თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს შორის დავა დასრულდა - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით „ფილიპ მორის საქართველო“ და „ფილიპ მორის ეს.ეი“ 92-მილიონიანი ვალდებულებისგან გათავისუფლდა.
„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ობიექტური და მიუკერძოებელი და ეს პოზიტიურად აისახება უცხოურ ბიზნესზე. ჩვენ უწინდებურად გავაგრძელებთ ოპერირებას საქართველოში, როგორც ეს მანამდე იყო“, - განაცხადეს „ფილიპ მორისში“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას აღნიშნული თანხის გადახდას ავალდებულებდა „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ.
სარჩელი კომპანიების წინააღმდეგ „თბილისის თამბაქომ“ შეიტანა - მოსარჩელის აზრით, 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე აღნიშნული საწარმოები ახდენდნენ სხვადასხვა სახის სიგარეტების რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რითაც არღვევდნენ კანონს და ზიანს აყენებდნენ სს „თბილისის თამბაქოს“, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოსარჩელე კომპანიის გაყიდვები პრაქტიკულად განახევრდა და შემცირდა მისი საბაზრო წილი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე, გააუქმა „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედისა“ და შპს “T&R დისტრიბუშენის“ მიმართ დაკისრებული 100 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა. სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებებსდადებითად აფასებენ ეკონომიკური ექსპერტები: „ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ადამიანს აქ მართლმსაჯულების იმედი შეიძლება ჰქონდეს“, - აცხადებს ექსპერტი პაატა შეშელიძე.
ექსპერტ აკაკი ცომაიას შეფასებით კი, წინა გადაწყვეტილება ეჭვებს ნამდვილად ბადებდა, რადგან პირველი კანონი დემპინგის შესახებ საქართველოში არ გვაქვს და აქედან გამომდინარე, ძალიან საეჭვო იყო ის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ გამოიტანა.
ექსპერტები თვლიან, რომ მსოფლიო ბაზარზე ცნობილი კომპანიის ბაზრიდან გაძევება პირველ რიგში, საქართველოს იმიჯს დააზარალებს და ქვეყნის საინვესტიციო გარემოსაც.
შეგახსენებთ,11 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ.
საგულისხმოა, რომ დავას თვალყურს ადევნებდა არასამთავრობო სექტორიც და30 მარტს გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაასაჯაროვა.
სს „თბილისის თამბაქოს“ 85 %-ს შპს სმარტ გრუპი ფლობს, ხოლო 15%-ს ავთანდილ წერეთელი. შპს სმარტ გრუფის 100 %-ის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია „პასქუინო მენეჯმენტ კორპ, პანამაა“.
ავთანდილ წერეთელს „თამბაქოს ომი“ შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც ჰქონდა გაჩაღებული. სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ცალკე - წერეთელი და ცალკე - კანადელი ინვესტორები ცდილობდნენ, საერთო ენა გამოეძებნათ ხელისუფლებასთან. ის ბრძოლა წერეთელმა მოიგო, თუმცა როგორც ჩანს, ეს კომპანიის 85%-ად დაუჯდა.
შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი პარტნიორი არის შვეიცარიის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია „ფილიპ მორის ეს.ეი“. კომპანია “ფილიპ მორისი” საქართველოში 1996 წლიდან ოპერირებს და ახორციელებს სხვადასხვა სახის თამბაქოს ნაწარმის დისტრიბუციას, მათ შორის როტმანსი, პალმალი, ბონდი, L&M, მარლბორო, პარლამენტი და სხვა.
„თბილისის თამბაქო“ 1998 წლიდან ოპერირებს და თამბაქოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ადგილობრივ მწარმოებელს წარმოადგენს. კომპანიის ცნობილი ბრენდი „პირველი“ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გაყიდვადი სიგარეტის ბრენდების სამეულში შედის.
ძალზე საინტერესოდ გამოიყურება თბილისის საქალაქოსასამართლოს გადაწყვეტილება და მტკიცებულებები, რომლის გახსენებაც მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ, რატომ აკრიტიკებენ ქართულ სასამართლო სისტემას.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ სს „თბილისის თამბაქოს“ მიერ წარმოებული სიგარეტების რეალიზაცია 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
მთავარი მტკიცებულება იყო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაა. დასკვნის თანახმად, მართლაც შემცირებული იყო გაყიდვები - პირველი პრემიუმ ლურჯი ფილტრიანი სიგარეტის - 52%-ით; პირველი პრემიუმ წითელი ფილტრიანი სიგარეტის - 60%-ით; პირველი ინტერ ლურჯი ფილტრიანის - 55%-ით; პირველი ინტერ წითელი ფილტრიანი სიგარეტის კი - 46%-ით;
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეების მხრიდან არასამართლიანი ფასების დაწესების შედეგად სს თბილისის თამბაქოს პროდუქციის მიმართ არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი 8 571 954.16 ლარი.
სასამართლომ ასევე გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ზიანის მიყენება გრძელდება და არის ხანგრძლივად გაგრძელების პერსპექტივით, ამდენად სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინეით მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება წლიური 10%-ის ოდენობით როგორც 2015 წლის 1 სექტემბრის შემდგომ პერიოდზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე შემდგომი 10 წლის განმავლობაში სათანადო სამეწარმეო საქმიანობით მისაღები შემოსავლის ასანაზღაურებლად 42 859 770 ლარის ოდენობით.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის კიდევ ერთი მითითება, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს პროდუქციის ბაზარზე მოსარჩელის პოზიციების დასაბრუნებლად მთელი რიგი მარკეტინგული ღონისძიებებია გასატარებელი, რაც სწორედ 25 000 000 ლარს მოიცავს და მოპასუხეებს „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ ამ თანხის გადახდა დაავალა.
სასამართლომ მიიჩნია ისიც, რომ მოპასუხეები – „ფილიპ მორის ეს.ეი“ და შპს „ფილიპ მორის საქართველო“ უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ 15 000 000 ლარით და ამ თანხის „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ გადახდა დაავალა.
„თბილისის თამბაქოს“ მიერ პირველ ინსტანციაში საქმის მოგებას მოიგო , საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის მხრიდან „თბილისის თამბაქოს“, ზოგადად, ადგილობრივი მწარმოებლების და მოსამართლის წინააღმდეგ განცხადებები მოჰყვა - მან მოსამართლე კორუფციაშიდაადანაშაულა.
„თბილისის თამბაქოს“ თანამშრომლები კი მიიჩნევდნენ, რომ არაკეთილსინდისიერი იმპორტიორების ქმედებების გამო, კომპანიის თანამშრომლებს უმუშევრად დარჩენა ემუქრებოდათ. მათი განცხადებით, თამბაქოს ქართულ წარმოებას სულ რაღაც სამი წლის წინ ბაზარზე 40 % - მდე ეჭირა. იმ კომპანიების გამო,რომლებმაც დემპინგური ფასებით იმუშავეს რამდენიმე წელი დღეს ქართული თამბაქოს ბაზარი 6%-მდეა შემცირებული.
როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ქართულ წარმოებას ყველანაირად უნდა შეეწყოს ხელი, თუმცა, მხოლოდ ის, რომ ქართულია, კონკურენტუნარიანობისთვის საკმარისი არ არის. ბაზარზე ლიდერობა შეიძლება მოიპოვო ფასით, ხარისხით ან ორივეთი ერთად. ქართველი მწარმოებლები კი როგორც ჩანს, ამ მოცემულობას ნაკლებად ითვალისწინებენ.