მთიანი ყარაბაღის გარშემო სიტუაცია იძაბება. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომის ალბათობა დიდია და პროვოკაციისთვის ორივე მხარე ემზადება. მისი აზრით, პარალელურად, რუსეთსაც აწყობს ეს ომი, რათა ე.წ. სამშვიდობოები შეიყვანოს ამ რეგიონში და ცხინვალის, გიუმრის, მთიანი ყარაბაღის სამკუთხედი შექმნას.
თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტი ემუქრება აზერბაიჯანელებს, თუკი აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში კონფლიქტს დაიწყებს, სომხეთი ამის საპასუხოდ აზერბაიჯანის ტერიტორიას დაბომბავს.
ბოლო ინციდენტი 15 მაისს მოხდა, როცა აზერბაიჯანულმა არმიამ მთიანი ყარაბაღის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა და სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა, კომპლექსი „ოსა“ გაანადგურა. ამგვარი ქმედება ბაქომ იმით ახსნა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო სივრცეზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ. ამიტომაც აზერბაიჯანის საფრენი აპარატებისთვის შექმნილი საფრთხიდან გამომდინარე, სრულად გაანადგურეს კომპლექსი „ოსა“.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ეჭვობს, ვინმეს ინტერესში იყოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომის დაწყება. ეს ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ სომხეთს, რომელსაც გარანტია აქვს, რუსეთი ჩაითრიოს იმ ომში, სადაც აზერბაიჯანის დამარცხება გარდაუვალი იქნება. ასევე, ეს ომი შეიძლება ნაწილობრივ თურქეთის ინტერესშიც იყოს და ერდოღანს აწყობდეს მედიატორის როლში გამოსვლა მთიან ყარაბაღთან მიმართებით. For.ge-სთან საუბარში სოსო ცინცაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის ინტერესში ამ ომის დაწყება არანაირად არ შეიძლება იყოს, რადგან, თუკი ძალზე გამწვავდება ურთიერთობა, რუსეთი იძულებული გახდება ერთ-ერთის მხარე დაიკავოს. ჩვეულებრივ, შემრიგებელს მეტი ხვდება და შემრიგებლის მიმართ ორივე მხარე უკმაყოფილო იქნება. ამიტომ რუსეთი, ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ წაგებული გამოვა.
რაც შეეხება ალიევის ინტერესს ყარაბაღის ომის მიმართ, პოლიტოლოგის განმარტებით, ალიევს გაისად საპრეზიდენტო არჩევნები ელის, მაგრამ ისე აქვს აწყობილი საქმე აზერბაიჯანში, რომ გამარჯვებისთვის სულაც არ სჭირდება ახალი კონფლიქტი და სისხლისღვრა. თუმცა ალიევი მუდმივად არ შეეგუება ასეთ რეალობას. მით უმეტეს, რომ იგი ცდილობს, ლამის თურქეთსაც დაეწიოს შეიარაღებისთვის გაღებული სამხედრო ხარჯებით. აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი სომხეთ-საქართველოს და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ერთად აღებულ ბიუჯეტს აღემატება. თურქი ოფიცრები კი 10-15 წელია, ამზადებენ აზერბაიჯანულ არმიას.
„აზერბაიჯანმა კარგად იცის, რომ სომხეთთან ომი რუსეთთან ომს ნიშნავს, ვინაიდან სომხეთ-რუსეთს შორის დადებულია ხელშეკრულება და რუსეთი სომხეთის სამხედრო მოკავშირეა. მართალია, გიუმრში გაძლიერდა რუსეთის შენაერთი, მაგრამ ამიერკავკასიაში მარტო სომხეთის იმედად დარჩენა პუტინისთვისაც არ არის მიმზიდველი. საქართველოსთან მძიმე ურთიერთობა აქვს რუსეთს და არ სურს, აზერბაიჯანიც ასევე გადაიკიდოს. სომხეთი მისთვის სტრატეგიული მოკავშირეა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი სომხეთის გულისთვის იომებს და აზერბაიჯანთან ნელ-თბილ ურთიერთობას მტრულად გადააქცევს, რაც არ აწყობს რუსეთს. მით უმეტეს, როდესაც თურქეთთან მაინცდამაინც შეხმატკბილებული ურთიერთობა არ აქვს.
ქურთების პრობლემაა თურქეთში, მაგრამ იმ ქურთებს რუსებიც ეხმარებიან და ამერიკელებიც. ასე რომ, ნატოს იქით ერდოღანს გზა არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქეთი ნატოს წევრია და დარჩება ნატოს წევრად. ბოლო დროს საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა, აფხაზეთის რკინიგზა რუსეთს სომხეთის სასარგებლოდ სამხედრო ტვირთთა გადასატანად სჭირდებოდეს. ცხადია, რუსეთის გადმოსახედიდან რთულია, როდესაც შენს სტრატეგიულ მოკავშირესთან საერთო საზღვარი არ გაქვს. მართალია, ამერიკასაც არ აქვს საერთო საზღვარი იაპონიასთან, ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან, მაგრამ ის მაინც ამერიკაა და ამერიკის ფლოტი არის იაპონიასთანაც, კორეასთანაც და ახლო აღმოსავლეთსაც მისწვდება. რუსეთს კი სომხეთში ჰყავს მუდმივი კონტინგენტი, რომელსაც ამუნიციიდან დაწყებული, ყოველდღიურად ათასი რამის მიწოდება სჭირდება, რაც ძალიან ძვირი ჯდება“, - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომლის აზრითაც, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა ომი ნაკლებ სავარაუდოა.
გარდა იმისა, რომ რუსეთს არ აწყობს აზერბაიჯანის სამუდამო გადაკიდება, არის კიდევ სხვა ობიექტური მიზეზებიც, რის გამოც ყარაბაღის კონფლიქტის ხელახლა გაჩაღებას რუსეთი მოერიდება. კერძოდ, დაძაბულობა ყარაბაღში რიკოშეტივით აისახება ევროპასთან ურთიერთობაზე. გარდა ამისა, აზერბაიჯანში თავის ადგილს ეძებს ჩინეთი. დიდი აბრეშუმის გზის კონტექსტში პუტინი ჩინეთს სტუმრობდა, საამისო ხელშეკრულებებიც დაიდო.
„რატომღაც ვერსად ვნახე, რომ დიდი აბრეშუმის გზა გადის საქართველოზე. უბრალოდ, გადის მხოლოდ ერთი მონაკვეთი, ისიც სარეზერვო გზა. ისედაც თოფის წამლის კასრად არის ქცეული ჩვენი რეგიონი და, თუ მთიან ყარაბაღში დაიწყება სროლა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, ეს არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ომში. რუსეთს ისიც არ აწყობს, სომხეთმა გაიმარჯვოს აზერბაიჯანში და იქ შეიცვალოს ყველაფერი. აზერბაიჯანი მაინც ნავთობი და გაზია.
ამიტომ ამ რეგიონში დესტაბილიზაცია არც შტატებს, არც ევროპას, არც ახლო აღმოსავლეთს, თუნდაც იმავე საუდის არაბეთს, კატარს, ბაჰრეინს არ აწყობთ. გარდა ამისა, აზერბაიჯანი, ასე თუ ისე, მაინც ისლამური სახელმწიფოა. თუ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ჩვენც სხვის პახმელიაზე გამოსვლა მოგვიწევს. როცა სამხედრო ტვირთის, სამხედრო ძალების გადასროლა ხდება, არავინ უყურებს იმას, რომ ჩვენი ტერიტორიის სუვერენიტეტი ირღვევა“.
„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“- წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის გამო ვითარება ფეთქებადსაშიშია, რაც ჩვენთვის საყურადღებოა იმ კონტექსტში, რომ რეგიონში ნებისმიერმა აფეთქებამ შესაძლოა, გამოიწვიოს რუსეთის კიდევ უფრო გააქტიურება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კიდევ უფრო შელახვა. მაგალითად, ჯარების ტრანზიტული გაყვანა, ან საქართველოს ტერიტორიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის.
„ზოგადად, რუსეთის ინტერესია, ამ რეგიონში უფრო ძლიერად იყოს წარმოდგენილი. რუსეთისთვის დაძაბულობა შეიძლება იმითაც იყოს საინტერესო, თუ ეს გამოიწვევს მისი ე.წ. სამშვიდობოების ჩადგომას მთიან ყარაბაღში. ნებისმიერი სახის დესტაბილიზაცია მოსკოვს აწყობს, თუკი ამას არ მოჰყვება რაიმე ტიპის სხვა გართულება. რაც შეეხება აფხაზეთის რკინიგზას, შესაძლოა, ყარაბაღთან მიმართებით ეს პირდაპირ ბმაში არ იყოს, მაგრამ ამ ტიპის პროექტი რუსეთს კიდევ უფრო დომინანტურად წარმოაჩენს ამ რეგიონში და კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის ამ რეგიონს მოსკოვზე“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.