„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. „ცენტრ პოინტის“ საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლო განხილვები დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, მაია რჩეულიშვილი და რუსიკო კერვალიშვილი უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი იმ მუხლში, რომელიც წარდგენილ ბრალში ყველაზე მძიმე იყო - ფულის გათეთრება.
ამავე გადაწყვეტილებით, ბრალდებულები სხვადასხვა ეპიზოდში დამნაშავედ იქნენ ცნობილები თაღლითობისა და მენაშენეთა თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალში. საერთო ჯამში, სასჯელის საბოლოო სახედ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს „ამხანაგობა თაბუკაშვილი 88“-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.
ბრალდებულებს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით, ბრალდებულებს თავდებში პარლამენტის რამდენიმე წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც საქმეზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.
მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული 150-150 ათას ლარიანი გირაო უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, გირაოს პირობების დარღვევის გამო ჩამოართვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა.
მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილებამ რჩეულიშვილისა და კერვალიშვილის ახლობლების უკმაყოფილება გამოიწვია. თავის მხრივ, გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ „ცენტრ პოინტის“ მშენებლობით დაზარალებულები, რასაც ოჯახის ახლობლებსა და დაზარალებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სიტუაციის განმუხტვაში სასამართლოს მანდატურის ჩართვა გახდა საჭირო.
„ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულები აცხადებენ, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული სასჯელი მცირეა და პროკურატურისგან განაჩენის გასაჩივრებას ითხოვენ. დაზარალებულები ასევე „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებისთვის, კომპანიაში მმართველობის უფლების ჩამორთმევასაც ითხოვენ. მათივე განცხადებით, საქმის პროკურორმა განუმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მათ შეუძლიათ სამოქალაქო დავის წარმოება, რათა მიყენებული ზიანი აუნაზღაურდეთ.
მათივე თქმით, დიდი თანხებია მითვისებული, შედეგად დიდია დაზარალებულთა რიცხვი. დაზარალებულები სთხოვენ სახელმწიფოს, რომ იყოს შუამავალი და თუ შემოვა შეჩერებულ ობიექტებზე შემდგომ ეტაპებზე ინვესტორი, დადგეს გარანტორად, რომ ოჯახები არ იქნენ ისევ მოტყუებულები.
გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს ბრალდებული რუსუდან კერვალიშვილის მხარე. როგორც დაკავებულის შვილი ნინო დარასელი ამბობს, გამოძიების შედეგად მიაღწიეს განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს.
„ჩვენს ოჯახზე მეტი ინტერესი, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო, ვერავის ექნებოდა. როცა მოგვარდებოდა დაზარალებულების პრობლემები, მოგვარდებოდა ჩვენი პრობლემებიც. დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს. აუცილებლად გავასაჩივრებთ. მგონია, რომ დიდი შეცდომა მოხდა. ამ გადაწყვეტილებით დაზარალებულები უფრო დაზარალდნენ, ვინაიდან „ცენტრ პოინტში“ საქმის გამკეთებლები აღარ დარჩნენ“, - განაცხადა ნინო დარასელმა.
მისივე თქმით, არ ახსენდება პრეცედენტი, რომ საქართველოში რომელიმე ოჯახი ასე გაენადგურებინოთ.
„ოთხი წლის წინ ითხოვდნენ დაზარალებულები მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებას, იმის ნაცვლად, რომ მას დაესრულებინა ის ობიექტები, რომლებიც დღეს დაყადაღებულია და დაუსრულებელია. მე არ მესმის, რა მიიღო ამით სახელმწიფომ, რა მიიღეს დაზარალებულებმა?
მე მგონი უფრო დაზარალდნენ, რადგან დედაჩემი ციხეშია, მაია ციხეშია, გუკაც ციხეშია, ვახო კი ძალიან მძიმე ჯანმრთელობის დიაგნოზით საავადმყოფოშია მოთავსებული. საქმის გამკეთებელი აღარავინ დარჩა. მე არ მჯერა ამ გადაწყვეტილების პატრონებს რაიმე კეთილი სურვილები აქვთ იმისა, რომ პრობლემა მოგვარდეს“, - აღნიშნა ნინო დარასელმა.
საქალაქო სასამართლოს განაჩენს, ბრალდებულების 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ ადვოკატები. გასაჩივრდება განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი თაღლითობასა და თანხების მითვისებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილები. დაცვის მხარე მოსამართლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ დადებითად აფასებს.
„ყველაზე მძიმე ბრალში გამართლდნენ. ეს იყო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება და 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება თაღლითობას, ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით სასამართლოს და აუცილებლად გავასაჩივრებთ.
ვერანაირად ვერ დავეთანხმებით სასამართლოს, რომ საქმე გვაქვს თაღლითობასთან, ვინაიდან იმისთვის, რომ საქმე თაღლითობით დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია უტყუარი მტკიცებულება, რაც საქმის მასალებით არ მტკიცდება“, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.
ადვოკატის მტკიცებით, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა, არაერთი დაზარალებული იქნა დაკმაყოფილებული და თუკი ბრალდებულები გათავისუფლდებიან, დაზარალებულების რიცხვი მინიმუმამდე დავა.
თავის მხრივ პროკურატურა მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას კიდევ ერთხელ სთავაზობს. საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე ამბობს, რომ ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება იმ პირობით გაფორმდება, თუ ისინი ყველა დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებენ და ყველა ობიექტის მშენებლობას დაასრულებენ.
„გამოძიების ეტაპზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს არაერთხელ შევთავაზეთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება იმ პირობით, რომ ექვსი ათასივე დაზარალებულს აუნაზღაურდებოდა ზიანი და დასრულდებოდა მათ მიერ დაწყებული ობიექტების მშენებლობა, თუმცა ბრალდებულებმა არ გამოიყენეს ჩვენს მიერ შეთავაზებული პირობა და შესაბამისად, მათ მიმართ ვერ გავრცელდებოდა შეღავათი.
ჩვენ კიდევ გამოვხატავთ მზაობას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე და პირობები რჩება ძალაში. თუ ბრალდებულები დათანხმდებიან მას, მზად ვართ, საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოში გავაფორმოთ“, - აცხადებს დავით გუმბერიძე.
რაც შეეხება „ცენტრ პოინტის“ საქმეზე გამოტანილ განაჩენს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდება გადაწყვეტილებით ნაწილობრივაა კმაყოფილი. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნაწილში საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა. გაასაჩივრებს თუ არა ბრალდება ამ ნაწილში განაჩენს, ეს განაჩენის ჩაბარების შემდეგ გახდება ცნობილი.
გახმაურებული საქმის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახალხო დამცველი ეხმაურება. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, პრობლემურია საკითხი, როცა მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული. მისი თქმით, როცა ვსაუბრობთ დაზარალებულთა უფლებების დაცვაზე, დაკავება-დაპატიმრება არ არის გამოსავალი.
„ალბათ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ მოხდეს დაზარალებულთა უფლებების დაცვა, რომ მათ გარკვეული კომპენსაციები მიიღონ. უშუალოდ საქმეს რაც შეეხება, ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, როცა გამოქვეყნდება სასამართლოს გადაწყვეტილება და გავეცნობით, თუ რას დაეყრდნო სასამართლო. ზოგადად, ეს საკითხი არის პრობლემური, როცა მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული. ეს, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო. უნდა ვისაუბროთ იმაზე, დაზარალებულებს ამით რა კონკრეტული შეღავათი აქვთ - ფაქტობრივად - არაფერი“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.