„ვარაზისხევის აღმართზე ქვაფენილის ასფალტის საფარით შეცვლა კარგ შედეგს არ მოიტანს“, -მიიჩნევს არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი.
მისივე თქმით, ზამთარში მძღოლებისთვის ეს მონაკვეთი საფრთხის შემცველი იქნება და ამ აღმართსა და დაღმართზე ავტოსაგზაო შემთხვევები გარდაუვალია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლიპყინულზე ავტომობილი ვერ ამუხრუჭებს, მით უმეტეს, დაღმართზე, ცხადი გახდება, რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან მძღოლები. ამიტომ გიგა ბათიაშვილი ურჩევს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, გააცნობიერონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის- ადამიანების სიცოცხლე თუ ხმაურის ატანა?!
თავის მხრივ, ვარაზისხევში მცხოვრებნი უკან დახევას არ აპირებენ. ისინი მერიას მიმართავენ მოთხოვნით, შეცვალოს ქვაფენილი, რომლის თანმდევიც დიდი რაოდენობით მტვერი და ხმაურია. ამ მიზნით ვარაზისხეველებმა აქციაც გამართეს, სახელწოდებით „დავიხრჩვით!“
ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ქვაფენილს გარკვეული უპირატესობა აქვს იქ, სადაც მანქანები არ დადიან. ქვაფენილი არ ხურდება, ატარებს ნალექის წყლებს და ჩაჰყავს ისინი გრუნტის წყლამდე, არ აქვს ისეთი აორთქლება, როგორც ასფალტს, რაც ხშირად შეგვიმჩნევია ზაფხულობით. თუმცა ქვაფენილს აქვს დიდი ნაკლი იქ, სადაც მანქანები მოძრაობენ და ეს ნაკლი ყველაფერს გადაწონის. კერძოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი ხმაურია და მოსახლეობის იქ ცხოვრება შეუძლებელია.
„გაიხსენეთ პეროვსკაიას ქუჩა, სადაც ქვაფენილი იყო დაფენილი, ხალხმა ააყრევინა, რადგან ღამე არ ეძინათ. იგივე ხდებოდა ვერის აღმართზე, სადაც ქვაფენილის ნაცვლად დააგეს ასფალტი და ამით ყველა კმაყოფილი დარჩა. კიროვის ქუჩაზეც შეცვალეს დაგებული ქვები და სიტუაცია იქ მცხოვრებლებისთვისაც უკეთესი გახდა და მანქანებისთვისაც. ცხადია, ასფალტის საფარი მძღოლებისთვის კარგია, რადგან ქვაზე რახრახით მანქანები ცვდება და სავალი ნაწილი ერყევა მანქანას.
რაც შეეხება ვარაზისხევს, ეს მონაკვეთი ძალზე ხმაურიანია.
ვფიქრობ, ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლების შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევები ვარაზისხევზე დაიკლებს, რადგან თოვლზე ასფალტს უკეთესი შეჭიდება აქვს, ვიდრე ქვას. თუ ლიპყინული იქნა და თოვლიც დაიდო, მაშინ ვარაზისხევს არაფერი უშველის, არც ქვაფენილი და არც ასფალტი. ამიტომ ყველგან წვრილად დაფხვნილი ქვა-ღორღი ან მარილი უნდა დაყარონ. მთლიანობაში, შემიძლია გითხრათ, რომ მანქანების სავალ ნაწილზე ყველგან კარგი შედეგი ექნება ქვაფენილის ასფალტით შეცვლას. ხოლო, სადაც მანქანა არ დადის და მხოლოდ ფეხმავლები მოძრაობენ, იქ უმჯობესია ქვა, რომელიც უფრო ჯანმრთელია, წყალს ატარებს, ანაორთქლი არ აქვს, არ ხურდება“,-აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.
მისივე თქმით, რაც თავი ახსოვს, ვარაზისხევზე სულ ქვის საფარია და ეს საფარი დაახლოებით 40-იანი წლების ბოლოს გააკეთეს. შესაძლოა, ეს იმით აიხსნას, რომ იმ პერიოდში ასფალტი, ალბათ, უფრო პრობლემურიც იყო და ძვირიც ღირდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვარაზისხევზე ქვაფენილი მუდმივად უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, ხალხი იტანჯება და ხმაურის დონე ორჯერ და მეტჯერაც აჭარბებს დასაშვებ ნორმას. ამიტომ ზურაბ ბაქრაძეს აინტერესებს, რატომ უნდა ვტანჯოთ ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ ქვაფენილი ვიღაცას შესახედავად მოსწონს.
„ვარაზისხევის მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი მტვერში იხრჩობიან. მტვრის მოშორება შეიძლება, თუ ცუდად დაგებულ ამ ქვაფენილს ხელახლა კარგად დააგებენ. მაშინ მას ღრიჭოები არ ექნება, კარგად იქნება ერთმანეთზე მორგებული და ექნება შემავსებელი ქვიშა, რათა შიგნით არ ჩავიდეს წყლისგან მიტანილი ტალახი და არ ამტვერდეს. ამას კიდევ გამოასწორებდა კაცი და წესიერად დააგებდა ქვაფენილს, მაგრამ იმ ხმაურს რას უზამს? მთავარი ხომ ხმაურია და ხალხი ცხოვრობს აუტანელ ხმაურში“.
საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დიდ პატივს სცემს და ეთანხმება გიგა ბათიაშვილს, თუმცა ვარაზისხევზე მთავარი პრობლემა ის არის, რამდენად სწორად გააკეთეს სამკუთხედი.
„არავის ახსენდება, ის სამკუთხედი რომ გააკეთეს, რა მოუტანა ამან თბილისს. მე ვფიქრობ, შეცდომა დაუშვეს, რადგან მანქანების მთელი ნაკადი როცა ადის, მთელი უბედურება ხდება ეკოლოგიის თვალსაზრისით. პრაქტიკულად, 24-საათიანი მოძრაობაა ზოოპარკიდან ზევით. უბრალოდ, იმ პერიოდში პოლიტიკურად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, პრინციპით, „რაზ“ და გავაკეთოთო. არავის დაუსაბუთებია, მანქანების ნაკადი რამდენი იყო და რამდენი მივიღეთ. არც იმაზე უფიქრიათ, რომ ვარაზისხევზე პრობლემა არ მოხსნილა“.