სიკვდილით დასჯა – თურქეთი კიდევ ერთი რეფერენდუმისთვის ემზადება

სიკვდილით დასჯა – თურქეთი კიდევ ერთი რეფერენდუმისთვის ემზადება

1923 წლის შემდეგ პირველად პოლიტიკური ლიდერის უპრეცედენტო უფლებებით აღჭურვა მოხდა. თურქეთის მოსახლეობის 51%–მა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. 55 მილიონი ამომრჩევლიდან 51% თანახმაა, ერდოღანმა კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთის პირველი პირი 2029 წლამდე შეძლებს პოსტის შენარჩუნებას. მმართველი ძალა შედგეგით კმაყოფილია და მას ისტორიულს უწოდებს, ხოლო ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და გასაჩივრებისათვის ემზადება.

„სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე, ერდალ აქსიუნღერი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნების 37%-თან დაკავშირებით აქვთ პრეტენზიები, თუმცა ჯერ ყველა ბიულეტენი დამუშავებული არ არის და პრობლემური საარჩევნო უბნების რაოდენობა შესაძლოა 60%-მდე გაიზარდოს.

ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცეს ხმა. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მმართველმაპარტიამ მოამზადა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს. ფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, ერდოღანი ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელებს. საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმზე გატანას პარლამენტმა კენჭი 2017 წლის 20 იანვარს უყარა.

ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი საქართველოში, კერძოდ – თბილისში (თურქეთის საელჩოში) და ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოში. საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. თურქეთის რეფერენდუმში საქართველოდან 711–მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 59.34%–მა საკონსტიტუციო ცვლილებებს წინააღმდეგ მისცა ხმა, 40.66%–მა კი მას მხარი დაუჭირა. თბილისსა და ბათუმში შედეგები მცირედით განსხვავებულია. კერძოდ, ბათუმში – 49,12% – მომხრე, 50,88% – წინააღმდეგი; თბილისში –34,86% მომხრე, 65,14% – წინააღმდეგი.

ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმის შედეგები თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენას ვერ იქონიებს და ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელს არაფერი შეუშლის. თურქეთის ელჩი რეფერენდუმის ოფიციალურ შედეგებს ელოდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები თურქეთის შიდა პოლიტიკისთვის დიდი გამოწვევაა, საგარეო პოლიტიკა უცვლელი დარჩება. საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობა გვაქვს, ასევე ვთანამშრომლობთ რეგიონალური მასშტაბით და ეს მომავალშიც გაგრძელდება იმის მიუხედავად, რომელი პარტია მოვა სათავეში და როგორი მმართველობა იქნება თურქეთში“, – განაცხადა ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ.

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს იმედი აქვს, რომ რეფერენდუმის შედეგები სარგებელს მოუტანს თურქეთს. ერდოღანის განცხადებით, კენჭისყრამ აჩვენა, რომ ხალხი იცავს თავის ქვეყანას, თავის მომავალს.

„ხალხის არჩევანის მეშვეობით ჩვენ განვახორციელებთ რეფორმას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენ ვცვლით მმართველობის სისტემას. მინდა ვუთხრა ყველას, განურჩევლად იმისა თუ რას მისცა ხმა, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა. ყველა კამათი და დაპირისპირება უკან ჩამოვიტოვეთ. ყველას მოვუწოდებ, ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ“, – აცხადებს რეჯეფ ტაიფ ერდოღანი.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთში შესაძლებელია კიდევ ერთი რეფერენდუმი ჩატარდეს  - სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ. ერდოღანი პირობას დებს, რომ დაუყოვნებლივ განიხილავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და ნაციონალისტური ოპოზიციის ლიდერთან  სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს. ეს ნაბიჯი კი, საბოლოოდ დაასრულებს მოლაპარაკებას თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

თავის მხრივ, ევროპა თურქეთს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რა მცირე განსხვავებით გაიმარჯვეს საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეებმა. შესაბამისად, თურქეთის ხელისუფლებას ეროვნული კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდებენ.

ოფიციალურ ანკარას სიფრთხილისკენ მოუწოდებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი, რომლის შეფასებით,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად დაცვა.

დასავლელი მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ერდოღანი უფრო მეტად ავტოკრატული გახდება. ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის მკვლევარი როს ჰარისონი თვლის, რომ ერდოღანი სეკულარიზმის მიმდევარმა პოლიტიკოსმა რომც შეცვალოს, სისტემა მისთვისაც მაცდუნებელი იქნება. როგორც „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას აცხადებს, ოპონენტებს ხმის ამოღების ეშინიათ. ანტიქურთული კონსერვატიული ოპოზიცია სუსტია. პრეზიდენტის მხარდამჭერები დაქსაქსულნი და დასუსტებულნი არიან.

„ბევრი პარტია რეფერენდუმის შედეგებით უკმაყოფილოა. ისინი მის გასაჩივრებას აპირებენ. ამასთან, არ ვიცით, რას მისცა ხმა ნაციონალისტური იდეოლოგიის მიმდევარი მთავარი ოპოზიციური პარტიის, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველმა. როგორც ჩანს, რეფერენდუმის შედეგი საპრეზიდენტო მმართველობა იქნება.

ვხედავ აღნიშნული სისტემის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას –გადიდგულებული და ამბიციური ერდოღანი 8-10 წელიწადში ძალაუფლებას რომც ჩამოშორდეს და ის სეკულარიზმის მიმდევარმა პოლიტიკოსმა შეცვალოს, რეფერენდუმის შედეგად შექმნილი სისტემა მისთვისაც მაცდუნებელი იქნება“, – აცხადებს როს ჰარისონი.

რაც შეეხება რეფერენდუმის გავლენას თურქეთის საგარეო პოლიტიკის ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა ურთიერთობა აშშ-სთან, სირიის კონფლიქტი, ქურთისტანი და ასე შემდეგ, ჰარისონი მიიჩნევს, რომ აქამდე ერდოღანის საგარეო აქტივობები, უმეტესად შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი.

„სამომავლოდ კი, ნაადრევია იმაზე მსჯელობა, შიდა ამოცანების გადაჭრის შემდეგ, ერდოღანი უფრო პრაგმატულად მოეკიდება თუ არა საგარეო საკითხებს, უფრო აქტიურად ითანამშრომლებს თუ არა აშშ-სთან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, დაუახლოვდება თუ არა რუსეთს და გადახედავს თუ არა ურთიერთობას ერაყის ქურთისტანის შეიარაღებულ დაჯგუფებებთან, რომელთაც ანკარა თურქეთში მოქმედი ქურთისტანის მუშათა პარტიის მოკავშირედ მიიჩნევს“, – აცხადებს როს ჰარისონი.