ვიზალიბერალიზაციას სიკეთესთან ერთად პრობლემებიც ახლავს. ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველებთან ფიქტიური ქორწინება ევროპაში მოხვედრის მარტივი საშუალებაა. განსაკუთრებით, ამ მეთოდს ის თურქები მიმართავენ, რომლებიც ევროპიდან დეპორტაციას დაექვემდებარნენ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ თურქეთსა და ევროპას შორის დამოკიდებულება არცთუ ისე ხავერდოვანია.
სწორედ ამ მიზნით თურქები ქართველ ქალებს ეძებენ და მათთან 2000 $-ის სანაცვლოდ ფიქტიურ ხელმოწერას ცდილობენ, რაც გაცილებით იაფი მისაღწევია ქართველების სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან კი ბევრად მეტი თანხის გაღება უწევდათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დიასპორის ცენტრი საქართველოში“ თანათავმჯდომარე ნინო ცხოიძე ამბობს, რომ თურქ მამაკაცებს ქართველ ქალებთან ხელმოწერის გზით ევროპაში გასვლის საფუძველი აქვთ. ადრეც იყო ქართულ-თურქული ოჯახების შექმნის მცდელობა, რაც ზოგჯერ ფიქციას წარმოადგენდა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში, სადაც ძალიან ღარიბი მოსახლეობაა, ფიქტიური ქორწინებების საფრთხე, ცხადია, იარსებებს. ძალიან ძნელია, ამას საკანონმდებლო დონეზე ებრძოლო, რადგან ეს სპეციფიკური სფეროა და რთულია, საქართველოში შემოსული ადამიანის ზრახვების გაკონტროლება.
„ვერანაირი შეზღუდვა ვერ დაწესდება თურქებზე. როგორ უნდა დაწესდეს შეზღუდვა, როცა ადამიანი ირწმუნება, რომ ის ქორწინდება ქართველ ქალზე? თუმცა კონტროლი გარკვეულ დონემდე მიღწევადია. თუ ასეთი შემთხვევები გარკვეულ ზღვარს მიაღწევს და მათი მხრიდან ფიქტიური ქორწინებებიც გახშირდება, მაშინ ამით სამართალდამცავი ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
For.ge-სთან საუბარში დემოგრაფი ანზორ სახვაძე არ გამორიცხავს, იქნებ, თურქებს საქართველოს მოქალაქეობის მიღება უფრო უნდოდეთ, ვიდრე ევროპაში გადასვლა? ევროპაში თურქები ხომ ისედაც ძალიან ბევრნი არიან, მათ შორის, გერმანიაშიც, სადაც 70-იანი წლებიდან დაიწყეს ემიგრაცია. ასე რომ, ევროპაში გადასვლის პრობლემა მათ არ უნდა ჰქონდეთ.
რაც შეეხება ევროპიდან დეპორტირებულ თურქებს, ანზორ სახვაძის აზრით, ეს ერთეული შემთხვევები იქნება და საეჭვოა, მასობრივი ხასიათი მიიღოს ქართველ ქალებთან ფიქტიური ქორწინების თვალსაზრისით.
„მთლიანობაში, დეპორტირებული თურქი რამდენი იქნება? ვთქვათ, 10-20-30, მაქსიმუმ-50, თანაც სუყველა დაუოჯახებლები იქნებიან? ამიტომ ძნელად სავარაუდოა, ქართველ ქალებზე თურქების ფიქტიური დაქორწინების სურვილმა მასობრივი ხასითი მიიღოს. მართალია, თურქებს რჯული აძლევთ ოთხი ცოლის ყოლის უფლებას, მაგრამ ასე გავრცელებული მრავალცოლიანობა იქ არ არის. მხოლოდ შეძლებულებს შეუძლიათ, თავს ნება მისცენ და მეორე, მესამე, მეოთხე ცოლი მოიყვანონ“, - აღნიშნა ანზორ სახვაძემ.
ადვოკატი ციცინო ცხვედიანი არ იზიარებს აზრს, რომ საქართველოში მაინცდამაინც გახშირებულია ფიქტიური ქორწინებები. ამას სპეციალური კვლევა სჭირდება. უცხოელებს ორი წელი მაინც ესაჭიროებათ, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ. ცხადია, მაშინვე ვერ წავლენ ევროპაში. ორი წლის შემდეგ კი თუ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას, უცხოეთში წასვლა არ გაუჭირდებათ.
„ჩვეულებრივ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას ხუთი წელი მაინც სჭირდება და კიდევ გარკვეული პირობებია დასაცავი. ხოლო, თუ საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდებიან, მაშინ ორი წელიც საკმარისია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მეტ-ნაკლებად უნდა იცოდნენ ქართული ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის საფუძვლები. იმის დადგენა რთულია, ფიქტიურია თუ არა ეს ქორწინებები, მაგას შემოწმება სჭირდება“,-აცხადებს ციცინო ცხვედიანი For.ge-სთან საუბარში.