რელიგიური მქადაგებლისა და ოპოზიციონერი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ათასობით ადამიანია დაკავებული, ამავე ბრალდებით დააკავეს თბილისში დემირელის სკოლის მმართველი მუსტაფა ჩაბუქი. for.ge-სთან საუბრისას თურქი პოლიტოლოგი მელიკ ალკანი აცხადებს, რომ ეს იყო წარუმატებელი სამხედრო გადატრიალება, რომელიც ხელისუფლების მიერვე იყო ორგანიზებული.
რისთვის სჭირდებოდა ხელისუფლებას წარუმატებელი გადატრიალების ორგანიზება და რისთვის სჭირება ხელისუფლებას სიკვდით დასჯის შემოღება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს პოლიტოლოგ, მელიკ ალკანთან.
საქართველოში დემირელის სკოლის მმართველისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ორივე დაკავებული მოქმედი ხელისუფლების ოპოზიციაა. ოფიციალურად მუსტაფა ჩაბუქს თურქეთი ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობას ედავება. ბრალდება საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ერთია რას ამბობს თურქეთი, მეორეა, რამდენად საფუძვლიანია ეს ბრალი?
მელიკ ალკანი: საქართველო გამოვიდა პოსტსაბჭოთა სივრიცდან, ეზიარა ნამდვილ დემოკრატიას და განაგრძობს ამ გზით სიარულის, რეგიონში ერთ-ერთ სამაგალითო სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, მაგრამ საქართველოს გარშემო არიან ავტოკრატული მმართველობის ქვეყნები - რუსეთი, აზრებაიჯანი და თურქეთი. დღეს თურქეთში არ არსებობს პროკურატურის მიერ შექმნილი საბრალდებო დასკვნა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს ფეთჰულა გიულენთან კავშირის გამო ციხეში ზიან, ტერორისტები არიან.
ვერც მოსამართლეებმა ვერ დადეს ასეთი მტკიცებულება. მეტსაც გეტყვით, ის მოსამართლეები და პროკურორები, რომლებმაც თქვეს, რომ ამ საქმეს ტერორიზმის კვალიფიკაციას ვერ მივანიჭებთო, უკვლებლივ ყველა გაანთავისუფლეს სამსახურიდან.
ყველაფრი 2012 წელს დაიწყო, როდესაც ერდოღანის ოჯახისა და რამდენიმე მინისტრის ოჯახის კორუფციული გარიგებების შესახებ გამოქვეყნდა რამდენიმე პუპლიკაცია. ამ პუბლიკაციიების შემკვეთად ერდოღანმა გიულენი დაასახელა.
გიულენი იდგა ამ პუბლიკაციების უკან, ჰქონდა საფუძველი პრეზიდენტის ოჯახი კორუფციაში დაედანაშაულებინა? სვათა შორის, თავის დროზე, გიულენმა თავად შეუწყო ხელი ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლას...
- გიულენმა ერდოღანს მხარი იმიტომ არ დაუჭერია, რომ ის ერდოღანია - არა. როდესაც მოვიდა მმართველობის სათავეში, ერდოღანს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროქტები და მიზნები: ეს იყო თურქეთის ევროკავშირში გაწვერიანება, ქურთების პრობლემის მოგვარება, განათლების მიმართულებით მეტი ინვესტიციების ჩადება და ა.შ. ამ მოტივით დაუდგა გვერდში გიულენი ერდოღანს, რომელსაც მაშინ სჭირდებოდა განათლებული და გავლენიანი ხალხი მის გვერდით.
მოძრაობა „იზმეთი“ მას ამ კუთხით ძალიან დაეხმარა. გიულენმა განათლებული და გავლენიანი ხალხი დაახმარა ერდოღანს, რომ ეს პროექტები განეხორციელებინა. 2012 წლამდე გიულენი და თავისი მოძრაობა „იზმეთი“ მხარს უჭერდა ერდოღანს მისი პროექტების განხორციელებაში, მაგრამ 2012 წლის შემდეგ, როდესაც დაინახა, რომ ერდოღანმა ღირებულები გვერდზე გადადო, გიულენმა შეწყვიტა მისი მხარდაჭერა. გარდა ამისა, ერდოღანის გზა - ისლამური პოლიტიკა და გიულენის გზა - ჰუმანურობა განსხვავდება ერთმანეთისგან.
გიულენი უნივერსალურ ღირებულებებს ქადაგებს, მისი მთავარი ღირებულებაა განათლება. უფრო საგანმანათლებო და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგალითად, ერთ-ერთი მწერალი, რომელიც ერდოღანის მხარდმაჭერია, ამბობს, რომ ისლამისტი უნდა იყოს ტერორისტი, იმიტომ, რომ ისლამისტის უნდა ეშინოდეს ადამიანს. საპირისპიროს ამბობს ფეთჰულა გიულენი, ის ამბობს, რომ მუსულმანი ტერორისტი ვერ იქნება და ვერც ტეროროსტი ვერ იქნება მუსულმანი. ძალიან დიდი იდეოლოგიური განსხვავებაა ერდოღანისა და გიულენის მხარდამჭერებს შორის.
დაპირისპირების ბოლო პიკი იყო სახელმწიფო გადატრიალება. დღეს ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ თავისი არსით, ეს არ იყო სამხედრო გადატრიალება. 15-16 ივლისის მოვლენების უკან იდგა გიულენი?
- თურქეთს ტრადიციად აქვს გადატრიალებები. 2016 წლამდე ოთხჯერ მოხდა გადატიალება და ოთხივე წარმატებული იყო. რაც შეეხება ბოლო ფაქტს, ეს არ იყო გადატრიალება. ერდოღანი იძულებული იყო მმართველობის რეჟიმი შეეცვალა. ეს იყო ორგანიზებული. მიზანი გახლდათ ის, რომ წარუმატებელი გადატრიალების მცდელობად უნდა დარჩენილიყო. იგივე საერთაშორისო ორგანიზაციებმა 15-16 ივლისის მოვლენებს თამაში უწოდეს.
რისთვის სჭირდებოდა ხელისუფლებას წარუმატებელი გადატრიალების ორგანიზება?
- ამ მოვლენის შემდეგ ერდოღანმა კანონმდებლობა საკუთარ თავზე მოირგო. ყველასთვის ცნობილია რა ცვლილებებიც განხორციელდა ამ მოვლენების შემდეგ. გარდა ამისა, საინტერესო ფაქტია ისიც, რომ მოვლენები ვითრდებოდა სტამბულში და ანკარაში, მეტიც, ჯარი არ იყო ორგანიზებული გადატრიალების მცდელობისთვის. როგორც კი ეს მოვლენები დაიწყო, პირველივე წუთიდან ქვეყნის პრეზიდენტმა მომხდარში მოძრაობა „იზმეთი“ დაადანაშაულა. ქუჩში გამოსული იყო შეიარაღებული ძალები, ანუ ჯარი და ამის პარალელურად, ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა გამოსულიყვნენ ქუჩაში, რასაც მოჰყვა შეტაკება, რის შედეგადაც დაახლოებით 250 ადამიანი დაიღუპა.
რატომ დაუპირისპირა ჯარი და მშვიდობიანი მოსახლეობა ერთმანეთს, მიზანი იყო მსხვერპლის დაფიქსირება?
- რა თქმა უნდა. ხალხის და ჯარის დაპირისპირებით საკუთარი თავი შეაცოდა მოსახლეობას. აი, ხალხის არჩეული პრეზიდენტის და პრემიერ-მინიტრის დამხობა უნდა ჯარს. ის 250 ადამიანი, რომელიც იმ საღამოს დაიღუპა, ხალხმა წმინდანად შერაცხა. ვინ დარჩა მოგებული წარუმატებელი სამხედრო გადატრიალებით, შედეგბს თუ შევხედვათ, ეს არის მმართველი ძალა.
გარდაცვლილი 250 ადამიანიდან, არც ერთს არ ჩატარებია ბალესტიკური ექსპერტიზა, რომ დადგენილიყო ვინ ესროლა ამ ადამაინებს, ვის ეკუთვნოდა იარაღი, რომლითაც მოხდა გასროლა. კვლევის შემთხვევაში ადვილად დადგინდებოდა, საიდანაც მოხდა გასროლა, ვის ეკუთვნოდა იარაღი - ჯარისკაცს, თუ სხვას.
საინტერესოა, არავინ არ მოითხოვა ჩატარებულიყო გამოკვლევა?
- დღეს, ვინც თურქეთში დასვამს კითხვას - რატომ? ყველა მიდის ციხეში. ვინც მოითხოვა, ყველა დაიჭირეს. მაგალითად, ახლა 7 ადამიანია ანკარიდან გატაცებული, ესენი მასწავლებლები არიან და არავინ იცის სად არიან. 15-16 ივლისის მოვლენებზე ერდოღანმა რამდენიმე განსხვავებული ვერსია დააფიქსირა. პირველად თქვა, რომ შუა დღეს იცოდა, რომ რაღაცა ხდებოდა; მერე თქვა, რომ გადატრიალების შესახებ სიძემ მაცნობაო. მისმა სიძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია რუსეთიდან მივიღეო; მერე თქვა, სასტუმროში ვიყავი, თვითმფრინავების ხმა მესმოდა, ჩემი მოკვლა უნდოდათო; ამის მერე თქვა, რომ მეგობრის სახლში ვიყავიო... ყოველ ჯერზე განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობდა.
თურქეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ყოფილი მრჩეველი, ორჰან იკილკანი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ აჰმედ დავითოღლუ მოსალოდნელი სახელწიფო გადატრილების შესახებ ინფორმირებული იყო...
- დიახ, ეს განცხადება ერთ-ერთი დაკითხვისას გააკეთა. თქვა, რომ გადატრიალების შესახებ ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ ხელი შეუვწყვეთ მოვლენების დაჩქარებას, რომ ნაკლები დანაკარგი გვქონოდაო. თუკი 4 საათით ადრე ყველამ იცოდა, რომ მზადდებოდა გადატრიალება და ამ ინფორმაციის მქონე ადამიანი მოსახლეობას ქუჩაში იძახებს, მასსზე იტყვი, რომ გადატრიალების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა? გენერალური შტაბის უფროსი ვერ უკავშირდება დაზვერვის უფროსს, ამის შემდეგ ურეკავენ ერდოღანის დაცვის უფროსს, მაგრამ მასაც ვერ უკავშირდებიან. გადატრიალება რომ უნდა მომხდარიყო, ეს ყველასთვის ცნობილი იყო.
ხელისუფლებამ იცოდა რომ მზადდებოდა გადატრიალება, მოსახლეობამ რატომ არ დასვა მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ვერ აღკვეთა გადატრიალების მცდელობა და დაუშვა ეს მოვლენა?
- მოსახლეობამ ინფორმაცია უნდა მიიღო მედიისგან, მედია მთლიანად კონტროლირებადია. რა თქმა უნდა, შიშის ფაქტორიც არის ხალხში.
ასეთი შესუსტებული ჰქონდა ერდოღანს პოზიცია, რომ დასჭირდა ამხელა სპექტაკლის დადგმა?
- რა თქმა უნდა, რადგან, მოძრაობა „იზმითის“ მიმართაც იცვლებოდა მოსახლეობის დამოკიდებულება, მატულობა სიმპათიები, რაც არ აწყობდა პრეზიდენტს. ერდოღანის მიზანი იყო შეიარაღებულ ძალებში ოპოზიციური ფრთის მთლიანად გაწმენდა, რაც გააკეთა. გადატრიალების მცდელობიდან მეორე დღეს, 3 ათასზე მეტი სამხერდო გაანთავისუფლეს, უმრავლესობა დაკავებულია. 16 უნივერსიტეტი და 250 კერძო სასწავლებელი დაიხურა. 150 ჟურნალისტი დააკავეს, 50 ათასი მასწავლებელი დაითხოვეს სამსახურიდან. როგორც ახლა ირკვევა, ამ ადამიანების სია წინასწარ არსებობდა. წარმოუდგენელია, რომ 24 საათის განმავლობაში გამოეძიათ მათი „დანაშაულებრივი კავშირები“.
ჟურნალისტების დაკავება, ჟურნალ-გაზეთების, ინტერნეტ გამოცემის და ტელევიზიების დახურვა აპრობირებული მეთოდი იყო საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, რადგან ავტორიტარული მმართველობისთვის მიუღებელი იყო ხელისუფლების კრიტიკა. თუმცა, თურქეთის შემთხვევაში, ჟურნალისტები დააკავეს იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლების მმართველობას აკრიტიკებდნენ, თუ როგორც ოფიციალურად არის ცნობილი, გიულენის მხარდამჭერები იყვნენ და მისგან ფინანსდებოდნენ?
- არა, გიულების ფინანსები არაფერ კავშირი არ არის. მაგალითად, თქვენ რომ წახვიდეთ თურქეთში როგორც ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ან დაგიჭერენ, ან უკან გამოგაბრუნებენ. დღეს თურქეთში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი არ არსებობს. გიულენს არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ ჟურნალისტებთან, დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ აკრიტიკებდნენ ერდოღანს.
ადგილობრივი ჟურნალისტების გარდა დაკავებულია უცხოელი ჟურნალისტებიც, ნაწილი გააძევეს ქვეყნიდან. ხელისუფლებასთან დაპირისპირებული მილონზე მეტი ადამიანი ზის ციხეში. წამებისა და 100 ათასზე მეტი ადამიანის სამსახურიდან დათხოვნის მიუხედავად, არანაირი წინააღმდეგობა გიულენის მხარდამჭერების მხრიდან არ ყოფილა. შეიძლება ამ ადამიანებს ტერორისტი უწოდო? არც კი იციან რისთვის დაიჭრეს.
სამხედრო გადატრიალებამდე პოლიტიკური დაპირისპირების პიკი იყო რუსეთსა და თურქეთს შორის, მაგრამ გადატრიალების შემდეგ, რასაც მოჰყვა მასობრივი დაპატიმრებები, მკაცრი შეფასება მოჰყვა დასავლეთის მხრიდან. ამის საპასუხოდ, ერდოღანი დაუახლოვდა რუსეთს. ამით რა აჩვენა ერდოღანმა დასავლეთს, შეიძლება ითქვას, რომ ეს შანტაჟის ერთ-ერთი ფორმაა?
- ესეც საინტერესო ფაქტია. პრეზიდენტმა თქვა, რომ მე ვუბრძანე რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებაო, შემდეგ პრემიერმა თქვა, რომ ბრძანება მე გავეციო, მაგრამ გადატრიალების შემდეგ გიულენს დააბრალეს, უნდადო, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება დაძაბულიყოო. სხვათა შორის იმ სამხედროს, რომელმაც რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო, ახლახანს 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
იცით, რუსეთის პოლიტიკურ ინტერესში არ შედის, როგორც დემოკრატიული საქართველო, ასევე დემოკრატიული თურქეთი, რადგან არადემოკრატიულ თურქეთს ზურგს შეაქცევს ევროპა. თურქეთმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რა არის რუსეთის პოლიტიკა. არავინ იცის, რუსეთი როდის რას გააკეთებს. სამწუხაროდ, გადატრიალებამდე ერდოღანმა დასავლეთის მიმართ მტრული განწყობა დანერგა ხალხში.
ანტისადავლური განწყობილება შენარჩუნებულია თურქეთში?
- რა თქმა უნდა. სტატისტიკურად დაახლოებით 60-70%-ს არ უნდა დასავლეთი, ანუ ევროკავშირი.
ასეთ შემთხვევაში არ არის ალტერნატივა?
- რა უნდათ? - ოსმალეთის იმპერია. ის, რაც საუკუნეების წინ იყო, ჰყავდეთ სულთანი, როგორც მბრძანებელი.
ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ შესაძლოა თურქეთმა თქვას, რომ ის ტოვებს ნატოს? ამის შესაძლებლობაზე საუბრობენ ექსპერტები...
- გეთანხმებით, ბევრი ამბობს, რომ შესაძლოა, თურქეთი გავიდეს ნატოდან, მაგრამ ეს არ მოხდება, თურქეთი არ დატოვებს ალიანსს. ნატო განსხვავდება ევროკავშირისგან. ევროკავშირისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანის უფლებები, ნატო სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციაა. მე ველაპარაკე თურქეთში ნატოს წარმომადგენელს, მან ასეთი რამ მითხრა: ჩვენ ქვეყნების დემოკრატიულობას იმდენად არ ვუყურებთ, ჩვენ ვუყურებთ ქვეყნის პოტენციალს, ქვეყანა რას მისცემს ნატოს. 2008 წელს თურქეთმა მოითხოვა ნატოს სამიტის თურქეთში ჩატარება, მაგრამ გერმანიის ჩათვლით, ნატოს 16 ქვეყანამ უარი თქვა ნატოს სამიტის თურქეთში ჩატარებაზე.
იგივე ვითარებაა დღესაც, სამიტის თურქეთში ჩატარების წინააღმდეგია - გერმანია, საფრანგეთი და ჰოლანდია...
- თურქეთმა ნატოში მომსახურე ყველა ჯარისკაცი გაანთავისუფლა, გარდა ამისა, სირიაში რუსეთთან ერთად მოქმედებს, რაც მიუღებელია და ეწინააღმდეგება ალიანსის ინტერესებს. ვფიქრობ, რომ ეს არის მოტივი და მათ შორის ანტიდემოკრატიული პროცესები. მაგალითად, ევროკავშირმა თურქეთს შესავაზა კომისიის გამოგზავნა და ციხეებში არსებული მდგომარეობის შესწვალა, თურქეთი არ დათანხმდა.
ციხეში წამების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ოფიციალური ინფორმაციით, თითქოს თავი ჩამოიხრჩვეს, მაგრამ წამებას ვერ გაუძლეს ადამიანებმა. წარმოიდგინეთ, რომ დღეს თურქეთის ციხეებში 600-მდე ჩვილი ბავშვი იმყოფება. დედამ არ ისურვა შვილის მიტოვება და ციხეში ჰყავთ.
ათასობით ადამიანი ზის ციხეში ისე, რომ არ იციან რატომ დაიჭერს, ან რაში ედებათ ბრალი, არ არსებობს საბრალდებო დასკვნა. ეროდოღანმა მიმართა ხალხს, ვისაც გაქვთ ინფორმაცია, თქვენი მეზობლის, მეგობრის, გამგებლის (არ აქვს მნიშვნელობა ვინ), გიულენის ორგანიზაციასთან სიახლოვის შესახებ, განაცხადეთ პოლიციაშიო. ანონიმური ზარის საფუძველზე ხდება ადამიანების დაკავება, არც იციან ვინ დარეკა, ან რატომ დარეკა, ამას არ არკვენენ, მიდიან და აკავებენ.
ერდოღანი აცხადებს, რომ მოსახლეობა ითხოვს სიკვდილით დასჯის აღდგენას, შესაბამისად, რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ვიცით, რომ სიკვდილით დასჯის შემოღების შემთხვევაში თურქეთისთვის იხურება ევროკავშირის კარი. რისთვის სჭირებათ ეს ცვლილება, ოპოზიციის და იმ ადამიანების დასასჯელად, რომლებსაც ტერორიზმის ბრალდებით აკავებენ?
- ძნელია იმის თქმა, რას იზამს ერდოღანი, მაგრამ არა მგონია, რომ სიკვდილით დასჯა დაკანონდეს თურქეთში, თუმცა ეს სჭირდება გიულენის მომხრეების დასაჯელად, მაგრამ ვერ შემოიღებს. საქართველოში დააკავეს მუსტაფა ემრე, ადამიანს 48 საათის განამვლობაში წარუდგინეს ბრალი. თურქეთში ასე არ ხდება, 40 დღის განმავლობაში შენ არ იცი რატომ ხარ დაკავებული, ან რა ბედი გელის.
საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ისწარაფვის ევროპისკენ, შესაბამისად დიქტატორის მოთხოვნებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს. იმიტომ, რომ ასე შეიძლება საქართველოსაც შეექმნას პრობლემა დასავლეთში. დღეს თურქეთში შეიძლება ასეთი მდგომარეობაა, მაგრამ მომავალში თურქეთის ხელისუფლება აუცილებლად წარსდგება საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული რეაგირების გარეშე არ დარჩება.
მე, პირადად საქართველოში გავიცანი მუსტაფა ჩაბუქი, წარმოიდგინეთ, რომ ეროვნებით თურქმა ადამიანმა შემაყვარა საქართველო, ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება ტერორისტი იყოს? მაგალითად, ერდოღანმა რომ თქვას, მელიკ ალკანი არის ტერორისტი, ეს ნიშნავს, რომ მე ტერორისტი ვარ? თუ ერთმა დიქტატორმა თქვა, რომ ტეროროსტი ვარ, ამიტომ ადამიანები უნდა მიცნობდნენ როგორც ტერორისტს? ეს ხომ ლოგიკას მოკლებულია. პოლიტიკოსისთვის უმთავრესია კანონის შესაბამისად მოქმედება და არა შურისძიების მოტივით. სამწუხაროდ, ერდოღანს უფრო შურისძიება ამოძრავებს.
ასეთი თურქეთი, სადაც უმთავრესი არ არის ადამიანის უფლებები, არ ისმის განსხვავებული აზრი, წარმოგიდგენიათ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისი პრეტენზიაც აქვს თურქეთს?
- არა, რა თქმა უნდა. წევრობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ის პროექტები, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებდა, ყველა დაბლოკა. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა თურქეთისთვის. დღეს საკუთარი მმართელობის კომფორტს იწყობს ერდოღანი. მოსახლეობის 60% არ უჭერს მხარს ერდოღანს, მაგრამ ეს ხალხი ღიად ვერ საუბრობს. ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიცია სუსტია, უბრალოდ მათ არ აქვთ საუბრის საშუალება. მედია, რაც ინფორმაციის მთავარი წყაროა, კონტროლირებადია და სად უნდა ისაუბროს ოპოზიციამ, რომ ადამიანებმა მიიღონ განსხვავებული აზრი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ერდოღანი თურქეთი არ არის.