26 აპრილს ჩერნობილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1986 წელს მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა უკრაინის სსრ-ში მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე მომხდარმა ავარიამ. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა.
იგი შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე.
რა ზიანი მიადგა იმ პერიოდში საქართველოს და მოსალოდნელია თუ არა განმეორებით ჩერნობილის ჯინის ბოთლიდან ამოშვება? ამის შესახებ For.ge-ს საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა ესაუბრა.
თემურ ვეკუა: ჩერნობილის ტრაგედიიდან ზუსტად 31 წელი შესრულდა. უფრო დიდი კატასტროფა ისტორიას არ ახსოვს. საქართველოსაც შეეხო ეს საკითხი, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის მიერ შავი ზღვის ზოლში სოხუმიდან ბათუმამდე ლაქები იქნა აღმოჩენილი. აღნიშნულ ინსტიტუტს ლაქების აღმოსაჩენად შესაბამისი აპარატურა ჰქონდა. მოგეხსენებათ, თავის დროზე სწორედ ჩერნობილიდან წამოიღო ქარმა ეს დაბინძურება და ლაქებიც ასე გაჩნდა.
იმ პერიოდში ამბობდნენ, რომ საქართველოში ონკოლოგიურმა დაავადებებმა იმატა.
- ცხადია, ამ დაბინძურებამ ჩვენთანაც ჰპოვა ასახვა. ძალზე იმატა ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევებმა, განსაკუთრებით იმატა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებამ, რადგან ჩერნობილის აფეთქების შემდეგ ზემოთნახსენებ ლაქებში იყო რადიაქტიური იოდი.
შავი ზღვის სანაპიროზე ლაქები მრავლად იყო?
- ლაქები აღმოაჩინეს სხვადასხვა ადგილას შავი ზღვის ნაპირებზე აქეთა მხარეს, სოხუმიდან ბათუმამდე. საამისოდ შესაბამისი შრომა ჩატარდა, შედეგების შესახებ დაიწერა და გაიგზავნა საბჭოთა კავშირის პრემიერ-მინისტრ პავლოვის სახელზე. აფხაზებმა დაფინანსება მოითხოვეს. ვინაიდან აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, პავლოვი სინდისიერად მოიქცა და აფხაზების მოთხოვნა გადაუგზავნა საქართველოს, კერძოდ, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ბატონ თენგიზ სიგუას. თენგიზ სიგუამ შექმნა შესაბამისი კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაშინდელი ჯანმრთელობის მინისტრი მანანა ძოძუაშვილი, იმ კომისიაში შედიოდნენ სპეციალისტები, მათ შორის, გახლდით მეც, მაშინდელი გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე. ჩვენ ჩავატარეთ სამუშაოები, გავემგზავრეთ მოსკოვში, რომელმაც 9 მილიონი მანეთის ოდენობით დაფინანსება გამოგვიყო იმისთვის, რომ ჩერნობილის დაბინძურების შესახებ კვლევები გაგვეგრძელებინა. 9 მილიონიდან პირველ ტრანშად გადმორიცხეს 2 მილიონი მანეთი და შემდგომ უკვე დაიწყო ის მოვლენები, რასაც მოჰყვა ზვიად გამსახურდიას მთავრობის გადაგდება. საბჭოთა კავშირი კი მანამდეც, დეკემბერშივე უკვე დაიშალა და ეს საკითხი დავიწყებას მიეცა. თუმცა ეს პრობლემა დღემდე რჩება.
აფხაზეთისა და ბათუმისთვის უფრო რთულად რჩება ეს საკითხი, ვიდრე დანარჩენი საქართველოსთვის?
- საერთოდ, აფხაზეთიდან აჭარამდე ეს ლაქები სადაც აღმოჩნდა, გარკვეული დოზით რადიაცია განვითარდა. იქ იყო რადიაქტიური იოდი და სტრონციუმი.
ამას უკავშირებთ ონკოლოგიური დავადებების გახშირებას?
- ფარისებრი ჯირკვლის ავადმყოფობის მატებას ამასაც ვუკავშირებ და სხვა რაღაცებსაც. ავარიის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ ე.წ. ლიკვიდატორები, რომლებმაც ამა თუ იმ სახით გამოსხივება მიიღეს. ჩემთვის უცნობია, აღრიცხულია თუ არა ეს ხალხი, ეძლევათ თუ არა მათ კომპენსაცია. ისიც მაინტერესებს, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ საქართველომ კომპენსაციის სახით რა მიიღო და ე.წ. ლიკვიდატორებმა რა მიიღეს თავისი ჯანმრთელობის აღსადგენად?! ჩერნობილის ავარია შეიძლება ისევ განმეორდეს და ჯინიდან ბოთლის ამოშვება ნებისმიერ დროს მოხდეს, შეიძლება, ის სარკოფაგი დაიშალოს და ისევ მოხდეს უბედურება.
ჩერნობილი მაინც უკრაინაა, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინელებს პრევენციის მიზნით?
- ჩერნობილის ავარიიდან დიდი დრო გავიდა. მართალი გითხრათ, არ ვიცი, ამ საკითხის შესახებ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე არის თუ არა უკრაინა. ჩერნობილის კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციოდ ვის აქვს ნაკისრი თანხების გამოყოფა - უკრაინას თუ რუსეთს, თუ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეებს?! მე მგონი, ამ ყველაფრის სამართალმემკვიდრე რუსეთია, მაგრამ მუდმივად უნდა გვახსოვდეს ეს საკითხი, რომელიც შეიძლება განმეორდეს, რადგან არსებობს ჩერნობილის რეაქტორის მსგავსი კიდევ ბევრი რეაქტორი, ანუ ძველი რეაქტორები რუსეთის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ჩვენი უახლოესი მეზობელი სომხეთი ელექტროენერგიის ძირითად ნაწილს გამოიმუშავებს სწორედ თავის ელექტროატომურ სადგურზე. როგორ არის დაცული ეს საკითხი, ამის შესახებ ბევრჯერ წამოჭრა საკითხი „მწვანეთა“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ, მაგრამ არანაირი შედეგი ამას არ მოჰყოლია. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ვართ თუ არა რისკის ზონაში სომხეთის ატომური სადგურის გამო. საინტერესოა, ასევე, სად მიდის სომხეთის ატომური სადგურის ნარჩენები. წესით, ეს ნარჩენები ან უნდა დაიმარხოს, ან გამორიცხული არ არის, საქართველოს გავლით სადღაც მიდიოდეს. სომხები ჭკვიანი ხალხია და არა მგონია, ამ ნარჩენებს თავის ქვეყანაში მარხავდნენ. შესაძლოა, ეს მიდიოდეს საქართველოს რკინიგზის გავლით ან სულაც სხვა საშუალებით. ეს ყველაფერი გასარკვევია და ეს ინფორმაცია ღია უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ აღნიშნული საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება.