28.04.2017 წელს პორტალ for.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „მოსამართლის წინააღმდეგ არ შეიძლება ცილისწამება და მეეზოვის, ან ავტობუსის მძღოლის მიმართ შეიძლება?“ - http://www.for.ge/view.php?for_id=48832&cat=3, რასაც ქალბატონი ევას საპასუხო წერილი მოჰყვა. წერილს ქვევით შემოგთავაზებთ, თუმცა მანამდე გვსურს, ყურადღება რამდენიმე პასაჟზე გავამახვილოთ - „კიდევ ბევრ განმარტებას მოგცემდით მედიის თავისუფლების სტანდარტებზე, მაგრამ უიმედოდ ვარ. იქ, სადაც ცენზურა თვითცენზურისაგან ვერ გაურჩევიათ, ხოლო თავისუფლება - თვითნებობისაგან, ყოველგვარი სერიოზული საუბარი ჰკარგავს აზრს“, - ასე სრულდება ქ-ნ ევას for.ge-სათვის განკუთვნილი საპასუხო წერილი.
ქ-ნო ევა, ამ ფრაზას წინ ვრცელი განმარტება უძღვის და გამოდის, მთელი ის ტექსტი არასერიოზულად ჩავთვალოთ? - ეს ერთი!
მეორე - for.ge-ს არასოდეს, არც ერთი მოსამართლისთვის თუ მეეზოვისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია!
მესამე - მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას მხარი დაუჭირეთ და განმარტეთ: „რა თქმა უნდა, ეს იყო რთული და მძიმე გადაწყვეტილება... ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ, თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, ეს გამოიწვევდა მსუსხავ ეფექტს მთელს მოსამართლეთა კორპუსზე და მათ დემორალიზაციას მოახდენდა“, - მურუსიძის დანიშვნით გამოწვეულ საზოგადოების დემორალიზაციაზე რას იტყვით ქ-ნო ევა?
დაბოლოს, მოსამართლეთა დასაცავად თქმული - „დადგა დრო, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს ისე, როგორც საჭიროა. ზოგიერთი ნაწილი კანონის მიხედვით უნდა გადაწყდეს“, - სწორედ, თქვენ მიერ თქმული ეს ფრაზა აჩენს ეჭვებს - სად გადის ცენზურის ზღვარი საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომელიც ახლა ეუფლება დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ანა-ბანას?! (პატივისცემით for.ge-ს რედაქტორი როზი ჯღამაია)
ახალ კი, დაპირებისამებრ, უცვლელად გთავაზობთ ქ-ნ ევა გოცირიძის წერილს.
ქ-ნო მართა, თქვენი სტატია, რომელიც საინფორმაციო სააგენტო for.ge-ზე გამოაქვეყნეთ, შეიცავს მცდარ ინფორმაციას. საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა იმის თქმა, რომ „ევა გოცირიძის ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვას ითვალისწინებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლის შეურაცხყოფის დასჯად ქმედებად გამოცხადებას მოითხოვენ“.
საბჭო მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვას არ მოითხოვს. ვერც მოითხოვს, რადგან სასამართლოს კრიტიკა დასაშვებია და ამდენი გვესმის. საბჭო მოითხოვს, რომ სასამართლოს კრიტიკა გაიმიჯნოს მოსამართლეთა ლანძღვის, შეურაცხყოფის, დამცირების, აბუჩად აგდების, დემონიზების, დაშინების, დაშანტაჟების, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის წაქეზებისა და სხვა მსგავსი ქმედებებისაგან. საბჭო მოითხოვს, რომ ყველამ დაიცვას სასამართლოს „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ ლანძღვა-გინება და მსგავსი ქმედებანი - არა, და ისინი სასამართლოს „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლებს გარეთაა. ასეთია სტრასბურგის სასამართლოს პოზიცია.
ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც სტრასბურგის სასამართლო უკვე დიდი ხანია ამბობს. თუ ჩვენი არ გჯერათ, რომ ნამდვილად ამბობს, მაშინ გთხოვთ გაეცნოთ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებს, გამოხატვის და მედიის თავისუფლებას რომ შეეხება. ოღონდ ერთი რომელიმე კი არა, არამედ რამდენიმე მაინც, რათა უცდომელი დასკვნის გამოტანა შეძლოთ. კაცმა რომ თქვას, გევალებათ კიდეც, რომ იცნობდეთ ამ პრეცედენტებს, რამდენადაც ისინი მედიის თავისუფლების სტანდარტებსაც ადგენს. მათ რომ იცნობდეთ, მაშინ იქნებ ასე უცნაურად აღარ მოგეჩვენებოდათ ის იდეები და ტერმინოლოგია, რომელიც საბჭოს განცხადებაშია გადმოცემული და გამოყენებული.
გარდა ამისა, საბჭოს არც მოსამართლის შურაცხყოფის დასჯად ქმედებად გამოცხადება მოუთხოვია. ჩვენი მთავარი მოწოდება ამ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყებას შეეხებოდა. გარდა ამისა, აქცენტი უფრო ცნობიერებისა და კულტურის ამაღლებაზე, და, მაშასადამე დარღვევების პრევენციაზე გავაკეთეთ, ვიდრე დამრღვევთა დასჯაზე. მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ნათქვამია...
რაც შეხება თქვენი სტატიის სათაურს - „მოსამართლის წინააღმდეგ არ შეიძლება ცილისწამება და მეეზოვის, ან ავტობუსის მძღოლის მიმართ შეიძლება“? - ამაზე გპასუხობთ შემდეგს: არავის ცილისწამება არ შეიძლება... არც მოსამართლის, არც პარლამენტის წევრის, არც ტაქსის მძღოლის, არც უნივერსიტეტის პროფესორის, არც ჟურნალისტის, არც მეეზოვის... განურჩევლად ყველა ინდივიდის ღირსება და რეპუტაცია უნდა იყოს სამართლებრივად დაცული. მაგრამ, მათდამი დასაშვები კრიტიკის ფარგლებია სხვადასხვა, განსხვავებული, იმისდა მიხედვით, თუ ვის შეეხება ეს კრიტიკა. ამის ცოდნაც გევალებთ ჟურნალისტებს, არანაკლებ, ვიდრე იურისტებს. პოლიტიკოსების მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები ძალიან ფართოა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ძალზე მწვავე კრიტიკაც დასაშვებია. მოსამართლეების მიმართ - დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ვიწროა. ანუ, მათი კრიტიკა გარკვეულ, ზომიერ ფარგლებშია დასაშვები და ეს კრიტიკა არ უნდა იყოს შეურაცხოფაში გადაზრდილი. კერძო პირების მიმართ - ეს ფარგლები კიდევ უფრო ვიწროა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კერძო პირთა რეპუტაცია ყველაზე კარგი სამართლებრივი დაცვით უნდა სარგებლობდეს, უფრო უკეთესით, ვიდრე მოსამართლეების ღირსება და რეპუტაცია. ყველაზე მეტად სწორედ რიგითი ადამიანების ლანძღვა და ცილისწამება არ შეიძლება და ყველაზე მეტად მათი რეპუტაცია და კეთილის სახელი უნდა იყოს გაფრთხილებული. ამგვარია ადასამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიდგომები. შესაბამისად, მოსამართლის დაცულობის სტანდარტი არა თუ არ აღემატება, არამედ ჩამორჩება კიდევაც კერძო პირის რეპუტაციის დაცულობის სტანდარტს და ეს ასეც უნდა იყოს.
შესაბამისად, თქვენი სტატიის ისეთი დასათაურება, რომელიც გამოიყენეთ, ასევე წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. იგი საქმეში გაუთვითცნობიერებელ პირებს ჩააგონებს, თითქოს საბჭო იმ იდეას ამკვიდრებდეს, რომ მოსამართლეთა ცილისწამება არ შეიძლება, ხოლოს სხვა პირების კი - შეიძლება. ასეთი რამ არ გვითქვამს, არ გვიგულისხმებია და მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ მოსამართლეების მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ვიწროა, ვიდრე პოლიტიკოსების მიმართ, რომლებსაც პოლიტიკური ტრიბუნა უპყრიათ ხელთ და პასუხის გაცემის უამრავი საშუალება აქვთ, მაშინ როდესაც მოსამართლე, მისთვის დაკისრებული თავშეკავებულობის ვალდებულებიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას მის წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკას ადეკვატური საშუალებებით უპასუხოს. ასეთი მიდგომები დემოკრატიულ ქვეყნებში (გნებავთ ევროპაში და გნებავთ აშშ-ში) იმიტომ არის დამკვიდრებული, რომ სასამართლო დაცული იქნეს უსაფუძვლო თავდასხმებისაგან, რადგან საჯარო ინტერესია ის, რომ ხალხს უსაფუძვლოდ არ დაეკარგოს მისდამი ნდობა.
საბჭოს განცხადებაში გადმოცემულ იდეებს კიდევ უფრო უხეშად ამახინჯებს თქვენი სტატიის წარმოდგენის ფორმა. ვგულისხმობ ჩემს ფოტოს წარწერით - „ცენზურა“. ასეთი ფორმა მკითხველს უბიძგებს სჯეროდეს, თითქოს მე ცენზურის შემოღების მომხრე ვარ. ამ სიცრუით კი საძულველად წარმოსახეთ ჩემი პიროვნება საზოგადოების თვალში. არადა, თუ დაუკვირდებით, შუა საუკუნეების წყვდიადის კუთვნილება სწორედ ადამიანთა ცილისწამებაა, მათთვის უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებების წაყენება და დასჯა. ამიტომ დაე, საზოგადოებამ განსაჯოს, ვინ არის სინამდვილეში ობსკურანტიზმის წარმომადგენელი - ვინც ცილისწამების თავისუფლების, ადამიანისათვის რა გინდა რა უკეთურობის დაბრალების უფლებას ამკვიდრებს და თვითნებობობას აკანონებს, თუ ის, ვინ ადამიანის ღირსების, რეპუტაციის და კეთილი სახელის დაცვის მომხრეა?
ახლა განგიმარტავთ, რაშია საქმე და რატომ შეგეშალათ (იმედია რომ შეგეშალათ და ბოროტი განზრახვით არ მოქმედებდით). საბჭოს განცხადებაში საუბარი იყო ჟურნალისტთა მხიდან თვითშეზღუდვისა და თვითცენზურის ვალდებულებაზე. ცენზურა და თვითცენზურა განსხვავებულ მოვლენებს ასახავს. ცენზურა ის არის, როცა პირს სხვა (სახელმწიფო, ეკლესია, ჩინოვნიკი...) აკონტროლებს და უწესებს, რისი თქმა შეიძლება და რისი არა. ხოლო თვითცენზურა ისაა, როდესაც ადამიანი საკუთარი სინდისის, მორალისა და პასუხისმგებლობით საზღვრავს, რა თქვას ან რის თქმისგან შეიკავოს თავი. ჟურნალისტებთან მიმართებაში თვითცენზურა პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვის ვალდებულებასაც მოიცავს. ჟურნალისტი უნდა ცდილობდეს, სიფრთხილე გამოიჩინოს საკითხების გაშუქებისას, გადასცეს გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაცია და აიცდინოს სხვა ლეგიტიმურ ინტერესებისათვის უსაფუძვლო ზიანის მიყენება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თვითცენზურის ვალდებულება სინდისით, ცოდნითა და პასუხისმგებლობით მოქმედების ვალდებულებას გულისხმობს.
კიდევ ბევრ განმარტებას მოგცემდით მედიის თავისუფლების სტანდარტებზე, მაგრამ უიმედოდ ვარ. იქ, სადაც ცენზურა თვითცენზურისაგან ვერ გაურჩევიათ, ხოლო თავისუფლება - თვითნებობისაგან, ყოველგვარი სერიოზული საუბარი ჰკარგავს აზრს.