მოპოვებული ოქროს რაოდენობა მსოფლიოში

მოპოვებული ოქროს რაოდენობა მსოფლიოში

დედამიწაზე, „საერთაშორისო ოქროს საბჭოს" მონაცემებით, დღემდე სულ 140.000 ტონა ოქროა მოპოვებული, აქედან ქვეყნების ოქროს მარაგზე მხოლოდ 19% მოდის. ოქროს მარაგი "ოქროსა და ვალუტის რეზერვის" შემადგენელი ნაწილია და ოქროს წილი რეზერვში პროცენტით აღინიშნება. საცავებში ოქროს მარაგი სტანდარტული ზოდების სახით ინახება: ზოდის წონა 400 უნცია ანუ 11,336 კგ-ია.

ქვეყნების ოქროს მარაგის რეიტინგი "ოქროს საბჭოს" ყოველწლიურ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა. ბოლო რეიტინგი მიმდინარე წლის აპრილის მონაცემების საფუძველზე შედგა.

რაც შეეხება ოქროს მოპოვებას 2017 წელს, მსოფლიოში სულ 2 789 ტ ოქრო მოიპოვეს (2010-ში - 2 638). ოქროს მომპოვებელი ქვეყნების რეიტინგი, ბუნებრივია, მკვეთრად განსხვავდება ოქროს მარაგების ტოპათეულისგან. „ბლუმბერგის“ 2017 წლის მონაცემებით ოქროს მომპოვებელი ქვეყნების  პირველი ათეული ასეთია:

1. ჩინეთი: 380 ტ - ჩინეთი ასევე ლიდერია აზიაში  საიუველირო წარმოებაში გამოყენებული ოქროს რაოდენობით.

2. ავსტრალია: 272 ტ - ამ ქვეყანაში ოქროს მასშტაბური მოპოვება ჯერ კიდევ 1890 წლიდან დაიწყო.

3. აშშ: 243 ტ - პირველი „ოქროს ძარღვი" ვირჯინიაში  1782 წელს აღმოაჩინეს, ოქროს მოპოვების მკვეთრი ზრდა კი ქვეყანამ 1980 წლიდან დაიწყო.

4. სამხრ. აფრიკა: 221 ტ - მრავალი წელი ოქროს მოპოვების ლიდერი იყო. პროგნოზებით, ათეულში დიდხანს იქნება.

5. რუსეთი: 205 ტ - ექსპერტთა შეფასებით, ოქროს ყველაზე დიდი მარაგები სწორედ ამ ქვეყანაშია.

6. პერუ:  156 ტ - პერუს თითქმის მთელი ოქრო პრაქტიკულად ერთ საბადოში მოიპოვება.

7. განა: 102 ტ - 90-იან წლებში ოქროს წარმოების ერთ-ერთი ლიდერი იყო, ამჟამად წარმოება მკვეთრად შემცირდა. 

8. კანადა: 101 ტ - „ოქროს ციებ-ცხელების" ეპოქამ კარგა ხანია ჩაიარა. საბადოები გაღარიბდა, რის გამოც ქვეყანაში ოქროს მოპოვება ეცემა.

9. ინდონეზია: 97 ტ - რეგიონის უდიდესი ქვეყანა ოქროს მოპოვების ლიდერებში მხოლოდ ბოლო წლებში გაერია.

10. მექსიკა: 82 ტ - ოქროს მოპოვების ზრდა კანადურ ოქროსმომპოვებელ კომპანიას უკავშირდება, რომელსაც ჩვენთვის საინტერესო სახელი: "არგონავტების ოქრო"! ჰქვია.