თბილისის ცენტრალურ უბნებში სავაჭრო ობიექტების დემონტაჟს ერთი-მეორის მიყოლებით ხმაური მოჰყვა. აღმაშენებლის გამზირის მაცხოვრებლები „დემოკრატიის ინსტუტუტის“ ხელმძღვანელ ლაშა ჩხარტიშვილს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ის მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ გამოჩნდა და გარემოვაჭრეებს თანადგომა უცნაური ფორმით გამოუხატა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ლაშა ჩხარტიშვილმა ვიღაცას გამოართვა კოლგოტკები, დადიოდა და ყვიროდა: „დღეს მეც გარემოვაჭრე ვარ, კოლგოტკები სამ ლარად“.
მარჯანიშვილის ქუჩის მაცხოვრებელი დავით არსენიძე ამბობს, რომ ეს ტერიტორია სიბინძურის ბუდედ გადაიქცა, სადაც გავლა არ შეიძლებოდა. რეალურად, სილამაზეს იმდენად არავინ დაეძებდა, რამდენადაც უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მეტროს შესავლელსა და გასასვლელში დახლები არ უნდა ყოფილიყო.
ერთ-ერთმა მოსახლემ For.ge-სთან საუბრისას ისიც გაიხსენა, რომ აღმაშენებლის გამზირზე უკანონო გარევაჭრობის კერების აკრძალვა გარემოვაჭრეებთან ცალმხრივი კომუნიკაციის ფონზე არ დაწყებულა. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გარემოვაჭრეებსა და დედაქალაქის მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგა, რომლითაც გარემოვაჭრეები კმაყოფილნი დარჩნენ, რადგან თბილისის მერია მათ რამდენიმე ბაზრობაზე ალტერნატიულ ფართებს უსასყიდლოდ სთავაზობდა. თუმცა გარემოვაჭრეებმა დღეს სხვანაირი პოზიცია გამოხატეს. რაც შეეხება ლაშა ჩხარტიშვილს, აღმაშენებლის გამზირის მკვიდრი გაოცებულია, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ეკოლოგიითა და სისუფთავით აპელირებდა, დღეს თავად გახდა გარევაჭრობის დამცველი, რაც ანტისანიტარიის პირობებში საკვები პროდუქტების გაყიდვას ნიშნავს.
„უნდა გენახათ, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი საკვები პროდუქტები. ყველი და სხვა მალფუჭებადი პროდუქტები საპირფარეშოებში, არაჰიგიენურ პირობებში ინახებოდა. მაინტერესებს, ეკოლოგიასთან ამას რაიმე შეხება აქვს? ეკოლოგიის დამცველი ბიჭი ასე უცებ როგორ გახდა გარემოვაჭრეების დამცველი? რატომ უწევს ამით საკუთარ თავს პოპულარიზაციას ლაშა ჩხარტიშვილი?! მოვიდა, გარემოვაჭრეები შემოიკრიბა, სასაცილო იყო, კამერის დანახვისთანავე მოვაჭრეებს რომ ეუბნებოდა, ერთად მოვგროვდეთო. ეს მართული პროცესი იყო. ვიღაცას გამოართვა კოლგოტკები, თავად ეჭირა ხელში, დადიოდა და ყვიროდა, დღეს მეც გარემოვაჭრე ვარ, კოლგოტკები სამ ლარად. როგორც კი რომელიმე მოქალაქე საპირისპირო აზრს დააფიქსირდებდა, მაშინვე პროვოკატორად მოიხსენიებდა და მოვაჭრეებს მოუწოდებდა, გაერიდეთ და ჩემთან მოდითო.
აქ მაცხოვრებლებს აღარ გვინდა ნაგავში ცხოვრება და რა გასაკვირია, ამ დაპირისპირების დროს სახლებიდან ჩამოვედით და ჩვენც გავაპროტესტეთ ასეთი ყოფა. თუ მოვაჭრეები იმას აპროტესტებენ, რომ აქ გასაყიდად დაჯდომა უნდათ, ჩვენც გვაქვს უფლება, არ გვინდოდეს ანტისანიტარია“, - აცხადებს მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ მცხოვრები და მიიჩნევს, რომ გარემოვაჭრეები ცალკეული პარტიების მხრიდან მართულნი არიან.
მისი თქმით, არც ის არის შემთხვევითი, რომ ლაშა ჩხარტიშვილი მათ მოუწოდებდა, ახლა დავიშალოთ, ხვალ კი ორის ნახევარზე შევხვდეთ ერთმანეთს და გადავწყვიტოთ, შაბათს დავგეგმავთ თუ არა აქციასო. როგორც ჩანს, საპროტესტო დიდი აქციისთვის ემზადებიან.
თავად ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ მერიის მხრიდან მოლაპარაკების პირობების დარღვევა მოხდა და ივანიშვილი და ნარმანია უკვე დიდი ხანია, სააკაშვილისა და უგულავას გზას „შეადგნენ“. ჩხარტიშვილის თქმით, დაპირებები, თითქოს მოვაჭრეებს შეღავათიან ფასებში გამოუყოფენ ადგილებს, ტყუილია და ათლარიანი შემოსავლის მქონე მოვაჭრეს არ შეუძლია ამ თანხის ნახევარზე მეტის გადახდა ბაზრის ადმინისტრაციისთვის. შესაბამისად, ლაშა ჩხარტიშვილს უჩნდება შეკითხვა, გარემოვაჭრეებმა როგორ უნდა იარსებონ?!
მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2014 წელს მან პარლამენტს შესთავაზა კანონპროექტი, რომელიც გარევაჭრობის ორგანიზებასა და ცივილურ ფორმებში მოქცევას ისახავდა მიზნად.
ჩვენ ერთ-ერთ გარემოვაჭრესაც ვესაუბრეთ. იგი ამბობს, რომ სოციალური მდგომარეობის გამო გავიდა ქუჩაში. მერიის მიერ ბაზრობების ტერიტორიაზე გამოყოფილი ადგილები კი მოვაჭრეებს არაკონკურენტუნარიან პირობებში აგდებს და კლიენტებს აკარგვინებს.
„იქ ისეთ ადგილზე დაგვსვამენ, სადაც არავინ მოვა. აქ თუ ოცი კაცი ყიდულობდა ჩემს პროდუქციას, ახალ ადგილზე მხოლოდ ათი კაცი მოვა“, - აცხადებს გარემოვაჭრე.
აღმაშენებლის გამზირის გარდა, ხმაური მოჰყვა, ასევე, „დინამო არენას“ ტერიტორიაზე ტანსაცმლისა და წიგნების სავაჭრო ობიექტების დემონტაჟსაც. მოვაჭრეები მაღაზიების სახურავებზე ავიდნენ და შესაბამის სამსახურებს დემონტაჟის საშუალება არ მისცეს.
„აქ მოხდება მკვლელობა, სახურავს ხელი ვინმემ არ მოჰკიდოს“,- ყვიროდა წერეთლის №2-ში მოვაჭრე ქალბატონი.
„შეიძლება, ეგ მაგათი ტერიტორია იყოს. კი, ვამბობ, რომ არის კიდეც მაგათი ტერიტორია, მაგრამ აქ ბევრი გამწარებული ხალხია. ბევრი ისეთი ხალხია აქ, ვისაც უჭირს და სახლები ბანკში აქვთ ჩადებული. მე პირადად მთელი ჩემი ქონება, ჩემი დის ქონება მაქვს ჩადებული. სად გვიშვებთ?“ - კითხულობს გარემოვაჭრე.
თავის მხრივ, „დინამო არენას“ დირექტორი ვიტალი გულორდავა ამბობს, რომ საერთაშორისო თამაშების ჩატარებისას „დინამო არენაზე“ არახარბიელო მდგომარეობა განსაკუთრებულად იგრძნობა. გარე მოვაჭრეები ნაგავს ყრიან, ძალიან ძველ ჯიხურებში ვაჭრობენ, უსახურად გამოიყურება ეს ადგილი და არც „დინამოს“ ადმინისტრაციას უხდიან თანხას. მისი თქმით, ჯიხურები წლების წინ უნებართვოდ დაიდგა და „დინამო არენაზე“ მათი არსებობა უკანონოა.
დემონტაჟის დროს ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და მერიის უსაფრთხოების სამსახური. მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა ობიექტების ნაწილი უკვე დაშალეს.
მომხდარს დედაქალაქის მერის მოადგილეც გამოეხმაურა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, დედაქალაქის ადმინისტრაცია ქალაქის ცენტრალურ უბნებში გარევაჭრობას აღარ დაუშვებს. მისივე განმარტებით, კონკრეტული პირების მხრიდან ხდება ამ თემით სპეკულირება და ეს ადამიანები მეწარმეებს უკანონო ქმედების ჩადენისკენ მოუწოდებენ, რაც დაუშვებელია.
„ჩვენ ამ ადამიანებს ალტერნატიულ სავაჭრო სივრცეებს ვთავაზობთ, რომელიც ორგანიზებული, მოწესრიგებული და გადახურულია. იქ არის სიმშრალე, შესაბამისი პირობები ვაჭრობისთვის და ეს გახლავთ თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას განთავსებული ბაზრობები, რომლებიც ბაზრობების ასოციაციაში ერთიანდებიან. მოლაპარაკების შედეგად, რომელიც ჩვენ გვქონდა ბაზრობების ადმინისტრაციასთან, გადაწყდა, რომ ისინი გარემოვაჭრეებს ექვსთვიანი საშეღავათო პირობებით, ყოველგვარი საიჯარო გადასახადების გარეშე მიიღებენ, თუკი მოვაჭრეები გაივლიან რეგისტრაციას.
რაც შეეხება ლაშა ჩხარტიშვილს, მის შესახებ არ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ ცხადია, ცალკეული ადამიანების მხრიდან გარემოვაჭრეთა წაქეზება ხდება, რათა თბილისელებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ადგილების მოწესრიგებას ხელი შეუშალონ. თუმცა ამ თემით სპეკულირება აღნიშნულის შეჩერების ან ხელშეშლის საფუძველი ვერ გახდება“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ For.ge-სთან საუბარში.
მანვე განმარტა, რომ ბევრი გარემოვაჭრე უკვე რეგისტრირდება მერიის მიერ შეთავაზებული ბაზრობების ტერიტორიაზე. ამდენად, დანარჩენ მოვაჭრეებსაც ალტერნატიულ სავაჭრო წერტილებსა და ორგანიზებულ სივრცეებში განთავსებას ურჩევს.
„თბილისის მერია არ აპირებს ამ კუთხით რაიმე დათმობაზე წასვლას. ეს ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე კეთდება. მთელი თბილისი უჭერს ამას მხარს. გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე, მაჟორიტარ დეპუტატებს ჩვენმა მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. აქ არის ანტისანიტარია, უსახური კონსტრუქციები, ასევე, ხდება გზის სავალი ნაწილის დაკავება, ფეხით მოსიარულეთა სივრცეების დაკავება, შეუსაბამო და არაჰიგიენურ პირობებში, მტვერში პროდუქტის გაყიდვა, რაც დაუშვებელია“.