საქართველოს არჩევანი - დასავლური დემოკრატია, თუ მეზობლად განლაგებული სტრატეგიული პარტნიორები?

საქართველოს არჩევანი - დასავლური დემოკრატია, თუ მეზობლად განლაგებული სტრატეგიული პარტნიორები?

მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქართველოდან ექსტრადირება ამ ეტაპზე ვერ მოხდება. ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე უკვე გამოიკითხა ბრალდებული. ასევე, მისი მეუღლე და ორი შვილი.

ბრალდებულის ადავოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, სანამ არ გადაწყდება ჩაბუქის განაცხადი თავშესაფრისა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საქმეზე, დაუშვებელია, ექსტრადირება მოხდეს. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ექსტრადირების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა საერთოდ შეწყდება. თუმცა, თუ ემრე ჩაბუქის განაცხადი დაკმაყოფილდა და სტატუსი მიენიჭა, მისი გადაცემა ვერ მოხდება.

„ამ ეტაპისთვის ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის პროცესი საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მუხლის შესაბამისად შეჩერებულია. დაწყებულია პროცედურა მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დადებითად გადაწყდა ეს საკითხი, ბუნებრივია შეწყდება ექსტრადიციის საქმე. თუ უარყოფითად გადაწყდა - გაგრძელდება.

იმის გამო, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დაიწყო პროცედურა, მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუტის მინიჭების თაობაზე, ექსტრადაციის პროცედურა შეჩერებულია. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან. დემირელის კოლეჯის წარმომადგენლები და ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, არ გადასცეს დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი თურქეთს, რადგან მათი განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი შესაძლოა, პოლიტიკური დევნის, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.

აქციაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ სტუდენტები და პედაგოგები. აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „სამართალი განათლებისთვის“, „თავისუფლება მუსტაფა ემრე ჩაბუქს“ და „არ გადასცეთ ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლებას“. ემრე ჩაბუქის მხარდამჭერები ხელისუფლებისგან თურქეთის მოქალაქისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებასაც ითხოვენ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლეს, ტუბა ჩაბუქს იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს.

საიას თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთ ადამიანის საქმე. მისი თქმით, ეს საქმე გამოაჩენს რამდენად პატივს სცემს საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს კონსტიტუციას და იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია შესასრულებლად სავალდებულოდ აქვს აღიარებული.

„ამიტომ ჩაბუქის ექსტრადიცია არ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის ძალიან დიდი რისკის ქვეშ დაყენება. ეს იქნება უპატივცემულობა და დარღვევა ამ ქვეყნის კონსტიტუციის. ჩვენ ვაკვირდებოდით ჩაბუქისთვის საექსტრადაციო პატიმრობის შეფარდებას. ამ პროცესში გამოიკვეთა, რომ პროკურატურის პოზიცია, რომელიც ითხოვდა პატიმრობას, არის დაუსაბუთებელი. ის წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. პროკურატურა მიუთითებდა აბსტრაქტულ რისკებზე და იმაზე, რომ მძიმე სასჯელის შიშით შეიძლება ეს ადამიანი მიმალულიყო. სხვა საქმეებზე, ამაზე სასამართლოს პირდაპირ აქვს ნამსჯელი, რომ მხოლოდ ეს არ შეიძლება იყოს პატიმრობის შეფარდების საფუძველი. უკვე გადადგმული სამართლებრივი ნაბიჯები არის ხარვეზიანი და დაუსაბუთებელი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი განხილვის პროცესშია. მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შეისწავლის მასალებს, ამ მასალების საფუძველზე მიიღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას. სუბარის განცხადებით, ეს არის წმინდად სამართლებრივი საკითხი, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.

„რაც შეეხება ექსტრადირების შეჩერებას, საექსტრადიციო პატიმრობა თავისთავად არ ნიშნავს ექსტრადირებას. პროკურატურა გამოითხოვს საბუთებს, საიდანაც არის მოთხოვნა და მხოლოდ ამ საბუთების მიღების და შესწავლის შემდეგ ხდება ექსტრადირება. ჩვენთვისაც პროცედურები იგივეა. ვსწავლობთ მასალებს და ამ მასალების საფუძველზე ვიღებთ სამართლებრივ და არა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

კანონის თანახმად, როგორც კი მოქალაქე ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად მიმართავს შესაბამის უწყებას, ავტომატურად იწყება საკითხის შესწავლა. სოზარ სუბარის განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაცვის მხარემ უნდა წარმოადგინოს მასალები, რომ ჩაბუქის მიმართ საერთაშორისო კონვენციაა დარღვეული.

„როდესაც ადამიანი დაკავებული არ არის, ზოგადად, განხილვის ვადა 24 თვემდეც შეიძლება იყოს. როდესაც ადამიანი დაკავებულია, ეს ვადები, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლებია. ჯერ მტკიცებულებებიც არ გვაქვს, თვითონ უნდა წარმოადგინონ შესაბამისი საბუთები, რომ ის სწორედ საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე იდევნება და მის წინააღმდეგ არის არა სამართლებრივი დევნა, არამედ კონვენციით გათვალისწინებული რაიმე საფუძველია დარღვეული.

იმ პერიოდში როდესაც სტატუსის განხილვის პროცესი მიმდინარეობს, პირის ექსტრადირება ვერ მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ პირმა მიიღო ლტოლვილის სტატუსი, მისი ექსტრადირება აღარ მოხდება“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

დიდი ალბაღობით ხელისუფლება დემირელის კოლეჯის მმართველს და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს, რაც შესაძლოა, თურქეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდეს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩაბუქის დაკავებას წინ უძღოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში. როგორც დაკავებულის ოჯახი და ადვოკატი აცხადებს, მუსტფა ემრე ჩაბუქის დაკავება უშუალოდ, თურქეთი პრემიერ მინისტრის ბინალი ილდირიმის მოთხოვნით მოხდა.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ დემირელის კოლეჯის მენეჯერის და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებამ საქართველო არჩევანის წინაშე დააყენა. მისი თქმით, ეს არ გულისხმობს ურთიერთობების გაწყვეტას და წითელი ხაზის გავლებას საქართველო-თურქეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის, მაგრამ ამ ფაქტებმა საქართველოს დაანახა არჩევანის საჭიროება - დასავლურ დემოკრატიებსა და მის მეზობლად განლაგებულ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს შორის, ურთიერთობის რაღაცა ასპეტქებში.

„ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ამით აზერბაიჯანთან, ან თურქეთთან ურთიერთობას წყვეტს, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნები არ წყვეტენ ურთიერთობას ამ ქვეყნებთან. მაგრამ არის პრინციპული თემები, უპირატესად, ეს არის დემოკრატიული მმართველობა და პროცესები, სადაც, როგორც ჩანს, საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს და ეს არჩევანი არის დასავლეთი. სხვა არჩევანი საქართველოს არ აქვს. სხვა შემთხვევაში რჩება ამ ავტორიტარული რეჟიმების გარემოცვაში. გეოგრაფიულად, ამ ავტორიტარულ რეჟიმებს ვერსად ვერ გაექცევა, მაგრამ მთავარია, რომ ღირებულებითი თვალსაზრისით არ გადავიდეს ამ ავოტორიტარული რეჟიმების მხარეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არჩევანი დაუდგა საქართველოს“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მისივე თქმით, დღეს ვსაუბრობთ თურქეთზე, რომელიც რეგიონში დემოკრატიის პირველი მერცხალი იყო. მაშინ, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, თურქეთი დასავლეთის დემოკრატიული პარტნიორი იყო. თუმცა, როგორ ლაგაზიძე ამბობს, მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ დღეს არა თურქეთი, არამედ საქართველო არის დასავლეთის ერთადერთი სტაბილური დასაყრდენი, როგორც დემოკრატიული რეჟიმი.

ექსპერტის თქმით, ქვეყანა ამ უნიკალურობას უნდა გაუფრთხილდეს და ეს უნიკალურობაა მუსტაფა ემრე ჩაბიქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება, რაც მას დასავლეთის თვალში ავტორიტეტს კიდევ უფრო მეტად შემატებს.

„რაც შეეხება თურქეთთნ ურთიერთობის გაფუჭებას, გასაგებია, რომ თურქეთი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, გასაგებია, რომ მოსაზღვრე ქვეყანაა და მას ბევრი რამის დაზიანება შეუძლია საქართველოსთვის, თუნდაც იგივე აგრესიული ისლამის გავრცელების ხელშეწყობის კუთხით, მაგრამ საქართველო თურქეთის ურიერთობები, ისევე როგორც აზერებაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები არ არის მოძრაობა ერთი მიმართულებით, ეს არის შემხვედრი მიმართულებით მოძრაობა.

თუ საქართველოს სჭირდება აზერბაიჯანი ენერგორესუსრებისთვის და იგივე გაზით მომარაგებისთვის, ასევე სჭირდება საქართველო აზერბაიჯანს იმისათვის, რომ მისი ნავთობი და გაზი გატარებული იქნას საქართველოს გავლით. აღარაფერს ვამბობ თურქეთზე, რომლისთვისაც ასევე სტარტეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთან კარგი პარტნიორობა, არა მარტო არსებული ნავთობსადენები და გაზსადენების თვალსაზრისით, არამედ, რკინიგზა, რომელიც უნდა გაიხსნას ივნისის ბოლოს, ეკონომიკური თავალსაზრისით გაცილებით მომგებიანია თურქეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, ვიდრე საქართველოსთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ და მიიჩნევს, რომ საქართველო ვიღაცასთან ვალშია და ამიტომ თავი უნდა დაუხაროს, გადაჭარბებულია.

„ეს არის ორმხრივ მომგებიანობაზე დამყარებული ურთიერთობა. რა დოზითაც ჩვენ გვჭირდება თურქეთი და აზერბაიჯანი, ამ შესაბამისი დოზით სჭირებათ მათ საქართველო. საქართველოს ხელისუფლებამ ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში ეს დეტალი ძალიან კარგად უნდა გაიაზროს. რაც მთავარია, ეცოდინებათ, რომ ამ ურთიერთობებში საქართველო დასავლეთის მხარეს არის, იმიტომ, რომ თავად დასავლეთი დგას საქართველოს გვერდით“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.