თუ ვგრძნობდი, რომ მჩაგრავდნენ, დასახმარებლად სულაქველიძესთან და ჩელებაძესთან გავრბოდი

თუ ვგრძნობდი, რომ მჩაგრავდნენ, დასახმარებლად სულაქველიძესთან და ჩელებაძესთან გავრბოდი

დღევანდელი საკვირაო სპორტული მოგონებების გმირი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გრიგოლ ცაავა იქნება, მოთამაშე რომელმაც ერთხელ გამოჩენილ ჰოლანდიელ მცველს, რუდი კროოლს შემდეგი სიტყვები ათქმევინა:  „ეს ბიჭი დროზე ათამაშეთ ნაკრებში, თორემ გახდება ჩემხელა და არაფრის თავი აღარ ექნებაო".

სამწუხაროდ, იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარ მწვრთნელებს ცაავასთვის თავის გამოჩენიც შესაძლებლობა არ მიუციათ. თავად ფეხბურთელის კარიერაც ისე ვერ წარიმართა, როგორც გულშემატკივრები მისგან ელოდნენ. იმ დროს გავრცელებული აზრით ცაავას ფეხბურთიდან წასული დავით ყიფიანი უნდა შეეცვალა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

გრიგოლ ცაავა დღეს ჩვენი სტუმარია და საკუთარ საფეხბურთო ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრებს.

„მესამე კლასში ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე, თორემ ეზოში ფეხბურთს 5 წლიდან ვთამაშობდი. პირველად მშობლიურ სოხუმში, „ნორჩ დინამოელში" მივედი, ჩემი მწვრთნელი გიორგი იოლჩიდი იყო... ოთხ წელიწადში, მეშვიდეკლასელი, უკვე რესპუბლიკის მოსწავლეთა ნაკრებში ვთამაშობდი. იქ ჩემი მწვრთნელები თენგიზ კუბლაშვილი და გივი მუმლაძე იყვნენ. ის გუნდი უზბეკეთში, ტაშკენტში დაგეგმილი მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადისთვის შეიქმნა. მაშინ, 1976 წლის ზაფხულში ცუდად არ გვითამაშია, მესამე ადგილი დავიკავეთ.

1978 წელს „დინამოს" სტადიონზე ოთხთა ტურნირი გაიმართა. იმ დროს უკვე თბილისში, 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდში ვთამაშობდი. ჩვენთან ერთად საქართველოს ჭაბუკთა, ვეტერანთა და აზერბაიჯანის ნაკრებები ასპარეზობდნენ. ტურნირის საუკეთესო მცველად დამასახელეს. წლების მერე შევიტყვე, რომ სწორედ მაშინ შემამჩნია ნოდარ ახალკაცმა. 16 წლის ვიყავი მაშინ...

როცა ჩემმა მწვრთნელმა გივი მუმლაძემ მითხრა, ახალკაცი ბაზაზე გიბარებსო, ვერ დავიჯერე, ძალიან ავღელდი. დიღომში რომ მივედი, უარესი დამემართა - ბაზის კარი შევაღე და... უცებ წარმოვიდგინე, რომ იმ ხალხთან ერთად უნდა მევარჯიშა, ვიზეც მზე და მთვარე ამომდიოდა! 1979 წლის 5 იანვარი იდგა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი „დინამო" ტუნისში იყო სეზონისწინა შეკრებაზე და იმ დღეს მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს მოვკარი თვალი. ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ კარი გამომეხურა და უკან დავბრუნებულიყავი. ეს ნამდვილად არ იყო შიში, მაგრამ ის გრძნობა მაინც ვერ დავძლიე...

„დინამოს" მაისური პირველად ლესელიძეში, სეზონისწინა საკონტროლო შეხვედრებში მოვირგე. ჩემთან ერთად უმცროსი მიშა მესხი, ვაჟა ჟვანია, ტარიელ დურდიაძე, გოჩა ჯოხაძე, ნუკრი კაკილაშვილი, დიმიტრი მეშკოვი, გია გურული, კობა ჟორჟიკაშვილი და მერაბ ჟორდანიაც თამაშობდნენ, გუნდს კი გივი ნოდია და სერგო კუტივაძე ხელმძღვანელობდნენ. ყველა კარგი ბიჭი იყო, მაგრამ მიშა მესხისთანა ნიჭიერი - არცერთი!

ვინ იყო იმ „დინამოს" ავტორიტეტი? რა თქმა უნდა, ნოდარ ახალკაცი! პირველად რომ შევხვდი, მცირე ხანს, მაგრამ თბილად მელაპარაკა. პრინციპში, ყოველთვის ასე მექცეოდა. მის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი.

ახალკაცი ფეხბურთელებს შორის დისტანციას ინარჩუნებდა. მე თუ მკითხავთ, ასეთი რამ აუცილებელია. ნებისმიერ კლუბში უნდა არსებობდეს ვარსკვლავსა და ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის ზღვარი - შენ რომ შენს კერპს პატივი არ სცე, მერე დიდი შანსია, შენც აღარ გცენ პატივი ახალბედებმა და სიტუაცია აირევა. ფარსადანოვიჩს კარგად ჰქონდა „დინამოში" საქმე დაყენებული და თვითონ ფეხბურთელებმაც იცოდნენ თავისი თავისა და ფეხბურთელობის ფასი.

ზევიდან ყურება ან მსგავსი რამ ჩვენთან არ ყოფილა, პირიქით, გუნდის ვეტერანებისგან მხოლოდ მხარდაჭერას ვგრძნოდი. მანუჩარ მაჩაიძე კაპიტანი და ლიდერი იყო: სულ კითხულობდა, ან ჭადრაკს თამაშობდა; ვოვა გუცაევი უმცროსებს თან გვათამამებდა, თან გვაშაყირებდა; დათო ყიფიანი ახალ-ახალ ამბებს გვიყვებოდა... მოკლედ, ძალიან შეკრული და მეგობრული იყო ის „დინამო".

ძირითად შემადგენლობაში პირველად თბილისში, დონეცკის „შახტიორთან" 3:0 მოგებულ მატჩში გამოვჩნდი. დუბლშემადგენლობა ერთი დღით ადრე თამაშობდა, ამიტომ, როცა განაცხადში ჩემი თავი ვერ ვიპოვე, ძალიან გამიკვირდა. უცბად ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მერე კი ცხონებულმა გივი ნოდიამ მითხრა, პირველ გუნდს კრება აქვს, იქ მოდიო. ახალკაცმა ძირითად შემადგენლობაში დამასახელა, ბურთი კი თამაშში მე და დათო ყიფიანმა შევიყვანეთ! დაუვიწყარი წუთები იყო, სრულიად განსაკუთრებული, ჯერ არ განცდილი ემოცია! სამივე გოლი ცხონებულმა რამაზ შენგელიამ შეაგდო, თუმცა დანარჩენებმაც ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. ალბათ, ეს იყო ჩემი პირველი კარგი გამოსვლა „დინამოში".

1981 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მიხმეს, მანამდე კი იუნიორთა გუნდი იყო. სამწუხაროდ, ვერცერთი გამოდგა წარმატებული - საკვალიფიკაციო ეტაპზე ვმარცხდებოდით. ერთხელ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდულ ნაკრებს ვძლიეთ 4:1. იმ მატჩში პატარა მიშამაც ითამაშა და დათო პაიკიძემაც - სამნი ვიყავით „დინამოდან". ის შეხვედრა წლების მერე გაიხსენა რალფ მინგემ. იმხანად ის ჩვენს ეროვნულ ნაკრებში კლაუს ტოპმიოლერის თანაშემწე იყო, მე კი ფედერაციაში ვმუშაობდი. თურმე მეტოქეები ვყოფილვართ...

სულ მინდოდა დათო ყიფიანივით მეთამაშა. ერთხელ, მორიგი თამაშის შემდეგ, „ყიფო" ავტოგრაფებს არიგებდა. კაი ხანს ვუცქერდი, მერე მივედი და ვუთხარი, დავიდიჩ, მეც მინდა შენნაირი მოთამაშე გავხდე, ავტოგრაფები დავარიგო-მეთქი. მომიტრიალდა და მითხრა, ძალიან კარგი ასე რომ ფიქრობ, ეცადე და გამოგივაო... გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე მოთამაშე იყო, დათო კარგი კაციც გახლდათ.

1981 წლის სექტემბერში მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის ტურნირში ვითამაშეთ. ნახევარფინალში „რეალთან" 2:4 წავაგეთ, მერე მიუნხენის „ბაიერნს" 2:1 ვაჯობეთ და მესამე ადგილი დავიკავეთ. თასიც გადმოგვცეს. გუნდში ყველაზე უმცროსი ვიყავი და ახალკაცმა ჯილდო მე ჩამაბარა, მიხედეო. ესპანეთიდან თბილისამდე თავს დავკანკალებდი - რამე არ მოუვიდეს, არ გატყდეს, არ გაფუჭდეს... ჩამოვედით თბილისში და იცით რამდენი „პატრონი" გამოუჩნდა „ჩემს თასს"? ყველას საშა ჩივაძემ „აჯობა", სტაცა ხელი, შემართა და ასე გაიჭრა ტრაპზე...

ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ „სანტიაგო ბერნაბეუს" დონის არენა არ მინახავს, ზღაპარი იყო! ისეთი ბალახი ვნახე, ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი მინდორზე!

მადრიდში „დინამო" და მიუნხენის „ბაიერნის" ფეხბურთელები ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. სულ იმას ვფიქრობდი, ნეტა სადმე რუმენიგე შემხვდეს-მეთქი. მაშინ „კალე" ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად იყო აღიარებული. ერთხელაც ლიფტით ჩავდივარ, კარი იღება და იქ არ დგას ეს შენი რუმენიგე?! ახლა წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა: პატარა ბიჭი ვარ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ლიფტში რუმენიგესთან ერთად ვდგავარ! გამოლაპარაკება, ხელის ჩამორთმევა და ასეთი რამე ტყუილია, არ ვარ ამის გამკეთებელი... დაუვიწყარი წამები იყო!

1982 წლის სეზონში ძირითადის უცვლელი წევრი ვიყავი: პირველობის 32 შეხვედრაში 9 გოლი შევაგდე და სეზონის ბოლოს „33 საუკეთესოს" სიაშიც დამასახელეს. რამაზ შენგელიამ საკავშირო პირველობებზე მე-100 გოლი სწორედ იმ ჩემპიონატში გაიტანა  და ეს ჩემი პასით გააკეთა, ამით დღემდე ვტრაბახობ!

დასაევის კარში გატანილ გოლს რა დამავიწყებს?! ის შეხვედრა მანეჟში ჩავატარეთ, იქ კი „სპარტაკი" უძლეველი იყო. ის თამაშიც წავაგეთ... 0:2-ზე ჩივაძემ დამიგორა ბურთი, მეც ბევრი არ მიფიქრია და პირდაპირ დავარტყი. ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა და მერე შევარდა კარში, მართლა ეფექტური გოლი გამოვიდა! თამაშის შემდეგ, გასახდელისკენ რომ მივდიოდი, მხარზე ხელის მოთათუნება ვიგრძენი. ავხედე და დასაევი იყო, გაკვირვებული მაკვირდებოდა. მერე ხელები გადაატრიალ-გადმოატრიალა და გასახდელში გაუჩინარდა...

ყველაზე ცუდი მოგონება? ოდესის „ჩერნომორეცთან" გასვლით შეხვედრაში ერიომინმა რომ ფეხი მომტეხა, აი ესაა ჩემი კოშმარი. მაშინ ასეთი წესი იყო: ფეხის მოტეხვის შემთხვევაში, საქმე სასამართლოში უნდა გარჩეულიყო და დამნაშავეს დაზარალებულისთვის ოპერაციის და სხვა ხარჯები უნდა აენაზღაურებინა. ერიომინის დედისგან წერილიც მივიღე, ჩემს ამბავს კითხულობდა... სასამართლოზე უარი ვთქვი, არაფერი მინდა, თავი გამანებეთ-მეთქი. ისე, ერიომინი არ იყო ძვლისმკვნეტელი, ასე ვთქვათ „კასტალომი". ასეთები უფრო მოსკოველები ნიკულინი და ნოვიკოვი იყვნენ - პირველივე წუთიდან ფეხში გირტყამდნენ. თუ ვგრძნობდი, რომ მჩაგრავდნენ, დასახმარებლად სულაქველიძესთან და ჩელებაძესთან გავრბოდი - ესენი იყვნენ ასეთების „წამალი".

იმ ტრავმის შემდეგ 5 თვე ვერ ვითამაშე. როცა გუნდში დავბრუნდი, „დინამოს" უკვე დათო ყიფიანი წვრთნიდა. ტრავმამოშუშებულმა პირველად კიევის „დინამოს" წინააღმდეგ ვითამაშე - ფეხბურთს დანატრებული ვიყავი და ბევრს „ვმატაობდი". თუ არ ვცდები, ის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, ერთი გოლი კი თემურ ქეცბაიამ ჩემს მიერ ჩაწოდებული კუთხურიდან გაიტანა.

უხერხული მოწინააღმდეგე, ვისთანაც თამაში მიჭირდა, ნამდვილად არ მახსენდება, მაგრამ ერთი კია, რომ ხარკოვის „მეტალისტთან" ასპარეზობა ძალიან არ მიყვარდა. ეს იყო გუნდი, რომელსაც ფეხბურთის წესიერად თამაში არ შეეძლო და არც თავად გაძლევდა ამის საშუალებას. მოკლედ, ხარკოველებთან 90 წუთი წვალება იყო...

როცა გაირკვა, რომ დათო ფეხბურთიდან მიდიოდა, ყველა ალაპარაკდა, ყიფიანი ცაავამ უნდა შეცვალოსო. არ დავმალავ: გუნდში მაგრძნობინებდნენ, რომ მოედანზე მის ადგილას უნდა მეთამაშა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და არაფერს ვიშურებდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. რატომ? არ ვიცი რისი ბრალია ეს, ალბათ, პირველ რიგში ჩემმა სიზარმაცემ გამოიწვია ყველაფერი: არასაკმარისმა შინაგანმა რეჟიმმა, შეიძლება მორცხვობამაც, ეგებ არეულ-დარეულმა დრომ, ტრავმასაც ნუ გამოვრიცხავთ... მოკლედ, მიზეზების ჯაჭვია.

ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რომ მარცხენა ფეხით უკეთ ვთამაშობდი. მწვრთნელებსაც მიუთითებიათ, თანაგუნდელებსაც, რომ მარჯვენისთვის მეტი ძალა დამეტანებინა, მაგრამ რა ვქნა, ვერაფერი მოვახერხე. იმას კი არ ვამბობ, რომ ვზარმაცობდი, უბრალოდ, ბოლომდე ცაციად დავრჩი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში ვითამაშე. პირველი სეზონი „იბერიად" წოდებულ „დინამოში", მერე კი სოხუმის „ცხუმშიც". აფხაზეთის ომის პერიოდში გია ყარყარაშვილმა „თეთრი არწივი" ჩამოაყალიბა და იქაც ვიყავი, ჩვენ პირველ ლიგაში გამოვდიოდით.

ვისთვის ვთამაშობდი? არ იფიქროთ, რომ ვპოზიორობ, მაგრამ ქართველი ხალხისთვის, სამშობლოსთვის - ეს პირველ რიგში... ბუნებრივია, საკუთარი სიამოვნებისთვისაც, ჩემი სოხუმელებისთვის, ახლობლებისთვის, ყველასთვის, ვინც მიყვარდა და ვისაც პატივს ვცემდი.

აფხაზეთის ომზე საუბარი არ მიყვარს და ყოველთვის თავს ვარიდებ ამ თემას. იცით, სოხუმში მე ჩემს სახლში ვიყავი, მიყვარს აფხაზები და მინდა, რომ ეს პრობლემა უმტკივნეულოდ გადაწყდეს. ეს არის ორი ძმის პრობლემა და ჩემი აზრია, რომ ის მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ ქართველების და აფხაზების პირისპირ დაჯდომით და საუბრით. მესამე ძალა ჩვენ საქმეში ზედმეტია.

გაჭირვების და იმის მიუხედავად, რომ დასახულ სიმაღლეებს ვერ შევწვდი, საქართველოდან წასვლა არც მიფიქრია. ვიცი, რომ სხვაგან ვერ გავძლებდი. აქ ჩემი ხალხია, აქ გავიზარდე, კაცად ვიქეცი და მინდა, რომ ბოლომდე ამ ქვეყნისთვის დავიხარჯო. ეგებ სხვაგან უფრო კომფორტულად ვყოფილიყავი, მაგრამ მხოლოდ ფუფუნება ხომ არაა ეს ცხოვრება? სოხუმიდან ვარ, უამრავ კეთილ სოხუმელს ვიცნობ, რომლებსაც სახლი და ქონება წაართვეს, მაგრამ მთავარი, ღირსება და მომავლის რწმენა - ვერა. სწორედ ასეთი ადამიანების შემხედვარე ვარ სამშობლოში“.