გადაუღებელმა სამდღიანმა წვიმებმა თბილისის მოსახლეობის ნაწილი შეაშფოთა, ზოგს კი 13 ივნისის სტიქიის დასაწყისი მოაგონა. სპეციალისტები ამბობენ, რომ გაზაფხულისთვის დამახასიათებელი წვიმები ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა და ნაკლებად სახიფათოა. თუმცა ივნისიდან უნდა დავაკვირდეთ ნალექების ინტენსიობას, რადგან კლიმატის გლობალური ცვლილების გამო ძლიერი თავსხმა წვიმები გავლენას ახდენენ პატარა მდინარეებზე.
თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ჩვეულებრივი გაზაფხულის ამინდებია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მცირედით მატება, ვთქვათ, მდინარე ვერეზე. რაც შეეხება თავსხმა ძლიერ წვიმებს, ასეთი წვიმები იცის ხოლმე ზაფხულში, ივნის-ივლისში.
„შარშან გაზაფხულის წვიმები 17 მაისს დაიწყო და გადაუღებლად წვიმდა, ოღონდ ხშირი გამოდარებით. წელს კი ძალიან მცირე ნალექი იყო და, წესით, მარტში ან აპრილში ნაწილობრივ მაინც უნდა ყოფილიყო წვიმები. თუმცა ბუნება ყველანაირად შეიცვალა და ბოლო ხანებში ძირითადად რამდენიმედღიანი წვიმები იწყება ან აპრილის განმავლობაში, ან მაისში. ეს ბუნებრივი პროცესია. ასე რომ, შარშანდლისგან განსხვავებით, ახლა გვიან დაიწყო წვიმები. რაც შეეხება 13 ივნისის ტრაგედიას, იმ პერიოდში წყლიანობა დიდი იყო მდინარე ვერეში, ძლიერი ეროზიული ფაქტორები მიმდინარეობდა, ხდებოდა კლდეების ჩამოშლა. 1960 წელსაც აღინიშნა ყველაზე დიდი წყალმოვარდნა, 259 მ3/წამში. 2015 წლის 3-4 ივნისს მდინარე ვერეში მაქსიმალური ხარჯი განვითარდა - 155,3 მ3/ წამში. 4 ივნისის შემდეგ ძლიერი წვიმებით მთის ფერდობებზე ნიადაგი დამძიმდა. ამიტომაც მთლიანად ჩამოიშალა, როგორც კი 13 ივნისის ღამის ძლიერი ნალექი დაიწყო“,-აცხადებს მერაბ ალავერდაშვილი, რომელსაც ახსენდება, რომ წინათ კოჯორსა და მანგლისში იყო ნალექმზომები, ხოლო 90-იანი წლებიდან ისინი აღარ არსებობდა. აერო კოსმოსური დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ 156 მილიმეტრი ნალექი მოვიდა იმ ტრაგიკულ ღამეს სულ რაღაც ხუთ საათში.
თბილისის მიდამოებში სახიფათო ზონებთან დაკავშირებით მეცნიერი აცხადებს, რომ სახიფათოდ მიაჩნია გლდანულა, დიღმის წყალი და, რა თქმა უნდა, მდინარე ვერე. მართალია, მდინარე ვერეს გაცილებით უფრო დიდი წყალშემკრები აუზი აქვს, მაგრამ 13 ივნისის ღამეს ატმოსფერული ნალექი ერთბაშად და ლოკალურად მოვიდა მხოლოდ მდინარე ვერეს აუზში. დიღმის წყლის აუზში ნალექი ერთბაშად არ მოსულა. თუმცა დიღმის წყალზე ასეთი რამ ახლა რომ განვითარდეს, უარესი მოხდება, რადგან მოსახლეობას პირდაპირ მდინარის პირას აქვს სახლები.
„საშიშროება არსებობს ყველა მდინარეზე თბილისის გარშემო. ძირითადად ეს ეხება ზემოთ ჩამოთვლილ სამ მდინარეს. მართალია, ამ ეტაპზე უშუალო საფრთხე არ ჩანს, მაგრამ ივნისიდან უნდა დავაკვირდეთ ნალექების რაოდენობას. კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან დაკავშირებით, ძლიერი თავსხმა წვიმები გავლენას ახდენენ პატარა მდინარეებზე. ინტენსიური წვიმების შედეგად, სულ რაღაც 2 საათში შეიძლება მოვიდეს წლიური ნალექის 30%“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახლანდელი გადაბმული წვიმები იმდენად სახიფათო არ არის, რამდენადაც სახიფათოა წვიმის ინტენსიობა, ანუ გარკვეული დროის განმავლობაში მოსული წვიმის რაოდენობა. შეიძლება, ყოველდღიურად წვიმდეს, მაგრამ ის ინტენსიობა არ იყოს, რომ ნიადაგი გააჯეროს და გამოიწვიოს ან წყალდიდობა-წყალმოვარდნა, ან მეწყერი. ამას სჭირდება გაზომვა, თუ რა რაოდენობის წვიმა მოვიდა და რამდენ ხანში; გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, გრუნტი რა მდგომარეობაში დაუხვდა ამ წვიმებს და რა ოდენობის წვიმის გაძლება შეუძლია გრუნტს.
„გრუნტი როცა გაჯერდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს, რომ მოსული წვიმა პირდაპირ ჩაჟონვის გარეშე ჩავიდეს კალაპოტში და მდინარეები აადიდოს; ხოლო, თუ შეკავშირება შემცირდება გრუნტის ფენებს შორის, ეს გამოიწვევს მეწყერს. ასე რომ, საჭიროა როგორც ნალექების გაზომვა თბილისის სხვადასხვა წერტილში, ისე გრუნტის მდგომარეობის შესწავლა. ახლა წელიწადის ის დროა, როცა შედარებით უხვი ნალექია. ეს ნორმალურია ამ პერიოდისთვის. თბილისში ნორმალურად ითვლება, რომ მაის-ივნისი უხვნალექიანია. შესაბამისად, გარემოც მეტ-ნაკლებად შემზადებულია ნალექისთვის. თუმცა, თუ ნორმიდან გადახრა დაფიქსირდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს წყალმოვარდნა ან მეწყერი. მაგალითად, თბილისში წყალმოვარდნის მხრივ ერთ-ერთი საყურადღებოა ლეღვთახევის ტერიტორია. მოგეხსენებათ, ლეღვთახევი არის მდინარე, რომელიც გამოივლის ბოტანიკურ ბაღს და აბანოთუბანთან უერთდება მტკვარს. ბოტანიკური ბაღიდან აბანოთუბნამდე ქმნის ვიწრო კანიონს, მისი სიგანე 5-10 მეტრია. იქ ადამიანები, ტურისტები მოძრაობენ და ამ მდინარის ადიდება ვიწრო კალაპოტის გამო სახიფათოა. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ასევე, მდინარე დიღმის ხევს, გლდანულას, ეს ხეობები თბილისში შემოდის“,-აცხადებს ლაშა სუხიშვილი და პრევენციულ ღონისძიებად მიიჩნევს წვიმისა და გრუნტის რაოდენობრივი მონაცემების გაზომვას, იმის გათვლას, თუ როგორ მოიმატებს მდინარის წყლის დონე.
ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმ ზონების გამოყოფა, საიდანაც მოსახლეობა სხვა ადგილას უნდა გადასახლდეს, ან ხალხი უნდა გააფრთხილონ, რომ ინტენსიური ნალექის დროს თუნდაც სარეკრეაციო მიზნებისთვის ასეთ ადგილებში არ შევიდნენ. ლაშა სუხიშვილის აზრით, ეს დროში გაწელილი საკითხია და კვლევები დღესვე რომ დაიწყოს, დიდი დრო დასჭირდება შედეგის მიღებას. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.