„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას იმ კომპეტენციებსაც ართმევენ, რაც ექსკლუზიურად მას ეკუთვნის“

„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას იმ კომპეტენციებსაც ართმევენ, რაც ექსკლუზიურად მას ეკუთვნის“

ახალი კონსტიტუციით, აჭარის მთავრობის ფორმირების პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმება საჭირო არ იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს მოქმედი კანონი გაუმართავია იურიდიული და ტექნიკური თვალსაზრისით. ამიტომ გადაწყდა ახალი რედაქციის შემუშავება. თუმცა აჭარის სტატუსი იმავე პრინციპით იქნება განსაზღვრული, როგორც იყო. ანუ აჭარა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული, მას აქვს თავისი სიმბოლოები, თავისი კონსტიტუცია, თავისი ადმინისტრაციული ცენტრი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილების განსაზღვრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ აქ შეიმჩნეოდა განსაკუთრებული იურიდიული ხარვეზები, მთავარი პრობლემა კი იყო კომპეტენციის გადაფარვა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის. ახალი კონსტიტუციით, გადაფარვის პრობლემა სრულიად აღმოფხვილია. ჩნდება ჩანაწერი, რომლითაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია, განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც არ განეკუთვნება ან სახელმწიფო ხელისუფლების, ან ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებულ კომპეტენციას.

აჭარის რეგიონის სენსიტიურობიდან გამომდინარე, პოლიტიკოსთა ნაწილს კითხვები უჩნდება, რას ნიშნავს ახალი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, აჭარის მთავრობის ფორმირების პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმება საჭირო არ იქნება?!

ყოფილი დისიდენტი, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავის დროზე ასეთივე ნორმა ჩაიდო აფხაზეთთან მიმართებით, დღეს კი ეს ნორმა ამოქმედდება აჭარასთან მიმართებით. ფაქტობრივად, მოტყუებით, წაყრუებით, საკუთარი უნიათობის თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ქვეყანა მიგვყავს კონფედერაციისკენ; მიგვყავს იქითკენ, რომ დაიშალოს გარკვეულ ნაწილებად ავტონომიების სახით და შემდგომ რუსეთის გარანტიის ქვეშ მოხდეს ერთიანი, ოღონდ კონფედერაციული, ან ფედერაციული საქართველოს შექმნა, რომელიც დაიშლება მაშინვე, როგორც კი ამის სურვილი ცალკე ერთეულებს გაუჩნდებათ. ანუ ეს იქნება იურიდიულად იოლად დაშლადი სახელმწიფო, როცა მისი ერთ-ერთი სუბიექტი გამოყოფის პრეტენზიას განაცხადებს.

„აჭარა მოწყდება რა საქართველოს დედაქალაქს, პოლიტიკურ ცენტრს, ავტომატურად გახდება რუსეთ-თურქეთს შორის მოლაპარაკების საგანი. ყოველი კონსტიტუცია უარესია წინაზე, ყოველი ცვლილება უარესობისკენ მიდის. ერთბაშად რომ გვითხრან, რასაც აპირებენ, ქართველი კაცი თავს დადებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ ყოველდღიურად თითო აგურს აცლიან ქართულ სახელმწიფოს და ყოველდღიურ პრობლემებში ჩაძირული ქართული საზოგადოება საფრთხეს ვერ აღიქვამს. ეს უდიდესი საფრთხეა. გავა დრო და შემდეგ ვის დავაბრალოთ ასეთი კონსტიტუცია-ირაკლი კობახიძეს? ეს ადამიანები საქართველოსთან მიმართებით იოლად საუბრობენ, რადგან არანაირი წვლილი არ მიუძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რთულია იმის თქმა, რა იგულისხმება ამ ჩანაწერის მიღმა, რომ აჭარის მთავრობის ფორმირების პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმება საჭირო არ იქნება, თუმცა პრობლემები უფრო სხვა მხრივაა დასანახი. კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას იმ კომპეტენციებსაც ართმევენ, რაც მას გააჩნია და, რაც ექსკლუზიურად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაა. მაგალითად, ამიერიდან უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩაერევა ცენტრალური მთავრობა. ვთქვათ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან აშენდა კონკრეტული შენობა. დღევანდელი კანონმდებლობით, იმ შენობის განკარგვის (გაქირავების) საკითხი მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია. შემოთავაზებული ცვლილებებით კი, ასე არ იქნება და შენობის განკარგვის წესებს გადაწყვეტს ცენტრალური მთავრობა.

„გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა შეუთავსებლობის საკითხების დარეგულირება დღეს მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციაა, ხოლო ხვალ ამ საკითხში ჩაერევა ცენტრალური მთავრობა. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევის წესს (იქნება ეს პროპორციული თუ მაჟორიტარული არჩევის წესი) წყვეტს მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, მაგრამ ხვალ, ამ შემოთავაზებული ცვლილებით, ამ უფლებას წაართმევენ და უმაღლესი საბჭოს არჩევის წესს დაუდგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. ეს არის დღევანდელი ვითარების გაუმჯობესება? უმთავრესია, დღეს რაც გარანტირებული აქვს ავტონომიურ რესპუბლიკას, ის არ წაართვან. ამ დროს კი „ქართული ოცნება“ ავტონომიურ რესპუბლიკას სტატუსს უკნინებს. პრაქტიკულად, არ იარსებებს სფერო, რომელშიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას რაიმე კომპეტენცია დარჩება. პირველ რიგში, ეს ეხება ეკონომიკურ სფეროს. უმაღლესი საბჭოს საქმიანობაშიც კი ერევიან“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი, რომლის აზრითაც, ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების მაქსიმალურ კონცენტრაციას და ამ გზით ტოტალურ კონტროლს მმართველობის ყველა დონეზე, იქნება ეს თვითმმართველობები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, თუ ცენტრალური დონე. პარტიულ პოლიტიკას დაექვემდებარება მთელი იერარქია, რაც დემოკრატიისგან ძალზე შორსაა.

იურისტის თქმით, იგივე ეხება ხმოსნების შერჩევის წესსაც. ახალი წესით, თვითმმართველობი კი არ ირჩევენ, ანუ საკრებულო კი არ იღებს გადაწყვეტილებას, ამა თუ იმ საკრებულოს წევრი შევიდეს საარჩევნო კოლეგიაში, ანუ გახდეს ხმოსანი, არამედ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები ნიშნავენ ხმოსნებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 150 კაცში უმრავლესობა ეყოლება რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, გამოდის, რომ ხალხი კი არ აირჩევს ხმოსნებს, არამედ პარტიები დანიშნავენ.

„რატომღაც კომპეტენციების გადაფარვით აპელირებენ. მე კი შეგნებულად დაგისახელეთ ის საკითხები, სადაც გადაფარვა უბრალოდ ვერ იარსებებს. საკუთრება ჩემი რომ არის, მისი მართვის წესები შენ რატომ უნდა დამიდგინო? ეს არის კომპეტენციების გადაფარვა? ჩემთან არჩევნები მე რომ უნდა ჩავატარო და ამ უფლებასაც მართმევ, ესეც კომპეტენციების გადაფარვაა? თუ ეს უკვე წართმევაა?!“

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილების განსაზღვრაში ვერაფერ ტრაგიკულს ვერ ხედავს. ჩვენთან საუბრისას ექსპერტი აცხადებს, რომ სააკაშვილმა გააუქმა აჭარის ავტონომიის ცენტრალიზაციის მომენტი და, ახალი კონსტიტუციით, აჭარის უფლებამოსილება უბრუნდება მანამდე არსებულ საწყის წერტილებს.

„როგორც ჩანს, ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს, დააბრუნოს ის, რაც ადრე იყო. ეს არის დაბრუნება იმ საწყისში, რასაც 1995 წლის კონსტიტუცია ავითარებდა. მაშინაც სახელმწიფო, ანუ ცენტრალური ხელისუფლება არ ერეოდა ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობაში და ასლან აბაშიძე დამოუკიდებელი მმართველი იყო. ეს შეიძლება იყოს თურქეთის მიმართ გაკეთებული ჟესტი და მას შეიძლება ჰქონდეს საგარეო მოხმარების, ვიდრე შიდა მოხმარების დატვირთვა. შიდა მოხმარებით, ისედაც ყველამ იცის, რომ აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იმედია, ახალი კონსტიტუცია ამ რეგიონისთვის საფრთხის მომტანი არ იქნება. ამას დრო გვიჩვენებს“.