თელავი, გორი, ზუგდიდი, ახალციხე, მცხეთა, ოზურგეთი და ამბროლაური, რომლებმაც, შესაძლოა, თვითმმართველობა დაკარგონ, სტატუსის შესანარჩუნებლად იბრძვიან.
„თელავი უნდა დარჩეს თვითმმართველ ქალაქად“, - ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია ქალაქ თელავში და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ აქციის ორგანიზატორებად ის „ნაციონალები“ მოგვევლინენ, რომლებმაც თავის დროზე ყველაფერი გააკეთეს თვითმმართველობის იდეის ჩასახშობად.
თუმცა „ნაციონალებზე“ რომ არაფერი ვთქვათ, საკუთარი ქალაქის თვითმმართველობის შენარჩუნება რიგითი თელაველების სურვილიცაა. „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“ თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ იგი არ შეუერთდა „ნაცმოძრაობის“ აქციას, რადგან დეცენტრალიზაციის პირველი დამფუძნებელი და თვითმმართველობის გამაუქმებელი სწორედ „ნაცმოძრაობა“ იყო. თუმცა მშობლიური თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის შენარჩუნების მიზნით გიორგი მოსიაშვილმა პეტიცია შეიმუშავა. აღნიშნული პეტიცია უკვე გაეგზავნათ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
„თვითმმართველობა დემოკრატიულად განვითარების აუცილებელი კომპონენტია. 2014 წლამდე თელავი იყო საერთო მუნიციპალიტეტის წევრი ქალაქი, ხოლო 2014 წლის შემდეგ გავხდით თვითმმართველი ქალაქი. ოპონენტები საუბრობენ, რომ თბილისი არის ერთი მთლიანი მუნიციპალიტეტი და ამ ერთ მთლიან მუნიციპალიტეტს თუ შეუძლია ქალაქის ერთმა მერმა უხელმძღვანელოს, რატომ არ შეიძლება თვითმმართველ თემს და თვითმმართველ ქალაქ თელავს უხელმძღვანელოს ერთმა პირმა?! ამ მოსაზრებას არ დავეთანხმები, რადგან მე ვარ თელაველი, სადაც 20 ათასი ამომრჩველია. ამ დროს, მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრი წყლებში სულ რაღაც 150 ამომრჩეველია და სხვაობა აშკარაა. გარდა ამისა, თეთრი წყლები ცხოვრობს სულ სხვა, ხოლო ქალაქი თელავი - სხვა პრობლემით. ინფრასტრუქტურული კუთხითაც აქ განსხვავებული საჭიროებებია. თეთრი წყლების მკვიდრთ აინტერესებთ საძოვრები, სასმელი წყალი, თავად მე კი თელავის მკვიდრს, რომელიც კორპუსში ვცხოვრობ, მიწასთან შეხება არ მაქვს. 2014 წლამდე ერთი დეპუტატი ჰყავდა სოფელ თეთრი წყლებს და, ასევე, ერთი დეპუტატი ჰყავდა ქალაქ თელავს, რაც არადემოკრატიული იყო. თვითმმართველობამ უამრავი სიკეთე მოგვცა-სერვისები ხელმისაწვდომი გახდა, გადაწყვეტილების მიმღებ პირთან კომუნიკაცია გამარტივდა.
ნებისმიერი თელაველი გეტყვით, რომ თვითმმართველობის შენარჩუნება მათი სურვილია. ეკონომიკური კუთხით გაჭირვებული ქვეყანა ვართ, მაგრამ დემოკრატიის ხარჯზე ეკონომია არ უნდა გავაკეთოთ. „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი კარგი გააკეთა, მოსახლეობა თავისუფლად სუნთქავს, მაგრამ რეგიონალური განვითარების სამინისტრო თანხების ოპტიმიზაციის მიზნით აპირებს მუნიციპალიტეტების გაუქმებას“, - აცხადებს გიორგი მოსიაშვილი და ოპტიმიზაციის საკუთარ ვერსიას გვთავაზობს.
მისივე თქმით, ქალაქ თელავის მერს სამი მოადგილე ჰყავს, სამივე მათგანი სარგებლობს ავტომობილით. არადა, სულ რაღაც 15 კვადრატული კილომეტრია თელავი. ასევეა საკრებულოსთან მიმართებითაც, რომელის თავმჯდომარესა და მოადგილეს პერსონალური ავტომობილები ემსახურება. ამდენად, სხვადასხვა თანხის გამოთავისუფლებით 30%-იან ეკონომიას მივიღებთ.
„მსგავს საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიებს ვაწყობთ. მარტო ჩემმა ორგანიზაციამ 2016 წელს 40-ზე მეტი საჯარო შეხვედრა გამართა თელავის მერთან - პლატონ კალმახელიძესთან, რომელმაც სწორედ ახალგაზრდებით დააკომპლექტა სათათბირო. მოგეხსენებათ, თელავი ტურისტული ქალაქია, საქართველოში ერთადერთი მეფის სასახლე სწორედ თელავშია. თელავის მერმა ეს გაითვალისწინა და მოლბერტებით მოფინა თელავის ცენტრი. ეს იყო ახალგაზრდების ინიციატივა ისევე, როგორც სკვერების გამწვანება. ალბათ, გაგიკვირდებათ, 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატი ვიყავი, დღეს არსებული მერობის გამარჯვებული კანდიდატი კი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. დამსახურებულად მივიღე ჩემი 10% და სწორედ თვითმმართველობამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ დღეს თელავის მერი და მე პარტნიორები ვართ, მხარში ვუდგავარ მას. ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ თვითმმართველობაა. ქალაქის მერთან ერთად 3500 თელაველი ვხვდებით ერთმანეთს, ვბჭობთ, ვკამათობთ. ამიტომ აჯობებს, კანონმდებლობით შეგვიწყოს ხელი ხელისუფლებამ და პარლამენტმა და დაგვტოვონ თვითმმართველად. თუ არადა, ჩვენც მიგვაერთონ თბილისს და მორჩა. თუმცა ვერ მიგვაერთებენ, რადგან სხვადასხვა პრობლემით ვცხოვრობთ“.
საკრებულოს უმცირესობის წევრი სევდია უგრეხელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 12 თვითმმართველი ქალაქის შექმნა თავის დროზე „ქართული ოცნების“ სატრაბახო თემა იყო. ამისთვის კარგი შეფასებაც დაიმსახურეს უცხოეთიდან. ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილი იყო, რასაც გამოკითხვებიც ადასტურებს. ახლა კი ამის გაუქმება უკანგადადგმული ნაბიჯი და საკუთარ ინიციატივაზე უარის თქმაა. თანაც, ხელისუფლებას არანაირი დასაბუთება არ წარმოუდგენია, თუ რატომ აპირებს თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას.
„ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი, რათა რაიონები უკეთ გაკონტროლდეს და სახელისუფლებო ვერტიკალი უფრო მტკიცე გახდეს. ეს იმ საერთაშოროსო ვალდებულების უგულებელყოფაა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიით გვევალება. ჩვენ უნდა განგვევითარებინა ადგილობრივი დემოკრატია, უკეთესი სერვისები და ნაკლები ცენტრალიზება შეგვეთავაზებინა ხალხისთვის. მე, როგორც ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ თვითმმართველობათა კონგრესის ბიუროს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი, ახლა უკეთ ვაცნობიერებ, რომ თვითმმართველობა აუცილებელია. დღევანდელი ხელისუფლების ლოგიკა კი ყველაფერზე უარის თქმას ნიშნავს, ეს არის მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის ყველა გზის ჩაკეტვა. ეს არის წინასაარჩევნო ტრიუკი, რათა უკეთ გააყალბონ არჩევნები, ადმინისტრაციულ რესურსთა თავმოყრა მოახდინონ და უკეთ გააკონტროლონ სოფლები და ქალაქი ერთად“, - გვითხრა სევდია უგრეხელიძემ და შეკითხვის საპასაუხოდ, თავის დროზე რატომ შეამცირეს „ნაციონალებმა“ მუნიციპალიტეტები, განმარტა: თუ რამეს კარგად არ აკეთებდნენ „ნაციონალები“, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებამ მათზე უარესი გააკეთოს. უბრალოდ, იმ პერიოდში არსებობდა რეკომენდაცია, რომ არათანაბარი დანაწილება არ მომხდარიყო. ახლა კი „ოცნების“ წარმომადგენლები თავად ამბობენ უარს საკუთარ რეფორმაზე.