თბილისში პანთეონების სიჭარბეა. მსოფლიოში არსებული 15 პანთეონიდან სამი მარტო თბილისზე მოდის. ახლა კი მთაწმინდის, დიდუბის, საბურთალოს პანთეონებს მახათას მთაზე მეოთხე პანთეონიც შეემატება, რისთვისაც დედაქალაქის მერია 1,5 მილიონ ლარს გაიღებს.
კულტურის სფეროს წარმომაგენელთა ნაწილი მახათას მთას სიშორის გამო იწუნებს და ეკლესიის ეზოს ხარჯზე დიდუბის პანთეონის გაფართოებას მოითხოვს.
პარალელურად, პანთეონზე მსჯელობისას უკვე მერამდენედ ახსენდებათ კეკეს სახელი. სტალინის დედა ყოველთვის მთაწმინდის პანთეონიდან გადასვენების პირველი პრეტენდენტი იყო, მაგრამ მუდამ ხელშეუხებელი რჩებოდა. დღეს კი დავით ნარმანიას მოადგილე ნინა ხატისკაცი თვლის, რომ მთაწმინდის პანთეონში კეკეს ადგილი არ არის.
უნდა გადაასვენონ თუ არა კეკე, ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილს არ უფიქრია, მაგრამ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი პანთეონებისადმი ქართველების მიდრეკილებას ქედმაღლობას უკავშირებს. იგი თვლის, რომ გასული ორი საუკუნის განმავლობაში 1000 გენიოსი ნამდვილად არ ჰყოლია საქართველოს და, როგორც წესი, ნაციას ასეთი გენიოსები ჰყავს ერთეულები და არა - რამდენიმე ასეული. ასე რომ, ფრანგებმა სწორედ პანთეონში მიუჩინეს საუკუნო განსასვენებელი ჰიუგოს, ზოლას, დიუმას, მაგრამ პანთეონს გარეთ დარჩნენ ბალზაკი, სტენდალი და სხვები, რაც სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ფრანგები ამ დიდ მწერლებს პატივს არ მიაგებდნენ.
„პანთეონის იდეა სულ რამოდენიმე ქვეყანაშია, მათ შორის, საფრანგეთში, იტალიაში, საქართველოში... სამი პანთეონი კი არსად არ არის, მხოლოდ საქართველოშია. აშშ-ში, გერმანიაში, მსოფლიოს ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი რამ არ გვხვდება. საფრანგეთში ბუმბერაზი ადამიანები პანთეონში დაკრძალულნი არ არიან, მაგრამ ეს პრობლემად არ ითვლება. არასწორია იმაზე ფიქრი, რომ არიქა, აუცილებლად პანთეონი სჭირდებათ ქართველ მოღვაწეებს. აგერ, რუსთაველის საფლავი საერთოდ არ გვაქვს, კონსტანტინე გამსახურდია საკუთარ ეზოშია დაკრძალული და ამით მათ დიდებას არაფერი დაჰკლებია. იმით, რომ მე-18 ან მე-20 საუკუნის რომელიმე მეორეხარისხოვანი მწერალი მარხია მთაწმინდაზე, ისინი შოთა რუსთაველს შეეჯიბრებიან? პანთერონის იდეა გადაგვარდა საქართველოში. საბურთალოს პანთეონში დაკრძალული 3500 კაცი უბრალოდ იუმორის სფეროა. საქართველოში ლიტერატურის დარგში მე ვიცი მხოლოდ ოთხი გენიოსი, ვიღაცამ შეიძლება იცოდეს შვიდი გენიოსი და ამ რაოდენობას სხვა დარგებიდან თუკი თითო-ოროლა კაცი დაემატება, სულ 10 კაცი გამოვა. ათი კაცისთვის კი საკმარისი მიწა მოიპოვება მთაწმინდაზე“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში.
რაც შეეხება სტალინის დედას, პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ძნელია იმის თქმა, თუ როგორ უნდა მოექცეს ჩვენი ხალხი საკუთარ წარსულს. ეს ჩვენი ისტორიაა, ჩვენმა ისტორიამ კი ჩათვალა, რომ სტალინის დედა დასაკრძალი იყო მთაწმინდაზე, რაც თავიდანვე დიდი სირცხვილი იყო. სხვათა შორის, როცა სტალინს შესთავაზეს, რომ მამამისსაც გადაასვენებდნენ მთაწმინდაზე, რატომღაც უარი განაცხადა. ასე რომ, ამ გიგანტის მარტო დედაა დაფასებული, ხოლო მამა დარჩა თელავის სასაფლაოზე.
ლევან ბერძენიშვილს ისიც აინტერესებს, რატომ მსჯელობს დღეს მერია პანთეონსა და ისეთ სერიოზულ საკითხებზე, რაც ჩვენი კორუმპირებული მერიის გადასაწყვეტი ნაკლებადაა.
„არასდროს მაღელვებდა, ვინ სად იქნება დამარხული. ეტყობა, პანთეონის თემამ ვიღაცები ააღელვა, განსაკუთრებით, ისინი, ვინც დღე-დღეზე აპირებს წასვლას. ისინი ახლავე ცდილობენ პანთეონში გარანტირებული ადგილის მოპოვებას“.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი პანთეონში დაკრძალვის გადაჭარბებულ სურვილს ქართველების ქედმაღლობას ნაკლებად უკავშირებს. მისი თქმით, ჩვენს ერს გამოჩენილ ადამიანთა სიკვდილის შემდგომი პატივისცემა, პანთეონში დაკრძალვით მათთვის პატივის მიგება ახასიათებს.
„ეს ჩვენს ეროვნულ ხასიათში დევს, სანამ ცოცხალია ადამიანი, მას პატივს არ ვცემთ და რომ გარდაიცვლება, თან გადავყვებით ხოლმე. არადა, მიცვალებულს რაღად უნდა პატივისცემა? არ შეიძლება, დიდუბის პანთეონის გაფართოება მოხდეს ეკლესიის ხარჯზე. მახათას მთაზე, სადაც ღვთისმშობლის დიდი ტაძარი შენდება, თუ იქვე სასაფლაოს ან პანთეონს გააკეთებენ, ცუდი არ იქნება. მართალია, ამერიკას ასეთი ტრადიცია არ აქვს, მაგრამ ის მხოლოდ 200 წლის ქვეყანაა. ჩვენ კი წინაპართა პატივისცემა გვახასიათებს. ზოგადად, თბილისში სასაფლაოების პრობლემაა. მუხათგვერდის სასაფლაო რას ჰგავს? მასაც უნდა მიხედონ. მთაწმინდაზე პირველად გრიბოედოვი დაიკრძალა და შემდეგ დიდი მნიშვნელობის მქონე ქართველი მოღვაწეები დაკრძალეს. ბოლოს და ბოლოს, მთაწმინდაზე ილიაა დასაფლავებული, აკაკი, ვაჟა, ბარათაშვილი“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში და განმარტავს, წესით, ილიას გვერდით რა უნდა სტალინის დედას, მაგრამ, რადგან თავის დროზე ასეთი რამ დაუშვეს, მიცვალებულის გადასვენება-გადმოსვენება კარგი არ არის. თორემ თავის დროზე ფილიპე მახარაძეც იყო დასვენებული მთწმინდაზე და მერე გადაასვენეს.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი საფრანგეთიდან რომ ჩამოასვენეს, ეს ყველასთვის გასაგები იყო, ეს ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ის, რომ კეკე უნდა ამოთხარონ სწორედ ამ ნეგატიური ასპექტით, რომ იგი არ შეეფერება სასაფლაოს, ქრისტიანულ საქციელად არ მიმაჩნია. სიკვდილის მერე ყველა ადამიანი თანასწორია.