რუსმა ბაიკერებმა კიდევ ერთხელ ააღელვეს ქართული საზოგადოება. 9 მაისს პუტინთან დაახლოებულ ბაიკერთა ჯგუფის „ღამის მგლების“ საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას საზოგადოების ცნობილი სახეები აპროტესტებენ და მათთვის დისკომფორტის შექმნას აანონსებენ. მათი აზრით, პუტინის მეგობრები საქართველოსთვის სასურველი სტუმრები ვერ იქნებიან. ამდენად, სადაც რუსი ბაიკერები გაიჭაჭანებენ, ამ ხალხს „კარგი დახვედრა უნდა მოვუწყოთ“.
თავად 9 მაისის აქციის ორგანიზატორები საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიაზე „ღამის მგლების“ უსაფრთხოდ გადაადგილების გარანტიას სთხოვენ. მათთვის გაუგებარია, რას ერჩიან გეორგიევსკის ბაფთით აღჭურვილ ბაიკერთა ჯგუფს საქართველოში?!
„არ მესმის, რატომ უნდა შეუქმნან დისკომფორტი, რამეს გვიშავებენ? ჩამოდიან და გვეუბნებიან, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ჩვენია, თქვე ნაძირლებოო? უბრალოდ, ჩამოდიან, რომ ვიზეიმოთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება“, - აცხადებს ირაკლი ყიფიანი, რომლის აზრითაც, მავანთ საქართველოში ტემპერატურის აწევა სურთ, თორემ „ღამის მგლების“ ჩამოსვლაში არაფერია საისტერიკო. ისინი ხომ პუტინის პლაკატებით არ ჩამოდიან?!
„ღამის მგლებმა“ 2015 წელსაც ორად გაყვეს ჩვენი საზოგადოება. იმ პერიოდში ქართველმა ბაიკერებმა დაიქადნეს, რომ გეორგიევსკის ლენტიან რუს ბაიკერებს ვაკის პარკში 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავზე არ მიუშვებდნენ, თუკი ისინი მოტოციკლეტს გეორგიევსკის ლენტს არ შეხსნიდნენ. ქართველი ბაიკერების აზრით, უკეთესი იქნებოდა, რუსი ბაიკერები აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავებზე წასულიყვნენ, მათი ხსოვნისთვის მიეგოთ პატივი და ამის შემდეგ მისულიყვნენ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე. გარდა ამისა, იმ პერიოდში „ღამის მგლების“ ლიდერმა ალექსანდრე ზალდასტანოვმა მკვეთრი განცხადება გააკეთა სააკაშვილთან დაკავშირებითაც: „სააკაშვილს მოკითხვა გადაეცით, მასაც ჩამოვკიდებთ გეორგიევსკის ბაფთას“.
როგორ უნდა მივიღოთ რუსი ბაიკერები?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუს ბაიკერთა საკითხი მრავალწახნაგოვანია. ერთი მხრივ, ეს უკვე აღარ არის სპორტული ჯგუფი, სპორტული ორგანიზაცია და უფრო პროპაგანდისტული, ძალზე აქტიური, აგრესიული ჯგუფია, რომელსაც ყირიმში მიწებს ურიგებენ, დიდ პრივილეგიებს აძლევენ, რადგან „ღამის მგლები“ თავისებურად დღევანდელი რუსეთის სარეკლამო ფარია. 9 მაისს რომ ჩამოდიან, ესეც ძალზე ეშმაკურად შეარჩიეს, რადგან 9 მაისი ფაშიზმზე საერთო გამარჯვების დღეა. 9 მაისს მარტო რუსეთს არ გაუმარჯვია. საბჭოთა კავშირის მოსახლეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, პროცენტული თვალსაზრისით, საქართველომ ყველაზე მეტი მებრძოლი დაკარგა მეორე მსოფლიო ომში. ეს იყო ფრანგების, ამერიკელების, ინგლისელების გამარჯვება. ამიტომაც 9 მაისი ევროპის დღედაც აღინიშნება. ამდენად, ამ თარიღის აღნიშვნის აკრძალვა შესაძლოა, ჩვენმა მოწინააღმდეგე ძალამ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს.
„ბაიკერთა ლიდერს, ზალდასტანოვს ქართული ძირი აქვს, რადგან ზალდასტანიშვილების გვარი რუსული არ არის. მეორე მხრივ, ეს აშკარად რუსული რბილი ძალის გამოყენებაა. ამიტომ აქ საჭიროა კრეატიული გადაწყვეტილების მიღება, რომ არც მწვადი დავწვათ, არც შამფური. რუს ბაიკერებს არ უნდა დავხვდეთ პურ-მარილით, ღვინოთი, როგორც მეგობრებს, რომელთან ერთადაც ჩვენმა წინაპრებმა იომეს. ამასთან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიპლომატიაც ითხოვს კომპრომისებს. ბაიკერები შეიძლება შემოვუშვათ, მაგრამ მაინცდამაინც კომფორტული პირობები არ შევუქმნათ. პატრული ძალზე აქტიური უნდა იყოს, რომ რუსებმა მოძრაობის წესები არ დაარღვიონ, ჩვენს ტრანსპორტს დისკომფორტი არ შეუქმნან. თუ საჭიროა, დააჯარიმონ კიდეც. თუმცა ყველაზე სწორი მაინც ის იქნებოდა, ბაიკერებისთვის ყურადღება არ მიგვექცია. ისინიც ჩამოვიდოდნენ და ზედ არავინ შეხედავდა. მაინცდამაინც გეორგიევსკის ბაფთებსაც ნუ მივაქცევთ დიდ ყურადღებას. მით უმეტეს, ქართველებს გვაქვს კანონი საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ, ასეთი ბაფთები მოიხსნან, რადგან ეს სიმბოლიკა ჩვენი ეროვნულობის წინააღმდეგია. დღეს ხომ ფაშისტური დროშით არავინ დადის?! გეორგიევსკის ბაფთის გამოყენებაც ასეთია, რადგან რუსეთმა მაშინ დაგვიპყრო. განა ასეთი სიმბოლიკით რუსებს ბალტიისპირეთში შეუშვებენ? ასევე, შეგვიძლია გამოვიყენოთ კანონი ღამის საათებში ხმაურის შესახებ და რუსულ არმადას არ მივცეთ ტანკივით მოძრაობის უფლება“, - აღნიშნავს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგის თქმით, მისთვის სასიამოვნო სულაც არ არის წვერმოშვებული ზალდასტანოვისა და პუტინის სურათებიანი მაისურებით ბაიკერების ყურება რუსთაველის გამზირზე, ამიტომ კანონის ფარგლებში უნდა დავხვდეთ, რათა მოსკოვში ბაიკერების დაბრუნების შემდეგ რუსულ პროპაგანდას არ მივცეთ ამ თემის თითიდან გამოწოვის საბაბი.
„დიპლომატიაა ის, რომ ჩვენი ინტერესები დავიცვათ იქ, სადაც ნამდვილად რაღაცას ვკარგავთ. რუსებთან არ უნდა დაგვემართოს ის, რაც სულ ახლახანს თურქებთან დაგვემართა. წარმოუდგენელი დეგენერატობა იყო მეზობელი თურქების გადაკიდება. დიდგორობა არ აღგვინიშნავს მთელი 10 საუკუნე და ყოველთვის სამუშაო დღე იყო 12 აგვისტო. სჯობდა, დიდგორი სკოლაში გვესწავლებინა უფრო კარგად და არა -15 წუთით. თუმცა ნუკრი ქანთარიას 6 წლის განმავლობაში ერთი პროექტი ხომ უნდა დაედო? თუ ასეა, მაშინ იმის ერთი ადგილიც უნდა გვქონოდა, თურქებისთვის გვეთქვა, ვინ გეკითხებათ ჩვენს საქმეებში ჩარევას? მით უმეტეს, დიდგორის ომში თურქები საკუთარ ტერიტორიაზე დავამარცხეთ, თუ თბილისთან 20 კილომეტრში, როცა აქ შემოვიდნენ სელჩუკები? გარდა ამისა, მაშინ საერთოდ არ არსებობდა ოსმალთა იმპერია. დღეს კი საერთაშორისო პრაქტიკა სულაც არ გულისხმობს, რომ ერთ ქვეყანაზე გამარჯვების დღე მეორე მეზობელმა ქვეყანამ დასვენების დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადოს. ინგლისელებმაც დაამარცხეს ნაპოლეონი ვატერლოოზე, მაგრამ დღემდე ვატერლოოს გამარჯვების თარიღი სახელმწიფო კალენდარში არ შეუტანიათ, როგორც გამარჯვების დღე. მას მხოლოდ იქაური არასამთავრობოები აღნიშნავენ. ამ დროს კი ნუკრი ქანთარია ენის მოჩლექით ამბობს, იცით, თურქებსაც უნდა გავუგოთ. შენ თუ მეგობრობა გინდა თურქებთან, წინასწარ უნდა დაფიქრდე, რა მოჰყვება ასეთ მამლაყინწურ ინიციატივას. თორემ ვინ ეკითხება თურქეთს, მე აქ რას აღვნიშნავ?!“
ექსპერტი უსაფთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსი ბაიკერების შესაძლო ჩამოსვლა ის შემთხვევაა, როცა შუბი ხალთაში კარგად არის დამალული. ფორმალურად, „ღამის მგლები“ იცავენ პოლიტიკურ ნორმებსა და პოლიტიკური ეთიკის პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის სენსიტიურია. კერძოდ, ისინი არ შემოდიან გეორგიევსკის ლენტებით, მათ პუტინისეული ლოზუნგები და სურათები არ გააჩნიათ. ამდენად, ფორმალურად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ისინი ჩამოვიდნენ, როგორც ტურისტები. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, ბოლო პერიოდში საქართველოში როგორ ვითარდება რუსული რბილი ძალა, რა თქმა უნდა, რუს ბაიკერთა ჩამოსვლა რბილი ძალის ელემენტის ფარული ფორმაა.
„ბაიკერების ხელმძღვანელები ინტენსიურ კონსულტაციას გადიან კრემლის მესვეურებთან. არაერთხელ დაფიქსირებულა მათი ურთიერთკავშირი უშუალოდ პუტინთან. ამ მოძრაობას კრემლი იყენებს, როგორც ერთ-ერთ ინსტრუმენტს საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის, ეს კრემლის ფარული მოდელია გეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად. როგორ უნდა დავხვდეთ რუს ბაიკერებს? შესაძლოა, ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს მათ მიმართ არავითარი პრეტენზია არ ჰქონდეთ, რადგან ისინი იცავენ წესებს, რომელიც აუცილებელია საქართველოში შემოსასვლელად, მაგრამ კარგი იქნება, თუ ჩვენი საზოგადოება გამოხატავს ღია თუ მდუმარე მშვიდობიან პროტესტს. ვიღაცამ არ უნდა ჩაგვთვალოს მოტყუებულებად. ვინც იცის, ვინ არიან ბაიკერები და რა ამოცანები გააჩნიათ მათ, ეს არ გაუკვირდება. მით უმეტეს, ბაიკერები არაერთხელ არიან შემჩნეულნი დონბასში ვოიაჟებში. არ ვიცი, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც იმყოფებოდნენ თუ არა. ამიტომ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რუს ბაიკერთაგან რომელიმეს ხომ არ აქვს დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ?!“ - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ, რომლის თქმითაც, ბალტიისპირეთსაც აქვს რუსი ბაიკერების მიღების გამოცდილება.
თუკი „ღამის მგლები“ ბალტიისპირეთში კანონს არ არღვევენ, მათ უშვებენ საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ იქ მათ ხვდებათ სერიოზული საპროტესტო ტალღა მშვიდობიანი ფორმით. ამიტომ ჩვენც პროვოკაციაზე არ უნდა წამოვეგოთ და ფიზიკურად არ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ადამიანებს, უბრალო მდუმარე პროტესტითაც შეიძლება მათი დახვედრა.