სანკტ-პეტერბურგში ექვსი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში. ექვსივე მათგანი წარმოშობით ცენტრალური აზიიდან არის. გამოძიების ვერსიით, დაკავებულები 2015 წლის ნოემბრიდან პეტერბურგში მცხოვრებ, წარმოშობით ცენტრალური აზიის მოქალაქეების გადაბირებას ცდილობდნენ, რომლებიც გაწევრიანდებოდნენ „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯებხატ ან ნუსრას“ ტერორისტულ ორგანიზაციებში.
ეჭვმიტანილების საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ისლამური ექსტრემისტული ლიტერატურა, საგნები და დოკუმენტები, რომლებიც სამართალდამცავების თქმით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაკავებულებს რაიმე კავშირი ჰქონდათ აკბარჟონ ჯალილოვთან, რომელმაც 3 აპრილს სანკტ-პეტერბურგის მეტროს ვაგონი ააფეთქა. გარდა ამისა, ამ დრომდე პასუხისმგებლობა არ აუღია არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას.
ვინ დგას ტერაქტის უკან და შესაძლოა თუ არა, რომ ტერაქტის კვალი სხვა მიმართულებით მიდიოდეს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
საერთო სახალხო პროტესტი, რომელმაც მოსახლეობა კორუფციის წინააღმდეგ გააერთიანა, რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული აქციები პროცესებს პირდაპირ „სისხლიან შედეგებამდე“ მიიყვანს. მართლაც, რამდენიმე დღეში სანკტ-პეტერბურგში მოხდა მოხდა ტერაქტი. ცნობილია ისიც, რომ თვითმკვლელი ტერორისტი ეთნიკური ყირგიზია, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული. ტერაქტიდან 4 დღე გავიდა და ამ დრომდე პაუხისმგებოლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. როგორ ფიქრობთ, ეს არის ნორდ ოსტის, ბესლანის და კურსკის გაგრძელება?
სოსო ცისკარიშვილი: რასაკვირველია, პირველივე წუთიდან ნათელი იყო, რომ საქმე გვქონდა ტერორისტულ აქტთან. ვიდეო ფირზე აღწერილი ახალგაზრდა მამაკაცი ისეთი მშვიდი სახით მიემართება ამ ნაბიჯის გადასადგმელად, რომ ძნელია ივარაუდო რაიმე სახის ადვილად შესაფასებელი მომენტი, რაც არ გამორიცხავს, რომ სწორედ ეს ადამიანი არ ყოფილიყო ტეროსისტული აქტის განმახორციელებელი. ახლა მთავარია გავიგოთ, როდის იტყვის რუსეთის ხელისუფლება ჰქონდა თუ არა ამ ტერორისტს პირდაპირი კომუნიკაცია „ისამალურ სახელმწიფოსთან“.
პოლიცია ვარაუდობს, რომ კავშირი ჰქონდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რადგან მას სოციალურ ქსელ „ვკონტაკტ“-ში საკუთარი გვერდიც ჰქონდა გახსნილი, ძირითად ჰობად ეჭვმიტანილს აღმოსავლური ორთაბრძოლები ჰქონდა მითითებული. გაწევრიანებული იყო ჯგუფ „მე მიყვარს ისლამში“...
- ეს რომ სარწმუნო ვერსია იყოს, ვფიქრობ, არ დააყოვნებდა „ისლამური სახელმწიფო“ თავის აქტივში მოექცია ეს ვანდალური ფაქტი, რადგან მათივე სიძლიერის დამადასტურებელი ფაქტი გახლავთ სწორედ, შიშის დათესვა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში და ამით სიმშვიდის მოპოვება საკუთარი თავისთვის. უპირველეს ყოველისა თითოეული ასეთი ტერორისტული აქტი ხელს უწყობს ჯანსაღი ძალების კონსოლიდაციას ამ უგვანო სუბიექტის წინააღმდეგ.
ვფიქრობ, რაც არ უნდა დამამცირებელი ეპითეტით შეამკოს „ისლმაურმა სახელმიფომ“ აშშ-ის პრეზიდენტი, მისი არჩევანი, ყურადღების მიქცევის თანმიმდევრობა სრულიად გასაგებია, რადგან სხვა მიმართულების წინ წარმოჩენა იქნებოდა უფრო გაუგებარი. დიახ, „ისლამური სახელმწიფო“ და კიდევ უფრო დიდი მასშტაბების უბედურებების შემცველი რუსული აგრესიის პერსპექტივა, არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ, მთლიანად ცივილიზებული ნაწილის უპირველესი თავის ტკივილი და ყველაზე დასარეგულირებელი ამოცანა არის.
ამ პროცესში საკმაოდ საინტერესო დეტალია სერგეი ლავროვის განცხადება, რომელმაც ცინიკური უწოდა მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტი რუსეთზე შურისძიებაა სირიაში რუსული პოლიტიკის გამო. იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერორისტული აქტი. როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირს რუსეთს ტერაქტის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირება, შესაძლოა ამ ტერაქტის კვალი სხვა მიმართულებით მიდიოდეს?
- პრეზიდენტ პუტინის პირველი განცხადება დაბნეული ადამიანის შთაბედილებას ტოვებს, როდესაც იგი ლაპარაკობს ყველა შესაძლო სცენარზე და მხოლოდ მათ შორის მოიხსენიებს ტერორისტულ აქტს. მე მგონია, რომ ნეიტარლურად მოაზროვნე ადამიანი სწორედ ტერორისტული აქტიდან დაიწყებდა შეფასებას და მერე შეეძლო გაეღვივებინა საკუთრი ფანტაზია რაიმე სხვა ტიპის მიზეზის დასახასიათებლად.
რაც შეეხება ბატონ ლავროვს, რასაკვირველია, მას ექნებოდა სურვილი, რომ სანკტ-პეტერბურგის ტერორისტული აქტი არ დაეკავშირებინა სირიაში რუსეთის ძალების მოქმედებას, რადგან ეს იქნებოდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის სრულიად ღია კრახი. ეს უფრო თავის მართლებას ჰგავდა, ვიდრე რაიმე ინფორმაციის შემცველი, რაც სხვაგვარად შეახედებდა საზოგადოებას იმ ფაქტზე, რასაც ადგილი ჰოქნდა სანკტ-პეტერბურგში.
ამ ფონზე საინტერესოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელი მიიჩნევს, რომ ალიანსის პირველი ამოცანა „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებაა, მთავარი კი, რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა“. პარალელურად საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი ფრანსუა ფიონი აცხადებს, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა იყოს ანტიტერორისტულ ალიანსში...
- ჩემი აზრით, რუსეთს სერიოზული როლი შეუძლია ითამაშოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ცივილიზებულ სამყაროს უპირველეს სამიზნედ „ისლამური სახელმწიფო“ ეგულება. თუ კარგად გაიაზრებს რუსეთის ხელისუფლება, რომ კოალიციაში მონაწილეობით მათი საერთაშორისო ავტორიტეტი აიწევა, რასაკვირველია, შედეგიანიც იქნება და სიკეთის მომტანიც თავად რუსეთისთვის, ისევე როგორც დანარჩენი ქვეყნებისთვის, რომელთაც ყოველდღიური საფრთხის წინაშე უწევთ არსებობა.
რაც შეეხება ნატოს, ვფიქრობ, დამამცირებელი იქნება ნატოს სისტემისთვის ის, რომ სამიზნედ ამოიღოს ერთი დაჯგუფება და თუნდაც ძლიერი, რადგან მისი მთავარი მიზანი არის უსაფრთხოება, ოღონდ უსაფრთხოება არა მხოლოდ თავდასხმის, არამედ ძირითადად, თავდაცვის კომპონენტის წარმოჩენით. ამიტომ, ნატოს ნამდვილად გააჩნია საკმარისი ძალა, სულ ცოტა 10-15 ქვეყანას მაინც, რომ რაიმე ტიპის კოალიციის შექმნის პირობებში, აღგავოს პირიდან მიწისა არა მხოლოდ „ისლამური სახელმწიფო“ არამედ ნებისმიერი მსგავსი მიდრეკილებების მქონე დაჯგუფება.
ნატოს მხრიდან რამდენად მიღწევადია ეს ამოცანა, იმ ფონზე, როდესაც ვხედვათ რა ხდება ამერიკაში, იქ ბრექსიტის დაწყება, თურქეთის რეფერენდუმი, რომელმაც ანალიტიკოსების შეფასებით, შეიძლება გავლენა მოახდინოს ნატოს მაისის სამიტზეც?
- ფრაზა, რომელსაც ბრძანებთ, არის მხოლოდ სათაური ქმედების, შინაარსი ჯერ არ ვიცით. ამიტომ, აუცილებელია, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს მისი შინაარსი, რაც მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისთვის, რომლის მიპატიჟებაც ხდება ასეთი სერიოზული პროექტის განხორციელებისთვის. ამ სიტუაციაში შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს თურქეთის როლი, მაგრამ არა მგონია, რომ თურქული პოლიტიკის შიდა პროცესები მოტივირებული იყოს საგარეო პოლიტიკის სფეროში გააქტიურების კუთხით.
არჩევნები შედგება, საპრეზიდენტო ხელისუფლებაც შეიქმნება, ერდოღანი აიმაღლებს თავის სტატუსს, თურქეთის დაშორება ნატოსა და ევროკავშირისგან, ეს გახლავთ რუსული ოცნება. ვნახოთ, მაშ შემდეგ, რაც ბატონი ერდოღანი თავს მშვიდად იგრძნობს პრეზიდენტო სავარძელში, რა თვალით შეხედავს აწმყოს და მომავალს.
სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენება რუსეთს და სირიის სამთავრობო ძალებს ბრალდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მორალურ პასუხისმგებლობას იარანს და რუსეთს აკისრებს. მოუწოდებს, რომ სირიის რეჟიმზე თავიანთი გავლენა გამოიყენონ და უზრუნველყონ, ამგვარი საშინელება მეტი არ გამეორდეს. შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთთან და აშშ-თან დაპირისპირებულმა ირანმა და რუსეთმა გავლენა დაკარგეს სირიის რეჟიმზე?
- აშშ-ისთვის ყველაზე მარტივია რუსეთის და ირანის კრიტიკა, მაგრამ ამ ორ სუბიექტს არ ძალუძს იმდენი, რამდენიც შესაძლებელია ამ შემთხვევაში გავლენის გამოყენებისთვის. ცხადია, ქიმიური იარაღის წარმოშობა შეიძლება რუსული იყოს, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მისი გამომყენებელი იყოს რუსეთი.
ცივილიზებული ქვეყნების ლიდრების დამოკიდებულება ასადის მიმართ უნდა იყოს საერთო - სირიაში არსებული სიტუაცია წარმოჩენილი იქნას, როგორც ტერორისტული აქტების გრძელი და სიცოცხლის მომსპობი კრიალოსანი. ამიტომ, ერთმანეთზე დაბრალების ნაცვლად, მხოლოდ ერთიანი ძალით შეიძლება აღმოიფხვრას ყველა ის საფრთხე, რომელიც სრულად ბუნებრივად აფრთხობს ჩვენი პლანეტის მშვიდობიან მოსახლეობას.
„ამერიკა, იდიოტი გმართავს, რომელმაც არ იცის რა არის სირია, ერაყი და ისლამი“, - ამ მიმართვის ავტორი არის „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი აბი ალ-ჰასან ალ-მუჰაჯერა. ევროპის შემდეგ, შესაძლოა, მთავარი სამიზნე გახდეს ამერიკა, რომლის პირველი ამოცანა „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაა? დონალდ ტრამპმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება თავისი პრეზიდენტობის პრიორიტეტად დაასახელა...
- რასაკვირველია, ყველა სცენარი განხილვადია. ნათქვამია თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალება არისო. ვფიქრობ, სწორედ ამ სიტყვიერ თავდასხმას აქვს ადგილი ამჟამად ამერიკის პრეზიდენტის მიმართ, მაშინ, როდესაც თავად „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების თვალთახედვითაც სრულიად რეალურია საფრთხის გრძნობა.