„ორთაჭალა რუსთაველის გამზირის ალტერნატივა ვერ იქნება“

„ორთაჭალა რუსთაველის გამზირის ალტერნატივა ვერ იქნება“


ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე მთავრობა „ქალაქს“ იშენებს. ამ განზრახვის ავკარგიანობას უკვე მოჰყვა პირველადი შეფასებები. ითქვა ისიც, რომ მთავრობას მიშას ვირუსი შეეყარა, რომ ისინი ამ გაჭირვებულ ქვეყანაში დროსა და სივრცეს არიან აცდენილნი, რომ ეს სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანაა. იხსენებენ იმასაც, რომ სწორედ ასე ხდებოდა სააკაშვილის დროსაც, როცა საკუთარ კომფორტზე მოფიქრალი პრეზიდენტის ახირებას შეეწირა ქუთაისელი დედა-შვილის სიცოცხლე. სამაგიეროდ, ახალი პარლამენტი, მთელი თავისი პომპეზურობით, აფეთქებულ გმირთა მემორიალის ადგილას განთავსდა. 

დღევანდელი ხელისუფლების არგუმენტები მარტივია. მათ ორთაჭალაში ლოკაციის შეცვლა რამდენიმე მიზეზის გამო სჭირდებათ: ეს განტვირთავს ქალაქს, ერთ სივრცეში განთავსებული უწყებები გააუმჯობესებს ფიზიკურ და იურიდიულ მომსახურებას, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე საგარეო საქმეთა და სხვა ისტორიული შენობები კარგად გაიყიდება, ტურისტები კმაყოფილნი დარჩებიან, ეს იქნება მშენებლობის სტიმულირება. 

სამაგიეროდ, სხვანაირად ფიქრობენ ექსპერტები. მათი აზრით, თუკი პროტესტი დაიწყება და კარვები დაიდგმება, ერთ წერტილში თავისი ინფრასტრუქტურით განთავსებული მთელი მთავრობა პარალიზებული იქნება. 

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახლის შენება, თუკი ამის შესაძლებლობა აქვს ქვეყანას, კარგია, მაგრამ ასეთ მძიმე სოციალურ ვითარებაში ეს იდეა მაინცდამაინც გამართლებული არ უნდა იყოს. ქვეყანას იმის რესურსი არ აქვს, ახალი სამინისტროები ააშენოს. დაახლოებით იგივე გამოუვათ, რაც გააკეთა ახლანდელმა ფინანსთა მინისტრმა, როცა ეკონომიკის მინისტრობისას ეკონომიკის სამინისტრო გაყიდა, ახლა სადღაც შეყუჟულია და მეპატრონეს უხდის ქირას. 

„ცხადია, მთლად ისე არ იქნება, რომ ვიღაცას მოეხუშტურა და ორთაჭალაში მთავრობის გადასვლა გადაწყვიტა. ამას ექნება თავისი არგუმენტაცია, მაგრამ როგორ განტვირთავს ეს ქალაქის ცენტრს, კარგად არ მესმის. ვაკიდან ორთაჭალაში რომ მიხვიდე, მთელი ქალაქი უნდა გაიარო. ჩვენში უკვე ტრადიციადაა ჩამოყალიბებული, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრად მაინც რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობის ტერიტორია აღიქმება. რაც არ უნდა მოხდეს, ეს მოცემულობა არ შეიცვლება. პარლამენტიც კი გადაიტანეს ქუთაისში, მაგრამ მაინც რუსთაველი ითვლებოდა პოლიტიკურ ცენტრად. 

მთავრობა დედაქალაქში უნდა იყოს, მაგრამ კონკრეტულად რომელ რაიონში იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, ხარჯის თვალსაზრისითაა სირთულე. საკმაოდ ხარჯიანი იქნება ახალი მშენებლობა. გარდა ამისა, ამდენს გველაპარაკებიან ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ და სად არის ეს გეგმა? ნარმანიას ერთ-ერთი მთავარი დაპირება ეგ იყო, შემოდგომისთვის ამთავრებს ვადას და ეს გენგეგმა არ ჩანს. თუკი ქალაქის ცენტრის განტვირთვაზეა საუბარი, მთავრობა რატომ ფიქრობს ამაზე, თვითმმართველობა რას მიკეთებს? სამთავრობო დაწესებულებებისთვის ადგილის გამონახვა ორივეს საქმეა - ცენტრალური მთავრობისაც და თვითმმართველობისაც, მაგრამ უმთავრესად ამაზე თვითმმართველობამ უნდა იფიქროს, რადგან ეს ეხება ქალაქის განვითარებას“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

მანვე განმარტა, რომ ორთაჭალა რუსთაველის გამზირის ალტერნატივა ვერ იქნება და ძველი ტრადიცია ახლით ასე ადვილად ვერ ჩანაცვლდება. დამოუკიდებლობის აქტი სწორედ რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში გამოცხადდა, შემდეგ იყო 9 აპრილის აქტი და ბევრი რამეა მასთან დაკავშირებული. მათ შორის, ეროვნული მოძრაობაც. ამიტომ ძნელია, ვინმეს ნება-სურვილის მიხედვით ეს შეიცვალოს. 

ანალიტიკოსს სხვა ნეგატიური ფაქტიც ახსენდება, როცა „აგროპრომის“ შესანიშნავი ადმინისტრაციული შენობა გაიყიდა, ვითომც სასტუმროს განთავსება მოინდომეს. ბოლოს სასტუმრო ვერ გაკეთდა, ახლა კი ეს შენობა გამოშიგნული, დანგრეულია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა სარგებელი მოაქვს სასტუმროების ბუმს?! მართალია, სასტუმროები გვჭირდება, მაგრამ ვინ თქვა, რომ ცენტრალურ უბნებში სწორედ სასტუმროების განთავსება სჯობს, ვიდრე ადმინისტრაციული შენობების? 

„ეს იგივეა, რამაც სააკაშვილს დაარტყა თავში და ქუთაისში გადაიტანა პარლამენტი“. 

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღევანდელმა მთავრობამ არ იცის, ფული როგორ დახარჯოს. სინამდვილეში კი, ასეთი ინიციატივები ხალხის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ხალხს უნდა აინტერესებდეს, მთავრობა ერთად ჰყავდეს, თუ ცალ-ცალკე. რატომღაც ხელისუფლებამ დაასკვნა, რომ კარგი იქნება, თუკი ერთად იქნებიან. ამით კარნახობენ ხალხს, რომ მომავალში, როდესაც უსამართლობა პიკს მიაღწევს, როგორ უნდა იმოქმედონ, რათა არ გაიფანტონ ქალაქში და ერთ ადგილას მოუღონ ბოლო საკუთარ მთავრობას. 

ლევან ბერძენიშვილის აზრით, ეს არა მარტო სიბრიყვისა და უგულისყურობის გამოვლენაა, არამედ ეს არის იმ უმრავლესობის ავადმყოფური გამოვლინება, რომელიც მათ აჩუქა ქართველმა ხალხმა. უმრავლესობას რატომღაც ჰგონია, რომ ყველამ ისინი აირჩია და ყველა აღფრთოვანებულია მათით. ამიტომაც მოსდით ასეთი იდეები. 

„თუკი მთავრობა ისე გააგრძელებს, როგორც ახლა, მომავლის სცენარი აუცილებლად მივა კარვებამდეც და აჯანყებამდეც. ჯერ კიდევ ინგლისელმა ფილოსოფოსმა, ჯონ ლოკმა თქვა, რომ ხალხს აქვს აჯანყების უფლება. როცა ამდენი გაჭირვებული, დაუსაქმებელი, უსამართლობის მსხვერპლია, მთავრობა იმაში ხარჯავს ფულს, რომ საკუთარ სახლებს იშენებს. ეს კეთილად არ დამთავრდება. მე ვიცი, ერთი მთავრობა, რომელმაც ქალაქი აიშენა, ოქროს ტუალეტები მოიწყო და მერე მიუვარდა ხალხი და იმ ოქროს ტუალეტებში დაახრჩვეს ჩაუშესკუ და მთელი მისი შემადგენლობა. 

პარიზში ვყოფილვარ, სადაც არა მარტო მთავრობის ადმინისტრაციაა განლაგებული, არამედ, სულ ცოტა, ხუთი დიდი რკინიგზის სადგურია. ამ დროს კი საქართველოში გვიმტკიცებენ, რომ თურმე რკინიგზის სადგური არ უნდა იყოს ქალაქში, რაც ბათუმში მოახერხეს კიდეც. იმაშიც გვარწმუნებენ, თითქოს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომ თურმე გამარჯვებულს მიაქვს დარჩენილი ხმები. რეალურად, ეს მხოლოდ ფაშისტურ გერმანიაში მოქმედებდა. ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ სიმრავლის გამო მათ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს“,-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.