იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა 11 მაისს გამართა. საბჭოს წევრებს 106 მოსამართლეობის კანდიდატიდან 84-ის შერჩევა მოუხდათ, რადგან საერთო სასამართლოებში ამ ეტაპზე მხოლოდ 84 ვაკანტურ თანამდებობაზე იყო გამოცხადებული კონკურსი. მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მიღებული კანონით პირველად ტარდება.
კანონის თანახმად, შეცვლილია კანდიდატების შეფასების სისტემა და საბჭოს წევრებს მათთვის ქულების დაწერა მოუწევთ. მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე სულ წარდგენილი იყო 77 კანდიდატი.
კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა. გასაუბრება მოხდა 101 კანდიდატთან, საიდანაც კენჭისყრის შემდგომ ეტაპზე გადავიდა 79 კანდიდატი, ორმა კანდიდატმა, თემურ გოგოხიამ და ბადრი შონიამ მოხსნა კანდიდატურა. იმ 24 კანდიდატს შორის, რომლებმაც გასაუბრება ვერ გადალახეს, მოხვდა პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი, რომელიც „ჯაშუშების საქმეზე“ ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას საქმის პროკურორია.
გასაუბრებაზე მოსამართლეთა კანდიდატები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეაფასეს.
მოსამართლეობის კანდიდატებს შორის იყვნენ არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლეები, მოქმედი პროკურორები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე, მოქმედი პროკურორები რევაზ ნადოი და მაია ჯვარშეიშვილი, ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია, რომელიც გირგვლიანის მკვლელობის საქმის მოსამართლე იყო, თუმცა ვერ ერთმა მათგანმა საბჭოს წევრების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ჩემიას კანდიდატურა ასევე წარდგენილი ჰქონდა თბილისისა და მცხეთის საქალაქო სასამართლოების ვაკანტურ პოზიციებზეც.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმარტებით, მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებული ქულათა ჯამი უნდა შეადგენდეს ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70%-ს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატმა გაასაჯაროვა იმ 24 ადამიანის გვარიც, ვინც ვერ გადალახა კეთილსინდისირებისა და კომპენენტურობის კრიტეტიუმებით გათვალისწინებული ქულათა მინიმალური ზღვარი: ბარამიძე ია, ბერიძე ლელა, გიორგაშვილი სანდრო, გოჩელაშვილი ლალი, ზვიადაძე ნათელა, თოფჩიშვილი რევაზ, ილიაშვილი თამაზ, ტყვარჩეიშვილი ნანა, კობახიძე ქეთევან, ლიპარტელიანი ლარისა, მამულია რომან, ოთარაშვილი ლია, პერანიძე როინ, ჟორჟოლიანი დურმიშხან, სურმანიძე ზურაბ, ქარქაშაძე ლადო, ღიბრაძე დავით, ჭანიშვილი ნანა, ცეცხლაძე ნარგიზ, ჭანტურია ავთანდილ, ხაბელაშილი ნინო, ჯავახიშვილო მაია, ჯანელიძე ირმა და ჯვარშეიშვილი მაია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლეები მურმან ისაევი, რევაზ ნადარაია და შორენა ყავლაშვილი გახდნენ, 4 ვაკანსიაზე კი მოსამართლე ვერ აირჩიეს. 2 ვაკანსია იყო საგამოძიებო პალატაში და ორივე ჩავარდა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა მინიმალური რაოდენობა - საბჭოს წევრების 2/3 ვერ მოაგროვა.
სამაგიეროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ამავე სასამართლოში უკვე დანიშნულია ორი მოსამართლე - მერაბ ლომიძე და ილონა თოდუა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნა შორენა ყაველაშვილი. შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, შორენა ყაველაშვილი, „რუსთავი 2“-ის საქმის კოლეგიის ერთ-ერთი წევრი იყო.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არ ერევიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი შეხედულებების მიუხედავად, პარლამენტის წევრები საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნა-არდანიშვნის პროცესში არ ერევიან.
„ჩვენ კონსტიტუცია გვიკრძალავს ჩავერიოთ ასეთი გადაწვეტილებების მიღების პროცესში. ამის უფლება არავის აქვს საპარლამენტო ორგანოდან. ჩვენი ვალდებულებაა თუ დავინახავთ, რომ გარკვეული ხარვეზები იქმნება საკანონმდებლო კუთხით, მივიღოთ ზომები,“ - განაცხადა ბესელიამ.
მოსამართლეების უვადოდ გამწესების თემას არასამთავრობო სექტორიც ეხმაურება - პრობლემაზე კოალიაცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ისაუბრეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი პრობლემურია.
მოკლედ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირველ საკადრო გადაწყვეტილებებს და სკანდალური საქმეების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას არასამთავრობოების მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა. მათი შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს საბჭო ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს იღებს.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“-ს ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორის, სოფო ვერძეულის შეფასებით, საბჭოს მიერ აღნიშნული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ნაჩქარევად წარმართულ პროცესებზე მიანიშნებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ რამდენად კანონიერად ხდება მათი დანიშვნა, კითხვის ნიშნებს აჩენს. მისი შეფასებით, უვადოდ დანიშნული რამდენიმე მოსამართლე საზოგადოებაში მათ მიერ განხილული საქმეების გამო, პოზიტიურ დამოკიდებულებას არ იწვევს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი, ოლიკო შერმადინი, აღნიშნავს, რომ მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძისა და ოთარ სიჭინავას უვადოდ დანიშნვნის მოლოდინი იყო. მისი შეფასებით, საკანონმდებლო პაკეტში შეტანილი ცვლილებები ეჭვს აჩენდა, რომ სწორედ კონკრეტული მოსამართლეების უვადოდ განმწესების გამო ხორციელდებოდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირველი საკადრო გადაწყვეტილებები პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც შეაფასა და აღნიშნა: „თქვენ იცით, რომ სასამართლო რეფორმა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარდია და ერთ-ერთი ყველაზე მეტად გასავითარებელი სისტემაა სასამართლო სისტემა“.