აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და ტრამპის რუსეთთან კავშირს კონტრდაზვერვის ფარგლებში იძიებს.
ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ ოფიციალურად პირველად დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთს სურდა ზიანი მიეყენებინა ამერიკული დემოკრატიისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ძიება შეეხება ტრამპის საარჩევნო შტაბის
წარმომადგენლებსა და რუსეთის მთავრობას შორის ნებისმიერი სახის კავშირებს, ასევე, საკითხს, იყო თუ არა ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთის ძალისხმევას შორის რაიმე სახის კოორდინაცია.
რამდენად აკნინებს ამერიკული არჩევნების იდეას ის ფაქტი, რომ თურმე ამერიკის მომავალს პუტინის რუსეთი განსაზღვრავდა? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
ჯერ კიდევ იანვარში აშშ-ის დაზვერვის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, პუტინმა თავად გასცა განკარგულება აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაზე გავლენის მოხდენის მიზნით. ეს ითვალისწინებდა ჰაკერულ თავდასხმებს, ინფორმაციების გაჟონვას, რითაც ძირი უნდა გამოეთხარათ აშშ-ის საარჩევნო სისტემის ნდობისთვის და ჰილარი კლინტონის გამარჯვების შანსი შეემცირებინათ. თუკი დადასტურდება პუტინის ჩარევა აშშ-ის წინასაარჩევნო პერიოდში, აისახება თუ არა ეს ამერიკულ არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი უარყოფს პუტინის დახმარებას ისევე, როგორც კრემლიც უარყოფს ტრამპისთვის გაწეულ თანადგომას.
- სულ ახლახანს შეერთებული შტატების კონგრესში გადამწყვეტი მოსმენა გაიმართა, სადაც ფბრ-ის დირექტორი ჯეიმს კომი და უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელი მაიკლ როჯერსი წარდგნენ კომიტეტის წინაშე. მიბაძვის თვალსაზრისით, ჩვენთვის ეს კარგი გაკვეთილია. ჩვენ ვხედავთ, რომ გამარჯვებული პარტიის, „რესპუბლიკელების“ ლიდერი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი როგორი აგრესიითაა განწყობილი თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ. დღე არ გავა და „ტვიტერში“ რას აღარ უწოდებს „დემოკრატებს“, მაგრამ „დემოკრატები“ თავის სიმაღლეზე დგანან, არ ჰყვებიან პრეზიდენტის ინტრიგებს. მათ დროებითი კომიტეტი შექმნეს, რომლის ერთი თავმჯდომარეც „რესპუბლიკელია“, ხოლო მეორე თავმჯდომარე - „დემოკრატი“. ჩვენთან ერთი ამბავი ატყდება ხოლმე დროებითი კომიტეტის შექმნის წინ, უმრავლესობა მშობიარობასავით განიცდის დროებითი კომიტეტის ყოველ ხსენებას. ამერიკული გაკვეთილები კი ჩვენთვის დამთრგუნავი იმითაა, რომ გვახსენებს, რა შორსა ვართ ნამდვილი დემოკრატიისგან.
გუშინწინ იყო ხუთსაათნახევრიანი მოსმენა კონგრესში, უსმენდნენ სპეცსამსახურების ორ წარმომადგენელს, რომლებიც უაღრესად თავშეკავებულნი იყვნენ, მიუხედავად პირადი სიმპათია-ანტიპათიისა. ამერიკაში მოვალეობის გრძნობა ძალზე მაღალია, ესეც განასხვავებს ჩვენგან. ამერიკელებმა სპეცსამსახურების ვერც ერთ წარმომადგენელს გადაჭრით ვერ ათქმევინეს, რუსეთსა და ტრამპს ჰქონდათ თუ არა კავშირი. ორივენი ამბობდნენ, ამის დოკუმენტები ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ მაინც რაღაც იკვეთებაო.
ჯეიმს კომის თქმით, აშშ-ის გამოძიების ბიურო დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთს სურდა, დახმარების გაწევა ტრამპისთვის და ზიანის მიყენება კლინტონისთვის.
- აქ მთავარია ის, იყო თუ არა კავშირი ტრამპსა და რუსეთს შორის, თორემ რუსეთს რომ უნდოდა ამერიკულ არჩევნებში ჩარევა, ეგ უკვე საკამათო აღარ არის. ტრამპი შეშფოთებულია იმ ბრალდების გამო, ხომ არ გაიმარჯვა მან რუსეთის დახმარებით?! თვითონ ტრამპიც არ მალავს, შეიძლება, პუტინს ეს უნდოდა, „დემოკრატების“ სერვერებიც კი გატეხეს ჰაკერებმა, მაგრამ ამის გამო არ გამიმარჯვია, პატიოსნად გავიმარჯვე არჩევნებში და არა რუსეთის დახმარებითო. როგორც ჩანს, გამოძიებამ და სკანდალმა მაინც თავისი საქმე გააკეთა. უნდოდა თუ არა რუსეთს ტრამპის გამარჯვება და რუსეთის როლი რამდენი იყო, 10 თუ 20% ტრამპის გამარჯვების საქმეში, ამას ვერავინ დაადგენს, თუმცა პუტინმა საპირისპირო შედეგი მიიღო. მას გაუცრუვდა იმედი, რადგან ტრამპი თავშეკავებული გახდა პრორუსულ განცხადებებში. გარდა ამისა, გუშინწინდელი მონაცემებით, დონალდ ტრამპს 37%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. ორ თვეში რეიტინგის ასეთი ვარდნა საერთოდ არ ყოფილა ამერიკის ისტორიაში. თვით ნიქსონის რეიტინგიც კი 1972 წელს, ანუ მეორე არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 40%-ს აღწევდა, ტრამპის 37% კი ძალიან დაბალია.
ეს იმითაც ხომ არ აიხსნება, რომ ცოტა ხნის წინ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი სწორედ რუსეთთან კავშირის გამო გადადგა. საუბარია CNN-ის მიერ მოპოვებულ წერილზე, სადაც ფლინი აღიარებს გარკვეულ კავშირს რუსეთის ხელისუფლებასთან. საქმე ეხება ფლინის სატელეფონო ზარს აშშ-ში რუსეთის ელჩთან, რომელიც ტრამპის ინაუგურაციამდე შედგა.
- იმ ლაპარაკს უკვე აღარავინ ჩივის, უფრო უარესი გაირკვა ახლა, რომ ფლინმა ფული აიღო სიმონიანისგან, „რაშენ თუდეის“ ტელევიზიის დირექტორისაგან და ამერიკის კონსტიტუცია ამით დაარღვია. მე-18 საუკუნეში მიიღეს კანონი საჩუქრების მიღების თაობაზე, რომელშიც სახელმწიფო მოხელეებს, თადარიგის სამხედროებსაც კი ეკრძალებათ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან ხელფასის, ჰონორარის, საჩუქრების მიღება. აქ საინტერესო ის არის, რომ, მართალია, ფლინი გადამდგარი გენერალია, მაგრამ გადამდგარი გენერალი მაინც ითვლება მოქმედად, რადგან შეიძლება ის ისევ დაბრუნდეს სამსახურში. ამიტომ ეს კანონი გადამდგარ სამხედროებზეც მოქმედებს. მაიკლ ფლინს კი ფული ორჯერ აუღია, 30 ათასი ერთხელ და 40 ათასი მეორედ. ესეც სკანდალია, „დემოკრატები“ ითხოვენ სასამართლოში მისცენ ფლინი, ამაზე ციხეა. ასე რომ, ასე იოლად ტრამპი ვერ დააღწევს თავს.
ამერიკის გამოძიების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ 1972 წლის არჩევნების შემდეგ ორი წელი იყო ნიქსონი პრეზიდენტად და 74-ში უკვე გადადგა. ტრამპსაც არ ელის მშვიდობიანი ცხოვრება, თანაც, ბევრ შეცდომას უშვებს. უკანასკნელი ინფორმაციით, თავის ქალიშვილს, კუშნერის ცოლს, სამუშაო ოთახი გამოუყო თეთრ სახლში და საიდუმლო დოკუმენტების გაცნობის უფლება მისცა. მართალია, კანონი ნეპოტიზმის შესახებ არ დაურღვევია, რადგან მისი ქალიშვილი ხელფასს არ ღებულობს და შტატში არ არის აყვანილი, მაგრამ საიდუმლო დოკუმენტების გაცნობის უფლება უკვე გადამეტებულია. ისედაც ძლივს გამოძვრა მისი სიძე, ჯარედ კუშნერი, ეს მილიარდერი ახალგაზრდა ბიჭი, უფროს მრჩევლად რომ დანიშნა ტრამპმა. თანაც, ამერიკის ახლანდელმა პრეზიდენტმა ყველას მოაბეზრა თავი ამ „ფეისბუკითა“ და „ტვიტერებით“. ამერიკაში ხუმრობენ, საერთოდ სძინავს თუ არა ამ კაცს, რადგან დღისით სამსახურშია, მთელი ღამე კი უზის კომპიუტერს და „ტვიტერსა“ და „ფეისბუკზე“ წერსო. მართალია, უკვე დაგვიანებულია, რომ აშშ-ის ფედერალური ბიუროს მიერ დაწყებული გამოძიება რუსეთთან ტრამპის კავშირების შესახებ არჩევნების შედეგებზე აისახოს, მაგრამ ყველაზე აპოკალიფსური, რაც შეიძლება მოხდეს, ისაა, რომ ტრამპი გადადგეს და მაიკ პენსი, ვიცე-პრეზიდენტი გახდეს პრეზიდენტი. არჩევნების შედეგებს უკვე არაფერი შეცვლის, ვინაიდან თვითონ „დემოკრატებიც“ ოფიციალურად აღარ ითხოვენ ამ შედეგთა გაბათილებას. თუმცა სულ უფრო და უფრო მტკიცდება განწყობა ამერიკაში, რომ ტრამპი ეგზოტიკაა და ის ერთვადიანია. ჰილარი ამ ყველაფერს ხედავს და გაავრცელა კიდეც ცნობა „ტვიტერში“, სიბნელიდან გამოვდივარო. ანუ ჰილარი კიდევ ცდის ბედს პოლიტიკის სათავეში, რადგან რეიგანი მასზე ხანშიშესული იყო.
თუკი ფედერალურ ბიუროში ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბრიდან დარწმუნებულნი იყვნენ ტრამპისა და პუტინის კავშირების შესახებ, მაშინვე რატომ არ დაიწყეს ამ საქმის გამოძიება და რატომ გადაწყვეტეს ახლა? ამჯერად ტრამპის რეიტინგის დავარდნაზე მუშაობენ?
- ბევრი რამ გაუგებარია და ეს შეიძლება ამერიკული მენტალობითაც აიხსნას. თორემ ჯეიმს კომის, ფბრ-ის შეფს, ვინ ექაჩებოდა, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სისხლის სამართლის საქმის ძიება ხელახლა დაიწყო ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ?
კლინტონს დღემდე სწამს, რომ სწორედ ამიტომ წააგო არჩევნები. ასევე ფიქრობს „დემოკრატთა“ უმრავლესობა, რომ კლინტონზე საბედისწერო გავლენა სწორედ ფედერალური ბიუროს იმდროინდელმა დირექტორმა კომიმ იქონია. მართალია, სამი დღის შემდეგ კომიმ განაცხადა, კლინტონის ელექტროწერილებთან დაკავშირებით არაფერი გამოირკვაო, მაგრამ მის ბედზე გავლენა ხომ იქონია?
ტრამპისა და პუტინის კავშირების შესახებ ფედერალური სამსახურის მიერ დაწყებული ძიება შესაძლოა იმ საქმეს წაადგეს, რომ ტრამპმა უფრო მეტად ანტაგონისტური განწყობა დაიჭიროს კრემლის მიმართ, რათა რუსეთთან სავარაუდო ურთიერთობა გააბათილოს.
- ტრამპმა უკვე გააკეთა ყველაზე ცუდი რუსეთისთვის, როცა 54 მილიარდი დოლარით გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი და, განსაკუთრებით, ბირთვული შეიარაღება. გარდა ამისა, გაეროში ტრამპის მიერ დანიშნულმა ამერიკის ელჩმა ერთი კვირის წინ გაკეთებული პირველსავე ოფიციალური განცხადებით განმარტა, გამორიცხულია, ჩვენ ვენდოთ რუსეთსო. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ ტრამპმაც შეცვალა პოლიტიკა და ასე იოლი მათი შერიგება არ არის. თუმცა, რომ ვთქვათ, ტრამპი მკვეთრად შებრუნდა ევროპისკენ, ასე არ არის. ამის დასტურია მერკელთან შეხვედრის ფაქტი, როცა აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტი უზრდელობამდე მივიდა. ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებმა როდესაც სთხოვეს, ხელი ჩამოერთვათ ერთმანეთისთვის, ტრამპმა დემონსტრაციულად ხელი არ ჩამოართვა მერკელს. თუმცა მერე „ტვიტერში“ დაწერა, შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა მერკელთანო. რას ნიშნავს შესანიშნავი შეხვედრა? მერკელი აავსო საყვედურებით, რას არ სთხოვდა. თუ ტრამპი აქამდე უკმაყოფილო იყო, ევროპელები საწევროებისთვის ფულს არ იხდიანო, ახლა უცებ მადაზე მოვიდა და მოითხოვა, ევროპელები რასაც არ იხდიდნენ მთელი 50 წელიწადი, ეს ფული უცბად დაგვიბრუნონო. ამოდენა ჩვენი ფული მართებს ევროპასო. ვინ დაუბრუნებს? ეს ხომ ზღაპარია.