გერმანია-თურქეთს შორის ვითარება იძაბება. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ბაზიდან საკუთარი სამხედროების გაყვანას გეგმავს. ანგელა მერკელის განცხადებით, ისინი ინჯირლიკის ალტერნატიულ სამხედრო ბაზას თურქეთის მეზობლად ეძებენ, სავარაუდო ქვეყანად კი იორდანია დასახელდა.
გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ოფიციალური ანკარის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. კერძოდ, თურქეთმა გერმანელ დეპუტატთა ჯგუფი ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე არ შეუშვა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარტინ შეფერი აცხადებს, რომ ბერლინი ანკარასთან ვიზიტის შესახებ მოლაპარაკებებს აპრილის დასაწყისიდან აწარმოებდა, თუმცა თურქული მხარე ვერ დაითანხმა.
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ინჯირლიკის ბაზაზე გერმანული კონტინგენტია ბაზირებული, თუმცა, უკვე, სამხედრო ბაზის ალტერნატივის საკითხი განიხილება. თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ გერმანიამ ანკარასა და ამბოხებულებს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს, რადგან, როგორც ილდირიმი აცხადებს, ევროპისა და ევროპელი ხალხის უსაფრთხოება თურქეთიდან იწყება.
„გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება, პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს 15 ივლისის ამბოხების მონაწილეებს, ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ბერლინმა არჩევანი უნდა გააკეთოს ჩვენს და ამბოხებულებს შორის“, - აცხადებს ბინალი ილდირიმი.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის არმიის ორმა გენერალმა, რომლებიც სავარაუდოდ 2016 წელს მონაწილეობას იღებდნენ არშემდგარ სამხედრო გადატრიალებაში, გერმანიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, გენერლებმა თავშესაფარი ფრანკფურტის აეროპორტში ორშაბათ საღამოს მოითხოვეს. გამოცემის ინფორმაციით, წინასწარი შემოწმების შემდეგ, თურქი გენერლები დევნილთა წინასწარი ძიების გამანაწილებელში, ქალაქ ისენში უნდა გადაიყვანონ.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე ინჯირლიკის ბაზას ნატო-ს წევრები, კერძოდ, ხუთი ათასი აშშ-ს სამხედრო, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ძალები, ასევე ყატარისა და საუდის არაბეთის სამხედრო ძალები იმყოფება. ინჯირლიკის საჰაერო ბაზა, რომელიც სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიხურა, ისევ საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის განკარგულებაშია.
აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზიდან საჰაერო დარტყმებს ახორციელებს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე. გარდა ამისა, კოალიციის საჰაერო ძალები ბაზას სირიასა და ერაყში სამხედრო ოპერაციების დროს იყენებენ.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ერდოღანმა დასავლეთს თამაშის ახალი წესი შესთავაზა და მუდმივად აშანტაჟებს. შესაბამისად, არ არის გამორცხული, რომ გერმანიის მხრიდან ინჯირლიკის ბაზიდან სამხედროების გაყვანის საკითხი, თურქეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის საგანი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი არ შეწყვეტს დასავლეთის დაშანტაჟებს, გერმანიამ შეიძლება მართლაც მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით.
„წარმოიდგინეთ, რომ ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი, C-400 შეძენის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან, რაც არ ჯდება დასავლურ ლოგიკაში. ერდოღანს კარგად ესმის, რომ ის ავტორიტარული ქმედებები, რომელსაც იგი აწარმოებს თუქეთში, არ მოსწონს დასავლეთს. 50 წელზე მეტია თურქეთი ევროპის ასოცირებული წევრია, ჰქონდა მიზანი, რომ გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, მაგრამ ედოღანმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ მათი გეზი ევროპისკენ აღარ არის.
ერდოღანის ნაბიჯები ადასტურებს, რომ ევროპულ გზას შორდება. თურქეთი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს სიკვდილით დასჯის შემოღების თაობაზე, ეს უკვე ადასტურებს, რომ ნატოს წვერი თურქეთი უხვევს ათათურქის გზას, სეკულარიზმის გზას, რომელმაც უზრუნველყო თურქეთის განვითარება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, დასავლეთი ეძებს ალტერნატივას, რაც იმის დამადასტურებელია, რომ შესაძლოა შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი და თურქეთი, რომელიც სიდიდით მეორე არმიაა ნატოში, შეიძლება მალე ვიხილოთ სხვა გზაზე.
„ტრანსფორმაციის ერაა, სრულად ახალ წესრიგზეა ლაპარაკი. თურქეთი ისედაც ორმაგ თამაშსს ეწევა, ხან რუსეთთან დაახლოებული და ამით დასავლეთს აშანტაჟებს. ამიტომ ვამობობ, რომ შეიძლება სრულად ახალი სინამდვილის წინაშე დავდგეთ. კერძოდ, თურქეთი აღარ იყოს ნატოს ისეთი აქტიური წევრი. მით უმეტეს იმ ქმედებების შემდეგ, რაც ერდოღანმა განახორციელა - ფაქტობრივად სამხედრო გენერალიტეტი მოსპო თურქეთში, რაც შეიძლება ცუდად დაუბრუნდეს თვითონ ერდოღანს.
როდესაც სამხედრო ძალიერება გამოეცლება ქვეყანას, მერე შეიძლება სხვა მიმართულებით წავიდეს. სიტუაცია მართლაც ძალიან რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე უფრო ვაჭრობა მიმდინარეობს დასავლეთსა და თურქეთს შორის. მომავალი გვიჩვენებს როგორ დალაგდება სიტუაცია“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს, რო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე ინჯირლიკის ბაზის ამ ფორმით არსებობაში დაინტერესებულია ამერიკა, რადგან აღნიშნული ბაზა სტრატეგიული მნშვნელობის არის. მისივე თქმით, სწორედ ამ ბაზაზე იყო განთავსებული ის ამერიკული რაკეტები, რომელიც ხრუშოვმა კარიბის კრიზისის შემდეგ გაიტანა ინჯირლიკიდან.
„სამხედრო ბაზის დახურვა და მით უმეტეს ახალის შექმნა, ეს იმდენად რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომ არა მგონია, ასე უცებ მოხდეს ბაზის ლიკვიდაცია. გასაგებია, რომ თურქეთი, აშშ და მით უმეტეს ბრიუსელი ერთად ვერ ძოვენ. ერდოღანის უკანასკნელი ნაბიჯების შემდეგ, თურქეთს პრაქტიკულად გადაეკეტა ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, ეს უკვე რეალურად არის აღქმული.
მაგრამ ნახეთ რა ხდება, თურქეთი, ისევე როგორც გერმანია და ამერიკა არის ნატოს წევრი სახელმწიფო, ინჯირლიკის სამხედრო ბაზა არის სუპერ სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ბაზა. მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დღევანდელი ეს რეალობა, ფასს მატებს ამ სამხედრო ბაზას.
გეთანხმებით, რომ ამერიკასთან ცუდი ურთიერთობა აქვს თურქეთს, მაგრამ ამავე დროს ტრამპმა პირველმა დაურეკა ერდოღანს და გამარჯვება მიულოცა, ესეც ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია. ნატო, ეს იმდენად შეკრული სამხედრო სხეულია, რომ ისეთი რადიკალური ღონისძიება, როგორიც არის ნატოს წევრი ქვეყნიდან ჯარის გაყვანა და მისით სხვა ქვეყნის ჩანაცვლება, არარეალურია. არ მგონია, ასეთი რადიკალური ნაბიჯი გადაიდგას ნატოს წევრი გერმანიის მხრიდან“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ინჯირლიკის ბაზა ერთგვარად ბლოკადაშია, მიუხედავ იმისა, რომ თითქოს ყველაფერი მოგვარდა, ახლა კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია, რადგან ამერიკელები ქურთების კომუნისტური პარტიის სამხედრო კოლონებსა და ქურთისტანის დემოკრატიულ ძალებს იარაღს აწვდიან, დაკაზე შეტევა რომ განახორციელონ.
„ამან თურქეთის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც თურქეთ-გერმანიის ურთიერთობების უკიდურესი გაუარესება დაემატა. გერმანია, როგორც ჩანს, თურქეთიდან აპირებს ჯარების გამოყვანას, რადგან ის მონაწილეობს გაერთიანებულ კოალიციაში, რომელიც ერაყისა და სირიის მიმართულებით „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო საბრძოლო ოპერაციას ახორციელებს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.