კრემლის მორიოგი პროვოკაცია - კავკასიაში კონფლიქტის განახლების ალბათობა იზრდება

კრემლის მორიოგი პროვოკაცია - კავკასიაში კონფლიქტის განახლების ალბათობა იზრდება

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის გაფართოება იგეგმება. სომხეთში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ ბაზის გაფართოება ქვეყნებს შორის სამხედრო შეთანხმების საფუძველზე მოხდება. ივან ვოლინკინის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთში ქვეყნის უასაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სხვა პრობლემების გადასაწყვეტად იმყოფება. ელჩის განცხადებას ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს ოფიციალური ერევანი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი სომხეთში წარმოდგენილია გიუმრიში დისლოცირებული 102-ე სამხედრო ბაზით და რუსეთის 3624-ე საჰაერო ბაზით, რომელიც ერევანთან ახლოს, ერებუნის აეროპორტში მდებარეობს. გიუმრი სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც ნატო-ს წევრ თურქეთს ესაზღვრება. ბაზის იჯარაში რუსეთი არაფერს იხდის და მის ფუნქციონირებას, ნაწილობრივ, სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტი უზრუნველყოფს. შეიარაღების ნაწილი გიუმრის ბაზამ ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების დახურვის შემდეგაც მიიღო.

გიუმრის ბაზა რუსეთის შეიარაღებული ძალების ამიერკავკასიის ჯგუფის ნაწილია და დსთ-ს ერთიანი საჰაერო თავდაცვითი სისტემის კომპონენტს წარმოადგენს. სომხეთში რუსეთის სამხედრო ყოფნას 1995 წელს ხელმოწერილი შეთანხმება უზრუნველყოფს. აღნიშნული ხელშეკრულების ვადა, რომელიც 25 წელზე იყო გათვლილი, 2010 წელს, 2044 წლამდე გაგრძელდა.

სომხეთში რუსული 102-ე სამხედრო ბაზა გიუმრიში მდებარეობს, სადაც რუსეთის 100-მდე ტანკი, 140-მდე ჯავშანმანქანა, 70-მდე საარტილერიო სისტემა D-30, კონტინგენტი კი დაახლოებით 6000 კაცს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მთიანი ყარაბაღის „გაყინული“ კონფლიქტისა და კონფლიქტის განახლების შესაძლებლობის არსებობის პირობებში, სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

ანალიტიკოსების შეფასებით, სომხეთში რუსეთის სამხადრო გაძლიერება ნიშნავს, რომ კავკასიაში, შესაძლოა, კონფლიქტის ახალი კერები გაჩნდეს. საგულისხმოა ისიც, რომ მთიან ყარაბაღში ვითარება პერიოდულად იძაბება. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია იმ სამ მიზეზს ასახელებს, რატომაც რუსეთი სომხეთში არსებული სამხედრო ბაზის გაფართოებას აპირებს.

„როგორც ჩანს, რუსები მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფრონტაციის ახალ ტალღას მოელიან. ისინი ეცდებიან, რომ სომხეთის ტერიტორია გამოიყენონ „სამშვიდობო ოპერაციის“ განსახორციელებლად. ამიტომაც წამოჭრეს მათ აფხაზეთის რკინიგზის თემა. მათ სჭირდებათ ეს სარკინიგზო კომუნიკაცია, რომელიც რუსეთს სომხეთთან და ირანთან დააკავშირებს.

მეორე - ეს უკავშირდება სირიის პრობლემას, რადგან სომხეთში არსებული ბაზა უნდა იყოს მთავარი საყრდენი სირიის სამხედრო ოპერაციებისათვის. რუსეთი აპირებს გააფართოვოს თავისი სახმელეთო კომპონენტი, რაზეც ირანი და რუსეთი უკვე შეთანხმდა. ისინი გააძლიერებენ სახმელეთო კომპონენტს და თავიანთ სამხედრო კონტიგენტს სირიის მიმართულებით.

მესამე - რუსეთს აღელვებს ნატოს გაფართოება შავი ზღვისპირეთის არეალში. ანუ ეს სამხმელეთო კომპონენტის გაძლიერება, რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაძლიერება ანუ თურქულ-ამერიკული ინჯირლიკის ბაზის სრულად გაკონტროლებასაც ისახავს მიზნად“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

როგორც ექსპერტი აცხადებს, სომხეთში რუსეთის სამხედრო გაძლიერება საფრთხის შემცველია საქართველოსთვის, რადგან ეს ერთი საფრთხე იქმნება, საიდანაც შეიძლება რუსული აგრესიის განხორციელება საქართველო-რუსეთს შორის ომის განახლების შემთხვევაში. მისივე თქმით, რუსეთის სამხედრო გაძლიერება ნიშნავს, რომ კავკასიაში, შესაძლოა, კონფლიქტის ახალი კერები გაჩნდეს.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ გაცხელებულ პოლიტიკურ რეჟიმში, იმ თვალსაზრისით, რომ ნატოს გააქტიურებამ შავი ზღვის აუზში ძალიან დაამძიმა სიტუაცია, რამაც რუსეთის საპასუხო ქმედებები გამოიწვია.

„ორივე მხარის კონტრპასუხებმა გამოიწვია რეგიონში სიტუაციის უაღრესად დაძაბვა და რას ვგულისხმობ - რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და თავის ტერიტორიად გამოცხადება, მისი ქმედებები უკრაინაში, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში, ყველაფერი ეს ერთმანეთთან დაკავშირებული ჯაჭვური პროცესებია.

პარალელურად, ნატო აძლიერებს თავის წარმომადგენლობას შავ ზღვაში, ვიცით, რომ რუმინეთში კეთდება ახალი საზღვაო ბაზა. ძალიან დიდი პროექტებს იწყებს ნატო. შესაბამისად, ამის საპასუხოდ რუსეთის აძლიერებს თავის სამხედრო კონტიგენტს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და სომხეთში“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

როგორც არეშიძე აცხადებს, პროცესი დიდი ხანია მიმდინარებს და რუსეთის ელჩის განცხადებაც ამ პროცესის ნაწილია.

„ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარებს, ძალიან სერიოზული შედეგები აქვს. ძალიან რთული მდგომარეობაა რეგიონში შექმნილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე უახლოეს მომავალში ომის დაწყებას არ ვვარაუდობ, მაგრამ იარაღის ჟღარუნს და კუნთების ჩვენებას, რასაკვირველია ველოდები. ამ თვალსაზრისით ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სხვათა შორის ამ პროცესის ნაწილია ლავროვის აფხაზეთში ვიზიტიც და ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეურაცხოფა მიაყენა მერკელსაც და ერდოღანსაც, რადგან მათთან შეხვედრებს შორის თიბილოვს შეხვდა, ესეც ამ პროცესის ნაწილია“, - ამბობს მამუკა არეშეიძე.