მომავალ კვირას გახდება ცნობილი, შეიქმნება თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისია. პარლამენტი გენერალური აუდიტორის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს კენჭს მომავალ სასესიო კვირაში უყრის.
12 მაისს, შარდენზე მდებარეკაფე „ელცენტროში“ ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით და შესაბამისი დადგენილების პროექტით უმცირესობამ პარლამენტს ორი დღის წინ მიმართა.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ იმ დანაშაულის გამოძიება, რომელიც გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტს უკავშირდება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობამ აღნიშნა, რომ მომხდარს საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან, პირველი –საქმე ეხება ქვეყნის ერთ–ერთ უმთავრეს თანამდებობის პირზე განხორციელებულ თავდასხმას, მეორე – ოთარ ფარცხალაძე, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, საზოგადოებისათვის ცნობილია არაერთ სავარაუდო კანონდარღვევისა და საეჭვო გარიგების გამო.
ამ ყველაფერს ემატება კონფლიქტში მონაწილე მხარეების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომელიც საკითხის გარკვევის ნაცვლად, პირიქით, დამატებით შეკითხვებს ბადებს. შესაბამისად, ელენე ხოშტარია უმრავლესობას წარსულს ახსენებს, კერძოდ, რა გაკვეთილი მიიღო ხელისუფლებამ იმ დაუსჯელობის სინდრომიდან, რომელიც გირგვლიანის საქმის მძიმე ტვირთიიყო. ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათ წინა ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომებიდან ვერაფერი ისწავლეს.
„რა გაკვეთილები გამოიტანეთ იმ დაუსჯელობის სინდრომზე, რომელიც გირგვლიანის საქმის ერთ–ერთი მძიმე მხარე და ტვირთი იყო–ის, რომ ოთარ ფარცხალაძე გახდეს თქვენი დროის გმირი?! უსწორდებოდეს, ურტყამდეს ადამიანებს და მერე ჩამწკრივდეს მთელისახელმწიფო სისტემა – პროკურატურა, სასამართლო და მერია უწყობდეს აუციონებს?!
თქვენ არცერთი ჩანაწერი არ ამოგიღიათ, რომელიც არ გაწყობდათ – მათ შორის ფარცხალაძესთან დაკავშირებული ვანომერაბიშვილის საკნიდან გაყვანის პერიოდში! რაგაკვეთილები გამოიტანეთ იქედან, რომ პირადი ცხოვრების შელახვა არ შეიძლება?! ის, რომ პირადი ცხოვრების კადრები გამოაქვეყნოთ და ადამიანები აშანტაჟოთ?!“, – მიმართავს ელენე ხოშტარია მმართველი გუნდის წევრებს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ უნდა დაიწყოს, როცა გამოძიება დასრულდება და მასთან გარკვეული შეკითხვები იქნება. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებს საქმის გამოსაძიებლად გონივრული ვადა მიეცეთ.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნამდვილად ცალსახად ჩამოყალიბებულია. პარლამენტის თავმჯდომარემაც თავისი პოზიცია დააფიქსირა. პირველ რიგში, ეს როგორც კანონმდებლობით გათვალისწინებულია და ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება და უნდახდებოდეს, საგამოძიებო ორგანოებს გონივრული დრო უნდა მივცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. რაც შეეხება შეფასებებს, შეფასებები მას შემდეგ უნდა გავაკეთოთ, რაც სიმართლე გაირკვევა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე.
სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ დღის წესრიგში დგება თორდია–ფარცხალაძის საქმის სხვა ფორმატში შესწავლის აუცილებლობა, თუმცა ჯერ გამოძიებას კიდევ რამდენიმე დღე უნდა მივცეთ. სახალხო დამცველის განცხადებით, ბევრ კითხვას აჩენს,თუ რატომ არ მოხდა ფარცხალაძის დაუყოვნებლივ დაკითხვა.
„ჩვენ საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ აღნიშნული საქმის შესწავლა. თავისთავად ის ფაქტი, რომ მხოლოდ გუშინ მოხდა ფარცხალაძის დაკითხვა, ბევრ კითხვას აჩენს. როდესაც საუბარია განცხადებაზე, რომელსაც აკეთებს ერთ–ერთი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი, მე ვფიქრობ, დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო რეაგირება ამ განცხადებაზე. ჩვენ გამოძიებას თვალ–ყურს მივადევნებთ.
ცოტა ხანში ძალიან ბევრ საკითხზე გვექნება ინფორმაცია და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. იმედი მაქვს, ეს გამოძიება გონივრულ ვადაში დასრულდება. თუ, რა თქმა უნდა, ეს გამოძიება არ დასრულდა და კიდევ ერთი გაწელილი საქმე არ მივიღეთ. რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგება სხვა ფორმატში ამ საქმის შესწავლის აუცილებლობა. მათ შორის, შესაძლოა, იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ჯერ გამოძიებას კიდევ რამდენიმე დღე უნდა მივცეთ“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველისგან განსხვავებით, ვიცე–პრემიერი ენდობა გამოძიების მიმდინარეობას და იცის, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად კეთდება. ალექსანდრე ჯეჯელავა ფიქრობს, რომ გამოძიების ადეკვატურობის შეფასება მისი გასაკეთებელი არ არის.
„ნებისმიერი სახის ძალადობა და მით უმეტეს, როცა მასში შეიძლება ჩართული იყოს მაღალი თანამდებობის პირი, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და ყველა დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ეს პრინციპული საკითხია. გამოძიების მიმდინარეობა ჩემშინ დობას იწვევს და ვიცი, რომ ყველაფერი კეთდება კანონის და რეალობის შესაბამისად“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
თავის მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების საქმეზე გამოძიება მსუბუქი მუხლითაა დაწყებული, რის გამოც გამომძიებლები შემთხვევის ადგილიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას ვერ ახერხებენ. ლაშა თორდია აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია იმისთვის, რომ არ დასრულდეს. თორდიას განცხადებით, ფინანსური პოლიცია და თავად ყოფილი მთავარი პროკურორი ყველაფერს აკეთებენ, რომ მასთან დაპირისპირების საქმეზე მოწმეთა ჩვენებები გააყალბონ.
„კაფე „ელცენტროში“, სადაც ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ყოფილი მთავარი პროკურორის მაგიდასთან, გარდა მიშა ჩოხელისა, იყო მთელი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობა –მოადგილე, საგამოძიებო სამსახურის უფროსი და ა.შ. ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ თავის გადასარჩენად. მთელი ფინანსური პოლიციაა მობილიზებული მოწმეებზე ზეწოლის განსახორციელებლად.
მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ გამოძიებას, რადგან ყველაფერი ნათელია. გამოძიებას რომ სდომოდა, 5 წუთში დაიდებოდა კადრები და აჩვენებდნენ, როგორ აზიანებს ლაშა თორდია თავის თავს. გამოძიებას უნდა, რომ გამოძიება არ დასრულდეს.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის განცხადებას, რომ შეხვედრა იყო წამიერი, მისი სურვილია, რომ მალაპარაკონ წამიერი იყო შეხვედრა თუ ათწამიანი. დაახლოებით 1 წუთი გრძელდებოდა ჩხუბი და 12 რაუნდი ნამდვილად არ მიჩხუბია, თუმცა 10 წამში შემიძლია ფარცხალაძის ადვოკატსაც და მასაც დავმართო ჩემზე უარესი, რაც დამმართეს მე“, – აცხადებს ლაშა თორდია.
როგორც თორდია აცხადებს, მომავალ კვირას სახელმწიფო აუდიტის სამსახური გაასაჯაროვებს ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საქმეს, სადაც მისივე თქმით, არის დანაშაულის ნიშნები.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ოთარ ფარცხალაძეს დაუკმაყოფილეს ყველაფერი, თუმცა სხვა შემთხვევაში ვხედავთ,რომ მსგავსი რამ არ ხდება მერიის მხრიდან. მიწის გადაცემასთან დაკავშირებით არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იყო კონრეტულად ოთარ ფარცხალაძის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ დასკვნაში არის დანაშაულის ნიშნები.
ამაზე შემდგომი რეაგირება უნდა მოახდინოს პროკურატურამ. ჩვენ ვერ დავკითხავთ კერძო პირებს, დაკითხვის პროცესში გამოვლინდება, ვინ, რა, და რის გამო გააკეთა მიწების გადაცემის პროცესში. ჩვენ ვნახეთ, რომ მას დაუკმაყოფილეს ყველაფერი, თუმცა სხვა შემთხვევაში ვხედავთ, რომ მსგავსი რამ არ ხდება მერიის მხრიდან“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.