დონალდ ტრამპის ასდღიანი მმართველობის დღე მიიწურა და ამერიკის პირველი პირის შეფასებამაც არ დააყოვნა. ტრამპის ასდღიან საქმიანობას გამოკითხულთა 42% იწონებს, რაც აშშ-ის პრეზედენტების რანგში ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. ყოველ შემთხვევაში, 1945 წლიდან მოყოლებული, ეს არ არის სასურველი მაჩვენებელი, რასაც ცხადყოფს სოციოლოგიური კომპანია Langer Research Associates-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.
თუმცა საქმიანობის გარკვეულ სფეროებში დონალდ ტრამპმა ამერიკელთა მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, სამუშაო ადგილების შექმნის სფეროში მისი საქმიანობა რესპონდენტთა 73%-მა მოიწონა.
ამავე ასდღიანი პერიოდისთვის ბარაკ ობამას მოწონების მაჩვენებელმა 69% შეადგინა.
„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილისთვის დონალდ ტრამპის ასდღიანი მოღვაწეობის მაჩვენებელი გასაოცარი არ ყოფილა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ტრამპი თავიდანვე არ ეყრდნობოდა ამერიკელთა უმრავლესობას. ის ეყრდნობოდა მხოლოდ ამერიკელთა ნახევარს, მას ჰქონდა ძალზე მემარჯვენე იდეები, რომელიც დემოკრატიის დიდი გამოცდილების მქონე ქვეყანაში, ანუ ამერიკაში მოწონებული არ იყო. ამიტომ დღესაც ამერიკელებმა უნდა აცალონ დონალდ ტრამპს და დააკვირდნენ, მომდევნო ასი და ორასი დღის შემდეგ წინსვლა ექნება თუ უკუსვლა.
„ტრამპის წარმატებები ჯერჯერობით მაინც უფრო საერთაშორისო სფეროშია, რომელიც აშშ-ის მოსახლეობას ყველაზე ნაკლებად აღელვებს. ამერიკელები სხვა პრობლემებს უფრო ხედავენ. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვასწავლით მათ, რა უნდა მოსწონდეთ და რა არა, მაგრამ ტრამპის განცხადებები თავიდანვე ამერიკის მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ მოსწონდა. აშშ-ის ახლანდელ პრეზიდენტს თავიდანვე, ერთ დღეშივე უნდოდა ბევრი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ასე მარტივად არ წყდება ხოლმე. თუმცა ეს გასაგებია, მას ხომ დიდი გამოცდილება პოლიტიკაში არ აქვს. ახლა გამოჩნდება, შეძლებს თუ არა ამ გამოცდილების დაგროვებას. სიმართლე გითხრათ, ამერიკელი რომ ვიყო, არ ავირჩევდი ტრამპს პრეზიდენტად, მაგრამ, რადგან უკვე არჩეულია, ვგულშემატკივრობ, რომ ახლა მაინც ისწავლოს და კარგი პრეზიდენტი დადგეს.
ჩვენთვის, ქართველებისთვის, საგარეო თვალსაზრისით, ტრამპი ცუდი პრეზიდენტი არ იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მარტო ჩემზე ხომ არ იფიქრებს ამერიკელი ამომრჩეველი? გასაგებია, რომ ამერიკელებს საკუთარ ქვეყნაში სურთ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, მეტი სამუშაო ადგილი, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ „რესპუბლიკელები“ საგარეო საქმეებში ყოველთვის უფრო სასარგებლონი არიან“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა For.ge-სთან საუბარში.
ექსპერტი სოსო ზალიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ტრამპის რეიტინგის „ვარდნა“ მხოლოდ სოროსის გავლენის ქვეშ მყოფი ამერიკელი ლიბერასტების სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგია. სინამდვილეში, რომელ მინუსებზეა საუბარი, როცა პირიქითაა და ტრამპს ასეთი მაღალი რეიტინგი არასდროს ჰქონია.
„მე მგონი, ჩვენ სხვადასხვა გამოკითხვას ვუყურებთ, რადგან რომელი გამოკითხვაც მე ვნახე „ფოქს-ნიუსზე“, იმის მიხედვით, ტრამპის ამომრჩევლების 98% დადებითად აფასებს მის საქმიანობას. ეს ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს მისი ამომრჩევლები დადებითად აფასებენ. აქ საუბარია როგორც საგარეო, ისე საშინაო ნაბიჯებზე“.