დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას, ანუ Brexit-ის პროცესს იწყებს. 13 მარტს, საღამოს, დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხელი მოაწერა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ, შესაბაისად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის მიეცა უფლება ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
შეგახსენებთ, ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. Brexit-ის (დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა Britain + Exit) მომხრეებმა გამარჯვება მოიპოვეს, ქვეყანა ხმების 51,9%-ით ევროკავშირს ტოვებს. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ხმა მისცა 17,4 მილიონმა ადამიანმა. Brexit-ის მოწინააღმდეგეებმა კი, თავის მხრივ, ხმების 48,1% დააგროვეს (16,14 მილიონი ადამიანი).
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი, რომელიც გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა, დარწმუნებულია, რომ ევროპის კავშირი მალე გაქრება. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი ამტკიცებს, რომ ევროპის კავშირი დაიღუპება, რადგან ხალხს ის აღარ უნდა.
„ქედმაღლური და ჰეგემონური იმპერიები დასაღუპად არიან განწირულნი. დადგა დრო გავიმარჯვოთ გლობალისტებზე“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.
ასე არ ფიქრობს გერამნიის კანცლერი. ანგელა მერკელი ამბობს, რომ ევროკავშირმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ დადგა დრო დაწყებული დაასრულონ და გამოასწორონ შეცდომები, რადგან საამისოდ კარგი საფუძველი აქვთ.
„ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი კარგად არ გავაკეთეთ და ის, რაც დაუსრულებელი დაგვრჩა, დადგა დრო დავასრულოთ და საამისოდ კარგი საფუძველი გვაქვს. როდესაც შიდა საზღვრები გავხსენით, არ გვიფიქრია გარე საზღვრების გამაგრებაზე. როდესაც ერთიანი ვალუტა დავაწესეთ, არ ვიყავით მზად კრიზისისთვის. ყველაფერ ამას ჩვენ ახლა ვასწორებთ საბანკო კავშირისა და სტაბილიზაციის მექანიზმების მეშვეობით. მთავარი ის არის, რომ ეს სოლიდარობის ატმოსფეროში უნდა კეთდებოდეს“, - აცხადებს ანგელა მერკელი.
გერმანიის კანცლერის აზრით, ევროპა შეძლებს ერთიანი პასუხის გამოძებნას საიმიგრაციო პრობლემაზე, როდესაც თითოეული თავის წვლილს შეიტანს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. კანცლერის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ხალხი არ გარბოდეს თავისი ქვეყნებიდან, ერთობლივად მოხდეს კრიზისების გადაჭრა, როგორც სირიაშია. აღსანიშნავია, რომ 25 მარტს რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა შეიძლება არსებობა შეიწყვიტოს იმის გამო, რომ არ გააჩნია მომავლის ახალი ხედვა, რომელიც სოლიდარობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.
25 მარტს, რომში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტი გაიმართა, რომელიც რომის ხელშეკრულების ხელმოწერის 60 წლისთავს მიეძღვნა. სამიტის დასასრულს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სურთ კავშირი, რომელიც ღია დარჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ ევროპულ ღირებულებებს და ერთგულნი არიან მათი განხორციელების.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი როგორც გლობალურ, ასევე შიდა დონეზე ისეთ უპრეცედენტო გამოწვევებს უპირისპირდება, როგორიცაა რეგიონული კონფლიქტები, ტერორიზმი, საიმიგრაციო კრიზისი, პროტექციონიზმი და სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა.
„მომდევნო ათი წლის განმავლობაში ჩვენ გვსურს კავშირი, რომელიც იქნება უსაფრთხო, დაცული, აყვავებული, კონკურენტუნარიანი, მდგრადი და სოციალურად პასუხისმგებელი. ჩვენ გვსურს კავშირი, რომელსაც ექნება სურვილი და შესაძლებლობა მსოფლიოში წამყვანი როლი ითამაშოს და თავისი წვლილი შეიტანოს გლობალიზაციის ფორმირებაში. ჩვენ გვსურს კავშირი, რომელიც ღია დარჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს ღირებულებებს და ერთგულნი არიან მათ განხორციელებაში“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
ამასთან, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა პირობას დებს, რომ იმუშავებს ერთად, რათა ევროპა იყოს დაცული და უსაფრთხო. კავშირი, სადაც ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას, სადაც დაცული იქნება გარე საზღვრები, პასუხისმგებელი და მდგრადი საიმიგრაციო პოლიტიკის მეშვეობით.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის შეფასებით, ევროკავშირის რომის დეკლარაცია საქართველოსთვისაც მრავლისმეტყველი განაცხადია. ბოძაშვილის განცხადებით, 25 მარტს, რომში მიღებული დეკლარაციით ევროპა უარს ამბობს რამდენიმე წლის წინ გაცხადებულ „არაგაფართოების პოლიტიკაზე“ და აღებს კარს ყველა იმ პარტნიორისთვის, რომელიც მის ღირებულებებს სტაბილურად იზიარებს.
„ის მიანიშნებს, რომ ევროპა მზად არის ბოლო წლების რყევებიდან უფრო ძლიერი გამოვიდეს და რაც მთავარია, რეფორმირდეს. მაშინ როდესაც ჩვენ გვავქს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და უკვე ხვალიდან უვიზო რეჟიმი, ევროპა უარს ამბობს რამდენიმე წლის წინ გაცხადებულ „არაგაფართოების პოლიტიკაზე“ და აღებს კარს ყველა იმ პარტნიორისთვის, რომელიც მის ღირებულებებს სტაბილურად იზიარებს.
თუ მივაქცევთ ყურადღებას, ვნახავთ, რომ მანამდე აშკარად გამოხატული გეოგრაფიული წევრობის მიდგომა შეცვლილია და აქცენტი საიმედო პარტნიორობასა და ღირებულებების თანაზიარობაზეა გაკეთებული, რაც ახალი სიტყვაა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში. იმ ეტაპობრივი დაახლოების მექანიზმებს, რომლებიც ჩვენ უკვე გვაქვს ევროკავშირთან, სწორედ რომ ეს ღია კარის გაცხადებული პოლიტიკა სჭირდებოდა პასუხად“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.