დაზარალებულებმა კომპენსაციისთვის ბრძოლაში საელჩოებიც მოიშველიეს

დაზარალებულებმა კომპენსაციისთვის ბრძოლაში საელჩოებიც მოიშველიეს

ხანძრით დაზარალებულთათვის განკუთვნილ კომპენსაციაზე დავას ბოლო არ უჩანს. „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები ამჯერად აშშ-ს სალეჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი დიპლომატიურ უწყებას საქართველოს ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვენ. მათ დედაქალაქის მერიის მიერ გამოყოფილი კომპენსაცია არ აკმაყოფილებთ და თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს რიმა ბერაძეს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ.

„საკრებულოდან ისმის უკვე მუქარები ამ ადამიანების მიმართ, რომ თუ თქვენ განაგრძობთ საპროტესტო აქციებს ჩვენ უკან გავითხოვთ თანხას. კიდევ ერთხელ იტყუება საკრებულო. ჯერ არანაირი თანხა გამოყოფილი არ არის... რიმა ბერაძე, რომელიც უშუალოდ ჩვენთან ახორციელებდა მოლაპარაკებებს, დაურეკავს და ამ ხალხს ემუქრება, რომ თუ თქვენ არ დათანხმდებით 3 ათას ლარს, ჩვენ ამ თანხას უკან გავითხოვთ და გადავცემთ სოციალურად დაუცველებსო“, - განაცხადა დაზარალებულების ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.

მოვაჭრეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, საბანკო ვალდებულებების შეჩერებას, პრემიერთან შეხვედრას და ხელისუფლებისგან პირველადი კომპენსაციის სახით 5 ათას ლარს ითხოვენ. მათ საკრებულოს მიერ 3000-ლარიან შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. მოვაჭრეები უახლოეს დღეებში სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გამართავენ აქციას.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი რიმა ბერაძე „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების ბრალდებებს სწრაფად გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა ქალაქ მერიის მწირ შესაძლებლობებს.

„ეს ნამდვილად არასწორი ინფორმაციაა. კითხვა იყო ის, რომ გაიზრდებოდა თუ არა თანხები დაზარალებულებთან დაკავშირებით. ჩემი პასუხი იყო ის, რომ გამოყოფილი იყო მილიონ 50 ათასი ლარიდან, რომელიც აკმაყოფილებდა 345 მოქალაქეს, ამ ეტაპზე მეტი საშუალება სახელმწიფოს, კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიის სარეზერვო ფონდს არ გააჩნია“, - განაცხადა ბერაძემ.

მოგვიანებით გამოყოფილი თანხის შესახებ შედარებით ზუსტი განმარტება გააკეთა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ. მისი ინფორმაციით, „თბილისის მერის სარეზერვო ფონდი“ ამ ეტაპზე მილიონ 50 ათას ლარს შეადგენს და მთლიანად ეს თანხა მიმართული იქნება „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების 3000-ლარიანი კომპენსაციის გასაცემად. თუკი კომპენსაციის მიღებაზე დაზარალებულები თანახმა იქნებიან, თანხის გამოყოფა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

სამუშიას განცხადებით, დაზარალებულთათვის თანხის გაცემის შემდეგ „თბილისის მერის სარეზერვო ფონდში“ თანხები ამოიწურება და მათ ბიუჯეტში გარკვეული ცვლილების შეტანა მოუწევთ, რათა ფორსმაჟორულ სიტუაციის დროს აღნიშნულ ფონდში თანხა იყოს. შესაბამისად, საკრებულოს უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ კომპენსაციის მოცულობის გაზრდა შეუძლებელია.

„ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს გარკვეული ცვლილების შეტანა ბიუჯეტში, რომ მომავალში ფორსმაჟორული სიტუაცია რომ არ შეიქმნას, „თბილისის მერის სარეზერვო ფონდს“ გარკვეული თანხა დაემატოს. მერმა თავისი სარეზერვო ფონდიდან თანხა აღნიშნული ღონისძიების დასაფინანსებლად გამოყო“, - აღნიშნა სამუშიამ.

მისივე თქმით, მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე რამდენიმე დაზარალებულმა მოვაჭრემ გამგეობებიდან 500-დან 1500 ლარამდე მოცულობის დახმარება უკვე მიიღო და მათთვის დამატებით 3000 ლარის გადაცემა კიდევ ერთი დახმარება იქნება.