„ჩერნობილში მომხდარი აფეთქებიდან ზუსტად შარშან გავიდა 30 წელიწადი. ვფიქრობ, ახლა უკვე ონკოლოგიურ დაავადებათა რაოდენობა კლებისკენ წავა, რადგან რადიაციული დასხივების შედეგად მიღებულ დაავადებებს, რასაც იმუნური სისტემის დაქვეითება მოჰყვება, 30-წლიანი პერიოდი აქვს“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე.
გია გაჩეჩილაძე: რადიაციული დასხივება დღესაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩერნობილმა ძალიან დიდი გავლენა იქონია საქართველოზე. მოგეხსენებათ, 1986 წელს მოხდა ჩერნობილის აფეთქება და რადიაქტიური ღრუბელი თურქეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოში. საქართველოში მაშინ არსებობდა რადიაციაზე დაკვირვების დახურული ქსელი, რომელიც გარკვეული პერიოდულობით აკვირდებოდა რადიაციულ ფონს ატმოსფეროში. როდესაც სადმე ავარიები ხდებოდა, გადადიოდნენ ოპერატიულ რეჟიმში და საათობრივ დაკვირვებებს აწარმოებდნენ. ჩერნობილის ტრაგედიის დროს დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლში რადიაციის ფონი ატმოსფეროს ზოგიერთ წერტილში აწეული იყო 500-ათასჯერ, ზოგან-300 ათასჯერ. წარმოიდგინეთ, რამხელა ციფრებზე ვლაპარაკობ. ცხადია, თვითონ ჩერნობილში ბევრად მეტი იყო რადიაციის ფონი, იქვე დაიხოცნენ და დასხივება მიიღეს ადამიანებმა. თუმცა ჩვენ გადავრჩით იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენამდე მოაღწია არა მძიმე კატეგორიის რადიაციულმა ნივთიერებამ, არამედ იოდის იზოტოპებმა. იოდის იზოტოპებს კი აქვთ ძალიან პატარა, ნახევარდაშლის პერიოდი, ანუ ძალიან მალე იშლებიან. თორემ სტრონციუმისა და ცეზიუმის იზოტოპები რომ ყოფილიყო, მათ ნახევარსაუკუნოვანი დაშლის პერიოდები ახასიათებთ. მას შემდეგ, რაც იოდის იზოტოპებით დაბინძურდა საქართველო, ჩიყვის საშინელი ეპიდემია წამოვიდა, რასაც მოჰყვა ფარისებრი ჯირკვილის კიბო.
ეს პროცესი დღემდე გრძელდება?
- როგორც ექიმები აბობენ, რადიაციული დასხივების შედეგად მიღებულ დაავადებებს უცნაური თვისება აქვს. ადამიანი მაინცდამაინც დასხივებით კი არ კვდება, არამედ დასხივება იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს ორგანიზმში და მერე სხვადასხვა დაავადებით კვდებიან. ამიტომ ამა თუ იმ დაავადებას პირდაპირ ვერ მივაბამთ რადიაციულ დასხივებას. რა თქმა უნდა, რადიაციული დასხივების შედეგად ადამიანები კვდებიან, მაგრამ ეს მაშინ ხდება, თუ დიდი დოზის დასხივება მიიღეს. იმუნიტეტის დაქვეითების შედეგად კი შეიძლება, ფილტვის ანთებით მოკვდეს ადამიანი, ან რომელიმე სხვა დაავადება დაემართოს. ამას 30-წლიანი პერიოდი გააჩნია. ჩვენთან ონკოლოგიური დაავადებების ბუმია. ჩერნობილის აფეთქების შემდეგ ზუსტად შარშან გავიდა 30 წელიწადი. ვფიქრობ, ახლა უკვე დაავადებათა რაოდენობა კლებისკენ წავა.
რადიაქტიური ნალექის 60% ბელორუსიაში დაილექა. ცხადია, საქართველოშიც იყო პრობლემები, მაგრამ უფრო მეტი პრობლემა ბელორუსიას უნდა ჰქონოდა.
- არა მარტო ბელორუსიაში, რადიაქტიური ნალექი რუსეთის ფედერაციაშიც დაილექა. იმ პერიოდში 1-ელ მაისს პარადი ჩაატარეს რუსებმა მოსკოვში. ფაქტობრივად, გაწირეს ის ხალხი. არ მესმის, რა საჭირო იყო პარადის ჩატარება. თუმცა ღრუბლებს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს უშენდნენ, რომ დაეშალათ, რათა მოსკოვამდე არ მიეღწია. მაშინ მე ჰიდრომეტინსტიტუტში ვმუშაობდი. იქ იყო დახურული ლაბორატორია, რომელსაც კომუნისტების მიერ გრიფი საიდუმლო ედო, მაგრამ ჩვენ ამ დოკუმენტებთან წვდომა მაინც გვქონდა. იქიდან გავიგეთ, რომ საქართველოს სანაპირო ზოლში რადიაციის ფონი ზოგიერთ წერტილში აწეული იყო 500-ათასჯერ.
დღესაც ეკოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩერნობილში მდებარე სარკოფაგი შეიძლება ნებისმიერ დროს დაიშალოს და კვლავაც უბედურება გვეწვიოს. რამდენად რეალურია ეს საფრთხე?
- მოგეხსენებათ, ძველი სარკოფაგი დაზიანდა და ევროკავშირის დაფინანსებით ახლა სრულიად ახალი თანამედროვე საკროფაგი შენდება. მე მგონი, მის მშენებლობას მალე დაამთავრებენ. სხვათა შორის, ძალზე ნაჩქარევად გაკეთდა მაშინდელი სარკოფაგი, ბზარები გაუჩნდა და ახლის აშენება გახდა საჭირო. მარტო უკრაინას არ ეხება ეს ამბავი, რადიაცია ისეთი უბედურებაა, რომ შეიძლება, ასეული კილომეტრების იქით წავიდეს, როგორც თავის დროზე საქართველოში შემოვიდა. ფუკუსიმას სადგური რომ აფეთქდა იაპონიაში, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით თვალს ვადევნებდით, როგორ ვრცელდებოდა რადიაცია. მადლობა ღმერთს, ჩვენსკენ არ წამოვიდა.
თავის დროზე ჩვენ ატომური სადგურების მშენებლობა საერთოდ ავკრძალეთ საქართველოში. ბირთვული და რადიაციული კანონები ჩვენი დაწერილია.
თქვენ სომხეთის ელექტროატომური სადგურის არსებობასაც აპროტესტებდით. ამ ატომური სადგურისგან მომავალი საშიშროება ისევ ძალაშია?
- ეს სადგური „ინტერ რაოს“ აქვს, რუსების ხელშია. საინტერესო ფაქტია, რომ გერმანიამ 2022 წლისთვის საერთოდ ყველა ატომური სადგურის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება სომხეთის ატომურ სადგურს, მის დახურვას არავინ ფიქრობს, რადგან მას ძალიან დიდი წილი შეაქვს სომხეთის ენერგომომარაგებაში. მაშინ სომხებმა ალტერნატიული ენერგია უნდა ეძებონ. აქ უამრავი პრობლემაა, მათ შორის, ნარჩენების თემა, რომელსაც შავ ბაზარზე დიდი ფასი აქვს, რადგან ბირთვული იარაღი, ე.წ. ჭუჭყიანი ბომბები მზადდება.
სხვათა შორის, იმაზეც იყო საუბარი, რადიაქტიური ნარჩენები საქართველოს გავლით ხომ არ გააქვთ სომხებს? რადგან ისინი ამ ნარჩენებს საკუთარ ტერიტორიაზე არ დამარხავენ.
- ამ თვალსაზრისით, ძალზე მკაცრი კანონმდებლობა გვაქვს. ვერავინ ვერაფერს გამოგვაპარებს. თანაც, საზღვრებზე სპეციალური დეტექტორები დგას.