ლაშა თორდიას დაკითხვა ხვალ განახლდება. საქმის პროკურორმა გენერალური აუდიტის დაკითხვა ექიმის რჩევის საფუძველზე შეწყვიტა, რადგან რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობa გაუარესდა. ექიმის, ეთერ შურღაიას განმარტებით, 4-საათიანმა დაკითხვამ პაციენტზე იმოქმედა და პაციენტს დაუფიქსირდა არტერიული წნევა. ცნობისთვის, აუდიტის სამსახურის უფროსი, ლაშა თორდია თავის ტვინის შერყევით ალადაშვილის კლინიკაში იმყოფება.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე არ საუბრობს პროკურორი ზაზა დათუაშვილი. კითხვაზე, დაიკითხა თუ არა ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, არის თუ არა ამოღებული ვიდეოკამერის ჩანაწერები და მოხდება თუ არა საქმის გადაკვალიფიცირება, პროკურორი ამბობს, რომ ყველაფერი გამოძიების ტექნიკის და პრაქტიკის გათვალისწინებით განხორციელდება.
for.ge–ს ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი და მისი თანმხლები პირები ამ დრომდე დაკითხული არ არიან.
შს სამინისტრომ გენერალურ აუდიტორზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, დაიკითხა თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაზე, რომელიც ლაშა თორდიას კლუბ-ლაუნჯ „ელ ცენტროში“ მისი თანმხლები პირებთან ერთად თავს დაესხა.
ლაშა თორდიას ინფორმაციით, ფარცხალაძე მას ფიზიკურად იმ საქმის გამო გაუსწორდა, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებს და რომელიც 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება. ამ საქმესთან ფარცხალაძის კავშირზე და მოკვლევის დეტალებზე საუბარს გენერალური აუდიტორი 15 მაისს გეგმავდა, თუმცა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო.
როგორც თორდია აცხადებს, ყოფილ მთავარ პროკურორს კლუბ-ლაუნჯ „ელ ცენტროში“ შეხვდა, რა დროსაც ფარცხალაძე მის მიმართ აგრესიული იყო. აგრესია კი, იმ საქმემ გამოიწვია, რომელშიც ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს.
„შეხვედრის დროს აგრესიული ტონით მითხრა, რატომ ვაგროვებდი მასზე კომპრომატებს, ასევე როგორ ვაპირებდი ცხოვრების გაგრძელებას ვადის გასვლის შემდგომ. ვუპასუხე რომ ასე ესაუბრა მასთან, ვისთანაც ამის საშუალება ჰქონდა. ამ დროს ზედმეტი აგრესია გამოხატა და დამარტყა ხელი, რასაც მისი თანხმლები პირების მხრიდანაც მოჰყვა თავდასხმა. ეს არის პირადი ანგარიშსწორება, რომელიც კონკრეტულ საქმეს ეხება, სადაც მისი სახელი და გვარი ფიგურირებს. ადამიანს აქვს სრული დაუსჯელობის განცდა, ვინაიდან ამ კლუბში, ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა და ამ ადამიანების თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი“, – აცხადებს ლაშა თორდია.
გამოძიება, რომელიც აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს და რის გამოც ყოფილი მთავარი პროკურორი თავს დაესხა, ოთარ ფარცხალაძის მიწის ნაკვეთებს და მერიაში არსებულ დარღვევებს ეხება. როგორც ლაშა თორდია აცხადებს, საქმე ეხება 2016 წლის პერიოდს და შესწავლის შედეგად მთელი რიგი დარღვევები გამოიკვეთა. საუბარია ოთარ ფარცხალაძისთვის მერიის გადაწყვეტილებით მიწების ჩანაცვლებისა და შესყიდვასთან დაკავშირებულ დარღვევებზე.
ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა ყოფილი მთავარი პროკურორი. საქმესთან დაკავშირებით ოთარ ფარცხალაძის განცხადება ექსკლუზიურად გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია.
„მე ამ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი შარდენზე, ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც როგორც აღმოჩნდა ქეიფობდა ეს უკანასკნელიც. ჩვენ სახლებისკენ რომ ვიშლებოდით, სწორედ მაშინ მოგვეჭრა მთვრალი გენერალური აუდიტორი, რომლის აგრესიული ქმედებების გამო გადაიზარდა ყველაფერი მცირე კონფლიქტში, რაც რამოდენიმე წამშივე განიმუხტა.
როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. ის სიცრუეები კი, რასაც იგი ყვება ტელევიზიების საშუალებით, გავს თავისი ქმედებების სხვისთვის გადაბრალების მცდელობას, თუმცა არ გამოვრიცხავ იმდენად მთვრალი იყო პატივცემული აუდიტორი, რომ მას რაღაც დეტალები არც კი ახსოვდეს“, – ნათქვამია ოთარ ფარცხალაძის განცხადებაში.
ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ მზად არის სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რადგან უპირველეს ყოვლისა მის ინტერესებშია გაირკვეს სიმართლე და ის ბინძური პიარ–კამპანია, რაც მის წინააღმდეგ აგორდა თორდიასა და მისი თანაპრტიელების დახმარებით, არ დარჩეს პასუხგაუცემელი.
„რაც შეეხება იმ განცხადებას, თითქოს იგი ამოწმებდა თუ ამოწმებს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ გარემოებებს, საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ მე საკმაოდ დიდი ხანია აღარ ვარ სახელმწიფო მოხელე, მას შემდეგ რაც ჩემივე განცხადებით გადავდექი მთავარი პროკურორის თანადებობიდან და მე მზად ვარ, პასუხები გავცე როგორც საჯარო სექტორში საქმიანობისას ისე მას შემდეგ ჩემს მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებაზე.
მოვითხოვ, რომ ის მასალები რაზეც არ უნდა საუბრობდეს გენერალური აუდიტორი, მნიშვნელობა არ აქვს რომელ სახლემწიფო უწყებასაც არ უნდა ეხებოდეს, რასაც ცალსახად არანაირი კავშირი არ აქვს მომხდარ ინციდენტთან, გამოძიებული იქნეს დაუყოვნებლივ კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების მიერ.
გენერალური აუდიტორის უსაფუძვლო საჯარო განცხადებებით, რომლებიც არ და ვერ იქნება გამყარებული ვერანაირი მტკიცებულებებით, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია და მე ჩემი ადვოკატების საშუალებით მივმართავ ყველა სამართლებრივ გზას, რათა აღვიდგინო ჩემი დარღვეული უფლებები და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოვახდევინო საჯაროდ ცილისწამებისთვის“, – ნათქვამია ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადებაში, რომელიც მოითხოვს ლაშა თორდიას მიერ სიმთვრალეში ჩადენილი ყველა ფაქტისა და ქმედების გამოძიებას.
„ცნობილია მისი მიდრეკილება სასმელისადმი და ამ მიდრეკილებასთან ერთად ის ფაქტი, რომ ხშირად სიმთვარალეში იქცევა შეუფერებლად მის მიერ დაკავებული მაღალი თანადებობისათვის და უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. შესაბამისად გამოძიება რომ იყოს სრულყოფილი, უნდა დადგინდეს სიმთვრალეში მისი ქმედებების სპეციფიკა.
ვშუამდგომლობ და ვითხოვ გამოძიებისგან, რომ შეისწავლონ ყველა მსგავსი ფაქტი და ქმედება, რომელიც მის მიერ შესაძლოა, ჩადენილი იყოს სიმთვრალეში. მე საკმაოდ დიდი ხანი ვმოღვაწეობდი სამართალდამცავ ორგანოებში და ვიცი, რომ ასეთ ფაქტებს მრავლად ჰქონდა ადგილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ლაშა თორდია პოლიტიკური თანამდებობის პირია, ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას 325-ე მუხლით ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა თორდიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამოსაძიებლად საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს. ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ამბობს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით სერიოზული სისუსტეა, ამიტომ ლიგიკურია საპარლამენტო გამოძიება.
„ვინაიდან ეს საკითხი ეხება პარლამენტთან საკმაოდ მჭიდროდ დაკავშირებულ სტრუქტურას, აუდიტის სამსახურს, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ლოგიკური და სწორია, რომ საპარლამენტო გამოძიება იყოს“, – აცხადებს გიგი წერეთელი.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს, პატრიოტთა ალიანსის წევრი ირმა ინაშვილი, რომლის განცხადებით, აუცილებელია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
„არ მიმაჩნია ახლა საჭიროდ, რომ მაინცდამაინც პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია. სამართალდამცველი სტრუქტურები აწარმოებენ გამოძიებას და დაველოდოთ მის შედეგებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ფაქტზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა დამოკიდებული იქნება გამოძიების მიმდინარეობაზე.
„ჩვენ თუ დავინახავთ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც არის საჭირო, ამ შემთხვევაში ასეთი კომისია შეიქმნება. დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. დამატებითი ინფორმაცია მე ჯერჯერობით არ მაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ პოზიციას, რომ სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული ეს საკითხი და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.