„მამა გიორგის მდგომარება ყოველდღე მძიმდება და ვშიშობ, შეიძლება ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს“

„მამა გიორგის მდგომარება ყოველდღე მძიმდება და ვშიშობ, შეიძლება ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს“

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს იმ სახის სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება, რომელიც საქართველოში ვერ მოხერხდება. დაცვის მხარე ამბობს, რომ დაკავებამდე ერთი წლით ადრე თურქეთში მამა გიორგის უმძიმესი ოპერაცია გაუკეთდა გულზე. იქიდან გამომდინარე, რომ დეკანოზმა სრულად ვერ შეძლო რეაბილიტაციის პროცესის გავლა, მისი მდგომარეობა დამძიმდა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, როდესაც მამა გიორგი გულის პრობლემებით გადაყვანილი იყო ჩაფიძის კლინიკაში, ვინაიდან საქართველოს სამედიცინო სისტემაში ამის პრაქტიკა არ არსებობს, დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენად აუცილებელია ბრალდებულის თურქეთში ეტაპირება, დაცვის მხარე ამბობს, რომ ამის შესახებ დასკვნა ექიმმა უნდა დადოს.

„ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში არ არსებობს ფაქტი, პატიმარი სამკურნალოდ უცხო ქვეყანაში გადეყვანათ. ამიტომ, არა მგონია, რომ მამა გიორგის შემთხვევაში გამონაკლისი იქნას დაშვებილი. უმძმესი ოპერაცია გაუკეთდა თურქეთში. ოპერაციის შემდგომი პერიოდი საჭიროებდა რეაბილიტაციის პროცესს, მაგრამ მოგეხსენებათ როგორ განვითარდა პროცესები.

დაპატიმრების შემდეგ მას ჰქონდა გულზე პრობლემა, გადაყვანილი იქნა ჩაფიძის კლინიკაში, მაგრამ დიაგნოზი ვერ დასვეს. ასევე ვერ დაადგინეს რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს. სამედიცონო ცნობაში წერია - ვერ დავადგინეთ დიაგნოზი, რისგან შეიძლება გამოწვეული იყოს ეს პრობლემაო. აქვე აღნიშნულია, რომ ამდაგვარ ოპერაციას ჩვენ ვერ ვაკეთებთო.

ყოველდღიურად მაქვს ურთიერთობა მამა გიორგისთან. ვხედავ, რომ ყოველდღე ადამიანის მდგომარება მძიმდება, ეს ემჩნევა საუბარში და მოქმედებაში. არ გამოვრიცხავ და ვშიშობ, რომ შეიძლება ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვების შესახებ. როგორც მოსამართლემ განმარტა, არსებობს როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულმა მტკიცებულებების მოპოვებას ხელი შეუშალოს. ასევე არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეები.

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის შეფასებით, სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობაში დატოვებით ერთადერთი სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. პროკურორი ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ მიჰყიდა ბრალდებულს ციანიდი და იარაღი, შესაბამისად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული ფარულ გარიგებაში შევა უკვე დაკითხულ და მომავალში დასაკითხ პირებთან. ასევე შეეცდება მიმალვას, ვინაიდან გამოძიებას აქვს დოკუმენტაცია საზღვარგარეთ მამა გიორგის კავშირებზე.

დაცვის მხარე ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაცვა ამბობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მზად არის სასამართლოში საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

„მოსამართლის გადაწყვეტილება, დეკანოზის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, აბსურდული იყო, ისევე, როგორც განმარტება, თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან სათათბიროდ სულ რამდენიმე წუთით იყო გასული.

მოსამართლემ ე.წ. დასაბუთება გააკეთა, რომ თურმე მამა გიორგის მხრიდან მოწმეებზე ზეწოლის საშიშროება არსებობს, მათ შორის მთავარ მოწმეზე, რომელიც დაცვასთან ერთად დადის. ძალიან აბსურდული საკითხი წამოწია მოსამართლემ და მიიღო გადაწყვეტილება. მამა გიორგის პატიმრობაში ყოფნით დაინტერესებულია ძალიან ბევრი ადამიანი, ვგულისხმობ როგორც საერო, ასევე სასულიერო პირებს“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა