რუსული სიურპრიზები ულიმიტოა. იური ლუჟკოვის ჩამოსვლის, „ღამის მგლების“ სტუმრობისა და სხვა სკანდალური გამოხტომების შემდეგ ამჯერად გენერალ მარატ კულახმეტოვის ცხინვალის „ელჩად“ წარდგენამ ააფორიაქა ოფიციალური თბილისი.
ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აგვისტოს ომის მოვლენებში ჩართული ადამიანის დანიშვნამ ერთმანეთის მიყოლებით აღაშფოთა ქეთევან ციხელაშვილი, ვიქტორ დოლიძე, ირაკლი სესიაშვილი და სხვანი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ამ ფაქტს ცინიკური ნაბიჯი უწოდა; ვიქტორ დოლიძემ კულახმეტოვთან, როგორც „მშვიდობისმყოფელთან“ შეხვედრის დეტალები გაიხსენა და იგი ჩვეულებრივ ოკუპანტად მოიხსენია, ხოლო ირაკლი სესიაშვილმა ოკუპანტის რეალური სახე დაინახა სამხედრო დამნაშავის-კულახმეტოვის დანიშვნის მიღმა.
მართლაც, 2004-2008 წლებში მარატ კულახმეტოვი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ე.წ. სამშვიდობო ძალოვან შენაერთს ხელმძღვანელობდა. რუსული მედიის ინფორმაციით 2008 წლის 3 ოქტომბერს იგი ცხინვალში რუსი სამშვიდობოების შტაბის შენობასთან ტერაქტისას დაიჭრა, ხოლო 2011 წლიდან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის პოსტი ჩაიბარა.
გენერალ კულახმეტოვის დანიშვნას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე რუსული პოლიტიკის მორიგ გამოვლინებად აფასებს. მისი აზრით, ჩვენთვის ამგვარი გამოვლინებები წამგებიანია, მაგრამ რეალურად ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას და ჩვენი პროტესტი ნიშნავს იმას, რომ ჯიბეში ხელი ჩავიყოთ და სამი თითის კომბინაცია ვუჩვენოთ რუსებს.
For.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ არც ერთი სერიოზული რუსი დიპლომატი არ დათანხმდებოდა ცხინვალში „ელჩად“ ყოფნას და ოსების გაწევ-გამოწევისა და მათ მიერ ფულის გაყოფის ყურებას. ამდენად, რადგან სხვა ვერ დაითანხმეს, კულახმეტოვი დაიყოლიეს. სავარაუდოდ, სხვა დიპლომატები პენსიაზე გასვლას და თუნდაც სახალინში ან სადმე დასაკარგავში წასვლას მოითხოვდნენ, ოღონდ ცხინვალში არ გაეგზავნათ. სოხუმში გაგზავნა კიდევ გასაგები იქნებოდა, მაინც ზღვა არის და ზაფხულში ოჯახს მაინც ჩაიყვანდნენ, „ცხინვალში კი რა ჭირი უნდათ“?! იქ ხომ საერთოდ არაფერი არ ხდება?
„ვერ წარმომიდგენია, გარდა „სალდაფონისა“, ანუ ვინც ყაზარმულ ცხოვრებასაა მიჩვეული, ცხინვალში დანიშვნას ვინმე დათანხმდეს. ვისაც ცოლ-შვილი ჰყავს, რა უნდა აკეთოს ცხინვალში?! კულახმეტოვი გარუსებული შუა აზიელია, ეტყობა, სმა უყვარს, იჯდება და ილოთებს ცხინვალში. ჩვენ ვინმე გვეკითხება მის დანიშვნა-არდანიშვნას? ქეთევან ციხელაშვილმა თავის კვაზი სახელმწიფოს მიხედოს, მეხუთე ბორბალივით რომ არის ურიკაში მისი სამინისტრო. ახლა პროტესტს რომ აცხადებს კულახმეტოვის გამო, ეს თავისთავად ლუსტრაციაა მისი რუდიმენტი სამინისტროსი, მეორე „სითი პარკი“ რომ გაგვიხდა. თორემ გიგა ოთხოზორია მოგვიკლეს, მკვლელი მშვენივრად დადის აფხაზეთში და მის გადმოცემას ვერ მივაღწიეთ ამ სამინისტროთი. შავ ზღვაში პატარა ლიფსიტა ვერ ემალება ფსბ-ს და ამ დროს ოთხოზორიას მკვლელი ვერ ნახეს, რომლის ვინაობაც კარგად იციან?
ეს ქალბატონი ნუ გვახსენებს თავს, ორ თვეში ერთხელ იაროს ჟენევაში, რიტუალი გადაიხადონ, ესენი თავისას იტყვიან, ისინი თავისას და კრება დარჩება მხიარული. ალბათ, ცხინვალში საერთოდ არ არის ნამყოფი ციხელაშვილი. რაც შეეხება კულახმეტოვს, სხვათა შორის, მაშინ მან ორი წერილი მისწერა ბრიუსელს, რომ ვეღარ აკონტროლებდა კოკოევს, რომ კოკოევი აღარ ემორჩილებოდა. მაშინ იქ ჭორებიც გავრცელდა, მაგრამ არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და იხსენებს, რომ იმ „მშვიდობისმყოფელთა“ შემოყვანა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სწორედ თბილისის თანხმობით მოხდა.
შევარდნაძე დათანხმდა ამას, თორემ ევროპის არც ერთი ქვეყანა არ იყო თანახმა. გარდა ამისა, ოსები და აფხაზები არ თანხმდებოდნენ, იქ რომ ფრანგები და ინგლისელები ჩამდგარიყვნენ, მათ რუსი „სამშვიდობოები“ სურდათ, თორემ ჯობდა, საერთოდ არ მდგარიყვნენ რუსები არც აფხაზეთში და არც ცხინვალში რეგიონში.
პოლიტოლოგის თქმით, ოსეთთან მიმართებით მთელი პრობლემა ის არის, რომ რუსეთის ფული დანიშნულების მიხედვით არ იხარჯება. ფული ქრება, რუსები ცალკე იპარავენ, ოსები-ცალკე. კულახმეტოვი კი მაინც სამხედროა, ამდენად, შესაძლოა, რუსებმა ივარაუდეს, რომ სამხედრო დისციპლინას დაამყარებენ.
„მოსკოვში ყველამ იცის, რომ ბუტაფორიაა „ელჩი“ ცხინვალში. მთელი ცხინვალის რეგიონი ესაა ერთი სამხედრო ბაზა რუსებისთვის. ამ სამხედრო ბაზას სწორედ სამხედრო უნდა უფროსად, თორემ დიპლომატმა რა იცის სამხედრო საქმე? ამიტომაც ჩამოიყვანეს კულახმეტოვი, რომელიც იცნობს ოსებს, მათ ხასიათს. ამიტომაც დანიშნეს ამ პოსტზე, რომ სხვა კანდიდატი არავინ ეგულებოდათ. დიპლომატი არ წავიდოდა იქ, ყველა დიპლომატს ხომ ევროპა უნდა“.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ცხადია, ჩვენთვის არალეგიტიმურია, კულახმეტოვს დანიშნავდნენ რუსები დე ფაქტო „ელჩად“ თუ ჩიბიროვს, რადგან ეს ჩვენი, ოკუპირებული ტერიტორიაა. თუმცა, როდესაც ოდიოზურ ისეთ ფიგურას ნიშნავენ, რომელიც თავად იყო რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, ეს არის მინიშნება ქართული მხარისთვის, რომ რუსეთი აპირებს ცინიკური პოლიტიკის განხორციელებას. სავარაუდოდ, საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაგრძელდება აგრესიული პოლიტიკა.
„ჩვენში ნაკლებად ცნობილია, რომ კულახმეტოვის წინააღმდეგ რუსეთში მოქმედმა საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მის მიერ კორუფციული გარიგების, სამშობლოს ღალატის კუთხით. საქმე ეხებოდა ცხინვალში მისი ყოფნის პერიოდს. მის გარდა, საუბარი იყო 58-ე არმიის სარდალ, გენერალ ანატოლი ხრულოვის წინააღმდეგაც. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს საქმე ჩაიფარცხა, ხრულოვი საერთოდ გააგდეს შეიარაღებული ძალებიდან, კულახმეტოვი კი გადაიყვანეს დიპლომატიურ ასპარეზზე. ეს იყო მისი დაქვეითება, რადგან, თუ ის იყო სამხედრო გენერალი და, როგორც ამბობენ, დაიჭრა კიდეც საბრძოლო ოპერაციის დროს, მაშინ, წესით, უნდა გაეგრძელებინა კარიერა სამხედრო იერარქიის შემადგენლობაში. თუმცა ის შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.
რუსეთის სამხედრო პოლიტიკის ელემენტები კარგად გამეგება და ვიცი, რომ ადამიანს, რომელსაც საბრძოლო ოპერაციებში აქვს გამოცდილება, ასე იოლად არ ეშვებიან ხოლმე. გამონაკლისი კულახმეტოვია. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ცინიზმია ჩვენს მიმართ, რადგან კულახმეტოვი გაატარებს იმ პოლიტიკას, რასაც კრემლში უბრძანებენ. როგორც ჩანს, რუსეთი ყირიმიზაციის პროცესის დაწყებას აპირებს ცხინვალის რეგიონში“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მანვე განმარტა, რომ რუსეთში შეიცვალა იქ არსებული პოლიტიკური კლანების პოზიცია. კულახმეტოვი წარმოადგენს სამხედროების კლანს, სამხედროების კლანმა კი პოზიციები გაიძლიერა. ჩეკისტების, ანუ „სილოვიკების“ კლანი პუტინმა გასწია გვერდზე და კულახმეტოვი დანიშნა ამ თანამდებობაზე. ეს მაშინ, როცა კულახმეტოვის წინამორბედი-ელბრუს კარგიევი სწორედ „სილოვიკების“ დაჯგუფების წარმომადგენელი იყო და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში „სილოვიკებს“ ჰქონდათ აღებული პოლიტიკური მართვის სადავეები. ახლა უკვე კრემლში სამხედრო დაჯგუფებამ გაიმყარა პოზიციები და რას უნდა ველოდეთ სამხედრო დაჯგუფებისგან, ჩვენთვის უნდა გამოვიტანოთ დასკვნები.
არც „სილოვიკები“ გამოირჩეოდნენ მშვიდობისმოყვარეობით, მაგრამ კრემლმა უკვე სამხედროებს მისცა მიმართულება და სამხედროები შესაძლოა, რბილი ძალიდან ხისტი ძალის დემონსტრირებაზე გადავიდნენ.