რეზერვისტობა ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი იქნება

რეზერვისტობა ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი იქნება

თავდაცვის სამინისტრო ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახურის შემოღებას გეგმავს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნუკრი გელაშვილის თქმით, აქტიური სარეზერვო სამსახური სამ კომპონენტს მოიცავს: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. სამივე ტიპის რეზერვს თავისი სპეციფიკური დანიშნულება ექნება.

აქტიურ სარეზერვო სამსახურში 18-დან 55 წლამდე ასაკის სამოქალაქო პირები ჩაირიცხებიან და ამ სამსახურის ფარგლებში შექმნილი ტერიტორიული რეზერვისტი ანაზღაურებას მიიღებს. რეზერვისტობა ნებაყოფლობითი იქნება. მთლიანობაში, დაგეგმილია 12 000-კაციანი დაჯგუფების შექმნა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახურის შემოღებას ნაძვის ხის გირლიანდებს ადარებს. მისი თქმით, აქ მთავარია, გირლიანდა რომელი ტიპის ნაძვის ხეს მოერგება და საერთოდ მოერგება თუ არა ნაძვის ხეს. შესაბამისად, ჯერ უნდა დაწყებულიყო სამხედრო სტრატეგიის კრიტერიუმის შემუშავება, უნდა გაგვერკვია, როგორი ტიპის თავდაცვას ვავითარებთ, რა ტიპის ომები გველის, როგორი ტიპის მოწინააღმდეგესთან მოგვიწევს შებმა უახლოეს, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში და ამის მერე უნდა დაგვეწყო საუბარი სარეზერვო სამსახურის კლასიფიკაციაზე.

„სამხედრო უსაფრთხოების ანალიზის შედეგად შესაძლოა, სულ სხვა სურათი გამოიკვეთოს. ამიტომ ეს არის ლაპარაკი ჰაერზე, ეს არის ქაღალდი ქაღალდისთვის, რათა რაღაც დაიწეროს და ვიღაცებმა ქულები ჩაიწერონ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან პოეტებსა და მწერლებს იწვევენ სარეზერვო საკითხების განსახილველად. ბოლოს და ბოლოს, პოლონეთის შეიარაღებული ძალების კონცეფციაში გაწეული დახმარებისთვის მადლობის წერილი დავიმსახურე, აქ კი სპეციალისტები არ აინტერესებთ. მე მგონი, ჩვენი თავდაცვის სამინისტრო გაგებაში არ არის, რა არის სარეზერვო სისტემა. მსოფლიოში სხვადასხვა სისტემა არსებობს. არის იუგოსლავიური, რუმინული, ამერიკული, საბჭოთა ვარიანტები. ასევე, არსებობს სახალხო ლაშქრის ვარიანტი. ამ კუთხით, რაც ახლა გაახმიანეს, არსად მინახავს. შესაძლოა, ამათ აიღეს ეროვნული გვარდიის მოდელი, ამერიკის შეერთებული შტატების კონცეფციის ვარიანტი და იმას ავითარებენ, მაგრამ იქაც ზუსტად ასეთი მოდელი არ მოქმედებს. მე მგონი, ეს უფრო ნეოქართული გამოგონებაა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას და სამხედრო დოქტრინის შემუშავებას ითხოვს, რაც განსაზღვრავს, თუ როგორი ტიპის შეიარაღებული ძალები უნდა ვაშენოთ და როგორ გვესახება თანამშრომლობა ჩვენს სამეზობლოში თუ რეგიონალურ დონეზე.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ ჯერ კიდევ 2007 წელს მიღებული მოდელი არათუ რევიზირებული, შეცვლილიც არ არის. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, რას ვაკეთებთ თავდაცვის სივრცეში. ექსპერტი არ მალავს, რომ, ზოგადად, რეზერვის სისტემას ემხრობა, მაგრამ გააჩნია, ვითარებას. გლობალიზაციის პირობებში შეიძლება რეზერვის სისტემა დრომოჭმულიც იყოს. ეს სისტემა არსებობდა რეგიონალური, ან მსოფლიო დონის ომების დროს. ამიტომ დღევანდელ პირობებში რამდენად ეფექტური იქნება, ცალკე საუბრის თემაა.

„შეიძლება, რეზერვის სისტემა არც იყოს საჭირო, რადგან დღეს სულ სხვა გეოპოლიტიკური რეალობაა. ზოგიერთ ქვეყანაში ეს სისტემა საერთოდ არ არსებობს, საუბარია სტაბილური სისტემების ქვეყნებზე. ის კი არა, ნატოს წევრი სახელმწიფოებიც ამცირებენ თავდაცვის ხარჯებს, ასევე მოიქცა გერმანია. ამის საპირისპიროდ კი, პოლონეთმა ახლა მიიღო ტერიტორიული თავდაცვის ძალების კონცეფცია და ახლა ავითარებს სარეზერვო მობილიზაციის პირობებს, რადგან პოლონეთს კარგად ესმის, რა საფრთხეებიც აქვს რუსეთიდან“.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აკია ბარბაქაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამი სახის რეზერვის შექმნა დადებითი მოვლენაა. უბრალოდ, ახლა მთავარია, გამოიყოს ფინანსები და დროულად აღსრულდეს ეს კონცეფცია, რათა რეალურად გვყავდეს რეზერვი. სააკაშვილის დროს არსებული რეზერვი შეცდომა იყო, იგი პოპულისტურ ნოტაზე გახლდათ აწყობილი და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც ნაკლები იყო. ეს შეცდომა გვიჩვენა კიდეც აგვისტოს ომმა.

„მაშინდელი შეცდომა განაპირობა იმან, რომ რეზერვის კონცეფციაში აქცენტი გაკეთდა რაოდენობაზე, მაგრამ არ იყო გათვალისწინებული ოფიცრები, სერჟანტები, მთლიანი მართვა. მოინდომებენ თუ არა ქართველები ამ რეზერვში სამსახურს? მე ვფიქრობ, რომ ამას რეკლამირება დასჭირდება, რადგან ყველაზე კარგ წამოწყებასაც კი რეკლამირება სჭირდება. ეს დამოკიდებულია სახელისუფლებო რგოლებზე, თუ როგორ გააკეთებენ ისინი ჯანსაღ პიარს, რათა ადამიანებს რეზერვში სამსახურის სურვილი გაუჩნდეთ. თავდაცვის სამინისტროში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა ეს კონცეფცია. ეს არის სუფთა ქართული მიდგომა და პირდაპირ არ არის გადმოღებული არც ერთი ქვეყნის კონცეფციიდან. აქ ქართული რეალობა და მოცემულობაა გათვალისწინებული“, - აღნიშნა აკია ბარბაქაძემ და ნიუანსებზე საუბრისგან თავი შეიკავა იმ მოტივით, რომ ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია.