აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად, გუშინ, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გაიმართა, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და ბათუმში, ევროპის მოედანზე. აქციის მონაწილეები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტზე საქართველოს ხელისუფლების მყისიერ რეაგირებას და მომხდარი ფაქტის დროულად გამოძიებას მოითხოვდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები ითხოვენ პასუხს, როგორ მოხვდა ჟურნალისტი აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ხელში და მონაწილეობდნენ თუ არა მისი ქვეყნიდან გაყვანის პროცესში ქართული სპეცსამსახური. ჟუნრალისტის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს აზერბაიჯანის საელჩოსთან.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ხელმძღვანელი არჩილ ჩოფიკაშვილი, რომელიც დაკავებულის ინტერესებს იცავს აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, გამოტანილია აფგან მუხთარლის დაპატიმრების გადაწყვეტილება. მისივე თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სასტიკად ნაცემია და მისი დაკავება უკანონოდ მოხდა.
ჩოფიკაშვილი არალოგიკურს უწოდებს აზერბაიჯანის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მუხთარლის დაკავება საზღვრის უკანონო კვეთისას მოხდა, რადგან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სახლიდან დროებით იყო გასული და მას არც ფული და არც პასპორტი თან არ ჰქონდა.
„ფაქტობრივად აქ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ღირსების საქმე ქართული პოლიციისთვის და სახელმწიფოსთვის, რათა მოხდეს დროულად დამნაშავე პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც მოიტაცეს აფგან მუხთარლი. ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ ისევე, როგორც პასუხი უნდა აგონ იმ მაღალი თანამდებობის პირებმა, ვისაც ევალება ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოებისა და ადამიანების უფლებების დაცვა“, - აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.
გატაცებული ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის გარეშე აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში გადაყვანა ვერ განხორციელდებოდა. მისვე თქმით, მისი მეუღლის პასპორტი თბილისში, სახლში აქვს. ლეილა მუსტაფაევა კითხვით მიმართავს ქართველ სამართალდამცველებს, როგორ შეიძლება ადამიანმა სახელმწიფო საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთოს?
„ქართველი სამართალდამცველები არ მაძლევენ ვიდეოჩანაწერს იმ ადგილიდან, სადაც მოხდა დაკავება, არც მისი აყვანის ადგილს ასახელებენ. მე თან მაქვს აფგან მუხთარლის პასპორტი და მაინტერესებს, ქართველმა მესაზღვრეებმა როგორ გადაუშვეს ჩემი მეუღლე საზღვარზე პასპორტის გარეშე. ჩემი მეუღლე ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას და მისი გაურკვეველ ვითარებაში დაკავება და აზერბაიჯანში გადაყვანა სწორედ მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება“, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.
ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ აფგან მუხტარლი საქართველოში ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით გამოძიების გამო დააკავეს.
„გაიტაცეს და არაკანონიერად გადაიყვანეს აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის სამართალდამცავები არა აზერბაიჯანის უსაფრთხოებას ემსახურებიან, არამედ ერთი ოჯახის, ალიევების ოჯახის ბრძანებებს ასრულებენ. აფგანი მისი პუბლიკაციების, საქართველოში ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით გამოძიების გამო დააკავეს“, - აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ.
აქციაზე იმყოფებოდა აზრებაიჯანელი უფლებადამცველი ვიდადი ისგანდეროვა, რომლის განცხადებით, აფგან მუხთარლის მდგომარეობა მძიმეა, 2 ნეკნი და თავი აქვს გატეხილი და აღენიშნება სილურჯეები. არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანში ალიევის რეჟიმმა მუხთარლის თვითმკვლელობა აიძულოს, ან სხვა ფორმით მოკლან, რადგან, მისი თქმით, ეს პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული აზერბაიჯანის საპატიმრო დაწესებულებაში.
მისი თქმით, 2015 წელს აფგან მუხთარლი იძიებდა ალიევის მაფიოზურ ინვესტიციებს საქართველოში, გამოძიებაში ჩართული იყო თავადაც. ჟურნალისტმა გამოძიების პროცესში ბევრი საინტერესო ფაქტები აღმოაჩინა, რის გამოც აფგან მუხთარლისა და მას სისტემატურად უთვალთვალებდნენ.
„გამოძიებამ ბევრი საინტერესო რამ აჩვენა. აღმოჩნდა, რომ ილჰამ ალიევს და მის ოჯახს საქართველოში აქვთ ბანკები, ასევე სასტუმროები და რესტორნები. ბოლოს, სანამ აფგანს მოიტაცებდნენ, მან ინტერვიუ მისცა „ამერიკის ხმას“, სადაც ის ამბობდა, რომ მისი დაკავების საფრთხე არსებობდა. ის 2 წელი ცხოვრობდა საქართველოში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეც და მუხთარლისაც მუდმივად გვითვალთვალებდნენ საქართველოში. ალიევმა ისეთი რეჟიმი შექმნა, რომ საელჩოში მუდმივად არის 20-30 ადამიანი, ვინც სპეცსამსახურების წარმომადგენელია და ოპოზიციონერებს უთვალთვალებს“, - განაცხადა ვიდადი ისგანდეროვმა.
მისი თქმით, მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაოფიციალურად ქვეყნიდან წასვლა მოსთხოვეს. უფლედამცველი აცხადებს, რომ მასსზე თავდასხმის 3 მცდელობა იყო, ასევე ცდლილობდნენ მისი 16 წლის ქალიშვილი გაეტაცებინათ.
„მათ ჩემი გატაცება არ შეუძლიათ, იმიტომ რომ საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მაქვს. აქედან გამომდინარე მათ მხოლოდ ფიზიკური განადგურება რჩებათ. 3 დღის წინ საქართველოს დევნილთა საკითხებზე მომუშავე უწყებაში გამომიძახეს და მითხრეს, რომ ალიევი მათ აშანტაჟებს და ეუბნება, რომ აზერბაიჯანის ოპოზიციურ ძალებს არ მისცენ თავშესაფარი. მათ მე კულტურულად მითხრეს, რომ უნდა წავიდე.
მათ გადამამისამართეს გაეროსთან, რათა მომეძებმნა მესამე ქვეყანა, სადაც წასვლას შევძლებდი. ვკითხე რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი კოკაიას თუ რატომ მიშვებდნენ ქვეყნიდან. მისი თქმით, არ შეუძლია თქვას, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არ შეუძლია ჩემი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაგრამ აღნიშნა, რომ თუ უსაფრთხოება მინდა, უნდა წავიდე საქართველოდან“, - აღნიშნა ვიდადი ისგანდეროვმა.
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად დაკავებულმა ადვოკატს განუცხადა, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე მტკიცებით, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩაუდეს.
სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში Amnesty International-ის კამპანიის კოორდინატორი ლევან ასათიანი ამბობს, რომ აფგან მუხტარლის გატაცებისას ავტომობილი რამდენჯერმე შეიცვალა და პირველ ავტომობილში, რომელშიც ის ჩასვეს, ქართულად საუბრობდნენ. ასათიანი აცხადებს, რომ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ვესაუბრეთ ჟურნალისტის ადვოკატს. ჟურნალისტის გადმოცემით, იმ პირებმა, რომლებმაც ის თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს, ერთმანეთში ქართულად საუბრობდნენ, გატაცებულ ჟურნალისტს რუსულად ესაუბრებოდნენ. მოხდა ორი მანქანის გამოცვლა, შემდეგ უკვე ჩასვეს სხვა მანქანაში, სადაც უკვე ეს პირები საუბრობდნენ აზერბაიჯანულად“, - ამბობს ლევან ასათიანი.
სახალხო დამცველი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობას ითხოვს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მომხდარი ფაქტი დამაზიანებელია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის.
„მსგავსი ფაქტები ხდებოდა 90-იან წლებში. როდესაც ასეთი რამ ხდება, დაუყოვნებლივ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გააკეთონ ახსნა-განმარტებები. უნდა ახსნან თუ როგორ მოხდა ეს ადამიანი აზერბაიჯანში, როგორ გაუჩინარდა საქართველოს საზღვრიდან. ან უნდა გაკეთდეს ახსნა-განმარტება სწრაფად, ან მათ უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, ჟურნალისტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა, ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, ელდარ სულთანოვის თქმით, დაკავებისას მუხთარლიმ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას მესაზღვრეებმა უცხოურ ვალუტაში დიდი ოდენობის თანხა ამოიღეს. haqqin.az-ის ინფორმაციით, ანტიაზერბაიჯანული იატაქვეშეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუხთარლი თბილისში მჭიდროდ თანამშრომლობდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მტრულად განწყობილ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Freedom House, People in Need, Human Rights Watch, NDI და სხვა.
სუს-ის ხელმძღვანელის განმარტებით, აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ აფგან მუხთარლის დაკავება მოხდა „მწვანე საზღვარზე“, იქ, სადაც პასპორტი არ სჭირდება.
„განცხადებების გაკეთება არ უნდა ვიჩქაროთ. მე თავს შევიკავებ. შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, მიმართა აზერბაიჯანულ მხარეს, შს სამინისტროს. ალბათ, იქიდან გაკეთდება ოფიციალური განცხადება, თუ რა მოხდა, სად მოხდა ამ ადამიანის დაკავება. როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, დააკავეს ე.წ. მწვანე საზღვრის კვეთის დროს და არა გამშვებ პუნქტზე ანუ იქ, სადაც პასპორტი არ სჭირდება. ჩვენ შევისწავლით ამ ფაქტს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მთავარი პროკურორის შეფასებით, აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გაყვანასთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ირაკლი შოთაძემ არ გამორიცხა, რომ ამ სკანდალურ საქმეზე გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„ყველაფერს გამოძიება დაადგენს. მე ვერ გეტყვით, როგორ დატოვა ქვეყანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს სამუშაოები და ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება. ყველაფერს დაადგენს გამოძიება“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
„ადამიანის გაქრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზული გამოწვევაა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკუთარი პრესტიჟი უნდა დაიცვას.
„პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოში, როგორც ჟურნალისტიკის, ისევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ლიდერის როლი გვაქვს რეგიონში და ეს არის ჩვენი სიამაყე, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის შენადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით, ამ სტანდარტის დაცვა, ჩვენი სახელმწიფოებრივი დაცვის საკითხია.
ის განცხადებები, რომელიც ადვოკატის მიერ გაკეთდა, აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელი და გასაანალიზებელია. იმიტომ რომ, საქართველოს ტერიტორიიდან, ეს იქნება ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან თუ საზღვრიდან, ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევაა, რომლის კონტექსტშიც, ბუნებრივია, სახელმწიფომ თავისი პრესტიჟი უნდა დაიცვას და უზრუნველყოს მოქალაქეების დაცულობა, რადგან ორივე ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
აფგან მუხთარლის გატაცებისა და მისი საქართველოში საქმიანობის საკუთარი ვერსია აქვს ალექსანდრე ჯეჯელავას. ვიცე-პრემიერის განცხადებით, არის ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლი რადიო „თავისუფლების“ დაცვის თანამშრომელი იყო და არა ჟურნალისტი.
„შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, გუშინვე დაიწყეს მათ მოკვლევა. მათ შორის აზერბაიჯანელი კოლეგებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი უკანონოდ კვეთდა საზღვარს. ისიც, რომ ჟურნალისტი იყო, ალბათ, თქვენც უნდა გადაამოწმოთ, რადგან არის ინფორმაცია, რომ ის იყო რადიო „თავისუფლების“ დაცვის თანამშრომელი, ანუ ჟურნალისტიკასთან რაღაც კავშირი აქვს, მაგრამ უშუალოდ ჟურნალისტი არ არის.
მე ვფიქრობ, გამოძიება აუცილებლად დაადგენს რეალობას, სად და რა პირობებში დააკავეს იგი. პრაქტიკულად, გამოვრიცხავ იმ ვერსიას, რომელიც არასამთავრობოებმა პირდაპირ ფაქტად წარმოგვიდგინეს, რომ ეს მოხდა თბილისში და მოხდა ძალადობა. თუმცა გამოძიება დაწყებულია სწორედ იმ ბრალდების საფუძველზე, რაც გაჟღერდა. რამდენიმე დღეში ზუსტი ინფორაცია გვექნება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სტანდარტი არ არის ვინმეს გატაცება და სკანდალებში გახვევა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა, ვინც პოლიტიკური თუ სხვა მიზეზებით თითს იშვერს ქართული სპეცსამსახურების მიმართულებით, უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დაზიანდებოდა სახელმწიფო ინტერესები.
„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. გამოძიება მიმდინარეობს და სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტრურები მობილიზებული არიან მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაადგინონ, თუ რა მოხდა. მთავარი ის არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესები დაზიანდა და მე ვიტყოდი, რომ ეს არის სახელმწიფოს ღირსების საკითხი.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური სტანდარტი არ არის ვინმეს გატაცება და ისეთ სკანდალებში გახვევა, რომელიც შეიძლება საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყოს. იმედი გვაქვს, რომ გამოძიება ძალიან მალე დასრულდება და ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს ამ ფაქტთან დაკავშირებით.
თუმცა ის სცენარი, რომ შესაძლებელია აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა დაქირავებული პირების მეშვეობით გაიტაცეს, ეს ვერსია უნდა დავუშვათ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანას დაცულობის გარანტიები უნდა გააჩნდეს, ამიტომ ამ საქმის გამოძიება არის ქვეყნის პრესტიჟის საკითხი“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებ, რომ ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რა დაემართა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს. სალომე სამადაშვილის თქმით, მომხდარი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ჩვენთაგანი დაუცველია.
„აღმოჩნდა, რომ ქუჩიდან ადამიანის გატაცება შესაძლებელი გახდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანას აქვს ვალდებულება დაიცვას აქ მყოფი ყველა უცხოელის უფლებები. დაცვის ვალდებულება ქვეყანას აღებული აქვს ყველა საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე. ეს არის, რა თქმა უნდა, უზარმაზარი დარტყმა ამ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის და საერთაშორისო იმიჯისთვის, რადგან საერთაშორისო ჟურნალისტებს განგაში აქვთ ატეხილი.
არაერთმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა მომწერა, მათ შორის, ვინც ევროპაში და დასავლეთში მუშაობს. ისინი განმარტებას გვთხოვენ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება გადასცემს ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, იმ ადამიანებს, რომელთა ხელშიც მათ ძალიან დიდი საფრთხე ემუქრებათ, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.