ჯარჯი აქიმიძე: ეს მიიღო იმ ხალხმა, რომელიც პეტიციებს წერდა და მიტინგებს აწყობდა ე.წ. დამოუკიდებელი ტელევიზიის დასაცავად

ჯარჯი აქიმიძე: ეს მიიღო იმ ხალხმა, რომელიც პეტიციებს წერდა და მიტინგებს აწყობდა ე.წ. დამოუკიდებელი ტელევიზიის დასაცავად

თითქმის 6-საათიანი თათბირი ისე დასრულდა, რომ გია და ლევან ყარამანიშვილებმა ჟურნალისტებს და გაფიცულ ოპერატორებს ვერ მისცეს გარანტია, რომ ხელფასს გადაუხდიდნენ. თათბირზე გია ყარამანიშვილმა ჟურნალისტებთან ფინანსურ პრობლემებზე, ასევე გენერალური დირექტორის საკითხზე ისუბრა, თუმცა ვინ იქნება გვარამიას შემცვლელი, ამ საკითხზე არხის თანამშრომლებთან არ უსაუბრია. არსებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას პოსტს დროებით გია ყარამანაშვილი დაიკავებს.

ტელეკომპანიაში ძმები ყარამანიშვილები 12 საათისთვის მივიდნენ. თანამშრომლებთან საგანგებო თათბირი დაახლოებით 6 საათი გაგრძელდა. თუმცა, საგანგებო თათბირი ყველაზე ადრე ზაალ უდუმაშვილმა დატოვა, რომლის განცხადებით, ის ჯერ-ჯერობით რჩება ტელევიზიაში. არაოფიციალური ინფორმაციით კი, უდუმაშვილმა ტელეკომპანია დატოვა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თანამდებობა 8 ივნისს დატოვა. გვარამიამ გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო. გვარამიას გადაწყვეტილება მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა „რუსთავი 2“-ის თანამშრომელთა ნაწილისთვის. გვარამია-ყარამანიშვილების დაპირისპირება არხის თანამშრომლებზეც აისახა. „რუსთავი 2“-ის გუნდი სამ ნაწილად არის გაყოფილი.

გვარამიას გუნდს, რომელიც ამ პროცესში თავის თამაშს თამაშობდა, ზურგს უმაგრებდა „ფორმულა კრეატივი“, „კურიერის“ ჟურნალისტთა ნაწილი, პოლიტიკური თოქ-შოუების რედაქცია - კერძოდ, გიორგი ლაფერაშვილი, დიანა ჯოჯუა, ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ნათია ტრაპაიძე, თამარ ბაღაშვილი, ეკა კვესიტაძე, რუსუდან ვაშაკიძე, აკაკი გოგიჩაიშვილი, მიხეილ სესიაშვილი.

თუმცა, დღეის მდგომარეობით, ნიკა გვარამიას მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა. გვარმიას გუნდი, მიხეილ სააკაშვილთან მიბმულ გუნდს შეუერთდა, ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც პერსონალურად გარკვეული სიახლოვე აქვს მიხეილ სააკაშვილთან, სწორედ ამ გუნდში არიან ნანუკა ჟორჟოლიანი, თეა ადეიშვილი, ვანო ჯავახიშვილი, ეკა სარია და „კურიერის“ ჯგუფი. რაც შეეხება მესამე ჯგუფს, ეს არის ჟურნალისტების კატეგორია, რომლებსაც ამ პროცესში ნეიტრალური პოზიცია უკავიათ.

ამ დაპირისპირებაში თავიდან გამოკვეთილი პოზიცია არ ჰქონდა ზაალ უდუმაშვილს, რომელიც სააკაშვილი-ყარამანიშვილების ნავში აღმოჩნდა.

მაშ ასე, ოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობის დატოვების მიზეზად არხზე არსებული ფინანსური პრობლემები სახელდება. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ფინანსურად კომპანია მძიმე მდგომარეობაშია და ეძებენ გზებს, თუ როგორ დაძლიონ კრიზისი.

for.ge-ს ინფრომაციით, გვარამიას არხიდან წასვლის გადაწყვეტილება უკავშირდება ექს-პრეზიდენტის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, თბილისის მერობის კანდიდატად გვარამიას პირველი მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის დასახელებას. როგორც for.ge-ს განუცხადეს, ნიკა გვარამია ზაალ უდუმაშვილთან ერთად იმყოფებოდა უკრაინაში და ცდილობდა სააკაშვილი გადაერწმუნებინა, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა, თუმცა, მისი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა გვარამიას ბედიც.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გვარამია და „რუსთავი 2“-ის ნაწილი მკაფიოდ დადგა გიგა ბოკერიას ფრთის მხარეს, სააკაშვილმა გვარამიასა და მისი გუნდის შენარჩუნებაზე უარი თქვა. „რუსთავი 2“-ის აწ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი კი, პოლიტიკაში ბრუნდება, ამჯერად „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად.

ჩვენი ინფორმაციით, გეგმა, რომელიც ყარამანიშვილების უკან მდგომმა სააკაშვილმა შეიმუშავა, შეთანხმებული არ იყო გვრამიასთან. იმ შემთხვევაში, თუ გვარამიას გუნდს შიდა დაპირისპირებით მოიშორებს, ამით „რუსთავი 2“-ს „ევროპული საქართველოს“ გავლენას მოაცილებს. არსებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არხის რეალური მფლობელი არის მიხეილ სააკაშვილი და არა ძმები ყარამანიშვილები.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილების შეჩერების გამო, ქიბარ ხალვაშის, როგოც წილების მესაკუთრის რეგისტრაცია ვერ ხერხდება, ამიტომ „რუსთავი 2“-ის დირექტორის შესაძლო ცვლილება, ხალვაშის მხარის ინტერესებზე გავლენას არ მოახდენს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება წილების მესაკუთრედ ხალვაშის რეგისტრაცია, ამის შემდეგ შეძლებს ის, მიიღოს გადაწყვეტილება მენეჯმენტთან და სხვა პროცესებთან დაკავშირებით.

„აუცილებელი და საჭიროა, რომ ტელეკომპანიის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრში ცვლილებების ასახვას დაველოდოთ. დირექტორის ცვლილება არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენი მხარის ინტერესებზე, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შეჩერების გამო, ქიბარ ხალვაშის, როგორც წილების მესაკუთრის რეგისტრაცია ვერ ხერხდება.

მანამდე უფლებამოსილებას ისევ განახორციელებენ ყარამანიშვილები. ჯერჯერობით, ყარამანიშვილები, „ტელეკომპანია საქართველო“ და ნატა ნიჟარაძე არიან რეგისტრირებული, როგორც პარტნიორები. ეს ადამიანები „რუსთავი 2"-ის წილის რეგისტრირებული მესაკუთრეები არიან და სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს პაატა სალია.

ტელეკომპანიის ერთ-ერთი  დამფუძნებელი, ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ  „რუსთავი 2“ ვერ გააგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას მანამ, სანამ არ გამოსწორდება ის დანაშაული, რომელიც 2004 წელს ჩაიდინეს. მისი თქმით, ნებისმიერი ტელევიზია, რომელიც იმართება პარტიის მიერ, ყოველთვის განწირულია დასაღუპად.

„იმიტომ, რომ ერთი პარტია იცვლება მეორით, ერთი ლიდერი იცვლება მეორით, იმას მერე თავისი მოსაზრებები აქვს და ა.შ. ზუსტად ეს დაემართა „რუსთავი 2“-ს. გაიყო ნაციონალური მოძრაობა და დაერივნენ შიგნით ერთმანეთს, ახლა ხდება ამ რაღაცის გაყოფა. გასაგებია, რომ ის ვიღაცა არ იძლევა იმ ფულს, მეორე მოითხოვს ამ თანხას და ა.შ.

არ შეიძლება ტელევიზია იყოს პარტიული და პარატიულმა სტრუქტურებმა მართონ. რა მნიშვნელობა აქვს, უდუმაშვილი და გვარამაია მოილაპარაკებენ ერთმანეთში, სააკაშვილი რას და როგორ იზამს. თავის დროზე, როდესაც სააკაშვილმა წაიღო დამოუკიდებელი ტელევიზია და აქედან დაიწყო ყველაფერი.

როგორც კი დამოუკიდებელი ტელევიზიიდან მივიღეთ პარტიული ტელევიზია, აშკარა იყო, რომ ბოლო ასეთი იქნებოდა. ყველამ შეუწყო ხელი იმას, რომ ეს შედეგი მოგვეღო. შედეგია ის, რომ ერთ დროს დამოუკიდებელ ტელევიზიას, დამოუკიდებლად განვითრების შანსს არ უტოვებენ“, - აცხადებს ჯარჯი აქიმიძე.

მისივე თქმით, ტელევიზია დამოუკიდებლად ვერ განვითრდება მანამ, სანამ იქნება პარტიის ხელში. იმიტომ, რომ მას აქვს მხოლოდ პარტიული ინტერესები.

„არავის, არც ერთ პარტიას არ აინტერესებს ტელევიზია, ყველას ჭირდება თავისი რუპორი. გამოიყენეს ეს რუპორი, გამოწურეს ლიმონივით და ახლა ადგებიან და რაც ყველაზე ლოგიკურია, „რუსთავი 2“-ს გააკოტრებენ, მოისვრიან სანაგვეზე და ეს იქნება რეალობა. ეს მიიღო იმ ხალხმა, რომელიც პეტიციებს წერდა და მიტინგებს აწყობდა ე.წ. დამოუკიდებელი ტელევიზიის დასაცავად.

რანაირი დამოუკიდებელი ტელევიზია დაიცვეს და რა მიიღეს, ახლა ვიმკით ამ მოსავალს. გამოვიდნენ და თქვან, აბა როგორ დაიცვეს ტელევიზიის დამოუკიდებლობა გვარამიას მეთაურობით, რომელმაც მშვენივრად იხეირა ამ ყველაფრით, იხეირა ერთმა პარტიამ და მისმა განაყოფმა, საბოლოო ჯამში მივიღეთ გატეხილი არხი“, - აღნიშნა ჯარჯი აქიმიძემ.