ე.წ. ციანიდის საქმის შემდეგ თვალშისაცემი იყო, რომ აღდგომის დღეებში პატრიარქის დაცვის შემადგენლობაში აღარ ჩანდა უწმინდესის გვერდით გამუდმებით მოუცილებლად მდგომი დაცვის სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი. სამაგიეროდ, დაცვის სამსახურის 3-4 ახალი წარმომადგენელი შეინიშნებოდა.
საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შემადგენლობა, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ნაცვლად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 1-ლი აპრილიდან დაექვემდებარა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აქამდე სამების ტაძარსა და საპატრიარქოს იცავდა, ხოლო პატრიარქის პირადი დაცვა შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ირიცხებოდა.
რამდენად იქნება დაცული უწმინდესის უსაფრთხოება ახალი სამსახურის ხელში?
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც გამოძიება პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის კუთხით დაიწყო, ბუნებრივია, სახელმწიფოს საკუთარ თავზე უნდა აეღო უწმინდესის დაცვის ვალდებულება.
„პატრიარქი არის ეროვნული სიმბოლო, ერის შემკვრელის სიმბოლო. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი ამაშიც ეცილებოდა პატრიარქს. პუტინიც ებრძოდა საკუთარ პატრიარქს - ალექსი მეორეს, სერიოზული დაპირისპირებაც იყო მათ შორის და ალექსი მეორე უცნაურ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. სანამ ალექსი მეორე იქნებოდა, პუტინი ეროვნული სიმბოლო ვერ გახდებოდა.
რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, შსს არ არის ის დონე და ის სტრუქტურა, რომელიც ასეთი მაღალი დონის, ამ შემთხვებაში, ეროვნული სიმბოლოებისა და ეროვნული ლიდერების დაცვის სუბიექტი იქნება. ამისთვის არსებობს სპეციალიზირებული სპეცსამსახური, ანუ სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელსაც ევალება ასეთი ტიპის ამოცანების შესრულება.
სხვათა შორის, ამ სამსახურს არაერთხელ დაუდასტურებია მაღალი პროფესიონალიზმი. ამიტომ უცნაურია, თავიდანვე რატომ არ იყო დასმული ეს საკითხი ასეთ დონეზე და მხოლოდ ახლა რატომ გახდა ამ ნაბიჯის გადადგმა საჭირო?! თუმცა ნაწილობრივ ეს გასაგებია, გასულ წლებში ეს ვერ მოხერხდებოდა, რადგან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იმ პერიოდში იყო პოლიტიზირებული ორგანო ისევე, როგორც შს სამინისტრო.
ასეთ ორგანოს შეეძლო თუნდაც ირიბი გავლენის მოხდენა პატრიარქზე. ამიტომ, ბუნებრივია, პატრიარქმა აირჩია უფრო დამოუკიდებელი დაცვითი სტრუქტურის შექმნა, რომელიც არ იქნებოდა მაშინდელ ავტორიტარულ რეჟიმზე დამოკიდებული. დღეს ამის საშიშროება მოიხსნა და იმედი ვიქონიოთ, პატრიარქი დაცული იქნება“, -აცხადებს ვახტანგ მაისაია, რომლის აზრითაც, უწმინდესს არც სჭირდება საგანგებო დაცვა. მას უფალი ღმერთი მფარველობს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ ცოდვილ მიწაზე სახელმწიფო დაცვის უმაღლესი ინსტიტუტების ჩარევა უფრო მეტ გარანტიას იძლევა, რომ პატრიარქის სიცოცხლე ხელშეუხებელი იყოს.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თავის დროზე კანონთან შეუსაბამობა იყო, როცა უწმინდესს შს სამინისტროს დაცვის პოლიცია იცავდა. არადა, კანონი ცალსახად გულისხმობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაკისრებოდა ეს ფუნქცია. ახლა, როცა ეს საკითხი კანონთან მიმართებით მოწესრიგდება, დანარჩენი უკვე პერსონალიებზეა დამოკიდებული, თუ კონკრეტულად ვინ დაიცავს უწმინდესს და რით განსხვავდება ახალი დაცვის სამსახური დაცვის ძველი შემადგენლობისგან.
„რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოებას, საერთო ჯამში, სახელმწიფომ ვერ გაგვცა შეკითხვებზე პასუხი, საერთოდ, იყო თუ არა პატრიარქის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ. ერთია, ჩვენ რას ვამბობთ და რა გვგონია, და მეორეა, რომ მომხდარს პასუხი არ გასცემია. თუ სახელმწიფო თვლის, რომ პატრიარქი საფრთხის ქვეშ იყო, კეთილი ინებოს და ეს ყველაფერი კარგად განმარტოს და შემდეგ უკვე მოცემულობა შეცვალოს. ხოლო, თუ უწმინდესის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ იყო, მაშინ უბრალოდ კანონთან მოწესრიგება მოხდეს. თუმცა, სანამ ხელისუფლება, უფრო სწორად, შესაბამისი სამსახურები ამდენ ხანს დუმილის რეჟიმში არიან, ვერ ვიტყვით, რამდენად უზრუნველყოფილია პატრიარქის უსაფრთხოება. ვიმეორებ, სახელმწიფომ დამაჯერებლად არ დაგვიზუსტა, იყო თუ არა საფრთხის ქვეშ პატრიარქის სიცოცხლე“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.