გამოსდის გარკვეულ ჯგუფთან ერთად“

საქართველოში უყვართ გამოთქმა, რომ პოლიტიკა ხელმოცარული ადამიანების თავშესაფრად იქცა. იმასაც შევეჩვიეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა და ჟურნალისტიკა განუყოფელ ცნებებად ჩამოყალიბდა. პოლიტიკაში მიდიან წარმატებული თუ წარუმატებელი, ან ჟურნალისტობისგან დაღლილი ადამიანები. პირველი მერცხალი ამ მხრივ გიორგი თარგამაძე იყო. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ამართლებენ პოლიტიკას თავშეფარებული მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლები?!

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის მოადგილე და „კურიერის“ წამყვანი ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ თბილისის მერის თანამდებობაზე კანდიდატად დასახელების შეთავაზება „ნაცმოძრაობისგან“ მიიღო. ამ მიზნით ის კიევშიც იმყოფებოდა და მთავარ „ნაციონალს“-სააკაშვილსაც შეხვდა. თუმცა ჟურნალისტმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი ზაალ უდუმაშვილი გახდება „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური სახე და სააკაშვილის შეთავაზებას დათანხმდება?   

მედიაკომუნიკაციის ექსპერტი, ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ჟურნალისტიკა გაცილებით უფრო პოლიტიზირებული და პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებულია. ამიტომ ჟურნალისტების პოლიტიკაში წასვლა აღარ გვიკვირს. მით უმეტეს, გვქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ჟურნალისტების პარტია გვყავდა, გიორგი თარგამაძის ხელმძღვანელობით, რომელიც შედიოდა და გამოდიოდა პოლიტიკაში.

მედიაკომუნიკაციის ექსპერტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ჟურნალისტები პოლიტიკაში არ ამართლებენ. მისი თქმით, პოლიტიკა ყველასთვისაა და ვერც იმას ვიტყვით, რომ პოლიტიკაში მაინცდამაინც ყველა პროფესიონალია. ამდენად, პოლიტიკოსის უნარები შეიძლება ნებისმიერ ადამიანს აღმოაჩნდეს, მათ შორის, ჟურნალისტსაც. მით უმეტეს, რომ ჟურნალისტობით დაიწყო კარიერა უინსტონ ჩერჩილმაც. 

„არ აქვს მნიშვნელობა, ზაალ უდუმაშვილი წავა თუ არა პოლიტიკაში. მე ცოტა სხვაგვარი ეჭვები მაქვს მის გაპოლიტიკოსებასთან დაკავშირებით. ამ ეჭვებს ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, მაგრამ ვფიქრობ, ზაალ უდუმაშვილის პოლიტიკაში წასვლა იმ ტიპის ფინანსურ კრიზისს უკავშირდება, რომლის წინაშეც „რუსთავი-2“ დგას, სადაც თანამშრომლების ხელფასების გაცემაც უჭირთ. ამდენად, თუკი იგი იქნება ოფიციალური კანდიდატი, მას საშუალება ექნება, გარკვეული ფული, შემოწირულობები თავისკენ „მოქაჩოს“.

ამ მხრივ ზაალი ერთგვარი გამტარი იქნება. „ნაცმოძრაობაში“ თვითონაც კარგად იციან, რომ ზალიკო უდუმაშვილი არ არის ის კაცი, რომელსაც „ნაციონალები“ მიიყვანენ და ის უთუოდ გაიმარჯვებს, სიტუაციას შეცვლის. ისედაც გარკვეულია, რომ ეს  წაგებული თამაშია. ამიტომ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ამ კანდიდატურის გაპოლიტიკოსება „რუსთავი 2“-ის სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, მით უმეტეს, მეორე დღეს უკრაინაში მისი გაქცევა შემთხვევითი არ ყოფილა“, - აცხადებს ლელა კურდღელაშვილი და არ მალავს, რომ ერთი თვის წინ იგი ფიქრობდა, „ნაციონალები“ ნიკა გვარამიაზე შეაჩერებდნენ არჩევანს მერობის კანდიდატურის ჭრილში.

„ახლა კი, ჰიპოთეტურად რომ ჩავთვალოთ, უდუმაშვილმა გაიმარჯვა, მთლად გაგიჟდა მთელი თბილისი და ხმა მისცა „ნაციონალების“ კანდიდატურას, ზაალ უდუმაშვილი მაინც ვერაფერს შეცვლის. ის ვერანაირად ვერ გაუწევს წინააღმდეგობას იმ ზეწოლას, რომლის წინაშეც აუცილებლად აღმოჩნდება ქალაქის თავი. ეს ზეწოლა არა მხოლოდ პარტიული, არამედ გავლენიანი ფინანსური ჯგუფებისგანაც წამოვა. საბოლოოდ კი უდუმაშვილი აიბლანდება, ჩვენც დაგვღუპავს და თავსაც დაიღუპავს.

ზაალ უდუმაშვილი ძალიან კარგი ბიჭია, დიდი ხანია ჟურნალისტიკაში, ვიცნობ და არ ვთვლი თავზეხელაღებულ ჟურნალისტად. უბრალოდ, ის ახლა თამაშობს ისე, როგორც გამოსდის გარკვეულ ჯგუფთან ერთად. ჩვენ გვახსოვს ასეთი სქემები იგებოდა საქართველოდანაც და თანხები გადიოდა ტელევიზიების მეშვეობით. ამ კონტექსტში „პერვი კავკაზსკის“ მაგალითი მახსენდება. არ არის გამორიცხული, „ნაციონალებს“ რაღაც მსგავსი ჰქონდეთ პრაქტიკაში“ - მიაჩნია ლელა კურდღელაშვილს.

ამართლებენ თუ არა ჟურნალისტები პოლიტიკაში, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი აცხადებს, რომ ეს ინდივიდუალურია და, კონკრეტული პერსონებიდან გამომდინარე, ერთიან დასკვნას ვერ გამოვიტანთ. უბრალოდ, სასურველია, კარგი სპეციალისტი საკუთარი სპეციალობის ფარგლებში მოღვაწეობდეს, რადგან არ გვაქვს იმის ფუფუნება, კარგ კადრებს შეველიოთ:

„თითოეულ ადამიანს თავისი კომპეტენცია, უნარები, სოციალ-კულტურულ გარემოში ინტეგრაციის შესაძლებლობა გააჩნია. ამდენად, გაამართლებს თუ არა უდუმაშვილი, ამის თქმა მხოლოდ პოსტფაქტუმ შეგვიძლია. ხალხი არჩევნებზე გააკეთებს არჩევანს, მათ შორის, ჟურნალსიტებს შორისაც. რაც შეეხება სხვა ჟურნალისტებს, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ელისაშვილის ხილვა ჟურნალისტის პოზიციაზე უფრო უკეთესი იყო, მაგრამ ელისაშვილი გაუცრუებდა, ან არ გაუცრუებდა იმედებს იმ ამომრჩეველს, ვინც მისი ამომრჩეველი იყო. მე არ ვყოფილვარ მისი ამომრჩეველი“.