პუტინს სწამს ჰაკერების, ენდობა ამ მისწრაფების მქონე ადამიანებს. ამასთან, მათთვის მაღალფარდოვან ეპითეტებს არ იშურებს და მათ თავისუფალ ადამიანებს, მხატვრებს ადარებს, რომლებიც პატრიოტიზმით არიან გულანთებულნი.
ჰაკერებისთვის შესხმული ხოტბა, ალბათ, სხვა ქვეყნის ლიდერისთვის უცნაური იქნებოდა, მაგრამ პუტინის იმპერიულ აზროვნებას ეს ოდანავადაც ჩრდილს არ აყენებს. კრემლის კედლებში ხომ ასე „აზროვნებენ“.
„ჰაკერები თავისუფალი ადამიანები არიან, ისევე, როგორც მხატვრები. მხატვრები დგებიან დილას და ხატავენ, როდესაც ისინი კარგ ხასიათზე არიან. ასევეა ჰაკერებიც. გაიღვიძეს, წაიკითხეს ინფორმაცია, თუ რა ხდება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში და, თუ მათ პატრიოტული გრძნობები აქვთ, ისინი ცდილობენ, თავისებური წვლილი შეიტანონ იმასთან ბრძოლაში, ვინც რუსეთს ცუდად ახსენებს. თეორიულად ეს დასაშვებია“, - მიიჩნევს პუტინი, რომელიც ირწმუნება, თითქოს რუსეთი სახელმწიფოებრივ დონეზე არ არის დაკავებული ჰაკერული შეტევებით, პირიქით, ებრძვის ჰაკერებს.
მისი აზრით, არანაირ ჰაკერულ შეტევას არ ძალუძს სერიოზული გავლენა მოახდინოს საარჩევნო კამპანიის მსვლელობასა და შედეგებზე.
რა „ფენომენია“ რუსი ჰაკერი და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას მსოფლიოსთვის?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი პუტინის მიერ ჰაკერების ქებას ჩვეულებრივ იმპერიულ აზროვნებად მიიჩნევს. მისი თქმით, საინფორმაციო ტექნოლოგიებში ყველაზე საშიში მოვლენა ჰაკერობა, კიბერშეტევა და კიბერტერორიზმია, რაც ინფორმაციის უსაფრთხოებას ძირს უთხრის. ამდენად, ჰაკერები თავისუფალი ადამიანები კი არ არიან, არამედ ისინი არიან დამნაშავეები.
„ასე მარტივად თუ შევხედავთ, ყველა დამნაშავე თავისუფალი ადამიანი გამოდის. შენ რომ ინფორმაცია გაქვს და ამ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაზე კომუნიკაციას აწარმოებ, ეს შენი პირადი საკუთრებაა და არავის აქვს უფლება, ნებართვის გარეშე ვინმეს პირადი ინფორმაცია მიითვისოს. პუტინის თავისუფალი ინტერპრეტაცია, რომ თურმე ჰაკერებს ხანდახან პატრიოტული გრძნობები ამოძრავებთ და, რასაც უნდათ, იმას აკეთებენ, ყოვლად მიუღებელია. რუსეთი ყოველთვის ცდილობს, თავი იმართლოს და დაფაროს ის ფაქტი, რომ ჰაკერობა ძალზე საშიში მოვლენაა. აგერ, თქვენი საიტი ასეთი ჰაკერული შეტევის ერთ-ერთი სამიზნე გახდა. ამიტომ საღი აზროვნების ყველა ადამიანი ჰაკერულ თავდასხმებს უნდა ებრძოლოს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ერთგვარ წინააღმდეგობას ხედავს პუტინის მეორე განცხადებაში, თითქოს ჰაკერები სახელმწიფოებრივ დონეზე არ არიან დაკავებულნი კიბერშეტევებით. მისი თქმით, პუტინის პირველი განცხადება, რომლითაც ის პატრიოტებად წარმოაჩენს ჰაკერებს, ამ ტიპის დამნაშავეებისთვის ერთგვარი წახალისებაა. განცხადების დონეზე მაინც შეეძლო პუტინს ეთქვა, რომ რუსეთი ჰაკერებს ებრძვის და, თუ ასეთი რამ მაინც ხდება, მზად არის, გამოავლინოს და გაასამართლოს დამნაშავეები. მით უმეტეს, რომ ჰაკერების ქმედება ტერორიზმსაც კი უთანაბრდება, ოღონდ გააჩნია, რა მიზნით აკეთებ ამას.
„შესაძლოა, პუტინი მიანიშნებს იმაზე, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს გამოიყენებოდნენ ჰაკერები და თურმე ეს დანაშაული არ ყოფილა. სინამდვილეში, ეს არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ სახელმწიფოებრივი საფრთხის დანაშაულია. სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებას უჭირს რუს ჰაკერებთან ბრძოლა, რადგან რუსეთი ერთი დიდი შავი ხვრელია. რა ხდება შიგნით, არავინ იცის, სრულიად უკონტროლო სიტუაციაა. მართალია, რუსეთის ხელისუფლების მიერ ჰაკერები კონტროლირებადნი არიან, მაგრამ ცივილიზებული სამყარო ამას ვერ ახერხებს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსაც რუსი ჰაკერებისგან თავდასაცავად მეტი ფიქრი მართებს, ვიდრე დღეს ფიქრობენ, რადგან რუსი ჰაკერებისგან ტერორისტული მუქარის საფრთხე დიდია“.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მრავალნაირი სახის ჰაკერი არსებობს, მათ შორის, არიან სახელმწიფოს მიერ მართული ჰაკერები. ისინი სპეცსამსახურების მიერ არიან დაქირავებულნი და მათი ინტერესების სასარგებლოდ მუშაობენ.
„საამისოდ რუსებს გააჩნიათ სპეციალიზირებული სტრუქტურა. ეს არის ფედერალური კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების სააგენტო, რომელიც ფედერალური უშიშროების სამსახურის ქვემდებარე სტრუქტურაა. ეს გახლავთ სწორედ კიბერდაზვერვისა და კიბერშეტევების მომზადების სტრუქტურა. ამ სააგენტოს ყველანაირი დონის წვდომა გააჩნია, მათ შორის, კოსმოსური დაზვერვის, საჰაერო თუ ვირტუალური სივრცის. იგი საკმაოდ ძლიერ ერთეულს წარმოადგენს. ასე რომ, როცა პუტინი ჰაკერების პატრიოტობაზე საუბრობს, როგორც ჩანს, სწორედ ამ სტრუქტურას გულისხმობს არა პირდაპირი, არამედ გადატანითი მნიშვნელობით. ჰაკერების შესახებ პუტინის ნათქვამმა გაამყარა ის ეჭვი, რომელიც ეხებოდა ამერიკასა და საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ჰაკერულ შეტევებს. როგორც ჩანს, ამის უკან სწორედ რუსი „პატრიოტი“ ჰაკერები იდგნენ.
დღესაც პუტინი აფრთხილებს დასავლურ სამყაროს, რომ რუსეთი ჰაკერულ ქმედებებზე წამსვლელია. ამით პუტინი ფარულ მუქარასაც არ ერიდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთნაირად აღვიქვამ მის ნათქვამს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ამასთან, იხსენებს, რომ საქართველო არაერთხელ ყოფილა რუსეთის მიერ წარმოებული კიბერ ომის ობიექტი, მათ შორის, 2007, 2008 წლებში. სხვათა შორის, 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თავად ჩვენი რესპონდენტიც გახდა ამ შეტევის მსხვერპლი. ვახტანგ მაისაიას თქმით, იმ პერიოდში რუსეთის მიერ მის კომპიუტერზეც მოხდა შეტევა, რის გამოც მას მნიშვნელოვანი დოკუმენტები წაეშალა. ამ დოკუმენტთა აღდგენა კი მხოლოდ 30%-ით გახდა შესაძლებელი. ასეთი შეტევები რუსეთისგან პერიოდულად ხორციელდება ხოლმე.