ჩეჩნური ჯიჰადიტების ტაქტიკამ ევროპის მიმართულებით გადაინაცვლა“

ჩეჩნური ჯიჰადიტების ტაქტიკამ ევროპის მიმართულებით გადაინაცვლა“

23 აპრილს საფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო კანდიდატებს 21 აპრილს აგიტაციის და შეხვედრების ბოლო დღე ჰქონდათ, რადგან ფრანგული საარჩევნო კანონმდებლობით, საარჩევნო აგიტაცია არჩევნებიდან ერთი დღით ადრე წყდება. თუმცა, შანზ-ელიზეზე განხორციელებული თავდასხმის გამო, საპრეზიდენტო კანდიდატებმა ყველა დაგეგმილი წინასაარჩევნო შეხვედრა და მანიფესტაცა გააუქმეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მამაკაცი, რომელმაც პარიზში, შანზ-ელიზეზე გუშინ ცეცხლი გახსნა, ლიკვიდირებულია. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 სამართალდამცავი, 1 პოლიციელი კი დაშავდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ბოროტმოქმედს თანამზრახველიც ჰყავდა. სამართალდამცველებმა დამნაშავის სავარაუდო თანამონაწილეზე ძებნა გამოაცხადა. ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც საფრანგეთის პოლიცია ეძებს, პარიზში მატარებლით, ბელგიიდან ჩავიდა. 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, კვალი, რომელმაც პარიზში მომხდარ ინციდენტს შესაძლოა ნათელი მოჰფინოს, ტერორისტული ხასიათისაა. საარჩევნო პერიოდში დამატებით 50 000 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული, რათა საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თავდამსხმელები მოსახლეობაში პანიკის დათესვას ცდილობენ, რათა დემოკრატიული პროცესი, საპრეზიდენტო არჩევნები შეაფერხონ. მისი თქმით, მარინ ლე პენი ვერ შესძლებს ფრანგების დაცვას.

„ნულოვანი რისკი არ არსებობს. ვინც იტყვის, რომ მასთან ერთად ამგვარი რისკი არ იარსებებს, ის უპასუხისმგებლოდ იქცევა. მარინ ლე პენი არ არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს დაიცავს. ვფიქრობ, ამ ჟამს ყველას პასუხისმგებლობის შეგრძნება უნდა გაგვაჩნდეს. არ უნდა დავხაროთ თავი, ვინაიდან რის მიღწევასაც ტერორისტები ცდილობენ, ეს შიშის დათესვა და ქვეყნის გახლეჩვაა. ისინი ვერ შესძლებენ ჩვენ დამარცხებას“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. 

თავის მხრივ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერისა და საპრეზიდენტო კანდიდატის, მარინ ლე პენის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პერიოდში შესაძლოა, რომ ექსტრემისტებმა ახალი ტერაქტები განახორციელონ. 

„ჩვენ ვიცით, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საფრანგეთში ერთი ტერორისტი გამოაგზავნა ტერაქტის განსახორციელებლად. ის ჯერ კიდევ არ არის დაკავებული. ეს კი ნიშნავს, რომ ტერორისტული საფრთხე საფრანგეთში მაქსიმალურ დონეზეა. შანზ-ელიზეზე მომხდარი ტერაქტი არ იყო განხორციელებული საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად. ისლამურმა ფუნდამენტალიზმმა ომი გამოაცხადა და ის პასუხი, რაც კერძოდ, საფრანგეთმა გასცა საკმარისი არ არის რისკების მაქსიმალურად შესაზღუდად“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაიასაია ფიქრობს, რომ შანზ-ელიზეზე განხორციელებული ტერორისტული აქტი გავლენას მოახდენს საპრეზიდენტო არჩევნებზე, მით უმეტესა, რომ საფრანგეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ამომრჩეველს ბევრი არჩევანის საშუალება არ გააჩნია.

„ვხედავთ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოქმედების ტაქტიკა შეცვალა. გამოიყენა კავკასიური ისლამური ემირატის ტაქტიკა, როდესაც ისინი გადავიდნენ ძალოვან სტუქტურებზე, ხაზგასმულია, რომ ისინი ამას უყურებენ როგორც საომარი მოქმედების არეალს, რაც არის მნიშვნელოვანი მომენტი. ჩეჩნური ჯიჰადიტების ტაქტიკამ ევროპის მიმართულებით გადაინაცვლა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარის შეფასებით, რთული სათქმელია, რამდენად შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს არჩევნებზე,  საფრანგეთში პოლიტიკური ისტებლიშმენტი საკმაოდ ჭრელია, ისევე როგორც ამომრჩეველი. რაც შეეხება შანზ-ელიზეზე განხორციელებულ თავდასხმას, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ თუ ადრე ტერორისტები უფრო რეზონანსულ დარტყმებზე იყვნენ ორიენტირებული, ახლა ერთეულ ტერორისტულ აქტებზე გადავდნენ, რაც ყველაზე სახიფათოა.

„ტაქტიკა შეცვალეს, რაც უფრო მრავლფეროვანი, მრავალრელიგიური და მრავალეროვნულია ქვეყანა, მით უფრო მეტია ტერორიზმის საფრთხე. ტერორისტები, ეს იქნება ისლამური სახელმწიფო, თალიბანი თუ სხვა, ბუნებივია, რომ მოქმედების ტაქტიკას ცვლიან და უფრო მრავალფეროვანს ხდიან, რომ სპეცსამსახურებისთვის მათი გამოვლენა და რეაგირება გართულდეს. 

ასე რომ, ჩვენ სამწუხაროდ, უნდა ველოდოთ ნებისმიერ „სიახლეს“ ტერორისტებისგან. ისინი მზად არიან მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ. ადრე უფრო რეზონანსული დარტყმებზე იყვნენ ორიენტირებული, ტერორისტები გადავდნენ ერთეულ ტერორისტულ აქტებზე, რაც ყველაზე სახიფათოა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.

საფრანგეთის რესპუბლიკა რიგით მე-11 პრეზიდენტის არჩევისთვის ემზადება. იმ შემთხვევაში თუკი 23 აპრილს გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა, მეორე ტური 7 მაისს შედგება. კანდიდატებს შორის არიან ეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი, პოლიტიკური მოძრაობის „წინ“ ლიდერი ემანუელ მაკრონი, მმართველი „სოციალისტური პარტიის“ კანდიდატი ბენუა ამონი, „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ფრანსუა ფიიონი.საფრანგეთის პრეზიდენტობაზე წარდგენილი კანდიდატებიდან მეტ-ნაკლები შანსი ორ კანდიდატს აქვს, ბოლო გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტებად მარინ ლე პენი და ემანუელ მაკრონი ითვლებიან. 

სოციოლოგიური კომპანია Harris Interactive-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, ემანუელ მაკრონი ლიდერობას 25%-იანი მაჩვენებლით ინარჩუნებს. მეორე ადგილზე „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი რჩება, რომელსაც მხარს გამოკითხულთა 22% უჭერს. მესამე და მეოთხე ადგილს 19-19%-ით ინაწილებენ „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ფრანსუა ფიიონი და „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი.

39 წლის ემანუელ მაკრონი მემარცხენე კაბინეტის რეფორმატორი მინისტრი იყო, ის ე.წ „პატარა მთავრობის“ მომხრეა. ამასთანავე, მხარს უჭერს მინიმალურად დარეგულირებულ თავისუფალ ბაზარს. რაც შეეხება „რესპუბლიკელ“ ფრანსუა ფიიონს 2007-2012 წლებში საფრანგეთის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. ის მხარს არ უჭერს NATO-ს საზღვრების რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას, ეწინააღმდეგება საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლას, მაგრამ მხრას უჭერს ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, რადგან მიჩნია, რომ ამ ასეთ შემთხვევაში ქვეყანა შეძლებს ისლამისტების მხრიდან საფრთხე აიცილოს. მიუხედავად ამისა,  არ ეთანხმება ევროკავშირს მიერ რუსეთისადმი სანქციების დაკისრებას. 

რაც შეეხება „ეროვნული ფრონტის“ ლიდერეს მარინ ლე პენს რომელსაც ბოლო გამოკითხვით 22% უჭერს მხარს, იგი საფრანგეთში ემიგრანტების შესვლის შეზღუდვის, საფრანგეთის ნატოდან, ევროკავშირიდან და ევროზონიდან გასვლის მომხრეა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 48 წლის ლე პენი განსაკუთრებული სიმპათიებით არის გამსჭვალული ვლადიმერ პუტინის მიმართ და არც ყირიმის ნახევარკუნძულს მიიჩნევს რუსეთის მიერ ანექსირებულად.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ტერორისტული აქტი არჩევნებზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ თვლის, რომ ამომრჩევლის კრიტიკას ვერ გადაურჩებიან საფრანგეთის შესაბამისი ინსტიტუტები, რომელთაც ნომინირებული ჰყავთ თავდამსხმელი, როგორც საფრთხის შემცვლელი პიროვნება და აგრესიული მიდრეკილების ისლამისტი. 

„იმ ინფორმაციით, რომელსაც ვფლობთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ფაქტის პოლიტიკური შეფასება მხოლოდ ქალბატონი ლეპენის მიერ იყო გაკეთებული, რომელმაც არსებული ხელისუფლება წარმოაჩინა ასეთი ვანდალური ქმედების მიზეზად. დანარჩენი კანდიდატები ერთსულოვანი იყვნენ, რომ დარჩენილი 2 დღე თავი შეეკევებინათ ამომრჩეველთან შეხვედრისგან.

ვფიქრობ, თავად ამომორჩევლისთვისაც თვლსაჩინო იქნება, რომელი კანდიდატი რა მიზნით და რა ფორმით ეხმაურება იმ თავდასხმას, რაც პარიზის შუაგულში მოხდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფაქტი რაიმე ცვლილებას შეიტანს ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაში, რადგან, თვეების განმავლობაში საკმაოდ აქტიური იყო წინაასარჩევნო კამპანია. ვფიქრობ, რომ საკუთარი გადაწყვეტილება მიღებული აქვს თითოეულ ამომრჩეველს და ასეთი ტერაქტი დედაქალაქში მხოლოდ კონსოლიდაციას მოახდეს საფრანგეთის ამომრჩევლებში, რომელთაც  სულ ცოტა ერთი კვირით ადრე ექნებოდათ ჩამოყალიბებული თავიანთი არჩევანი“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.