ფარცხალაძე-თორდიას შორის კომპრომატების ომი დაიწყო

ფარცხალაძე-თორდიას შორის კომპრომატების ომი დაიწყო

შსს-ში აცხადებენ, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს, კაფე-ბარი .. კლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, გამოძიება მაშინვე დაიწყო. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარის თანამშრომლების ჩვენების თანახმად, მათთვის უცნობი მამაკაცი ბარში მუსიკისთვის ხმის არაწევის გამო ერთ-ერთ მათგანს იარაღით ხელში თავს დაესხა, იარაღი სახის არეში რამდენჯერმე დაუმიზნა და დაემუქრა.

„გამოკითხულთა ჩვენებით დასტურდება, რომ ლაშა თორდია ძლიერი ნასვამი იყო და სიტუაციის განმუხტვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი თანხმლები პირის ჩარევის შედეგად. მოწმეების ჩვენებით, თორდია აგრესიულად იქცეოდა და მისი მხრიდან განხორციელებულმა თავდასხმამ მათში მუქარის განხორციელების რეალური შიში გამოიწვია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კაფე-ბარი „პ.ა.მ კლუბში“ განვითარებული მოვლენების ამსახველი, შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, შესწავლის შემდეგ, მტკიცებულების სახით, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო. ამ ეტაპზე, საქმეზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა ვიდეოკადრების ავთენტურობის დადგენის მიზნით. საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 151-ე მუხლით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია როგორ ჩხუბობს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია კაფე-ბარში. ვიდეოს უცნობი ავტორი ამტკიცებს, რომ გენერალური აუდიტორი კაფე-ბარის თანამშრომელს სავარაუდოდ იარაღით ემუქრება. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, კადრები კაფე-ბარის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, რომელიც 2016 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტს ეხება.

ვიდეომასალის ავთენტურობას ადასტურებს გენერალური აუდიტორი, თუმცა დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს. ლაშა თორდია ამბობს, რომ კადრების გავრცელებაში პროკურატურა და უშუალოდ მთავარი პროკურორი იყო ჩართული, რათა მასსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტი გადაიფაროს. თორდია ამტკიცებს, რომ აღნიშნული ვიდეოკადრები ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს.

„ამ ვიდეოსთან და ზოგადად, სხვა საკითხებთან დაკავშირებით პირველივე დღეებში გაისმა მუქარა ოთარ ფარცხალაძის მხრიდან და ეს მუქარა აღასრულა ირაკლი შოთაძემ, რომლის ტელეფონშიც ინახებოდა ეს ვიდეოჩანაწერი და გავრცელდა იმ საკითხის გადასაფარად, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში ვმსჯელობთ. კერძოდ, საუბარია ფარცხალაძის კორუფციულ გარიგებაზე მერიასთან და მისი და რამდენიმე ადამიანის მიერ ჩემზე თავდასხმაზე.

პროკურატურა პირდაპირ ჩართულია ამ ვიდეოკადრების გავრცელებაში. მე თავიდანვე ვთქვი, რომ მუქარა უკავშირდებოდა ამ ინციდენტს, რადგან ვიცოდი, რომ ეს კადრები ჰქონდათ. ახლა გაავრცელეს და ყველამ ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ. ინციდენტი, რომელსაც ასახავს ეს კადრები, არავინ დაშავებულა. არანაირი სროლა და მსგავსი რამ არ ყოფილა. თმის ერთი ღერიც არ ჩამოვარდნია არც ერთ ადამიანს და ამაზე ვილაპარაკებ, როცა დამკითხავს, ალბათ, პროკურატურა“, - აღნიშნა ლაშა თორდიამ.

გენერალური აუდიტორის თქმით, ინციდენტი დიდი ხნის წინ მოხდა და აქამადე მასზე არავის უსაუბრია. თორდიას თქმით, მთელი სახელმწიფო სისტემაა ჩართული, რათა ოთარ ფარცხალაძე გამოიყვანონ იმ ვითარებიდან, რომელშიც ახლა არის.

„პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს - მას ეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინა და ვიდეო ჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, არ შერჩება. აუცილებლად იქნება გამოძიებული როდის დაიბარეს ეს ადამიანები, ამ კლუბის თანამშრომლები, რა ზეწოლა განხორციელდა მათზე და ყველა აგებს პასუხს დანაშაულისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მიშა ჩოხელსაც ვიხილავთ თავგახეთქილს, რადგან შემდგომ თქვან, რომ მას თავი გავუტეხე“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ სადაც ინციდენტი მოხდა, ლაშა თორდიასთან ერთად იმყოფებოდა ყოფილი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი. for.ge-სთან საუბრისას კუბლაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის დეკემბერში დაწყებული გამოძიების შესახებ, მხოლოდ დღეს შეიტყო, რადგან აღნიშნულ ინციდენტზე ამ დრომდე დაკითხული არ არის.

„ჯერ არ ვარ დაკითხული. ვინაიდან ამ საქმესთან დაკავშირებით შეიძლება დავიკითხო როგორც მოწმე, ამიტომ, საჯარო კომენტარებს ცალკეულ დეტალებთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. გიდასტურებთ, რომ იმ საღამოს, იმ კაფეში მე ვიყავი ლაშა თორდიასთან ერთად.

ერთი რამ შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ამ კადრების დღეს წამოწევა, არის მცდელობა იმისა, რომ ფარცხალაძეს აარიდონ საუბრები იმ თემეზე, რაც მისთვის პრობლემურია, ეს არის კორუფციის თემა, ეს არის კრიმინალური წარსული და ის პრობლემები, რომელიც მას აქვს. ამ ვიდეოს გავრცელებით სურთ, წარმოაჩინონ, თითქოს ფარცხალაძე ფრთიანი ანგელოზია, მაგრამ ფარცხალაძის „გათეთრება“ შეუძლებელია. ამიტომ, მე ვურჩევდი ყველას, ვისაც ამ ადამიანთან კონტაქტი აქვს - მაქსიმალურად მოერიდონ, რადგან ის თავისი არსით სვრის ყველას, ვინც მის ირგვლივ არის“, - უთხრა for.ge-ს პავლე კუბლაშვილმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას. for.ge-სთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ამ საქმეზე საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. მისი განცხადებით, მმართველი გუნდის ინტერესები ამ საქმეში არანაირად არ იკვეთება.

„დაველოდოთ გამოძიებას. თვითონ ხელისუფლება არის დაინტერესებული, რომ საზოგადოებამ ამ საქმეზე სიმართლე გაიგოს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს გარდა იმისა, რომ ამ ინციდენტებზე საზოგადოებამ პასუხები მიიღოს და ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის.

საზოგადოებისთვის ორივე ინციდენტი მიუღებელია, ისევე როგორც პოლიტიკური სპექტრისთვის. ერთი მხრივ, ლაშა თორდია სახელმწიფო მოხელეა, მეორე მხრივ - მოქალაქე მიუხედავად იმისა, ის წინა პერიოდში, საჯარო სამსახურში იყო თუ არა. საგამოძიებო ორგანოების მიმართ მაქვს მოთხოვნა, რომ დროულად იქნას ეს საქმე გამოძიებული ისე, რომ საზოგადოებაში დარჩეს სამართლიანობის განცდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ამტკიცებს, რომ ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ, ლაშა თორდია ფიგურირებს, ოთარ ფარცხალაძის დავალებით სუს-მა, შსს-მ და პროკურატურამ გაავრცელეს.

„ბატონი ფარცხალაძე არათუ დაახლოებული პირია, არამედ ძალოვანი უწყებების არაფორმალური მმართველია. ის არათუ გავლენით სარგებლობს, არამედ მართავს სამართალდამცავ უწყებებს. ის ჩანაწერი, რომელიც გაავრცელა სუს-მა პროკურატურასთან და შსს-სთან ერთად, არის ფარცხალაძის დავალებით შესრულებული. ჩვენ ქვეყანას არც შს მინისტრი ჰყავს და არც პრემიერ- მინისტრი, რომელსაც ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. ამ ვიდეოს გავრცელება ადასტურებს, თუ რამდენად კრიმინალური კლანი მართავს ქვეყანას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ლაშა თორდიას წინააღმდეგ გამოქვეყნებული ვიდეო მასალა არის ხელისუფლების შავი პიარი გენერალური აუდიტორის წინააღმდეგ. კახიძის თქმით, მთელი სახელისუფლებო მანქანა მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს პასუხისმგებლობა აარიდონ.

„ამ მიზნით თორდიას შავ პიარს უგორებენ. აქვეყნებენ რაღაც ვიდეოს, სადაც არ ვიცით, არის თუ არა თორდია. თორდია როგორ იქცევა, ამას რა კავშირი აქვს ფარცხალაძის მიერ დანაშაულის ჩადენასთან? ამით ფარცხალაძე ვერანაირად ვერ გამართლდება.

გამოძიება რასაც ეწევა, ამას ჰქვია დანაშაულის ჩაფარცხვა, რადგან ფარცხალაძე ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია პროკურატურისა და ფინანასური პოლიციის საკონტროლებლად და ის ასევე, ივანიშვილთან დაახლოებული წრის მეშვეობით აკონტროლებს მნიშვნელოვან ბიზნეს-წილებს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.