„მოლა ჩამოდის და გენერალს შეუძლია მოვიდეს ქელეხზე“

„მოლა ჩამოდის და გენერალს შეუძლია მოვიდეს ქელეხზე“

ილჰამ ალიევის ხელისუფლება ჟურნალისტების წინააღმდეგ გააქტიურდა. აფგან მუხთარლის შემდეგ, ქვეყნიდან გაქცევის მცდელობის ბრალდებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აზერ ისრაფილოვი სამართალდამცველებმა აზერბაიჯან-რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს.

გაირკვა, რომ მანამდე მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა. ისრაფილოვი 2014 წელსაც იყო დაკავებული. მაშინ ის თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, ოფიციალური ბარლადებით, მან 13 ათასი დოლარი მიითვისა. გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტი ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში მუშაობდა.

რაც შეეხება აფგან მუხთარლის, ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის განცხადებით, სასაზღვრო პოსტზე მიყვანამდე მას მესაზღვრე არ უნახავს. პირებს, ვინც ის დააკავა, საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ. მისივე თქმით, მისი გატაცება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რაზეც პასუხი ერთობლივად უნდა აგონ.

„საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დამაკავეს, მცემეს

და ბაქოში წამიყვანეს. პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩამიდეს. როდესაც ავტომანქანა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს მიუახლოვდა, თანმხლებმა პირებმა ვიღაცას მოახსენეს: „მოლა ჩამოდის და გენერალს შეუძლია მოვიდეს ქელეხზე“, - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. როგორც დაკავებულის ადვოკატმა ელჩინ ნამაზოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით შევა, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კი, სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 და მე-18 მუხლების დარღვევასთან მიმართებაში მომზადდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამართალდამცავებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გააკეთონ ყველაფერი, რათა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე იყოს გამოძიებული და არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არ არის დაცული. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წინასწარი დასკვნების გაკეთება არის მიუღებელი, მით უმეტეს მიუღებელია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია.

„კავშირი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ჩემი მოწოდება იქნება, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ. თუ ჩვენ შევუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა. ნდობა ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის არის ის, რასაც ემყარება ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ინფორმაციებს, რომელიც საქართველოს მიერ აფგან მუხთარლის უფლებების დარღვევას შეეხება, სპეკულაციები უწოდა.

„ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, წინასწარი დასკვნებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შევიკავოთ. სამართალდამცავებს, მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს საკითხი იყოს გამოძიებული.

ჩვენს ქვეყანაში არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ადამიანის უფლებები არ არის დაცული და რაიმე ისეთი ხდება, რაზეც მიმდინარეობს ამ ორი დღის განმავლობაში სპეკულაციები - თითქოს გადაცემა მოხდა და ა.შ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რაიმე ამდაგვარში ჩართული“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მუხთარლი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე 29 მაისს, 22:40 საათზე დააკავეს მას შემდეგ, რაც მან საქართველოს მხრიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით პირადობის მოწმობის გარეშე აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ის არ დაემორჩილა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და დაკავებისას გაქცევა სცადა.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, აზერბაიჯანის ოფიციალური სტრუქტურის განცხადება სანდოობას არ იმსახურებს, რადგან, მისი თქმით, ინფორმაცია, რომელსაც აზჯერბაიჯანის გენერალური პროკურატურა და საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან დაკავებულს საზღვარი ფეხით არ გადაუკვეთავს, არამედ, ის მოიტაცეს და ჩამოიყვანეს აზერბაიჯანში. შესაბამისად, ადვოკატი შს სამინისტროგან ითხოვს წარმოადგინოს საზღვარზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

შს მინისტრის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს საზღვარი დაბალია, მაგრამ არსებობს. გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, მუხთარლის შემთხვევაში მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე.

„მინდა განვუმარტო მოსახლეობას, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა ტერიტორიების ე.წ. მწვანე ზოლის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს. ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, აფგან მუხთარლის შემთხვევაში სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე. ამ ეტაპამდე ეს არის საქმეში არსებული ერთადერთი ოფიციალური და სამართლებრივად გამყარებული გარემოება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

რაც შეეხება მწვანე ზოლს, საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის თანახმად, ეს არის საზღვრის მეთვალყურეობა, სასაზღვრო გამტარ პუნქტებს შორის. მისი გადაკვეთა შეძილება პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, მაგრამ როგორც წესი, საზღვრის ამ ნაწილში შედარებით შეღევათიანი კონტროლია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანს შორის არსებობს ე.წ. მწვანე ზოლის ხელშეკრულება, ანუ, საზღვრის მეთვალყურეობა, მაგრამ როგორც ირკვევა მკაცრი მეთვალყურეობა არ არის, რაც გარკვეულწილად დაადასტურა გიორგი მღებრიშვილმა.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ შს მინისტრის განცხადებაში ძალიან ბევრი უზუსტობა იყო. მისი თქმიდ, პირი, რომელიც ძებნაშია, რატომ შეეცდებოდა ამავე ქვეყანაში პირადობის მოწმობის გარეშე და თან 10 ათასი ევროთი შეპარვას?

„არალოგიკურია, თან თვითონ აცხადებს, რომ თბილისიდან, ქართულად მოსაუბრე სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. თუ ხელისუფლებისთვის უკვე ცნობილია, რომ ეს ადამიანი საზღვრამდე თავისით მივიდა, მაშინ რა საჭიროა გამოძიების დაწყენა?

აზერბაიჯანულ საიტზე გამოქვეყნდა სტატია, საშინელი ტონია საქართველოს ხელისუფლებისადმი.

მთელი დაყვედრების ნიაღვარია, რომ საქართველოს აზერბაიჯანი ინახავს და ესენი ვერ ხედავენ. საქართველო იქცა აზერბაიჯანის ოპოზიციის შტაბად. სტატიას აშკარად ეტყობა აზერბაიჯანის სპეცსამსახურების კვალი, აქვე საუბარია „ლანცეტის“ დირექტორის დაკავებაზე, რომელიც ასევე ოპოზიციაში იყო ალიევთან“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

სტატია, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს, კრიტიკულია დასავლეთის, ნატოს და ამერიკის მიმართ. საერთაშორისო ორგანიზაციები გამოყვანილია, როგორც პროვოკატორები და რევოლუციონერები. როგორც ალადაშვილი აცხადებს, გარკვეულწილად აქ იგრძნობა რუსული კვალიც და ამის ფონზე, გასაგები გახდება საქართველოს ხელისუფლების ქცევა.

„ანუ, ხელისუფლება პრესინგის ქვეშ იყო. შეიძლება ითქვას, კუთხეში იყო მიყენებული ამ მოთხოვნებით, რომ გადაეცათ ეს ადამიანი. შეიძლება ეს პირველი შემთხვევა არ არის და კიდევ მოხდეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადაცემა დაემთხვა თურქეთის ორი მოქალაქის და „ლანცეტის“ გენერალური დირექტორის დაკავებას. საინტერესო დამთხვევაა, აზერბაიჯანელი და თურქი ოპოზიციონერების დაკავება ხდება საქართველოში.

სამწუხაროდ, ჩვენი სპეცსამსახურები ლამაზად არ გამოიყურება, პირიქით. ორი ვერსია უნდა განვიხილოთ: პირველი - იყო გარკვეული შეთანხმება, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიამდე მიიყვანეს ეს პიროვნება და გადაეცათ საზღვარზე. მეორე - აქ მოქმედებდნენ აზერბაიჯანის სპეცსამსახურები და ქართული მხარე საქმის კურსში არ იყო, რაც ნაკლებად სავარუდოდ მეჩვენება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.

ანალიტიკური საბჭოს მკვლელვარი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ შს მინისტრი ცდილობს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საზღვარზე შესაძლო გადაპარვა წარმოაჩინოს ისე, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მისივე თქმით, უნდა გამკაცრდეს საზღვარზე კონტროლი, რადგან შესაძლოა, მსგავსმა ფაქტებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.

„შს სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ალბათობა მინიმუმამდე შემცირდეს და საერთოდ თეორიულად იყოს მხოლოდ შესაძლებელი. თუ ჩვენ ამას ნორმად მივიღებთ და დავუშვებთ ალბათობას, საკმაოდ დიდი რისკებია, იმიტომ რომ, თუ შეიძლება ადამიანმა ერთი მხრიდან გადაკვეთოს საზღვარი, შესაძლებელია მეორე მხრიდანაც შემოვიდეს“, - აღნიშნა ზურაბ აგლაძემ.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შსს და სუს-ის მაღჩინოსნების მხრიდან. შეხვედრას ესწრებოდნენ: აშშ-ს, გერმანიის, შვედეთის სამეფოს, იტალიის, ლიტვის, უნგრეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების ელჩები.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია ევროკომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, ნილ მუჟნიეკსი. როგორც ევროკომისრის განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჟურნალისტი უნდა გაათავისუფლოს.

„იგი გაიტაცეს საქართველოში და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში, სადაც ის პატიმრობაშია საზღვრის უკანონოდ კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით. მუხთარლი 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ აზერბაიჯანში მასზე მთავრობის მხრიდან რეპრესიები ხორციელდებოდა.

ჟურნალისტის თქმით, მას ჯიბეში ფული გატაცების დროს ჩაუდეს და აზერბაიჯანში ჩასვლამდე არაადამიანურ ექცეოდნენ. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია, რომლებიც მკვეთრ დაკვირვებას და სწრაფ რეაგირებას ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს მთავრობამ ეფექტური, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩაატაროს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ გამოძიებამ სათანადო შედეგი დადოს.

ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უმალვე უნდა გაათავისუფლოს ჟურნალისტი და მაქსიმალურად დაიცვას მისი უფლებები, მათ შორის დაიცვას ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან“, - ნათქვამია ევროკომისარის განცხადებაში.