„ჩვენისთანა ღარიბ ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლა ყოველთვის მომგებიანი არ არის. როგორც წესი, ინვესტორები ალტრუისტული მიზნებით არ შემოდიან, რომ საქართველოს დაეხმარონ“, - აცხადებს საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა For.ge-სთან საუბარში.
საკამათოდ იქცა, უნდა გაიცეს თუ არა ბუნებრივი რესურსები უცხოელებზე? არის მოსაზრება, რომ, თუ ისინი ინვესტიციას შემოიტანენ, იქნებ, ღირდეს ასეთ კომპრომისზე წასვლა. მით უმეტეს, თუკი უცხოელები ჩვენს ტყეებს ზურგზე ვერ მოიკიდებენ.
- მოგეხსენებათ, ბუნებრივი რესურსების, ტყეების მოხმარების ლიცენზიები უცხოელებზეა გაცემული. ეს ნიშნავს, რომ ცოტა რაიმე თუ გვაქვს, ისიც უცხოელებს მივეცით. გვიხარია, ინვესტიცია თუ შემოვა, მაგრამ მოვა ინვესტორი, ჩადებს 5 მილიონ დოლარს, წაიღებს 25 მილიონ დოლარიან მოგებას და 50 მილიონი დოლარის ზიანს მიაყენებს ჩვენს ბუნებას. პროფესორ თვალჭრელიძეს შესანიშნავი ნაშრომი აქვს გაკეთებული საქართველოს ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით, სადაც აღწერილია საქართველოს ეროვნული სიმდიდრე, ის რესურსები, რომელიც ღმერთმა დაგვიტოვა და ჩვენ კი მივეცით თურქებს, ირანელებს. ცხადია, ისინი ამას ექსპლუატაციას უწევენ და გააქვთ საქართველოდან.
ეს რესურსები გარკვეული პერიოდის განმავლობაში დროებით გაიცემა. იჯარით გაცემა ამ დანაკარგს არ აანაზღაურებს?
- როგორც წესი, ინვესტორთა უმეტესობას ყველაფერი მიაქვს. ცალკე თემაა, ჩინელები რას აკეთებენ და რატომ გაიცა ლიცენზიები ჩინელებზე. როგორ შეიძლება მილიარდიან ერს მისცე რაღაც?! მით უმეტეს, როცა ამ ერს არ ყოფნის არაფერი და უფრო მეტს წაიღებს. ეს რესურსები შეიძლება ქვეყნისთვის მომგებიანი იყოს, თუ გამოვიყენებთ ქვეყნის შიგნით თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ერთად, ან გავყიდით გარეთ. ახლა კი ამ ყველაფერს სხვები დაეპატრონენ, თანაც 10-15-25 წლით. არ არსებობს ალტრუისტი ინვესტორი, ის მოვა იმისთვის, რომ რაღაც წაიღოს. სამწუხაროდ, არც ჩვენ გვყავს სარაჯიშვილის დონის ქველმოქმედები, პატრიოტები. არ ვამბობ, რომ პირი დავაღოთ და ვუყუროთ, ბიძინა ივანიშვილი ან გოგი თოფაძე რას მოგვცემს, მაგრამ მთავარია, ქვეყანას რას უკეთებენ ბიზნესმენები, რადგან უბედურ ქვეყანაში ბედნიერი არავინ იქნება, არც მდიდარი, არც ღარიბი. ღარიბი მაინც დაღუპულია, მაგრამ მდიდარიც ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას, რომ ხვალ უფრო მეტი არ დაკარგოს და გასაქცევად არ ჰქონდეს საქმე.
ამას ჩვენი ძველი მეცენატები აბალანსებდნენ, ისინი ცდილობდნენ, უკმაყოფილება არ ყოფილიყო და თავისი მოგებიდან გარკვეული წილი შესაბამის სოციალურ პროექტებზე დაებანდებინათ. ამან სერიოზული სახე უნდა მიიღოს, ის კი არა, რომ არჩევნების წინ ვიღაცას მისცენ ორი კილო შაქარი. ეს იმ მოსახლეობის გარყვნაა, რომელთაც საარჩევნო მიზნისთვის ამზადებენ.
ჩვენმა მდიდრებმა ხელი უნდა შეუწყონ სამუშაო ადგილების შექმნას, პენსიონერებს დაეხმარონ, თორემ ქვეყანა თუ ადუღდა და ხალხი გამოვიდა ქუჩებში, იმ მდიდრებსაც ყველაფერი ოხრად დარჩებათ. შეიძლება უბედურება მოხდეს, რადგან ხალხი ცუდ დღეშია, ათიდან შვიდი კაცი მძიმე დღეშია.
ქარსაცავების თემასაც შევეხოთ. ამ ზოლის განადგურების შემდეგ ქარის პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით.
- ცხადია, ქარის სიხშირე მომატებულია, რადგან ქარსაცავები, რომლებიც წინა თაობებმა სიმწრით გააშენეს, გინდ თბილისის, გინდ სხვა ტერიტორიების ირგვლივ, განადგურებულია. კრიზისული 90-იანი წლების შემდეგ სულ დაჭრეს ყველაფერი. ახლაც მოსახლეობას რომ მიუჩინო, კონკრეტულად ამა თუ იმ ტერიტორიიდან მოჭრას ხე-ტყე, მაინც იმ ხეს მოჭრის, რომელიც მის სახლთან ახლოსაა. ეს იწვევს მუდმივ ქარებს, მუდმივი ქარები კი შემდეგ ნიადაგის ეროზიას იწვევს და უკუშედეგები მოჰყვება. მერე შეიქმნება სპეციალური შტაბები, რაიონს გამოეყოფა დახმარება, არადა, პრევეცნციული ზომების გატარება ამ ყველაფერს აგვაცილებდა.
გარდა ამისა, მინდა, თბილისში ხეების დარგვის თემასაც გამოვეხმაურო. თბილისის მერმა რომ ბრძანა, მილიონ ხეს დავრგავო, მე ახალი ლოზუნგით გამოვედი-დავრგოთ მილიონი ხე, ოღონდ ქარსაცავ ზოლებში. ამით შევამციროთ ქარები. ჩვენი წინაპრები უდიდეს სამუშაოს ატარებდნენ, თბილისის შემოგარენში სულ ხელოვნურად დარგული ხეები იყო. ახლა წყნეთში გაიარეთ და ნახავთ, როგორ არის იქ აშენებული სახლები, სადაც ცოტა ხნის წინ იყო ტყეები, რომელიც თბილისს იცავდა. ეს დიდი დანაშაულია, ტყეები ახლაც იჩეხება.
ანუ მილიონი ხის ისტორია ბლეფია?
- არ ვიცი, რამდენი ხეა დარგული, მაგრამ მარტო ხის დარგვა არ არის მთავარი. მთავარია, რამდენმა იხარა. ხეს მორწყვა და მოვლა სჭირდება, დარგულიდან დაახლოებით ნახევარმა რომ იხაროს, ეს კარგი შედეგი იქნება. ბატონ დავით ნარმანიას პატივს ვცემ, განათლებული კაცია. თუ როგორი მერია, ამას მერე იტყვიან, რადგან ჩვენ უარესი მერებიც გვყავდა, მაგრამ მილიონი ხის ამბავი მეეჭვება. ეს მათემატიკური ციფრი ცოტა დიდია თბილისისთვის. ამდენი ხის დარგვას უფრო მეტი ფართი სჭირდება. ერთი ხე რამდენ კვადრატულ მეტრზე უნდა დაირგოს? ეს რომ გადაიყვანოთ მილიონებში, ამას ჰექტრობით ტერიტორია სჭირდება. ეს არ ხდება შაბათობით, ენთუზიასტების დონეზე. ათას ხეს თუ რგავ, ათასჯერ ათასი უკვე გვაძლევს ერთ მილიონს. თუ გავითვალისწინებთ, რომ წელიწადში 52 კვირაა, შაბათ-კვირა შენ რომ 5 ათასი დარგო, წელიწადში 25 ათასი გამოვა, ოთხი წელია, მერი ხარ და 100 ათასი ხე გამოგივა.
თბილისი ფაქიზი ორგანიზმია, აქ არ შეიძლება ხეების ჩეხვა. ამის ნაცვლად, სახლს სახლზე აჯენენ, რასაც ძველი კომუნიკაციები ვერ გაუძლებს, მოხდება მათი ნგრევა, მდინარეებში ჩადინება და უბედურება. მაგალითად, ინდოეთი უზარმაზარი ქვეყანაა და სამ დღეში 25 მილიონი ხე დარგო. ცალკე საკითხია კიდევ თბილისის საკანალიზაციო ქსელების თემა, რომლის ბოლო წერტილიც გარდაბანშია. იქ უბედურება ხდება. ვთხოვ ოპერატორებს, გადაიღონ კანალიზაცია რა დღეშია. კანალიზაცია, რომელიც თბილისიდან მიდის, არ იწმინდება. თავის დროზე ეს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არ გაუკეთებიათ და გარდაბანში გროვდება ეს ყველაფერი. არაორგანიზებული ჩადინებები მტკვარში რომ ხდებოდა, ეს ისედაც ცნობილი იყო.
7-8 წლის წინ 7 ათეულზე მეტი არაორგანიზებული ჩადინებები დავთვალე მტკვარში. ცალკე თემაა კიდევ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა საქართველოში და კონკრეტულად თბილისში. მთელი მსოფლიო მიისწრაფის ელექტროტრანსპორტისკენ - ტრამვაი იქნება ეს თუ ტროლეიბუსი. ჩვენ კი, პირიქით, გამონაბოლქვიან დიზელავტობუსებს ვაქებთ და ვადიდებთ. არადა, თბილისში უნდა დაბრუნდეს ელექტროსაზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტროლეიბუსი იქნება თუ ტრამვაი. ალბათ, ტროლეიბუსების დაბრუნება უფრო ადვილია, თორემ ლიანდაგების დაგებას თუ დავიწყებთ, ხომ იცით, ამას რა მოჰყვება, გზები უსისტემოდ აიყრება ყველგან და დაიხრჩობა ქალაქი.
სხვათა შორის, თბილისის ეკოლოგიასთან დაკავშირებით ასეთი ინიციატივა შევთავაზე ბატონ ნარმანიას, ჩატარდეს თბილისში საერთაშორისო ეკოლოგიური კონფერენცია. მზად ვარ, შევადგინო ამ კონფერენციის სქემა, მაკეტი, რათა კონფერენციამ დაადგინოს, რა სჭირს თბილისს და მიიღოს რეკომენდაციები თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. დავით ნარმანიამ ამის პასუხად თქვა, კარგიაო, მეტი არაფერი. შეიძლება, სადმე წამოჭრა კიდეც ეს საკითხი, მაგრამ ეტყოდნენ, ფინანსები არ გვაქვსო. არადა, ამას არ სჭირდება მილიონები. ჩვენთან უცხოელებს იწვევენ და მილიონებს უხდიან კონსულტაციებში. მე ასეთი მაგალითი მოვუყვანე ნარმანიას, 1955 წელს ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ერთ მილიონ მოსახლეზე 2 მილიონი მანქანა მოდიოდა. ფაქტობრივად, ჩვენხელა ქვეყანაა, მაგრამ მოუარეს მანქანების პრობლემას. რატომღაც ჩვენ პირდაპირ ვეტაკებით ევროპის საუკეთესო ქვეყნებს. არადა, გამოცდილება უნდა ავიღოთ ჩვენისთანა ქვეყნებისგან, სადაც დაძლიეს ეს პრობლემა.
ეს პრობლემა, ალბათ, მანქანების რაოდენობის შემცირების ხარჯზე დაძლიეს.
- დიახ, აკრძალვები თუ არ მოხდა, ამ საქმეს არაფერი ეშველება. იმის შიშით, რომ კაცი ჩამოდის ჩოხატაურიდან და აქ ტაქსით დადის, დედაქალაქი არ უნდა დავაბინძუროთ. ჩვენთან ყველაზე მაღალრიცხოვანი პროფესია ტაქსისტობაა, რაც ჩვენი საშუალო ფენის მაჩვენებელია. ეს უბედურებაა. უნდა მივიღოთ გადამჭრელი, აკრძალვითი ზომები. ჩვენი ქვეყნის ეკოლოგია მძიმე მდგომარეობაშია. შესაძლოა, ხელისუფლება გარკვეულ ინფორმაციას მალავს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ტურისტთა ნაკადი არ შემცირდეს. ცხადია, თუკი ეცოდინებათ ჩვენი მძიმე ეკოლოგიური ფონის შესახებ, უცხოელები აქ არ წამოვლენ. ერთადერთი, შეიძლება რუსები ჩამოვიდნენ, რადგან ექსტრემალური სიტუაცია უყვართ და, პლუს ამას, ჩვენი ღვინო მოსწონთ.
ამას წინათ უცხოელებს რომ ვუთხარი, საქართველოში ჩამობრძანდით-თქო, მეორე დღეს დამირეკეს, დიდი ბოდიში, მაგრამ უარყოფითი მაჩვენებლები ვნახეთო. ჩვენი ქვეყნის შესახებ ობიექტურ მაჩვენებლებს აქვეყნებს ამერიკის უშიშროება, ე.წ. ცერეუ. ეს ორგანიზაცია ყველა ქვეყნის მონაცემს აქვეყნებს, რომ შეხვიდეთ მათ საიტზე, ყველაფერი წერია, თბილისში რა მდგომარეობაა, დაბინძურება რამდენია, რა დაავადებებია, სიცოცხლის ხანგრძლივობა როგორია. ცხადია, სერიოზული ფულიანი ტურისტი ეცნობა ამ მონაცემებს და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას.