„მე მაქვს ერთი ძალიან მკაფიო გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის - ეს ქვეყანა არის მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონშიც“, - განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა და დასძინა, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოში გატარდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
„ამ რეფორმების განხორციელების გზაზე მოვუწოდებთ საქართველოს კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი ძალისხმევა შემდგომი რეფორმების გასატარებლად ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო, უმცირესობების უფლებების დაცვა და ა.შ. ამ სფეროებში, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს რეფორმები, მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი“,- აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.
საქართველო ის ქვეყანაა, რომლის საზოგადოებამ კარგად იცის ქვეყნის პრობლემების შესახებ, საყოველთაოდ ცნობილია, რა დიდ, და შეიძლება ითქვას, თითქმის გადაულახავ დილემად არის ქცეული სასამართლო სისტემა. სწორედ ამიტომ იწვევს საზოგადოების გაკვირვებას სასამართლო რეფორმისა და უმცირესობების უფლებების თემების ერთ ჭრილში განხილვა იმის გათვალისწინებით, რომ უმცირესობის უფლებები არა მხოლოდ ქართული საზოგადოების აზრით, არამედ საერთაშორისო კვლევებითაც, ასე თუ ისე, დაცულია.
ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევით, ლგბტ პირებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად საქართველო დასახელდა - ევროკავშირის ოფიციალური მონაცემებით, საქართველო საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებიდან ყველაზე არაჰომოფობიურია.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანა აზერბაიჯანია, მას მოსდევს სომხეთი და რუსეთი. საქართველომ გაუსწრო ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს და პროცენტულად იტალიას გაუტოლდა.
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი თვლის, რომ ასეთი განცხადებების მიზეზი სულ სხვა რამ არის.
„ჩვენგან მოითხოვენ ისეთ რაღაცას, რომლის გაკეთება არც ერთ ხელისუფლებას არ შეუძლია - მიმაჩნია, რომ ამ თემაზე ლაპარაკი და განხილვები ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის. რაც შეეხება ევროპარლამენტარის განცხადებას, უნდა ჩავთვალოთ რომ ეს არის მორიგი ფრაზა, მანტრა,რომელსაც იმეორებენ 2008 წლიდან მოყოლებული“, - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში უმცირესობის პრობლემები მხოლოდ მაშინ ხვდება, როდესაც ისინი აღლუმებსა თუ საპროტესტო აქციებს მართავენ. სხვა შემთხვევაში მათი თანაცხოვრება დანარჩენ საზოგადოებასთან საკმაოდ უპრობლემოდ და დინამიურად მიმდინარეობს.
ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის შეფასებით, ეს პრობლემა არ იყო მანამ, სანამ აჟიოტაჟი არ დატრიალდა.
„ყოველთვის ვიცოდი და ახლაც ვიცი ადამიანები, რომლებიც სქესობრივ უმცირესობებს განეკუთვნებოდნენ, მაგრამ ამას მათთვის არც კარიერაში შეუშლია ხელი და არც ადამიანებთან ურთიერთობაში. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვიღაცეები სპეციალურად აღვივებენ ამ აჟიოტაჟს და გასაგებია, რომ არც ისე უანგაროდ“,- აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.
როდესაც რელიგიურ უმცირესობებზეა საუბარი, ამ მიმართულებით პრობლემა ზოგჯერ საკმაოდ მწვავედაც იჩენს-ხოლმე თავს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ხშირად, ამ კონფლიქტების გაღვივებას პროვოკაციული ხასიათი აქვს.
„რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, უფრო რთულად არის საქმე იგივე, კათოლიკეების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით იყო წინააღმდეგობა და ა.შ. თუმცა როდესაც ევროპის ტრიბუნაზეა საუბარი, მათი გზავნილები უფრო სქესობრივი უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოწოდებად აღიქმება. გარკვეული ევროპარლამენტარებისთვის პრიორიტეტი ეს თემაა და ისინი ახდენენ პედალირებას, თორემ ნამდვილად არ არის ისეთი ვაი-უშველებელი ასატეხი, როგორც ხდება-ხოლმე“, - მიიჩნევს ზაზა ფირალიშვილი.
საქართველო არა მხოლოდ ბოლო პერიოდში არამედ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე გამოირჩეოდა ტოლერანტობით და შეიძლება ითქვას, უმცირესობების წარმომადგენლები ყოველთვის ინტეგრირებული იყვნენ დანარჩენ საზოგადოებასთან.
როგორც პოლიტიკოსი, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, შარშან, მარტში რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებზე ევროპულმა კომისიამ გასცა რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის და მასში ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იყო სწორედ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა.
„თეორიის თვალსაზრისით სექსუალური უმცირესობების საკითხი მათთვის ერთ-ერთი უმთავრესია, რითაც ქართული ეთნოფსიქოლოგიური თვისებების წინააღმდეგ ხდება გალაშქრება. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ქართული მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არ ეგუება ისეთ საკანონმდებლო აქტს, როგორიც არის ანტიდისკრიმინაციული კანონი და რომლითაც შემოიტანეს საზოგადოებისათვის აბსოლუტურად მიუღებელი ტერმინი, რომელიც ადრე არც ერთ კანონში არ ფიგურირებდა „სექსუალური უმცირესობისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა“, რომლითაც იგივე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, საბავშვო ბაღებში დაკანონდა სექსუალურ ორიენტაციას მიკუთვნებულ და ღიად მაღიარებელი პირების მუშაობის შესაძლებლობა“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისივე შეფასებით, შემდეგ ხელისუფლებამ თავი დაიზღვია და პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერში აუცილებლად შემოიტანდა დეფინიციას - „ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით“, რითაც ცდილობდა გადაეფარა ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედების შედეგები.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, დღეს დღის წესრიგში დგას საკონსტიტუციო ინიციატივის საკომპენსაციო საკითხის შემოტანა სამოქალაქო კანონმდებლობაში, რომლითაც გარანტირებული უნდა იყოს, ერთსქესიანთა სამოქალაქო-პარტნიორული ურთიერთობები.
„ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ შენიღბოს ეს ყველაფერი, რათა შეამსუბუქოს საზოგადოების დამოკიდებულება ასეთ საკითხებთან, ხოლო დასავლეთთან დრო მოიგოს, რასაც დასავლელი პარტნიორები არ პატიობენ.
ევროპის ტრიბუნიდან მსგავსი განცხადებები ხშირად გვესმის, მაგალითად როდესაც 2014 წელს შტეფან ფულე ჩამოვიდა საქართველოში, პატრიარქთანაც კი მიბრძანდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი არ ითხოვს ისეთ რეგულაციებს, რაც ქართულ ეთნოფსიქოლოგიას ეწინააღმდეგება.
მიდის მუდმივი შეგონება და ჩიჩინი ჩვენი ხელისუფლებისათვის, რომ ვიდრე სექსუალური უმცირესობების საკითხი ევროპულ კანონმდებლობას არ მოერგება, მანამდე საქართველოს ხელისუფლება მათ ნდობას ვერ მოიპოვებს“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
რაც შეეხება ქართულ ეთნოფსიქოლოგიას, შეიძლება ითქვას, მას თავის დაცვის საშუალებებიც გააჩნია თუნდაც რელიგიის სახით - ალბათ, საგულისხმოა, რომ პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა თარიღი რომელიც უმცირესობებისთვის განსაკუთრებულ დროს არის მიჩნეული.
„17 მაისი, მას შემდეგ, რაც ჩვენი პატრიარქის ინიციატივით აღინიშნება, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, რაც არის ერთგვარი კონტრაქცია ვითომდა საერთაშორისო დღედ აღიარებული ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი. სინამდვილეში ეს სულაც არ არის საერთაშორისო დღე - დასავლური საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ თავსმოხვევის მცდელობაა. როგორც ჩანს, დასავლეთში ჩათვალეს, რომ ახალი ბერკეტების ამოქმედებაა საჭირო. ეს ბერკეტი ხან იქნება ევროპარლამენტარის განცხადება, ხან რეკომენდაცია ან შენიშვნა ევროკომისიის ან რომელიმე ქარტიის მხრიდან“,- აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მეორე მხრივ, დასავლეთისა და სექსუალური უმცირესობების ერთ სიბრტყეში წარმოჩენა თუ გაიდენტურება ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც განსაკუთრებით კარგად ამუშავებს რუსული პროპაგანდისტული მანქანა. სწორედ ამიტომ, ძნელია, არ გაითვალისწინო მისი არსებობა და არ გაჩნდეს კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია - რეალურად ვის სჭირდება ამ თემებით სპეკულირება და მისი წინა პლანზე წამოწევა?!
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, ჩვენს კონსტიტუციაში არის მეთოთხმეტე მუხლი, რომელიც თავისი შინაარსით ანტიდისკრიმინაციული და თანასწორობის გამომხატველია, მასში ნათქვამია, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი განურჩევლად რასისა, სქესისა, პოლიტიკური და სოციალური კუთვნილებისა და ა.შ.
„ვფიქრობ, რომ რაიმე დამატებითი მექანიზმების მოგონება ზედმეტი თავსმოხვევაა ქართული საზოგადოებისთვის. როგორც ჩანს, ეს ვიღაცას უშლის ნერვებს. მთავრობამ მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, ვისი მთავრობაა ქართველი ხალხის თუ დასავლური დერექტივების მონაა?“ - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ზედაპირზეც ჩანს, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დიდ ფინანსებს შეიძლება უკავშირდებოდეს, არაეთხელ თქმულა რომ ლგბტ აქციები სერიოზულად ფინანსდება უცხოეთიდან.
„დიდ პოლიტიკურ თამაშებში პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყოველთვის გამოიყენება ძალიან დიდი ფინანსები, მისი აკუმულირება ხდება პირველ რიგში, არასამთავრობო სექტორში, მათი მიზანია საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება ამ თემების მიმართ, რაშიც არაერთი მილიონი იხარჯება. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ბიუჯეტი, რომელიც ამ თემებზე მუშაობს, რიგ შემთხვევაში ჩვენი მთავრობის რამდენიმე მუნიციპალიტეტის ერთად აღებულ ბიუჯეტს აღემატება. ამ ფინანსებს გამართლება და ათვისება სჭირდება, ათვისებას - ფოკუსჯგუფები, მათ სჭირდებათ მართვა და ა.შ. ამიტომ ექსპანსია სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. ერთი მიმართულებაა საგანმანათლებლო, მეორე - უფლებადაცვითი სფერო და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ცნობიერების შეცვლისკენ არის მიმართული“.
სხვა თემაა, რამდენად არის საშიში საზოგადოებისთვის ამ ტიპის პროპაგანდა. როგორც ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა განმარტავს, უმცირესობისადმი დამოკიდებულების საკითხი ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც მრავალეროვნულობა, მრავალეროვნული დამოკიდებულებები ისტორიულად ყოველთვის არსებობდა, უკვე განთავსებულია კულტურაში.
ნანა ჩაჩუა: „უმცირესობისადმი, ანუ სხვადასხვა ეროვნებების მიმართ დამოკიდებულებას ქართული კულტურა თავის თავში ატარებს. ეს უცხოსადმი, განსხვავებულისადმი დამოკიდებულება ქართულ კულტურაში იმდენად არის გამჯდარი, რომ ენაშიც კარგად ჩანს. ენა ყველაზე უკეთ ამჟღავნებს იმ შინაგან მდგომარეობას, რომელიც ამა თუ იმ ეთნოსს გაააჩნია. ქართულ ენაში არსებობს სიტყვა საუცხოო, ეს ნიშნავს ყველაზე კარგს, საუკეთესოს და განკუთვნილია უცხოსათვის - (სა-უცხო-ო).
თუ ეს უმცირესობები განსხვავებას ქმნიან, მათ მიმართ დამოკიდებულება სიტყვა საუცხოოში ყველაზე კარგად ჩანს. ეს მოიცავს ყველაფერს, რაც უცხოა, ამიტომ არ განსხვავდება ვისზეა ლაპარაკი, სექსუალურ, ეროვნულ თუ რელიგიურ უმცირესობაზე. ანუ უმრავლესობას რომელსაც აქვს გარკვეული ჯგუფის მახასიათებლები, სპეციფიური შეჭიდულობის ღირებულებები, რომელიც ამ ჯგუფს ქმნიან, ამ სიმრავლის ანუ ქართული ეთნოსის კულტურა ინახავს მისგან განსხვავებულისადმი პატივისცემას. და ეს მისგან განსხვავებული შეიძლება იყოს ნებისმიერი ნიშნით...
გავიხსენოთ, თეიმურაზის პოეზიაში სპარსული ენისადმი რა პატივისცემაა გამოხატული, მაშინ, როდესაც მისი დედა, ქეთევან დედოფალი სწორედ სპარსელებმა აწამეს - „სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი“...
ისეთი მცირერიცხოვანი ერის მიმართ, როგორიც საქართველოა, ძალიან ხშირად კეთდება შეფასებები, რომელშიც არ იგრძნობა ცოდნა ქვეყნისა. ხშირად, ეს განცხადებები ეხება ტოლერანტობას, აღარ ვამბობ ისტორიულად რა იყო, რა თქვა დავით აღმაშენებელმა და ა.შ.
ალბათ, გახსოვთ, ამასწინათ ფერადკანიანი ყმაწვილი რომ მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტში, რა სიყვარულით მიიღო ის ხალხმა, ამ დროს, ქართველ ხალხს ფერადკანიანთან დამოკიდებულების ისტორიული მეხსიერება არ აქვს. სამაგიეროდ, არსებობს უცხოს მიმართ დამოკიდებულება.
ასეთ მცირე ეთნოსს უცხოსადმი ტოლერანტული დამოკიდებულება რომ ჰქონდეს, ეს გასაკვირი არ არის. ეს თვითგადარჩენის ინსტიქტშია. ასეთ მცირერიცხოვან ერებს ყოველთვის აქვთ სასიცოცხლო ინსტიქტში შენახული უცხოსადმი გამოხატვა პატივისცემისა, მაგრამ ასიმილირებას, ანუ მთლიანად რომ იმად იქცეს რაც უცხოა, ერი ეწინააღმდეგება. ესეც თვითგადარჩენის ინსტიქტია. ეთნოსმა რომ იცოცხლოს, ასიმილირება კი არ უნდა განიცადოს, არამედ მიიღოს, გაითავისოს და ა.შ.
ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ განცხადებების ავტორებს უბრალოდ, არ აქვთ ცოდნა საქართველოს მიმართ“, - ამბობს ნანა ჩაჩუა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უმცირესობის წარმომადგენლები სავალალო დღეში არ არიან და დიმიტრი ლორთქიფანიძეც აღიარებს, რომ მთლიანობაში, ეს, რა თქმა უნდა, თითიდან გამოწოვილი თემაა და დაკავშირებულია ფინანსების ათვისების აუცილებლობასთან, რასაც თან ახლავს-ხოლმე გარკვეული პროვოკაციული ქმედებები, რომ გამართლებული იყოს გრანტების მიზნობრიობა, მისი მოცულობის მატება და პერმანენტული პროექტების განხორციელება.
„ეს ურთიერთბმაშია ერთმანეთთან. მთავარია, რომ მგრძნობელობა ასეთი მზაკვრული პროცესისადმი ქართულ საზოგადოებაში არ არსებობს და ყოველთვის ხელმოცარულები დარჩებიან“, - მიიჩნევს დიმიტრი ლორთქიფანიძე.